საშემოდგომო ხორბლის სამეურნეო მნიშვნელობა
საშემოდგომო ხორბალი გამოირჩევა მაღალი მოსავლიანობით, მისი მარცვალი გამოიყენება არა მარტო პურის გამოსაცხობად, არამედ პურ-ბურღულეულის, მაკარონის და საკონდიტრო ნაწარმის მოსამზადებლად. ხორბლისაგან ღებულობენ სახამებელს, სპირტს, დექსტრინს, წებოს, ქატოს და სხვა. ხორბლის ქატო გამოიყენება, პირუტყვის საკვებად, ხოლო ნამჯა უხეშ საკვებად და საფენად.
ხორბლის მარცვალი მნიშვნელოვანი რაოდენობით შეიცავს სახამებელს, ცილას, ცხიმს, შაქარს, უჯრედანას და ნაცრის ელემენტებს. მცირე რაოდენობით ფოსფატიდებს, ვიტამინებს, ფერმენტებს და სხვ. მარცვლისა და პურფუნთუშეულის ხარისხისა და კვებითი ღირებულების შეფასებისათვის მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს ცილებისა და ამინომჟავების და წებოგვარას შემცველობას. რაც მეტია მათი რაოდენობა მით მეტია ხორბლისა და მისგან დამზადებული პროდუქციის ხარისხი.
ყველაზე მეტი მნიშვნელობა აქვს შეუცვლელი ამინომჟავების ოპტიმალური რაოდენობით შემცველობას, რომლებიც მხოლოდ მცენარეში წარმოიქმნებიან და ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმში არ სინთეზირდებიან ესენია: ვალინი, ლეიცინი, იზოლეიცინი, ტრეონინი, მეთიონინი, ჰისტიდინი, ლიზინი, ტრიპტოფანი, ფენილანილინი, რომელთა სიმცირე იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და მძიმე დავადებებს.
საშემოდგომო ხორბლის მოთხოვნილება გარემო და კვების პირობების მიმართ
საშემოდგომო ხორბალი ძირითადად თბილზამთრიან რაიონებში მოჰყავთ. მისი თესლის გაღივება იწყება 1-20 გრადუს ტემპერატურაზე, მაგრამ აღმოცენებისა და ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის საჭიროა 12-15 გრადუსი.
ხორბლის ბარტყობა ნორმალურად მიმდინარეობს 8-10გრადუსზე პირობებში, ხოლო 3-4 გრადუსზე წყვეტს ვეგეტაციას. მასზე უარყოფითად მოქმედებს დღეღამური ტემპერატურის მკვეთრი რყევა, დღისით პლიუს 5-10 და ღამით -10 გრადუსამდე.
უთოვლო ზამთარში დამღუპველია -16-18 გრადუსი, ხოლო 20 სმ თოვლის ქვეშ -30 გრადუსი. ნორმალურ პირობებში მოთავსებული ხორბლის თესლი გაღივებისათვის საჭიროა ოთხი ფაქტორი: სითბოს, სინათლის, ჰაერაციის და ტენის ერთობლივი მოქმედება, რომელთა გავლენით ენდოსპერმში არსებული საკვები ნივთიერებები იშლება, პგადადის ხსნად მდგომარეობაში და ხმარდება აღმონაცენის განვითარებას.
ხორბალი გაღივება-აღმოცენებისათვის საჭიროებს თესლის წონის 50% წყალს, კიდევ უფრო იზრდება ტენზე მოთხოვნილება ბარტყობის , აღერების, მარცვლის ჩასახვისა და დამსხვილების პერიოდში. ტენის სიმცირე აფერხებს ამ პროცესებს, რადგან შემცირებულია საკვები ელემენტების შესვლა მცენარეში. ეს კულტურა ცუდად იტანს გვალვას.
საშემოდგომო ხორბალი გრძელი დღის მცენარეა. ის ინვითარებს ფუნჯა ფესვთა სისტემას, რომლებიც მიწისზედა ღეროს ნასკვიდან გამოდიან და ნიადაგში ყველა მიმართულებით ვრცელდებიან. ფესვების მთავარი მასა (70-75%) სახნავ ფენაშია განლაგებული, ნაწილი ფესვებისა კი ღრმად ჩადის ნიადაგში თითქმის 0,5-1 მეტრამდე.
ფესვები ზრდა-განვითარებას აგრძელებენ მარცვლის რძისებრ სიმწიფემდე
დაზამთრებამდე საშემოდგომო ხორბალი კარგად უნდა დაფესვიანდეს და განივითაროს როგორც პირველადი ისე მეორადი ფესვები და 10-15 სმ სიმაღლის მწვანე მასა, რისთვისაც ის თხოულობს ტენისა და საკვები ელემენტების მნიშვნელოვან რაოდენობას. მათი სიმცირის შემთხვევაში, მცენარე ძალზე სუსტად ვითარდება და ვერ აღწევს ნორმალურ პარამეტრებს.
სიჭარბის დროს, განსაკუთრებით აზოტის, მძლავრად იზრდება, ინვითარებს ნაზ ღეროსა და ფოთლებს, რის გამოც ზამთარში ყინვისაგან ზიანდება. აქედან გამომდინარე კვების პირობების რეგულირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ხორბლის განვითარების საწყის ეტაპზეც.
მიუხედავად იმისა, რომ ხორბალს გააჩნია ფუნჯა ფესვთა სისტემა, მარცვლეულთა შორის ყველაზე მაღალ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სინოყივრის მიმართ, რაც განპირობებულია მის მიერ საკვები ელემენტების შეთვისების დაბალი უნარით.
აზოტისადმი მოთხოვნილების კრიტიკული პერიოდია ბარტყობის ფაზა, რომელიც იწყება შემოდგომაზე და ძირითადად გაზაფხულზე მიმდინარეობს. აზოტის დეფიციტი განსაკუთრებით შესამჩნევია გაზაფხულზე, რადგან ამ პერიოდში შეფერხებულია მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობა და ორგანული შენაერთების მინერალიზაცია სუსტად მიმდინარეობს, რის გამოც ნიადაგში შეინიშნება აზოტის მოძრავი შენაერთების დეფიციტი.
ხორბალი დიდ მოთხოვნილებას აყენებს ნიადაგის სინოყივრის მიმართ, ის მაღალ მოსავალს იძლევა, მხოლოდ საკვები ელემენტებით მდიდარ შავმიწებზე, აგრეთვე ალუვიურ და ყომრალ ნიადაგებზე. მისი ნორმალური განვითარებისათვის საჭიროა ნიადაგს ჰქონდეს ნეიტრალური ან სუსტმჟავე არეს რეაქცია, ე. ი. მისთვის ოპტიმალურია 6-7 pH.
ცუდად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. ამ კულტურის მოსაყვანად არ გამოდგება ჭაობიანი, ტორფიანი, დამლაშებული, მძიმე თიხნარი და ძლიერ გაეწერებული ნიადაგები.
ხორბლის კულტურისათვის საკვები ელემენტების ფიზიოლოგიური როლი, მათი სიმცირისა და სიჭარბის გარეგნული სიმპტომები
აზოტი
აზოტი ხორბლისათვის ერთ-ერთი ძირითადი საკვები ელემენტია. ის შედის ყველა მარტივი და რთული ცილების, ნუკლეინმჟავების, ქლოროფილის, ფოსფატიდების, ალკალოიდების, ვიტამინების, ფერმენტების და სხვა ორგანული შენაერთების შედგენილობაში. აქედან გამომდინარე აზოტით კვების პირობები დიდ გავლენას ახდენს ხორბლის ზრდა-განვითარებაზე.
აზოტის სიმცირის ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს, შემოდგომაზე ბარტყობის ფაზის დაწყებისთანავე და გაგრძელდეს გაზაფხულზეც, რაც გამოხატულებას პოულობს მცენარის მიწისზედა ორგანოების და ფესვთა სისტემის ზრდის გაუარესებაში და დაკნინებაში, ბარტყობის ფაზის მკვეთრ შეფერხებაში. მცენარე ინვითარებს მოკლე და წვრილ მუხლთშორისებს, მცირე ზომის თავთავს. საგრძნობლად მცირდება თავთუნებისა და თავთუნში ჩასახული მარცვლების რიცხვი.
ამ ელემენტის სიმცირე განსაკუთრებით ძლიერ უარყოფითად მოქმედებს ფოთლების განვითარებაზე, რომელთაც ახასიათებთ მცირე ზომა და ღია მწვანე შეფერილობა. ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში ქლოროფილის დაშლის გამო ქვედა ფოთლები მთლიანად ყვითლდება, თითქმის ჩერდება ზრდა- განვითარების, რეპროდუქციული ორგანოების წარმოქმნის და მარცვლის დაპურების პროცესი, ჩქარდება მომწიფება.
აზოტით ხანგრძლივი შიმშილის დროს, ქლოროზით ავადდება და ხმება არა მარტო ქვედა, არამედ შუა და ზედა იარუსის ფოთლები, რომელთაც ყვითელ შეფერილობასთან ერთად ფოთლის ფირფიტის შუა ნაწილის ზემოთ გადაჰკრავს მოწითალო ელფერი. შემდგომში ასეთივე თანმიმდევრობით ხმება ყველა იარუსის ფოთლის ქსოვილები დამთლიანად მცენარე.
ხორბლის ზრდა-განვითარებაზე უარყოფითად მოქმედებს აზოტით ცალმხრივი ჭარბი კვება. ის ხელს უწყობს მძლავრი სავეგეტაციო მასის წარმოქმნას, სამაგიეროდ მკვეთრად ამცირებს რეპროდუქციული ორგანოების ჩასახვასა და განვითარებას, შესაბამისად მარცვლის ხვედრით წილს. ის ინვითარებს გრძელ და ნაზ თხელი უჯრედის კედლების მქონე მუქ მწვანედ შეფერილ ფოთლებსა და ღეროს, რის გამოც უხვნალექიან და ქარიან პერიოდში ადგილი აქვს ყანის მასიურ ჩაწოლას, რაც აძნელებს მექანიზებულ აღებას და იწვევს დიდი რაოდენობით მარცვლის ჩაცვენას.
გარდა ამისა აზოტით მოჭარბებული კვების დროს, ფოთლის ფირფიტის კიდეები მუქდება, ეცემა მცენარის ყინვა, დავადებათა და ავადმყოფობათა მიმართ გამძლეობა.
აზოტით ნორმალური კვების შემთხვევაში ხორბალი ნორმალურად იზრდება, ინვითარებს მძლავრ ფესვთა სისტემას, კარგად ბარტყობს, უმჯობესდება რეპროდუქციული ორგანოების ფორმირება და განვითარება, იზრდება თავთავის სიგრძე და თავთუნების რიცხვი, პროდუქტიულობა და მოსავლიანობა. ძლიერდება ცილების სინთეზი, ხანგრძლივდება ორგანიზმის სიცოცხლის უნარიანობა, ჩქარდება ზრდა, რამდენადმე შენელებულია ფოთლების დაბერება.
ფოსფორი
ფოსფორი მონაწილეობს მცენარის ორგანიზმში მიმდინარე თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესში, როგორიცაა: ფოტოსინთეზის, სუნთქვის, დუღილის, გამრავლების, ნივთიერებათა ცვლის, ნახშირწყლების და ცილების წარმოქმნის და დაშლისა და სხვა პროცესები.
ის შედის პროტოპლაზმის, ბირთვის, ჰორმონების, ვიტამინების, ფერმენტების ნუკლეინმჟავების, ნუკლეოტიდების, ნუკლეოპროტეიდების, ფოსფატიდების, ფიტინის, სახაროფოსფატების, მაკროერგული და სხვა ორგანული შენაერთების შედგენილობაში.
ფოსფორით ნორმალური კვება აჩქარებს ხორბლის ზრდა-განვითარებასა და მომწიფებას, უჯრედის კედლებს მატებს სიმტკიცეს, რის გამოც იზრდება მცენარის ჩაწოლის მიმართ გამძლეობა. ფოსფორიანი სასუქების გავლენით, იზრდება მოსავალში მარცვლის ხვედრითი წილი, უმჯობესდება მისი ქიმიური შედგენილობა, იზრდება შაქრებისა და სახამებლის შემცველობა, რაც თავის მხრივ ადიდებს ჯეჯილის ყინვა გამძლეობას.
ფოსფორის სიმცირე აფერხებს მიწისზედა ორგანოებისა და ფესვთა სისტემის ზრდა-განვითარებას, აპირობებს მცენარის დაკნინებას, მისი უჯრედის კედლების გამსხვილებას და მოსავლის საგრძნობ შემცირებას. ფოსფორის სიმცირის ნიშნები პირველ რიგში ვლინდება ქვედა ფოთლებზე, რომლებიც თავდაპირველად იღებენ მუქ-მწვანე შეფერილობას, დეფიციტის შემთხვევაში მომწვანო-მოცისფრო ან ალისფერს. შუა და ზედა იარუსის ფოთლები თავდაპირველად ინარჩუნებენ მუქ მწვანე შეფერვას, მაგრამ შემდგომში ისინიც იცვლიან შეფერილობას, ფერხდება ან საერთოდ ჩერდება რეპოროდუქციული ორგანოების წარმოქმნის და განვითარების, ყვავილობის და მოწიფების პროცესები.
მცენარე ინვითარებს პატარა ზომის თავთავს, მცირე რაოდენობით შეუვსებელი თავთუნებით. მარცვალიც შეუვსებელია, გაზრდილია ბჟირი მარცვლების რიცხვი, რომლებიც ადვილად ექვემდებარებიან ჩაცვენას. თუ ამ ელემენტის დეფიციტი დიდხანს გაგრძელდა ფოთლის ძარღვთშორისი ქსოვილები იწყებენ კვდომას და გამუქებას. დავადების სიმპტომები შემდგომში შესაძლოა მთელ მცენარეზე გავრცელდეს.
ხორბლის ზრდა-განვითარებაზე არახელსაყრელ გავლენას ახდენს ფოსფორით ჭარბი კვებაც. ის ამცირებს სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობას, მწვანე მასისა და შესაბამისად სასაქონლო პროდუქციის ოდენობას. მარცვალი ნაადრევად მწიფდება და მასში გროვდება დიდი რაოდენობით სინთეზურ პროცესებში გამოუყენებელი ფოსფორი. ფოთლები ნაადრევად ჭკნება და ხმება, მცენარე ადრე ამთავრებს ვეგეტაციას.
კალიუმი
ხორბლის მიერ გაცილებით დიდი რაოდენობით შეითვისება კალიუმი, ვიდრე აზოტი და ფოსფორი. ის მთავარ როლს ასრულებს ადენოზინტრიფოსფატის წარმოქმნაში, რომელიც ენერგიით ამარაგებს მცენარეში მიმდინარე ფოტოსინთეზის, შაქრებისა და ცილების და სხვა სინთეზურ პროცესებს. კალიუმი ააქტიურებს ბიოლოგიურ პროცესებს, კერძოდ გავლენას ახდენს ფერმენტთა აქტიობაზე, არეგულირებს გარემო პირობების შესაბამისად ბაგეების გახსნას და დახურვას, ადიდებს აზოტიანი სასუქების ეფექტურობას.
