კითხვები რომლებიც ხშირად ისმევა
- რატომ დამეღუპა ფუტკრის ოჯახი ?!
- რატომ უნდა იყოს მინიმალური რაოდენობის (0,1 – 0,3%) ვაროა ზამთარში ?
- რა მოხდება გაზაფხულზე თუ ვაროას რაოდენობა ზამთარში ფუტკრის ოჯახში 1% გვექნება (100 ფუტკარზე 1 ვაროა) ?
- რატომ ხდება რომ სხვადასხვა ოჯახებში განსხვავებული ვაროას რაოდენობები გვხვდება, მაგალითად ზოგში 5%, 8%. 15% და მეტიც
მოდით ყველა ზემოთ აღნიშნულ კითხვას რიგრიგობით გავცეთ პასუხი.
ფუტკრის ოჯახების დაღუპვის სამი ძირითადი მიზეზი არსებობს:
- ფუტკრის შიმშილი – საკვები მარაგის ნაკლებობა;
- ტკიპი ვაროა ;
- მეფუტკრე, რომელმაც არ იცის ფუტკრის ოჯახების მოვლა.
განვიხილოთ ფუტკრის ოჯახის შიმშილით დაღუპვის შემთხვევა და თუ სად უშვებს მეფუტკრე შეცდომებს.
შევთანხმდეთ რომ საშუალო სიძლიერის ფუტკრის ოჯახს ზამთრისთვის აუცილებლად ჭირდება 20-25 კგ თაფლის მარაგი.
როცა ფუტკრის ოჯახში ბარტყი არაა მისთვის სრულად საკმარისია 18 °C ტემპერატურა, შესაბამისად ნაკლები თაფლი იხარჯება (2-3 კგ თვეში), მაგრამ როცა ფუტკრის ოჯახში ბარტყია, მაშინ საჭიროა 34°C ±0,5 ტემპერატურის შენარჩუნება ბარტყის სიახლოვეს, რაზეც უკვე მეტი თაფლის მარაგი იხარჯება (4-6 კგ თვეში).
მოვიყვან მარტივ მაგალითს, დადანის ტიპის 8 ჩარჩოიანი ფუტკრის ოჯახზე, რომელშიც 20 კგ თაფლის მარაგია
4 ჩარჩოზე ბუდის განაპირას 3 კგ თაფლის მარაგით თითოეულზე, ჯამში 12 კგ და ბუდეში 4 ჩარჩო თითოეულში 2 კგ თაფლის მარაგით ანუ ჯამში 8 კგ თაფლი, სულ 12+8=20 კგ
დეკემბერი – როცა ბარტყი არ გვყვას, თაფლის ხარჯვა 2-3 კგ, გათვლა გავაკეთოთ მინიმუმ ხარჯვაზე ანუ 20 – 2 =18 კგ-ის დარჩენილი მარაგი
22 დეკემბერი – დღე მატებას იწყებს, ეს ფუტკრისთვის ბიოლოგიური საათია და იწყებს კვერცხდებისთვის მზადებას
გაითვალისწინეთ – კვერცხდების დაწყება გარემოს ტემპერატურაზეც და ყვავილის მტვრის შემოდინებაზეცაა დამოკიდებული.
იანვარი – დედამ დაიწყო კვერცხდება და რადგან ბარტყი შედარებით ჩარჩოს მცირე ფართობზეა დაახლოებით ამ დროს დაიხარჯება 4 კგ თაფლის მარაგი ანუ 18 – 4 = 14 კგ
თებერვალი – დედა უმატებს კვერცხდებას და უკვე თაფლის მეტი მარაგები იხარჯება დაახლოებით 6 კგ ანუ 14 – 6 = 8 კგ
მარტი – მარტის დასაწყისს ვხვდებით მხოლოდ 8 კგ თაფლით და თუ უამინდობაა, რაც ხშირად გვხვდება ვერ ვითარდება შესაბამისად ფუტკრის ოჯახები, დედა ამცირებს კვერცხდებას მაშინ როცა უნდა მოუმატოს და იძულებული ვხვდებით უკეთესს შემთხვევაში ფუტკრის ოჯახს მივაწოდოთ გადანახული თაფლიანი ჩარჩოები ან შაქრის სიროპი, იმ რაოდენობით რომ სკაში მინიმუმ 8 კგ-ზე მეტი თაფლი იყოს მუდმივად რომ კვერცხდება არ შეჩერდეს…
თავის მოტყუებაა ამ დროს კანდის ან ნახევარი ლიტრა სიროპის მიწოდება, როცა მარტში 8 კგ თაფლი იხარჯება მინიმუმ ბარტყის მოვლაზე (ტემპერატურის შენარჩუნებაზე) …
დასკვნა:
ფუტკრის ოჯახის კონდიციიდან გამომდინარე სკაში საზამთრო მარაგი 20-25 კგ უნდა იყოს მინიმუმ;
აქტიურ სეზონში ფუტკრის ოჯახში მუდმივად უნდა იყოს მინიმუმ 8 კგ თაფლი, რომ ოჯახმა განვითარება არ შეამციროს;
საკვები მარაგის სიმცირეს ძირითადად ვხვდებით მარტის თვეში, რაც ხშირად ოჯახის დაღუპვის მიზეზიც ხდება
კარგი იქნება თუ ერთ ფუტკრის ოჯახზე გადავინახავთ 5 კგ თაფლს ან 2 თაფლიან ჩარჩოს
გაითვალისწინეთ:
ფუტკრისთვის თაფლი შეუცვლელია, თაფლი მარტო ნახშირწყლები არაა, იქ თავმოყრილია მთელი ქიმიური ელემენტები და აქტიური ნივთიერებები, რომელიც ფუტკრის ცხოველუნარიანობისათვის აუცილებელია…
ფოტო: შიმშილით დაღუპული ფუტკრის ოჯახი
ავტორი: ალეკო პაპავა,
საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი.