მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში აღინიშნება

მსოფლიო, სურსათის, დღე

16 ოქტომბერს, 15:00-დან, ზუგდიდში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია მსოფლიო სურსათის დღეს აღნიშნავენ.

მსოფლიო სურსათის დღე გაეროს ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია და ყოველ წელს მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღინიშნება. წელს ამ დღის მთავარი გზავნილი წყლის, როგორც სასიცოცხლო რესურსის დაცვაა, რადგან ის ადამიანის, ბუნებისა და ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა და სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილია, მტკნარი წყალი კი  –ამოწურვადი რესურსი.

ამ დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდში, დადიანების სასახლის ბაღში ფერმერთა აგრარული ბაზარი, ხორბლისა და პურის გამოფენა, სურსათის უვნებლობის, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა, სახალისო საინფორმაციო აქტივობები ბავშვებისთვის და კონცერტი ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით; ასევე, შედგება FAO-ს ბენეფიციარი ფერმერის შესახებ მოკლე დოკუმენტური ფილმის ჩვენება და მისი, როგორც 2023 წლის „სურსათის გმირის“ დაჯილდოება.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, FAO-ს, ევროკავშირის, შვეიცარიის რეგიონული თანამშრომლობის, პარტნიორი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, FAO-სა და პროექტების ბენეფიციარი ფერმერები, მეწარმეები და სხვა მოწვეული სტუმრები.

მსოფლიო სურსათის დღე ზუგდიდში ევროკავშირისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით აღინიშნება.

მსოფლიო სურსათის დღე: „წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“
ყოველ წელს, მსოფლიო სურსათის დღის ფარგლებში, სასურსათო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გზავნილების გასავრცელებლად ერთიანდებიან სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები, სამოქალაქო სექტორი, ბიზნსსექტორი, მედია, მოსახლეობა და ახალგაზრდობა.

„წყალი არის სიცოცხლე, წყალი არის საკვები“ – ამ გზავნილით, წელს FAO-საზოგადოების ყურადღებას პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან რესურსზე ამახვილებს: წყალი პლანეტის ზედაპირის უდიდეს ნაწილს ფარავს, სხეულის თითქმის 50 პროცენტს შეადგენს და ცენტრლური მნიშვნელობა ენიჭება მდგრადი განვითარებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მისაღწევად 2030 დღის  წესრიგის ფარგლებში.

თუმცა, მტკნარი წყალი ამოწურვადი რესურსია. თუ მის მოხმარებასთან დაკავშირებით სასწრაფო ზომებს არ მივიღებთ, 2050 წლისათვის, პლანეტის მოსახლეობის ზრდასთან ერთად,  წყლის მოხმარება, გლობალურად, შეიძლება, სამჯერ გაიზარდოს. ეს კი ნიშნავს, რომ უკვე სარისკო ზღვარს ვუახლოვდებით.

პროდუქტების შეძენისას ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლები წყლის დახარჯვა და წყალდიდობებისა და დაბინძურების პრევენცია იმ გზებს შორისაა, რითაც შეგვიძლია წყლის დაზოგვასა და პლანეტის კეთილდღეობაში ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ეს აქტივობები მნიშვნელოვანია უკეთესი წარმოების, უკეთესი კვების, უკეთესი გარემოს და უკეთესი ცხოვრების მისაღწევადაც.

წყარო: გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO).

თქვენი რეკლამა