კალიუმის შემცველობა მეტია იმ ორგანოთა ქსოვილებში სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა, როგორიცაა მერისტემა, ახალგაზრდა ყლორტები და ფოთლები. მისი სიმცირის დროს მუხრუჭდება უჯრედის დაყოფა, ზრდა და გაჭიმვა. ხორბლი ინვითარებს მოკლე მუხლთშორისებს, შეფერხებულია მისი ზრდა-განვითარება, მომწიფება, მცირდება მოსავლიანობა, გვალვა, ყინვა და სოკოვანი დავადებებისადმი გამძლეობა.
ამ ელემენტით ღარიბ ნიადაგზე სიმცირის ნიშნები შეიმჩნევა შემოდგომით ბარტყობის ფაზის დადგომისთანავე და პირველ რიგში ვლინდება ქვედა ფოთლებზე, რომლებიც იღებენ მუქ მწვანე შეფერილობას, არათანაბრად იზრდება ფოთლის ფირფიტა, რაც იწვევს მის დანაოჭებას. შიმშილის დროს ძველი ფოთლის კიდეების ქსოვილები თავდაპირველად ყვითლდებიან შემდგომში იწყებენ ხმობას და გამუქება- გაყავისფერებას.
ეს სიმპტომი იწყება ფოთლის წვერიდან და ვრცელდება ჯერ მთელ კიდეების გარშემოწერილობაზე, „კიდეების სიდამწვრე’’, შემდგომ მთელ ძარღვთშორისებზე. იზრდება შემჭკნარი და ძირს დაშვებული ფოთლების რაოდენობა, ყოვნდება ყვავილების განვითარება, ფერხდება მარცვლის მომწიფება. მცირდება ეპიდერმისის სისქე, რის გამოც ადგილი აქვს ყანის მასიურ ჩაწოლას.
კალიუმის დეფიციტი აპირობებს ნახშირწყლოვანი და ცილოვანი ცვლის დარღვევას, ადიდებს სუნთქვის პროცესში შაქრების დანახარჯს, აპირობებს ბჟირი მარცვლების წარმოქმნას, ამცირებს თესლის აღმოცენებასა და და სიცოცხლის უნარიანობას.
კალიუმით ნორმალური კვების დროს, იცვლება მცენარის ანატომიური აგებულება, ჩალაში მატულობს სკლერენქიმებისა და ეპიდერმისის სისქე, რაც პურეულს უდიდებს ჩაწოლის მიმართ გამძლეობას, იზრდება სახამებლის წარმოქმნა და დაგროვება.
კალციუმი
ამ ელემენტით შიმშილის სიმპტომები ვლინდება მჟავე ნიადაგზე მცენარის ზედა ფოთლებზე, რომლთა ძარღვთშორისები უფერულდება და ფირფიტაზე ჩნდება ღია თეთრი შეფერილობის ადგილები. ქვედა ფოთლები კვლავ ინარჩუნებენ მწვანე შეფერვას.
ძლიერი დეფიციტის დროს ღეროს წვერი კარგავს ტურგორს და ახალგაზრდა ქსოვილების უჯრედის კედლის დასუსტების გამო ქვემოთ იხრება ზედა ფოთლებთან და ყვავილედებთან ერთად. დავადებული ქსოვილები ლორწოვანდება და ერთმანეთს ეწებება. ფესვისა და ყლორტის ზრდის წერტილები ხმება.
მაგნიუმი
მაგნიუმის სიმცირის ნიშნები ხორბალზე შემოდგომითვე ვლინდება მჟავე ნიადაგზე ბარტობის ფაზაში, რაც გამოიხატება ქლოროფილის დაშლაში და მისი შემცველობის შემცირებაში, რის შედეგადაც ქვედა იარუსის ფოთლის ძარღვთშორისები ზოლებად უფერულდება და ღია ყვითელი და მწვანე შეფერილობა ერთმანეთს ენეცვლება, ფოთლის ფირფიტა კი შესამჩნევად ეხვევა ზემოთა მხარეს.
ამასთან ერთად თავდაპირველად ფოთლის წვერის და შემდგომ კიდეების მთელ გარშემოწერილობაზე ჩნდება მუქი წითელი ან მოიისფრო ზოლი, რომელიც თანდათან ვრცელდება ფირფიტის შუა გულისაკენ. მთელი მცენარე ქვემოთ არის დახრილი ამ ელემენტით ძლიერი შიმშილის დროს ქვედა ფოთლები ჯერ კიდევ შემოდგომაზე იწყებს ხმობას და გამოზამთრების პერიოდში მრავალი მცენარე იღუპება. დარჩენილი მცენარეები კი 8-12 დღით აგვიანებენ მომწიფებას.
ბორი
ბორის სიმცირით განპირობებული ფიზიოლოგიური დავადებები ვლინდება კარბონატულ, ახლად მოკირიანებულ და ჭაობიან ნიადაგებზე მცენარის ზედა მოზარდ ორგანოებზე. განსაკუთრებით ძლიერ იჩაგრება ყლორტებისა და ფესვების ზრდის წერტილები, რომლებიც ძლიერი დეფიციტის შემთხვევაში იღუპებიან.
ხორბალი ინვითარებს პატარა მახინჯ დატოტვილ თავთავს, შემცირებულია თავთუნების და გაზრდილია სტერილური ყვავილების რიცხვი, რადგან მის მტვრის მარცვლებს დაკარგული აქვთ განაყოფიერების უნარი, რის გამოც ამ ელემენტის სიმცირის დონის შესაბამისად გაზრდილია უმარცვლო თავთუნების რიცხვი. ბორის სიჭარბე აპირობებს მახინჯი თავთავების წარმოქმნას.
