თევზი ადამიანის კვებაში აუციელბელი პროდუქტია, პირველ რიგში, ცილას მაღალი შემცველობის გამო. ცილა, როგორც ცნობილია, ორგანიზმის ყველა ორგანოსა და ქსოვილის საშენი მასალაა.
თევზში ცილა მშვენივრად არის ბალანსირებული ამინომჟავების შემადგენლობასთან. გარდა ამისა, თევზი მდიდარია ცხიმებით.
სხვადასხვა თევზის სახეობებში ცხიმების შემცველობა განსხვავებულია. ყველაზე მჭლეა: ხეკი, მინტაი, ფარგა, ვირთევზა, ქორჭილა, კარჩხანა, ღორჯო, ქარიყლაპია. ისინი მხოლოდ 3% ცხიმს შეიცავენ. ცხიმიანს ტრადიციულად მიეკუთვნება სკუმბრია, ქაშაყი, კეტა, პალტუსი, ტირაღანი, ღურკანა.
ცხიმიანი თევზის ჭამა ყველასთვის კარგია, გარდა იმ ადამიანების, ვისაც ღვიძლის ან კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები აწუხებს. სხვათაშორის, თევზის ქონში ბევრია A ვიტამინი, რომელიც იმუნიტეტს ამაღლებს, ნორმალურ მხედველელობას უზრუნველყოფს. ის ერთადერთი ვიტამინია, რომელსაც კიბოს საწინააღდეგო მოქმედება გააჩნია.
ზღვის თევზში, ისევე როგორც ზღვის ყველა პროდუქტში, არის იოდი (აუცილებელია ტვინის მუშაობისთვის), ფოსფორი, ფტორი – ეს ელემენტები კალციუმისა და ფოსფორის ცვლას არეგულირებენ და ძვლების სიმტკიცეზე პასუხისმგებლები არიან.
თევზის წვნიანი შესანიშნავი საშუალებაა მძიმე ინფექციების შემდეგ, დაღლილობის დროს ძალის აღსადგენად.
შემწვარ თევზს კუჭი ძნელად ამუშავებს. უმჯობესია მოხარშოთ ან სხვადასხვა ბოსტნეულთან და მწვანილთან ერთად ფოლგაში შეწვათ.
ომეგა 3
ზღვის ცხიმიანი თევზი ცხიმჟავა ომეგა 3- ის მდიდარი წყაროა. ეს ნივთიერება გულის სისხლძარღვების გასუფთავებას ეხმარება და სისხლის მიმოქცევას აღადგენს.
სწორედ ასეთი თვისებებისთვის თევზი ექიმების მიერ მოწოდებულია, როგორც საუკეთესო გულით ავადმყოფებისა და მაღალწნევიანებისთვის. ვინც თევზს კვრიაში 2-4–ჯერ მიირთმევს, აღნიშნული დაავადებებით 30 %-ით ნაკლებად ავადდება.
თევზში არსებულ ცხიმმჟავებს კიდევ ერთი შესანიშნავი თვისება აქვს – დეპრესიისგან გვიცავს.
გულსისხლძარღვთა დაავადებები
გულსისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისათვის კვირაში 2-ჯერ მაინც მიირთვით ზღვის ცხიმიანი თევზი, მაგრამ არა შემწვარი, არამედ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული.
ყოველდღიურად თევზის ჭამა მიოკარდიუმის ინფარქტის ეფექტიანი პროფილაქტიკააო – დაასკვნეს იაპონელმა მკვლევარებმა, რომლებიც 11 წლის მანძილზე სწავლობდნენ თევზის დადებით ზემოქმედებას ადამიანის ორგანიზმზე.
40 000 ,,პაციენტის გამოკვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც მაქსიმალური რაოდენობის თევზს მიირთმევდა (180 დღეში) 60%-ით ნაკლებად ავად-დებოდნენ მიოკარდიუმის ინფარქტით.
მეცნიერები ამ ეფექტს იმით ხსნიან, რომ თევზი შეიცავს დიდი რაოდენობით ორგანულ მჟავებს, რაც ხელს უშლის სისხლძარღვების კედლების გასქელებას. ამდენად ის ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, მათ შორის ინფარქტის განვითარების რისკს.
ის უხვად შეიცავს ცილას, ორგანიზმისთვის შეუცვლელ ამინომჟავებს – ლიზინს, მეთიონინსა და ტრიფთოფანს, ზღვის თევზი უფრო მეტი მინერალური ნივთიერებების შემცველია, ვიდრე მტკნარი წყლისა.
თევზის უნიკალურობის დამადასტურებელი უამრავი უტყუარი არგუმენტი არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ რაციონში თევზეულის სისტემატური ჩართვა იმის გარანტიაა, რომ ინფარქტისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების ალბათობა მინიმუმამდე დავიდეს.
თევზეული რომ თითქმის ყველა ორგანოსთვის სასარგებლოა, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ დღეს თანამედროვე მეცნიერების დავის საგანი ის ეკოლოგიური გარემო გახდა, რომელიც ზღვებსა და ოკეანეებშია. მათი აზრით, თევზები წყლიდან ჭუჭყს „იწოვენ“. ღირს თუ არა ამ მიზეზით უარი თქვათ თევზეულზე, ეს თავად გადაწყვიტეთ.
