მეთევზეობის დარგის ზოგადი მიმოხილვა

მეთევზეობა, დარგი, თევზები

დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ცილოვანი პროდუქტების წარმოების გადიდებისა და ადამიანთა სრულფასოვანი კვების პროდუქტებით უზრუნველყოფის საკითხს.

ამ პრობლემის რეალიზაციაში თავისი წვლილი შეაქვს მეთევზეობას, მით უმეტეს, რომ მსოფლიოში წარმოებული ხორცის საერთო ბალანსში თევზის ხვედრითი წილი 45%- ზე მეტია.

თევზი დიეტური საკვებია, შეიცავს დიდი რაოდენობით ცილას. ყოველი 100გ თევზის ცილიდან ადამიანი ითვისებს 40 გ-ს, იგივე რაოდენობის ღორის ცილიდან -20 გ -ს, ხოლო ძროხისა-15 გ-ს. ცხოველური ცილის საერთო რაოდენობის 7% თევზის ცილაზე მოდის.

თევზი იძლევა არა მარტო ცილასა და ცხიმს, არამედ ადამიანის ორგანიზმისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალურ ნივთიერებებს. ვიტამინი A გამოიყენება არა მარტო როგორც სამკურნალო საშუალება, არამედ ვეტერინარიაში, როგორც პირუტყვის ზრდის მნიშვნელოვანი ფაქტორი.

თევზის ფქვილი მეცხოველეობაში გამოიყენება როგორც კომბინირებული ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი, იგი შეიცავს 67% ცილას.

თევზის ფქვილის 85-90%-ს ითვისებს პირუტყვისა და ფრინველის ორგანიზმი. სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ულუფაში 3-5% თევზის ფქვილის არსებობა თითქმის აკმაყოფილებს ორგანიზმის მოთხოვნილებას ცხოველურ ცილაზე. თევზი თავისი ხარისხობრივი მაჩვენებლებით არ ჩამოუვარდება სასოფლო-საქმეურნეო ცხოველთა ხორცს.

მეთევზეობის დარგი კრებითი ცნებაა და მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა საოკეანო, საზღვაო, სატბო და სამდინარო თევზის მოპოვება; ტბორებში, ტბებსა და წყალსაცავებში თევზის წარმოება-გამოზრდა.

თევზის მრეწველობაში საწარმოო პროცესების ორი თანმიმდევრული სტადიაა, ისინი ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი: 1. თევზის მოპოვება; 2. თევზის დამუშავება.

თევზჭერა (მოპოვება) ოკეანესა და ზღვაში, დიდ მდინარეებსა და ტბებში, სადაც არ მიმდინარეობს თევზის ხელოვნური აღწარმოების პროცესი, მიეკუთვნება მოპოვებითი მრეწველობის დარგს.

თევზის მრეწველობაში ბუნებრივი აღწარმოების პროცესი განუწყვეტლივ მიმდინარეობს.

თევზის მოპოვების მნიშვნელოვანი თავისებურება სამუშაო ადგილის მოძრაობაშია. თევზის დამამუშავებელ მრეწველობაში პროდუქტების გამოშვება (გარდა მცურავი ბაზებისა) ძირითადად ადგილზე – საწარმოებში ხდება.

თევზის დამამუშავებელი მრეწველობა თევზის მრეწველობის მეორე დარგია. იგი მოიცავს იმ საწარმოებს, რომლებიც თევზმომპოვებელი საწარმოებიდან მიღებული თევზის ნედლეულს დაამუშავებს.

სატბორე მეთევზეობა, როგორც მეთევზეობის ერთ-ერთი ქვედარგი, სულ უფრო უკავშირდება სოფლის მეურნეობას, კარძოდ, მეცხოველეობას, როგორც მისი შემადგენელი ნაწილი.

ზღვასა და ოკეანეში მოპოვებული თევზის უდიდესი ნაწილი ამა თუ იმ სახის დამუშავებას განიცდის, რაც უარყოფითად მოქმედებს მის ხარისხზე. ამიტომ ადამიანთა მოთხოვნილებას უკეთ აკმაყოფილებს ცოცხალი ანუ ნედლი თევზი.

მეთევზეობის განვითარების ბუნებრივ-კლიმატური და ეკონომიკური პირობები საქართველოში
საქართველოს აქვს მეთევზეობის განვითარების საუკეთესო პირობები, რომელთა შორის აღსანიშნავია თევზის სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა, განშტოებული ჰიიდროლოგიური და ირიგაციული ქსელი, მრავალფეროვანი რელიეფი და კლიმატური ზონები.