თუთია
ამ ელემენტით შიმშილი შეინიშნება კარბონატულ, მძლავრად მოკირიანებულ ნიადაგებზე და ფოსფორიანი სასუქების მაღალი დოზების გამოყენებისას, რის გამოც იჩაგრება მცენარის ახალგაზრდა ორგანოები, რომლებიც ქლოროფილის ბიოსინთეზის დარღვევის გამო იღებენ ძალზე ღია მოთეთრო-მოყვითალო შეფარილობას.
თუთიის ხანგრძლივი დეფიციტის შემთხვევაში ეს სიმპტომები ვრცელდება შუა და ქვედა იარუსის ფოთლებზეც, ფერხდება უჯრედების დაყოა, ფოტოსინთეზის, სახამებლისა და საქაროზას წარმოქმნის პროცესები, რაც აისახება ხორბლის ზრდა-განვითარებისა და მოსავლიანობის შემცირებაში.
მანგანუმი
ხორბლის ქვეშ მანგანუმით შიმშილი შეინიშნება კარბონატულ და ტორფიან ნიადაგებზე, აგრეთვე ხსნარში რკინის მოძრავი შენაერთების მაღალი შემცველობისას, რაც გამოიხატება ფოთლის ძარღვთშორისი ქლოროზის განვითარებაში, რის გამოც ფირფიტა ზოლებად უფერულდება, აჭრელებულია და იღებს ყვითელ ან მოყვითალო-მოწითალო შეფერილობას.
მანგანუმით შიმშილის გახანგრძლივებისას ადგილი აქვს ქლოროზით დავადებული ქსოვილების ხმობას და ყავისფერი ლაქების წარმოქმნას. ხანგრძლივი დეფიციტის პირობებში ქლოროზით ავადება ქვედა იარუსის ფოთლებიც.
მოლიბდენი
მჟავე ნიადაგებზე მოლიბდენი გადადის ძნელადხსნად ფორმაში, რის გამოც ასეთ პირობებში ხორბალზე ხშირად შეინიშნება მისი სიმცირის ნიშნები, რაც აისახება აზოტის ცვლის დარღვევის გამო ფოთლების ღია მწვანე შეფერილობის წარმოქმნაში.
მოლიბდენით შიმშილის დროს ადგილი აქვს ძარღვთშორისი ქლოროზის განვითარებას. დაძარღვა მწვანე შეფერილობის რჩება. ქლოროზით დავადებული ფოთლის კიდეები ზემოთა მხარეს არის ამოხვეული, ფირფიტის ქსოვილები ამობურცულია. შემდგომში დავადებული ფოთლები იწყებს ხმობას.
ხორბლის მოთხოვნილება საკვებ ელემენტებზე და მისი გამოტანა მოსავლით
ხორბალი კვების პირობების მიმართ მაღალი მოთხოვნილებით გამოირჩევა ვინაიდან მის ფესვთა სისტემას არ შესწევს ძნელადსნადი შენაერთებიდან საკვები ელემენტების შეთვისების უნარი. მის მიერ საკვები ელემენტების შთანთქმა ძლიერ განსხვავებულია განვითარების ფაზების მიხედვით.
განსაკუთრებით მაღალ მოთხოვნილებას აყენებს აზოტისა და ნაცრის ელემენტების მიმართ აღერებისა და დათავთავების ფაზაში. ამ პერიოდში ის ითვისებს საკვები ელემენტების ძირითად რაოდენობას, დაახლოებით 100-120 კგ აზოტს, 40-50 კგ ფოსფორს და 80-100 კგ კალიუმს. ამ რაოდენობით საკვები. ელემენტების ნახევარიც ვერ გამონთავისუფლდება ნაყოფიერ ნიადაგებზეც კი. ამიტომ აუცილებელია მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლივი გამოყენება.
შედარებით მცირე რაოდენობით მოიხმარს აღნიშნულ ელემენტებს აღმოცენების ფაზიდან ბარტყობის დამთავრებამდე, მაგრამ ამ პერიოდში განსაკუთრებით მგრძნობიარეა მათი ნაკლებობის, განსაკუთრებით ფოსფორის სიმცირის მიმართ, ამიტომ შემოდგომაზე ხორბალი კარგად რეაგირებს გაძლიერებულ ფოსფორ-კალიუმიან კვებაზე, რომლებიც ხელს უწყობენ მძლავრი ფესვთა სისტემის განვითარებას და მცენარეში შაქრების დაგროვების გადიდებას, რითაც იზრდება მისი ყინვა გამძლეობა.
პირიქით შემოდგომაზე აზოტით მოჭარბებული კვებით ძლიერდება აზოტიანი შენაერთების სინთეზი, მცირდება შაქრების შემცველობა და ეცემა ყინვა გამძლეობა და ნათესის მნიშვნელოვანი რაოდენობა იღუპება გამოზამთრებისას.
ხორბლის მარცვლით გამოტანილი საკვები ელემენტების რაოდენობაზე დიდ გავლენას ახდენს ნიადაგურ-კლიმატური პირობები, თესლბრუნვისა და კულტურათა მორიგეობის ხასიათი, აგროტექნოლოგიური ღონისძიებები, რწყვის რეჟიმი, გამოყენებული სასუქების ნორმები, ფორმები, შეტანის ვადები, ტექნიკა და სხვა. ჩამოთვლილი ფაქტორების გავლენით საკვები ელემენტების გამოტანა წლების მიხედვით ფართო ფარგლებში ცვალებადობს 25 ც ხორბლის მარცვალსა და 50-60 ც ნამჯას ერთი ჰექტრიდან გამოაქვს 105 კგ აზოტი, 35 კგ ფოსფორი და 70 კგ კალიუმი.
ორგანული სასუქების და ძირითადი საკვები ელემენტების ნორმები ხორბლის კულტურისათვის
მინერალური და ორგანული სასუქების ოპტიმალური ნორმების შეტანას ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს საშემოდგომო ხორბლის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მისაღებად.
ხორბლის სხვადასხვა ჯიშები არაერთნაირად რეაგირებენ მინერალური კვების გაუმჯობესებაზე, რაც განპირობებულია მათი მაღალი პოტენციალური შესაძლებლობებით და ჩაწოლის მიმართ გამძლეობით, ამასთან მაღალმოსავლიანი ჯიშები მოითხოვენ სასუქების უფრო მაღალ ნორმებს.
საშემოდგომო ხორბლისათვის ორგანული სასუქების ოპტიმალურ ნორმა შეადგენს 20-30 ტ ჰა-ზე, ტენიან და სარწყავ პირობებში ის უფრო მაღალ ეფექტს იძლევა, ამიტომ მის ნორმას ადიდებენ 30-40 ტონამდე. უფრო მაღალი ნორმების შეტანა გაუმართლებელია როგორც ეკონომიკური, ისე აგრონომიული თვალსაზრისით, ვინაიდან სხვაობა მოსავლის მატებაში მცირეა, მათ გადაზიდვაზე და შეტანაზე გაწეული ხარჯები იმდენად დიდდება, რომ ვერ ნაზღაურდება მიღემული მოსავლის ნამატით. ამასთან ერთად მცირდება ჯეჯილის გამოზამთრების უნარიც. მშრალ და გავალვიან რაიონებში ნაკელის ნორმა უნდა შემცირდეს 15-20 ტ/ჰა-მდე.
საქართველოს საწყავი მიწათმოქმედების სხვადასხვა ზონაში საშემოდგომო ხორბლის ქვეშ, ნიადაგურ კლიმატური პირობებისა და აგროტექნიკის დონის გათვალისწინებით რეკომენდირებულია შეტანილი იქნეს 60-120 კგ აზოტი, 60-90კგ P205 და 60 კგ KK20. ურწყავ პირობებში N60 P60K30.
საშემოდგომო ხორბლის მაღალმოსავლიანი ჯიშების ქვეშ 50 ცენტნერზე მეტი მოსავლის მისაღებად სარწყავ პირობებში შავმიწა ნიადაგებზე, თავთავიანი მარცლოვანი წინამორბედის შემდეგ რეკომენდირებულია N120-200 P90-120 K60-90;
სასილოსე სიმინდის შემდეგ N120-180 P100-120 K40-60;
იონჯის შემდეგ N80-100 P100-120K60-80;
მრავალწლიანი ბალახების შემდეგ N120-170P150-180 K120-150;
ყავისფერ ნიადაგებზე N120-150P60-90 K40-60;
მოუთესავ ანეულზე N60-100P80-120 K60-90.
ხორბლის კულტურის ქვეშ სასუქების ნორმების დაზუსტებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული შემდეგი:
სარწყავი წყლით მაღალი უზრუნველყოფის რაიონებში, ასევე მაღალი აგროტექნიკის პირობებში სასუქების ნორმები შეიძლება გადიდებული იქნეს.
ნაკელით განოყიერების შემთხვევაში, აზოტიანი სასუქის ნორმა შეიძლება განახევრდეს, ფოსფორისა და კალიუმის უცვლელი დარჩეს.
ჩაწოლისადმი მიდრეკილების მქონე ჯიშების მოყვანისას, აზოტიანი სასუქების დაბალი ნორმები უნდას იქნეს გამოყენებული. ჩაწოლისადმი გამძლე ჯიშების ქვეშ უფრო მაღალი ნორმები.
დამლაშებულ ნიადაგებზე მარტო მინერალური სასუქების შეტანა არ არის მიზანშეწონილი. ასეთ ნიადაგებზე უმჯობესია მარტო ნაკელის სრული ნორმით შეტანა ან ნაკელისა (20 ტ ჰა) და აზოტის ნახევარი ნორმების შეტანა. ფოსფორიანი სასუქი გამოყენებული უნდა იქნეს ორმაგი ნორმით, ხოლო კალიუმიანი სასუქის შეტანა საჭირო არ არის.
თესვის დროს კომპლექსურ სასუქებთან ერთად აზოტის შეტანისას მისი ნორმა საშუალოდ 30 % უნდა შემცირდეს.
ხორბლის კულტურის ქვეშ შესატანი ორგანული და მინერალური სასუქების ფორმები, შეტანის ხერხები, წესები, ვადები და ტექნიკა
საქართველოში ხორბალი ორგანული და მინერალური სასუქების გამოყენების გარეშე მინიმალურ 8-12 ც მარცვალს იძლევა. ამასთან ერთად ძალზე დაბალი და არასტანდარტულია მიღებული მოსავლის ხარისხი და ხშირ შემთხვევაში მისგან დამზადებული ფქვილი გამოუსადეგია პურის გამოსაცხობად, რადგან ცუდად იზილება, წყალდება, თავს ვერ იჭერს, არ ფუვდება და გულს ვერ იცხობს ნორმალურად.
ზემოთთქმულიდან გამომდინარე განოყიერების გარეშე შეუძლებელია ხორბლის ნორმალური და ხარისხიანი მოსავლის მიღება.
საქართველოში საშემოდგომო ხორბალს თესენ როგორც სუფთა ანეულზე, ისე მრავალწლიანი ბალახებით მოთესილ ანეულზე და არასაანეულო წინამორბედი კულტურების შემდეგ, როგორიც არიან სასილოსე სიმინდი, ქერი და სხვა საშემოდგომო კულტურები, რაც უნდა გავითვალისწინოთ განოყიერების სისტემის შედგენისას.
საშემოდგომო ხორბალის გასანოყიერებლად სასუქები შეიტანება თესვამდე, თესვის დროს მწკრივში და აღმოცენების შემდეგ. განოყიერების პირველ ხერხს ძირითადი ეწოდება, მეორეს მწკრიული ანუ თესვის დროს განოყიერება, ხოლო მესამეს დამატებითი გამოკვება.
ძირითადი განოყიერება
ძირითადი განოყიერების ამოცანას შეადგენს ხორბლის უზრუნველყოფა საჭირო საკვები ელემენტებით მთელი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში. ამ პერიოდში შეტანილ სასუქებს ხორბალი იყენებს გვიან ფაზებში, როდესაც მათი ფესვები აღწევენ სასუქების ჩაკეთების სიღრმემდე. სასუქების გამოყენება ძირითადი განოყიერებაში წარმოებს მზრალად ხვნის წინ და ხვნის დროს ხდება მათი ჩაკეთდება ნიადაგში.
სასუქების თესვისწინა კულტივაციის, აოშვის ან დაფარცხვის წინ, ზედა ფენებში შეტანა ამცირებს მათ ეფექტს, რადგან ვერ ხერხდება მათი მთელ სახნავი ფენის სიღრმეში გადანაწილება, რის გამოც ხორბლის ფესვთა სისტემის უფრო ღრმად განვითარების შემდეგ იჩაგრება რომელიმე საკვები ელემენტის სიმცირის გამო. რაც თავის მხრივ მცენარის ზრდა-განვითრებაზეც აისახება.
ხორბლის ძირითად განოყიერებაში გამოიყენება ორგანული სასუქები, ფოსფორის ნორმის 80-90 % და კალიუმის მთელი ნორმა. ორგანული სასუქებიდან საუკეთესოდ ითვლება ნაკელი და ტორფკომპოსტები, რომელთა ნორმაც 20-40 ტ შეადგენს ჰა-ზე. ისინი 2,5-8,5 ც ზრდიან მარცვლის მოსავალს და უფრო მაღალ ანაზღაურებას იძლევიან საშემოდგომო ხორბლის ქვეშ ვიდრე საგაზაფხულო კულტურების ქვეშ.
კიდევ უფრო უკეთეს შედეგს იძლევა 7-10 ტონა ბიოჰუმუსის გამოყენება, მაგრამ მისი მარაგი იმდენად მცირეა, რომ ბოსტნეული კულტურებისათვის საჭირო რაოდენობის დამზადებაც ძლივს ხერხდება.
უშუალოდ ხორბლის კულტურის ქვეშ ორგანული სასუქების გამოყენებას აწარმოებენ მხოლოდ დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე, სადაც ისინი ყველაზე მაღალ ეფექტს იძლევიან. სხვა შემთხვევაში მათ შეტანას ერიდებიან განსაკუთრებით საწყავებზე, რადგან იწვევენ მცენარის აჩოყებულ ზრდას, ნაზი მწვანე ორგანოების წარმოქმნას და ყანის ჩაწოლას.
ამ შემთხვევაში ნაკელის შეტანა უმჯობესია წინამორბედი, მაგალითად სათოხი კულტურების ქვეშ. მისი შემდგომქმედება გრძელდება 3-4 წელი. ხშირად მეურნეობაში არსებული ნაკელის დეფიციტი მისი სრული ნორმის შეტანის საშუალებას არ იძლევა. ამ შემთხვევაში მოსავალი რომ არ შემცირდეს საჭიროა ნაკელის ნორმის განახევრება და მის ნაცვლად მინერალური სასუქების გამოყენება.
ნაკელი ასეთ პირობებშიც თითქმის ყოველწლიურად ადიდებს მინერალური სასუქების ეფექტს. კარგად გაკულტურებულ ნიადაგზე შესაძლებელია 5-10 და მეტი წლის განმავლობაში ნაკელი მთლიანად შეიცვალოს მინერალური სასუქით ისე, რომ მოსავლის დონე და მარცვლის ხარისხი არ შეიცვალოს. შედარებით დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე კი მარტო მინერალური სასუქების შეტანისას თანდათან მცირდება მათი ეფექტურობა, რაც კიდევ უფრო შესამჩნევია ხორბლის მონოკულტურაში მოყვანისას.