თევზი, ხორცთან შედარებით, ორგანიზმისთვის გაცილებით იოლად გადასამუშავებელი და შესათვისებელია. გავითვალისწინოთ რომ ზღვის თევზი უფრო სასარგებლოა ვიდრე მდინარის. სასურველია კვირაში 3 ჯერ მაინც მივიღოთ თევზეული. ვეცადოთ, რომ ბავშვებს კვირაში ერთხელ აუცილებლად ვაჭამოთ თევზის კერძი.
ამერიკელი მეცნიერები ირწმუნებიან, რომ ადამიანებს, რომლებიც თევზს კვირაში ორჯერ მაინც მიირთმევენ, ნაკლებად ემუქრებათ სწორი ნაწლავის კიბო.
თევზეული პატარების რაციონში
თევზეულის მთავარი ღირსება, მასში არსებული მჟავა ომეგა 3 გახლავთ. ის არათუ პატარების, მომავალი დედებისთვისაც უმნიშვნელოვანესია.
ნებისმიერი სახეობის თევზი სასარგებლოა, რადგან ენერგიისა და სრულფასოვანი ცილების წყაროა ბავშვის ორგანიზმისთვის. თევზეულის ჩართვა ბავშვის რაციონში საჭიროა დაახლოებით 8 -10 თვის ასაკიდან.
ფოსფორი
თევზი ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტის საბადოა, როგორიცაა ფოსფორი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელია ძვლოვანი სისტემისთვის.
თევზი ასევე მდიდარია კალციუმითაც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია მოზარდი ორგანიზმისთვის. შეიცავს D ვიტამინსაც, რომელსაც სხვაგვარად იმუნიტეტის ვიტამინს უწოდებენ.
ფოსფორი ტვინის ქსოვილის მნიშვნელოვანი შემადგენელია. თევზი ასევე შეიცავს ვიტამინის მსგავს ნივთიერება ქოლინს, რომელიც აუცილებელია ტვინის ფუნქციონირებისა და კარგი მეხსიერებისთვის.
ქოლინი აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და ორგანიზმიდან ტოქსიკურ ნივთიერებებს გამოდენის. ასე რომ, ნუ მოაკლებთ შვილებს თევზეულს და რეგულარულად ჩართეთ მათ რაციონში.
თევზის ქონი
შეუძლებელია არ ვახსენოთ თევზის ქონი. ის აუცილებელია, რომ პატარას ორგანიზმმა დაავადებებთან ბრძოლა შეძლოს. მას ჯერ კიდევ ჩვენი მშობლები სვამდნენ.
ექიმებს ახლაც მიაჩნიათ, რომ ის აუცილებელია ჩვენი ორგანიზმისთვის. მოზრდილებმა (50 წელს გადაცილებული) უნდა მიიღონ ათეროსკლეროზისგან დასაცავად, ინფარქტის, ინსულტის, ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში – 1ჩ/კ დღეში ერთხელ (პროდუქტების სამკურნალოდ გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია).
მკურნალობის კურსი ერთი თვეა, შემდეგ საჭიროა ერთთვიანი შესვენება. ბავშვებისთვის თევზის ქონის მიღება აუცილებელია – ის ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ზრდას, აჩერებს რაქიტს და ძვლების ოსტეოპოროზის განვითარებას, ზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს ინფექციების მიმართ, ამცირებს ალერგიის წარმოქმნის შესაძლებლობას, იცავს ორგანიზმს ჰორმონული შემოტევისგან, კერძოდ, დიაბეტის განვითარებისგან.
თევზის ქონი მრავალ სენს ერევა, იმუნიტეტსაც ზრდის, ძვლებსაც ამაგრებს და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებსაც მკურნალობს. მისი მთავარი სიმდიდრეა ომეგა-3, რომელიც აწესრიგებს გულის რიტმს და ხელს უშლის ქოლესტერინის დაგროვებას.
ექიმები გვირჩევენ, ყოველდღე (თუ ამის სესაძლებლობა გვაქვს) მივიღოთ ხიზილალა ან თევზის ქონი – ნატურალური ან კაფსულის სახით (კაფსულა დღეში 2-ჯერ). ის ძალიან სასარგებლოა სახსრებისთვისაც. 3 თვის მანძილზე მისი მიღება შველის ართროზს და ართრიტს – ტკივილი სუსტდება და შეიძლება გაქრეს კიდეც.
თევზის ქონი ითვლება უძლიერეს პროდუქტად, რომელიც ზრდის პოტენციას. აუცილებელია ორსულებისთვის. ბავშვები, ვისი დედებიც ფეხმძიმობის პერიოდში უარს არ ამბობდნენ თევზის ქონზე, გაცილებით ძლიერები არიან, არ აწუხებთ დეპრესია, იშვიათად ავადმყოფობენ.