საქართველო მდიდარია შიდა წყალსატევებით: მდინარეებით, წყალსაცავებით, ტბებით, ტბორებით, რომელთა ფართობი, მდინარეების გარდა, 23 ათას ჰა-ს აღემატება, ხოლო მდინარეების რიცხვი 300-ზე მეტია, რომელთა საერთო სიგრძე 8 ათასი კმ-ია.

მეთევზეობის სპეციალიზაცია და გადაადგილება

საქართველოს ბუნებრივ-კლიმატური და ეკონომიური პირობებიდან გამომდინერე, მტკნარი წყლების მეთევზეობა ძირითადად ორ ზონად იყიფა: მთისა და ბარის ზონად. მთის ზონაში ცივი წყლის ტიპის მეურნეობებია, ხოლო დაბლობ ზონაში -თბილი წყლის ტიპისა.

განვიხილოთ სატბორე მეურნეობათა ტიპები, სისმეტები, ბრუნვები და ფორმები

ტიპები

სატბორე მეთევზეობა თბილი და ცივი წყლის ტიპებად იყოფა. ასეთი დაყოფის საფუძველია ტბორებში გამოსაზრდელი თევზების ბიოლოგიური თავისებურება, გარემო პირობები და ჰიდრო-ქიმიური რეჟიმი.

საქართველოს თბილი წყლის ტიპის მეურნეობებში ძირითადად გამოიზრდება: კობრი, ჩვეულებრივი და ჭრელი სქელშუბლა, თეთრი ამური, კარჩხანა და სხვ.

საქართველოს დაბლობის ზონის ცივი წყლის ტიპის სატბორე მეურნეობებში ძირითადად გამოიყენება ცისარტყელა კალმახი. მთიანი ზონის მეურნეობებში: ადგილობრივი, სევანისა და ცისარტყელა კალმახი, სიგა, რიპური პელიადი, ჭაფალა და სხვ.

სათევზმეურნეო ორგანიზაციის მხრივ სატბორე მეურნეობა იყოფა სრულსისტემიან და არასრულსისიტემიანად.

სრულსისტემიან მეურნეობაში თევზი გამოიზრდება სრული ციკლით – ქვირითობიდან (ტოფობა) დაწყებული, სასაქონლო თევზის მიღებით დამთავრებული.

არასრულსისტემიან მეურნეობებში თევზი გამოიზრდება არასრული ციკლით.

ამ შემთხვევაში მეურნეობას გამოჰყავს თევზის ჩასახული მასალა და მის რეალიზიაციას ახდენს სანასუქე მეურნეობებზე (თევზსაშენი) ან მეურნეობა შეიძენს ჩასასხმელ მასალას, გამოზრდის და მოახდენს მის რეალიზაციას ბაზარზე (სანასუქე მეურნეობა).

ბრუნვები

სატბორე მეთევზეობაში ბრუნვა დროის ის მონაკვეთია, რომელიც საჭიროა თევზის გამოზრდისათვის სასაქონლო წონის მიღწევამდე.

სატბორე მეურნეობებში შეიძლება გვქონდეს ერთწლიანი, ორწლიანი და სამწლიანი ბრუნვა. დასავლეთ ევროპის ქვეყნებში სამწლიანი ბრუნვაა. საქართველოში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობის გამო ორწლიანი ბრუნვაა.

ფორმები

სატბორე მეურნეობათა ექსტენსიური, ნახევრად ინტენსიური და ინტენსიური ფორმებია.

ექსტენსიური მეურნეობის შემთხვევაში თევზი გამოიზრდება ტბორში არსებული ბუნებრივი საკვები რესურსებით. პროდუქციის წარმოების გადიდება შესაძლებელია სატბორე ფართობის გადიდებით.

ნახევრად ინტენსიურ მეურნეობაში თევზს პერიოდულად ეძლევა დამატებითი საკვები, რაც ზრდის თევზის პროდუქტიულობას.

ინტენსიური მეურნეობის ფორმის შემთხვევაში სავეგეტაციო პერიოდის მანძილზე თევზს მუდმივად ეძლევა საკვები, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად იზრდება თევზპროდუქტიულობა.

ტბორის კატეგორიები

სათევზმეურნეო ტბორები იყოფა: საზაფხულო, გამოსაზამთრებელ და სპეციალურ ტბორებად. საზაფხულო ტბორებს მიეკუთვნება: საქვირითე (სატოფე), სალიფსიტე, გამოსაზრდელი და სანასუქე ტბორები.

გამოსაზამთრებელ ტბორებში უნდა მოხდეს თევზის ნორმალური გამოზამთრება.

სპეციალური ტბორებია: სადედე (საზაფხულო და გამოსაზამთრებელი), საკარანტინე და ტბორი იზოლატორი.

მეურნეობის მშენებლობის დროს ფერმერმა წინასწარ უნდა შეარჩიოს ადგილი მეურნეობის მოწყობისათვის. ტბორების მშენებლობა არ შეიძლება სასაფლაოს და პირუტყვის სამარხ ორმოებთან ახლოს, ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზე, რაც საფრთხეს უქმნის როგორც თევზს, ისევე ადამიანთა ჯანმრთელობას.

ფერმერმა უნდა იცოდეს, რომ სათევზმეურნეო ტბორების გაადგილება გარკვეულ წესს ექვმებარება. მეურნეობის ტერიტორიაზე თითოეული კატეგორიის ტბორი სასურველია განლაგდეს საწარმოო პროცესების მიხედვით, ისე რომ თევზის გადასხმასთან დაკავშირებით ადგილი არ ჰქონდეს ტრანსპორტირების ზედმეტ ხარჯებს.

გამოსაზამთრებელი ტბორები უნდა განლაგდნენ სათავე ტბორთან ახლოს. სანაშენო ტბორები კომპაქტურად, თანმიმდევრობით უნდა განლაგდნენ, რაც აადვილებს ტბორიდან ტბორში გადასხმის პროცესს.

სანასუქე ტბორი უნდა განლაგდეს გამოსაზრდელ ტბორებთან ახლოს, სამეურნეო ცენტრი, საყოფაცხოვრებო და სამეურნეო დანიშნულების შენობა-ნაგებობანი კი – გამოსაზამთრებელ ტბორებთან.

შენახვის სისტემები და ძირითადი საწარმოო პროცესების ორგანიზაცია მეთევზეობაში

სასაქონლო მეთევზეობის სისტემა არის მეთევზეობის გაძღოლის სისტემის შემადგენელი ნაწილი.

სასაქონლო მეთევზეობაში მეურნეობის გაძღოლის სისტემა გულისხმობს ორგანიზაციული, ტექნიკური, ტექნოლოგიური და ეკონომიკური ღონისძიებების ერთობლიობას, რომელიც მიმართულია პროდუქციის წარმოების გადიდებისა და ხარისხის ამაღლებისაკენ, შრომისა და საშუალებათა ნაკლები დანახარჯებით.

სასაქონლო მეთევზეობის პრაქტიკაში ჩამოყალიბდა შემდეგი სისტემები:

საძოვრული

საძოვრული-მეთევზეობის გაძღოლის ექსტენსიური ფორმაა, როცა თევზის გამოზრდა წყლაში არსებული ბუნებრივი საკვები რესურსებით ხდება. ადამიანი მხოლოდ ნაწილობრივ მონაწილეობს ბუნებრივი თევზპროდუქტიულობის პროცესში.

ტექნოლოგიური პროცესების შემადგენელი ნაწილებია: მელიორაცია, წყალსატევებში თევზის ჩასხმა და თევზჭერა. ამ ფორმის შემთხვევაში ერთი ჰა წყალსატევის ფართობზე მიიღება 3-5 ცენტნერი თევზი.

ბაგურ-საძოვრული

ბაგურ-საძოვრული გაძღოლის ისეთი სისტემაა, როცა თევზის ძირითადი მასა მიიღება კონცენტრირებული საკვების ნაწილობრივი გამოყენებით. თევზპროდუქტიულობა – 10-15 ცენტნერი ერთ ჰა-ზე.

ბაგური

ბაგური სისტემა გაძღოლის სისტემის ინტენსიური ფორმაა. თევზის კვება რეგულარულად ხდება მთელ სავეგეტაციო პერიოში. ტბორებში შეაქვთ მინერალური და ორგანული სასუქები. თევზპროდუქტიულობა 20-25 ცენტნერი 1 ჰა-ზე.

ძირითადი საწარმოო პროცესები მეთევზეობაში

მეთევზეობაში ძირითადი საწარმოო პროცესებია : აგროთევზსამეურნეო მელიორაცია, თევზის ქვირითობა (ტოფობა), ტბორების დათევზიანება, კვების ორგანიზაცია, საკარანტინე და პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება.

სამეურნეო მელიორაცია

ტარდება თევზის შენახვის პირობების გასაუმჯობესებლად. ექსპლუატაციის პერიოდში ტბორის ფსკერზე გროვდება დიდი რაოდენობით ლექი, რის შედეგადაც მცირდება ჟანგბადის რაოდენობა, საფრთხე ექმნება თევზპროდუქტიულობას და იქმება დაავადების პირობები. ამიტომ ტბორებს პერიოდულად გათერძავენ (აშრობენ, ხნავენ, ფარცხავენ და აკირიანებენ).

რაც შეეხება ტბებს, შეირჩევა თევზსაჭერი ადგილები, ხდება ფსკერის გაწმენდა. ლელსათიბით ითიბება უხეში წყალმცენარეები (ილი, ჭანგა და სხვა). პრაქტიკაში წარმატებით გამოიყენება ბიოლოგიური საშუალებები. წყალსატევში უშვებენ თეთრ ამურს, რომელიც ბუნებრივი მელიატორია.

ქვირითობა (ტოფობა)

თევზის ქვირითობის ჩატარება მეტად რთული და საპასუხისმგებლო საქმეა. ქვირითობისათვის მწარმოებელთა მომზადება ფაქტიურად განსაზღვრავს მეურნეობის მომავალ შედეგებს.

ქვირითობის ნორმალურად ჩატარებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მწარმოებელთა კვების ორგანიზაციას, ბონიტირებისა და წუნდების დროულად ჩატარებას, გამოზამთრების პერიოდში ნორმალური პირობების შექმნას, საქვირითე ადგილების წინასწარ მომზადებას.

დათევზიანების ორგანიზაცია

ცნობილია, რომ სხვადასხვა სახისა და ასაკის თევზი ერთი და იგივე ბუნებრივი საკვებით არ იკვებება. ტბორში ერთა სახეობის, ჯიშისა და ასაკის თევზის გამოზრდისას, სრულად ვერ ხდება ბუნებრივი საკვები რესურსების ათვისება.

ბუნებრივი საკვების რესურსების მაქსიმალური ათვისებისათვის სატბორე მეთევზეობის პრაქტიკაში მიმართავენ თევზის შერეულ ჩასხმას, დამატებითი თევზების ჩასხმასა და პოლიკულტურას.

შერეული ჩასხმა

შერეული ჩასხმის დროს ტბორში ერთდროულად ჩასხამენ ერთი სახეობის ან ჯიშის განსხვავებული ასაკის თევზს, რომლებიც სხვადასხვა სახის ბუნებრივი საკვებით იკვებებიან.

დამატებითი თევზები

ტბორის ბუნებრივი საკვების მაქსიმალურად ათვისების მიზნით მიმართავენ სხვადასახვა სახეობის თევზების ერთობლივ გამოზრდას, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან კვების სპექტრით.

სათევზსმეურნეო პრაქტიკაში ხშირად ძირითად ობიექტთან ერთად ჩასხამენ ერთი სახის თევზს, რომელიც არ უწევს კონკურენციას ძირითად სახეობას ბუნებრივი საკვების გამოყენებაში.

პოლიკულტურა

ბუნებრივი საკვები რესურსების კიდევ უფრო მაქსიმალურად ათვისების მიზნით ტბორში ერთდროულად გამოზრდიან რამდენიმა სახეობის თევზს.

თევზის ჩასხმის ჯერადობა

ტბორების თევზპროდუქტიულობის გაზრდისათვის თევზს ეძლევა დამატებითი საკვები, რის შედეგადაც იზრდება ტბორის როგორც საერთო, ასევე ფართობის ერთეულზე წარმოებული თევზის რაოდენობა.

დამატებითი საკვების მიცემისას თევზი ბუნებრივ რესურსებთან ერთად გამოიყენებს დამატებით საკვებსაც, ამ ორი ელემენტის ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში სავეგეტაციო პერიოდში მიიღება წონა ნამატის გარკვეული რაოდენობა.

ტბორში თევზის ჩასხმის სიმჭიდროვის გაზრდით მაქსიმალურად გამოიყენება არსებული ბუნებრივი საკვები რესურსები. თევზის ჩასხმის სიმჭიდროვის ზრდას ნორმალურთან შედარებით 2-ჯერ, 3-ჯერ, 5- ჯერ და ა. შ. ეწოდება ორჯერადი, სამჯერადი, ხუთჯერადი… და შესაბამისად აღინიშნება 2N., 3N., 5N…

მასალა მოგვაწოდა პორტალმა kalmaxi.ge

თქვენი რეკლამა