FAO: კრიტერიუმები, რომლითაც მომხმარებლები ყველის და ხორცის შეძენისას ხელმძღვანელობენ.
გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში ჩაატარა სატელეფონო კვლევა, რომლის მიზანი იყო მომხმარებელთა ინფორმირების დონის განსაზღვრა სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.
რესპონდენტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სურსათის უვნებლობა, სურსათის წარმოების ჰიგიენა, პროდუქტის შეძენისთვისსაჭირო უნარ-ჩვევები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები. კვლევის დროს ყურადღება გამახვილდა მაღალი რისკის სურსათზე – ყველსა და ხორცზე.
კვლევის მთავარი მიგნებები
• გამოკითხულთა მესამედი (27%) ყველის შეძენისას უპირატესობას დიდ სუპერმარკეტებსა და აგრარულ ბაზრებს ანიჭებს, 21% პირდაპირ ფერმიდან/გლეხისგან ყიდულობს. გამოკითხულთა დიდი ნაწილი ყველის შერჩევის მთავარ კრიტერიუმად პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს (50%) და გამყიდველის ნდობას (37%) ასახელებს. მომხმარებლებისთვის მნიშვნელოვანია ასევე პროდუქტის საგემოვნო თვისებები (24%);
• გამოკითხულთა იმ ნაწილიდან, რომელიც ყველის ყიდვას პირდაპირ გლეხისგან ამჯობინებს, 62% მიიჩნევს, რომ ფერმერის წარმოებული პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთაა, ხოლო 60% გლეხისგან ყველის ყიდვისას ხაზს უსვამს გამყიდველის ნდობას;
• მომხმარებელთა უმრავლესობისთვის (74%) „ეკოლოგიურად სუფთა ყველი“ არის ნედლი რძისგან დამზადებული, ხოლო 55%-ისთვის – ჯანმრთელი პირუტყვისგან მიღებული პროდუქტი;
• გამოკითხულთა 26% რძის პროდუქტის არჩევისას ამოწმებს ეტიკეტს (არსებობის შემთხვევაში), ხოლო პროდუქტის წარმომავლობით მხოლოდ 13% ინტერესდება, მაშინ როდესაც პროდუქტს ვიზუალურად ათვალიერებს კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 64%;
• ხორცის შეძენისას გამოკითხულთა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანია პროდუქტის შენახვის ჰიგიენური პირობები და გამყიდველის ნდობა;
• გამოკითხულთა მხოლოდ 13% ინტერესდება სურსათის წარმომავლობით და, შესაბამისად, ეტიკეტით;
• გამოკითხულთა 30% სასაკლაოზე დაკლულ საქონელს გლეხის მიერ სახლში დაკლულს ამჯობინებს;
• გამოკითხულთა 21%-ს არ აქვს ინფორმაცია დაავადებული საქონლის ხორციდან შესაძლო ზოონოზური დაავადებით დაინფიცირების შესახებ.
კვლევამ აჩვენა, რომ უმრავლესობა, ვინც ყველს გლეხისგან ყიდულობს, საკუთარ ქცევას პროდუქტის ეკოლოგიური სისუფთავის მოტივით ხსნის (62%). გამოკითხულთა იმავე კატეგორიის 60%-ისთვის გლეხი ყველაზე სანდო გამყიდველად მიიჩნევა. ყველის შერჩევის მთავარ კრიტერიუმად რესპონდენტები, პირველ რიგში, ნედლი რძისგან დამზადებას (51%), ეკოლოგიურ სისუფთავეს (48%) და სუფთა გარემოში გაყიდვას (42%) ასახელებენ. ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ ფასსა (12%) და შეფუთვას (8%).
კვლევით დასტურდება, რომ გამოკითხული რესპონდენტებისთვის რძის პროდუქტების შერჩევისას გადამწყვეტია პროდუქტის ეკოლოგიური სისუფთავე, თუმცა, მათი ხედვა, თუ რა იგულისხმება ტერმინში „ეკოლოგიურად სუფთა“, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ტერმინის რეალურ განმარტებას.
