ბეგლარის ყურძენი

ვაზის, ჯიში

ბეგლარის ყურძენი – კახური წარმოშობის ვაზის ჯიშია, გამოიყენება თეთრი მშრალ ღვინის დასაამზადებლად.

ფოთოლი დიდი, უფრო იშვიათად – საშუალო ზომისაა, მრგვალი, სუსტად ან საშუალოდ დანაკვთული, სამ-ხუთნაკვთიანი, ქვედა მხარე მცირედ ან საშუალოდ დაფარულია ჯაგრისებრ-აბლაბუდისებრი ბუსუსით. ყვავილი ორსქესიანია.

მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ფორმის, ფრთიანი, კუმსი ან ძლიერ კუმსი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო, ყვითელი ფერის, მოვარდისფრო ელფერით.

ვაზი საშუალო და საშუალოზე ძლიერი ზრდისაა, რქა კარგად მწიფდება. ჭრაქისა და ნაცრისადმი საშუალო გამძლეობისაა. მაღალმოსავლიანია.

სიმწიფის საგვიანო პერიოდის საღვინე ჯიშებს მიეკუთვნება. სრულ სიმწიფეში შედის ოქტომბრის პირველ დეკადაში. ამ დროისთვის 19-20%-მდე შაქარს აგროვებს, 13,0-7,5 გ/დმ3 საერთო მჟავიანობით.

ბეგლარის ყურძენი საშუალო ხარისხის მშრალ ღვინოებს იძლევა, რომლებსაც საკუპაჟე დანიშნულებაც გააჩნიათ.

ვაზის, ჯიშიფოტო: ასოციაცია „ქართული ღვინო“ (GWA)

თ. კობაიძე, ვაზის ქართული ჯიშების ცნობარი.

თქვენი რეკლამა