ასურეთული შავი წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიშია, რომლისგანაც ღია წითელი ფერის, სუფრის მშრალი ღვინო მიიღება.
სინონიმები: ასურეთული, შალა.
წარმოშობა: ქართლი.
მიიღება ღია წითელი ფერის სუფრის მშრალი ღვინო, რომელიც ხასიათდება ხალისიანი მჟავიანობით და კარგი გემოთი.
ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ფორმის, სამ-ხუთ ნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ძალიან სუსტადაა აბლაბუდისებრად შებუსული. ყვავილი მდედრობითი სქესისაა.
მტევანი საშუალო ან საშუალოზე დიდია. ცილინდრულ-კონუსური, ხშირად უფორმო, დატოტვილი და მხრიანი, კუმსი ან ძლიერ კუმსი, გვხვდება თხელი მტევნებიც. მტევნის სიკუმსე ყვავილის განაყოფიერების ინტენსივობაზეა დამოკიდებული.
მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო. სრულ სიმწიფეში მუქი იისფერი, შავში გარდამავალი. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი საკმაოდ ხორციანი და წვნიანია, წვენი შეუფერავია, გემო – ტკბილი და სასიამოვნო.
ჯიში საშუალო ან საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, ხელოვნურად განაყოფიერების შემთხვევაში უხვმოსავლიანია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის მეორე ნახევრიდან შედის. ასურეთული შავის სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 154-160 დღეა. მტევნის საშუალო წონა 200 გრამამდეა. კარგად განაყოფიერების პირობებში კი 500 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 20.0-30.0 ტონაა, ხოლო განაყოფიერების გარეშე 9.0-13.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-18.5%-ს, ხოლო მჟავიანობა – 7-8.5 გ/ლ-ს.
როგორც უხვმოსავლიანი ჯიში იგი სწრაფად გავრცელდა ქვემო ქართლში და ადგილობრივი გერმანელები მას მპოვნელის სახელით მოიხსენიებდნენ: „შალის ყურძენი“ (Schaltrauben) და „შალის შავი“ (Schalschwarz). მოგვიანებით ამ ჯიშს აკადემიკოსმა სოლომონ ჩოლოყაშვილმა „ასურეთული“ უწოდა. იმ სოფლის სახელი, რომელშიც თავიდანვე იყო გავრცელებული.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.