თევზის ქონს ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ის ცხიმმჟავა ომეგა-3-ის წყაროა, რომელიც ხელს უწყობს უჯრედისების მემბრანების „აშენებას“, სისხლში „კარგი“ ქოლესტერინის დონის აწევას და განსაკუთრებული ნივთიერებების – პროსტაგლანტინების სინთეზირებას.
ეს ჰორმონების მსგავსი ნივთიერებები საუცხოოდ მოქმედებენ ორგანიზმის ყველა სისტემაზე და აქვთ ანთების საწინააღმდეგო თვისება. ამიტომაც თევზის ქონი რეკომენდებულია სახსრების ანთების დროს.
თევზის ქონი ერთადერთი პროდუქტია, რომელიც ძალიან მდიდარია რეტინოლით, რომლის დადებითი ზემოქმედება საყოველთაოდ ცნობილია (კანის, თმისა და ფრჩხილების ჯანმრთელობაზე ზრუნავს).
თუ თქვენი თმა გამომშრალია, უსიცოცხლო, კანი გექერცლებათ, გაგიშრათ, ფრჩხილები სუსტი და მტვრევადია, ეს იმის ნიშანია, რომ თქვენს ორგანიზმს აშკარად ესაჭიროება რეტინოლი (A ვიტამინი). რაც შეეხება D ვიტამინს, ის მნიშვნელოვანია ძვლოვანი სისტემისა და კბილებისთვის. თუ გსურთ, შვილს ჯანსაღი კბილები და ძვლები ჰქონდეს ნუ მოაკლებთ ამ ვიტამინს.
ომეგა-3 ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ამაღლებს ორგანიზმში კარგი გუნება-განწყობის გამომწვევი ჰორმონის – სეროტონინის გამომუშავებას, თრგუნავს სტრესის ჰორმონებს.
ყველაზე მეტ ომეგა 3 შეიცავს: ვირთევზა, სარდინი, ორაგული, კალმახი, სკუმბრია, ქაშაყი. გახსოვდეთ, დაკონსერევბული თევზი მნიშვნელოვნად კარგავს სასარგებლო ნივთიერებებს.
თევზის ქონი არ არის რეკომენდებული
თევზის ქონი არარეკომენდებულია თევზისადმი მომატებული მგრძნობელობისა და ალერგიისას, ორგანიზმში ქრონიკული ანთებების, ბრონქიალური ასთმის, თირკმლების უკმარისობის, გასტრიტისა და ღვიძლის დაავადების დროს. რადგან თევზის ქონი ათხელებს (მართალია მცირედ) სისხლს, არ შეიძლება მისი მიღება იმავე თვისების მქონე ასპირინის შემცველ წამლებთან ერთად.
წითელ ხიზილალა
წითელ ხიზილალას მედიცინა მეტად ძვირფას და მნიშვნელოვან საკვებად მიიჩნევს. ის შეიცავს სასიცოცხლოდ აუცილებელ ბევრ ვიტამინსა და სხვა ნივთიერებებს – პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც შეუცვლელია სისხლძარღვებისა და ზოგადად, ნივთიერებათა ცვლის პროცესისთვის, რადგან ამცირებს ათეროსკლეროზისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს.
ის შეიცავს ფოლიუმის მჟავას, D, E და A ვიტამინებს, რომლებიც მეტად ღირებულია ბავშვებისთვის.
ვიტამინი E აუმჯობესებს მხედველობას, ხელს უწყობს აქტიურ ზრდას და ავადმყოფობის შემდეგ სწრაფად გამოჯანმრთელებას. განსაკუთრებით სასარგებლოა არა მარტო ორგანიზმის ყველა უჯრედისთვის, არამედ კანისა და ლორწოვანი გარსებისთვის. ის ხელს უწყობს პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ათვისებას, ხოლო D ზრდის კალციუმის რაოდენობას.
წითელი ხიზილალა მდიდარია იოდით, ფოსფორით, რკინით, კალიუმით, მიკრო და მაკროელემენტებით, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე მეტაბოლიზმის პროცესებს, ძვლების გამაგრებას, ათერსკლეროზის პროფილაქტიკას, აძლიერებს იმუნიტეტს, ორგანიზმს უნარჩუნებს ახალგაზრდობას.
წითელი ხიზილალის შემცველი ლეციტინი ანეიტრალებს ქოლესტეროლს. წითელი ხიზილალა მაღალკალორიულია, 100 გ – 200-250 კალორია, იმავე რაოდენობის ხორცი და რძე კი 120-170 კალორიაა.
წითელი ხიზილალა შეიცავს 32%-მდე ადვილად ასათვისებელ ცილას, რომელიც მოზარდის ორგანიზმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
წითელი ხიზილალის ცილას უფრო სწრაფად და ადვილად ითვისებს ორგანიზმი, ვიდრე ხორცისა და რძის პროდუქტებში შემავალ ცილებს. ასე რომ, ხიზილალა აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ბავშვების კვების რაციონში.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები – საკვები და მკურნალი / აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია /.
პროდუქტების სამკურნალოდ გამოყენებისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია.