მწვანე რაჭული ადგილობრივი, რაჭული საღვინე ვაზის ჯიშია. სინონიმის სახით გვხვდება: სადმელური, თბილული.
მწვანე რაჭული საქართველოს სხვა კუთხეებში ცნობილი ამავე სახელწოდებით „მწვანე“ ცნობილი ვაზის ჯიშებისგან მკვეთრად განსხვავდება. კაი მომცემი, სუქანი მიწა უყვარს, ფერდი ალაგი ურჩევნია. ბუჩქი გაშლილი, ღონიერი ეზრდება. მსხვილი ღერი და რქა აქვს. სქელი ფოთოლი იცის, ჩამუქებული. მხრიან დიდ მტევნებს იბავს. კაი მოსავლიანია, მომწვანო, სადიდებელ ღვინოს იძლევა. (ლ.ფრუიძე, რაჭა, 1974)
ბოტანიკური აღწერა
ახალგაზრდა ყლორტი -საკმაოდ შებუსულია, ხასიათდება გახსნილი ზრდის კონუსით. ზრდის კონუსზე გართხმული ანტოციანური შეფერვა საშუალოა, გართხმული შებუსვის სიხშირე საკმაოდ ხშირია. მე-4, მე-5 ფოთლების ქვედა მხარის შებუსვა, აბლაბუდისებური საშუალო სიხშირით ხასიათდება. ფოთლის ზედა მხარის შეფერილობა მწვანეა.
ერთწლიანი რქა – კარგად შემოსული ერთწლიანი რქები შემოდგომით მოყვითალო ნაცრისფერია, მიხაკისფერი მუხლებით. მუხლთაშორისის სიგრძე 10-12 სმ.
ფოთოლი – შუა იარუსის ზრდადამთავრებული ფოთლები (9-12) თავისი მოხაზულობით მომრგვალოა, ხუთნაკვთიანი, საშუალო ზომის. ფოთლის მთავარი ძარღვები მწვანე ფერისაა. ფოთოლი ქვედა მხრიდან აბლაბუდისებური შებუსვითაა დაფარული. ფოთლის ფირფიტის გოფრირება და ამობერილობები ფოთლის ზედა მხარეს არ აღინიშნება. ფოთლის ზედა ამონაკვეთი საშუალო სიღრმისაა. ყუნწის ამოანაკვეთი ღიაა, ამონაკვეთის ფორმა V -ს ფორმისაა. ყუნწის ამონაკვეთში ხშირად შეიმჩნევა დეზის არსებობა. ყუნწის ამონაკვეთი ძარღვების შემოსაზღვრულობით არ ხასიათდება. ფოთლის ქვედა მხარეზე , მთავარ ძარღვებზე შეიმჩნევა სუსტი გართხმული შებუსვა. ფოთლის მთავარი ძარღვები ბოლოვდება მომრგვალებული კბილებით.
ყვავილი – ყვავილი ორსქესიანია. თანაყვავილედში საშუალოდ 225 ყვავილია.
მტევანი – ცილინდრულ კონუსურია, საშუალო სიკუმსით ხასიათდება. ხშირად მხრიანია. საშუალო სიგრძისაა, დაახლოებით 13,5 სმ, სიგანე 10 სმ. მტევნის საშუალო წონა 177 გრ ია. მტევანში საშუალოდ 117 მარცვალია. კლერტი საშუალოდ 2,3 გრამს იწონის. მარცვლის ფერი მწვანეა, ფორმა მომრგვალო აქვს. მარცვლის სიგრძე საშუალოდ 15,8 მმ, სიგანე 15,5მმ ია. მარცვლის კანი სქელია, სუსტად დაფარული ცვილისებური ფიფქით. რბილობი მკვრივია. წვენი მწვანე, სასიამოვნო ჯიშური არომატით.
წიპწა – მიხაკისფერია, გვხვდება 1-2 წიპწა. წიპწის სიგრძე 6მმ, სიგანე 4მმ. ქალაძა კარგად გამოხატულია,ნისკარტი ცილინდრული, 1,3-1,5 მმ სიგრძე სიგანით.ყვითელი ან მუქი ყვითელია.
აგრობიოლოგიური დახასიათება
სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ცალკეული წლის მეტეოროლოგიურ პირობებზე. რაც უფრო მცირეა ნალექები, სარეპროდუქციო და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში, მით უფრო მოკლეა სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა და ნაკლებია აქტიურ ტემპერატურათა ჯამიც. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობისა და სრული სიმწიფის დადგომის საშუალო თარიღის მიხედვით მწვანე (რაჭული) მიეკუთვნება სიმწიფის II პერიოდის ჯიშებს. კვირტის დაბერვას დაახლობით 20 აპრილიდან იწყებს. ყლორტის ზრდა მაისის დასაწყისიდან იწყება. ყვავილობას მაისის ბოლოდან იწყებს და დაახლოებით 14- 15 დღე გრძელდება. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის დასაწყისში შედის.
მოსავლიანობა
მწვანე რაჭული ნაადრევად იწყებს პირველი მოსავლის მოცემას. სრულ მოსავალს მე-5 წელს იძლევა. სოკოვან დაავადებათა შორის ადვილად ავადდება ნაცრით, შედარებით გამძლეა ჭრაქის მიმართ და კარგი მოსავლიანობით ხასიათდება. ვაზი ძლიერი ზრდისაა და უხვმოსავლიანია. 2-2,5 კგ ერთ ძირ ვაზზე. მსხმოიარობის კოეფიციენტი 1,4 ია. ერთი რქის მოსავალი 183 გრ ია. მტევნის საშუალო წონა 177 გრ ია.
ტექნოლოგიური დახასიათება
მტევნების გარეგნული შეხედულება, ყურძნის მექანიკური შედგენილობა და წვენის ქიმიური შემცველობა ადასტურებს მის საღვინე ჯიშად გამოყენების მიზანშეწონილებას. ყველა მაჩვენებლების მიხედვით მწვანე (რაჭული) უდავოდ საღვინე ჯიშია და იგი ძველთაგანვე ამ მიმართულებით იყო და ამჟამადაც არის გამოყენებული. სრულ სიმწიფეში ტკბილის შაქრიანობა 19-20% და 6,7-8 გ/ლ მჟავიანობა. მისგან მზადდება მაღალხარისხოვანი სუფრის მშრალი ღვინო, საინტერესოა ცქრიალა ღვინის დასამზადებლად.
ყურძნის გამოყენება და პროდუქციის ხარისხი
მწვანეს ყურძნიდან ძირითადად სუფრის ღვინო მზადდება. ევროპული ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო ღია ჩალისფერია, გამჭვირვალე შეფერილობით. აქვს სასიამოვნო ჯიშური არომატი, ნაზი, სრული და ჰარმონიული გემო. ხასიათდება მწვანე ვაშლის, ციტრუსის, ტროპიკული ხილის არომატით.
საერთო შეფასება
მწვანე რაჭის სტანდარტული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალხარისხოვან სუფრის ევროპული ტიპის ღვინოს.
მწვანე რაჭულის დადებით თვისებებს შეადგენს პროდუქციის მაღალი ხარისხი, მაღალი მოსავლიანობა, ვაზის ძლიერი ზრდა- განვითარება, მისი ფართო გამოყენება სუფრის ევროპული ტიპის ღვინოების დასამზადებლად; ჯიშის შედარებით კარგი გამძლეობა ზამთრის ყინვებისა და მილდიუმის მიმართ.
მწვანე რაჭულის უარყოფითი მხარეა – ნაცრის მიმართ სუსტი გამძლეობა.
რეკომენდაცია
მწვანე რაჭულის გარკვეული ენოლოგიური პოტენციალის მატარებელი ჯიშია. ამიტომ რეკომენდაცია უნდა გაეწიოს ამ ჯიშის გაშენებას რაჭის რეგიონში და რაჭის მევენახეობა-მეღვინეობის გამრავალფეროვნებას ამ მივიწყებული ჯიშის აღდგენის მიმართულებით.
ლიტერატურა:
მიროტაძე ა, ბრეგვაძე მ. რაჭა- ლეჩხუმის ვაზის ჯიშები.
უჯმაჯურიძე ლ, კაკაბაძე გ, მამასახლისაშვილი ლ. ქართული ვაზის ჯიშები.
ფრუიძე ლ. რაჭა
ავტორი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მაგისტრი თამარ დარახველიძე.
იხილეთ აგრეთვე: რაჭული მცვივანი – ქართული ვაზის ჯიში