საქართველოს მთავრობის #198 დადგენილება ბიოწარმოების შესახებ ტერმინების „ეკო“, „ბიო“ და „ორგანული“ პროდუქტად განსაზღვრავს იმ პროდუქტებს, რომელიც მიღებულია ან დაკავშირებულია ბიოწარმოებასთან (ბიოწარმოება – საერთაშორისო სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი, მეურნეობის/წარმოების მართვის ერთიანი სისტემა, ისეთი მეთოდების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიური და ბიოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას, გარემოს დაცვას, ბუნებრივი რესურსების ეფექტიან გამოყენებას და შეესაბამება ამ წესებით დადგენილ მოთხოვნებს წარმოების, გადამუშავების, შენახვის, შეფუთვის, ტრანსპორტირების, ეტიკეტირების/ნიშანდების, დისტრიბუციისა და რეალიზაციის ეტაპებზე).
აღნიშნულიდან გამომდინარე, ის შეფასების კრიტერიუმი, რომლითაც მომხმარებლები განსაზღვრავენ პროდუქტის ეკოლოგიურ სისუფთავეს ან მის ბიოწარმომავლობას, განპირობებულია საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპებიდან, რაც კიდევ ერთხელ ხაზსუსვამს მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლების საჭიროებასამ მიმართულებით. შესაბამისად, კუსტარულად, ოჯახურ პირობებში წარმოებული ე.წ. გლეხური პროდუქციის ასოცირება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მახასიათებლებთან მცდარია.
კვლევის შედეგების მიხედვით, საქონლის ხორცს რესპონდენტთა უმრავლესობა დიდ სუპერმარკეტებში (40%) და არაბრენდირებულ მაღაზიებში (30%) ყიდულობს. რესპონდენტებისშედარებით ნაკლები რაოდენობა აკითხავს ბაზარს (22%) და პატარა სუპერმარკეტებს (20%). ძალიან მცირეა იმ რესპონდენტთა წილი, ვინც ხორცს პირდაპირ გლეხისგან ყიდულობს (9%), ხოლო თითქმის არავინ აფიქსირებს ქუჩაში ხორცის ყიდვის ტენდენციას, თუმცა, FAO-სთვის, ისევე როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოსთვის, ამგვარი ფაქტების არსებობის შესახებცნობილია.
ხორცის შემთხვევაში, რესპონდენტთა უმრავლესობა ამჯობინებს სასაკლაოზე დაკლული, ეტიკეტირებული/მაღაზიაში განთავსებული ხორცის ყიდვას (57%), ხოლო გამოკითხულთა თითქმის მესამედს (30%) გლეხის მიერ კუსტარულად დამზადებული ხორცის ყიდვა ურჩევნია.
სურსათის უვნებლობაზე საუბრისას ყურადსაღებია ის გარემოება, რომ გამოკითხული მოქალაქეების უმეტესობა არ ინტერესდება პროდუქტის წარმომავლობით (მიკვლევადობა), რაც ნიშნავს, რომ არ ეცნობა ეტიკეტს; პროდუქტის შენახვისათვის საჭირო ტემპერატურული რეჟიმით,თუმცა, მომხმარებელთა 92% ამოწმებს ვარგისიანობის ვადას. მომხმარებლები შემოიფარგლებიან სარეალიზაციო ობიექტის (მაღაზიის) ჰიგიენური ნორმებით და სურსათის ვიზუალური დათვალიერებით, რაც არასაკმარისია.
გამოკითხულთათვის ეტიკეტის მოთხოვნა და მისი გაცნობა არ არის ქცევის ნორმა. კვლევის მონაწილეების დიდი ნაწილისთვის გამყიდველთან არსებული ურთიერთობა უფრო სანდოა, ვიდრე ეტიკეტირებული სურსათი. შესაბამისად, ეტიკეტისა და სურსათის უვნებლობის, ისევე როგორც ჰიგიენის მოთხოვნებთან დაკავშირება ვერ ხდება.
მნიშვნელოვანია, მყიდველებს ესმოდეთ, რომ ხორცის ეტიკეტი და მასზე არსებული სასაკლაოს ნიშანი (ჯანმრთელობის ნიშანდება) ადასტურებს, რომ ცხოველს გავლილი აქვს დაკვლის წინა და დაკვლის შემდგომი ვეტერინარული შემოწმება, შესაბამისად, იგი უსაფრთხოა მოხმარებისთვის.
კვლევის მეთოდოლოგია, გეოგრაფია და დემოგრაფია:
რესპონდენტებად შერჩეულები იყვნენ საქართველოს მსხვილი ქალაქების მცხოვრებნი, რომელთა შორის 67%-ს თბილისის მოსახლეობა წარმოადგენს. თითქმის თანაბარია გენდერული ბალანსი – 52% ქალი და 48% კაცი.