ბესტავაშვილის თეთრა თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე ვაზის ჯიშია.
ჯიში გამოყვანილია ვასილ ბესტავაშვილის მიერ 1950 წელს. ბესტავაშვილის თეთრა მაღალხარისხიან სასუფრე ყურძენს იძლევა.
ზრდასრული ფოთოლი მომრგვალო ან ოვალურია, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე სუსტადაა შებუსული.
მტევანი საშუალოზე დიდია, კონუსური, გვხვდება ცილინდრულ-კონუსური მტევნებიც, ხშირად ფრთიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. მარცვალი მომრგვალოა, მოთეთრო-მოყვითალო. კანი სქელია და საშუალო სიმკვრივის. რბილობი ხორციანი და მკვრივი. გემო – სასიამოვნო.
სავეგეტაციო პერიოდი: 126 – 130 დღეა.
მტევნის საშუალო წონა 230 – 260 გრამია. ყურძნის სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 16 – 17%-ს, მჟავიანობა 5 – 5.5 გ/ლ.
წყარო: სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.