ყველა ტიპის ნიადაგზე საუკეთესო შედეგი მიიღება მინერალური და ორგანული სასუქების ერთობლივი გამოყენებისას, რადგან ისინი ავსებენ ერთმანეთის უარყოფით მხარეებს და ზრდიან ერთმანეთის ეფექტურობას.
დაუშვებელია ნაკელის მაღალი ნორმების შეტანით გატაცებაც, რადგან მკვეთრად დიდდება ნიადაგში აზოტის შემცველობა, რაც აპირობებს მძლავრი განვითარების მქონე მეტად ნაზი მწვანე მასის მიღებას, რითაც მცირდება მცენარის ზამთარ და ჩაწოლისადმი გამძლეობა.
გვალვიან პირობებში ნაკელის მაღალი ნორმები ხორბლის განვითარების საწყის ეტაპზე იწვევს ძლიერ ზრდას, რაც ადიდებს ტენის ხარჯს. რითაც მკვეთრად აუარესებს შემდგომში ამ კულტურის ზრდა-განვითარებას, ზოგჯერ კი შესაძლებელია ნათესის დაღუპვა გამოიწვიოს.
საქართველოს სარწყავი მიწათმოქმედების ზონაში სადაც შეუძლებელია ხორბლის კულტურის ქვეშ ნაკელის შეტანა, იმისათვის, რომ არ დაეცეს ნიადაგის ნაყოფიერება, არ გაუარესდეს მისი თვისებები და არ შემცირდეს სასუქების ეფექტურობა, კარგ შედეგს იძლევა ნაწვერალზე სიდერატების ცულისპირას, ბარდას, ცერცველას თესვა.
გამოკვლევებით დადგენილია, რომ 146 ც ცულისპირას მწვანე მასის ჩახვნით 30% იზრდება საშემოდგომო ხორბლის მოსავალი. ამ კულტურის ქვეშ ნაკელისა და კომპოსტების ნორმები იცვლება სიდერატების მწვანე მასის მოსავლის დონის შესაბამისად. სიდერატების სუსტად განვითარებისას, როცა მათი მოსავალი 8 ტონაზე ნაკლებია ჰექტარზე, მაშინ ორგანული სასუქები შეიტანება სრული ნორმით. საშუალო განვითარებისას (8-12 ტ/ჰა მწვანე მასა) 0,5 ნორმით, ხოლო თუ 15ტ/ჰა მეტია _ ორგანული სასუქების შეტანა საჭირო არ არის.
საჭიროების შემთხვევაში ანალოგიურად შეიძლება შემცირდეს მინერალური სასუქების ნორმებიც. სიდერატების თესვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ფერდობებზე, როგორც ეროზიისა და სარეველების საწინააღმდეგო ღონისძიებას. ისინი ამდიდრებენ ნიადაგს ორგანული ნივთიერებებით, აზოტით და ნიადაგის ღრმა ფენებიდან ფესვთა სისტემის მიერ ზედა ფენებში გადმონაცვლებული საკვები ელემენტებით, რითაც თანდათან ზრდიან მის ნაყოფიერებას.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძირითადი ხვნის წინ ფოსფორიანი სასუქების- სუპერფოსფატისა და ორმაგი სუპერფოსფატის შეტანას და ჩაკეთებას. გაზაფხულზე თესვისწინა კულტივაციის დროს ამ სასუქების გამოყენებისას ბევრად ნაკლებ ეფექტს მიიღება, ვინაიდან ვერ ხერხდება მათი სახნავი ფენის 10-20 სმ სიღრმეში ჩაკეთება, სადაც ძირითადად ვრცელდება ხორბლის ფესვთა სისტემა, ამიტომ მიღებული ეფექტი ძალზე მცირეა.
კარგად დამუშავებულ ანეულზე ფოსფორიანი სასუქებით მიღებული შედეგი თითქმის უახლოვდება ნაკელის ეფექტს. ეს სასუქები განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევიან კახეთის მოძრავი ფოსფორით ღარიბ შავმიწა ნიადაგებზე, სადაც 10 -15 ც ადიდებენ მარცვლის მოსავალს, რაც აიხსნება ფოსფორის დადებითი გავლენით ბარტყობის ფაზაზე, 1000 მარცვლის წონაზე, თავთავში მარცვლების საერთო რაოდენობაზე, თავთავების რიცხვზე და სიგრძეზე. ფოსფორიანი სასუქები მაღალ ეფექტს იძლევიან მოძრავი ფოსფორით ღარიბ ყავისფერ ნიადაგებზეც.
ხორბლის ქვეშ ძირითად განოყიერებაში კალიუმიანი სასუქების-კალიუმის ქლორიდისა და 40% კალიუმის მარილის სრული ნორმა მაშინ გამოიყენება, თუ თესვის დროს გათვალისწინებული არ არის რთული სასუქების ნიტროფოსკას ან ნიტროამოოსკას შეტანა. მათი გამოყენება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც თუ მარცლოვნები ითესებიან ისეთი წინამორბედების შემდეგ როგორიც არიან, საკვები და შაქრის ჭარხალი, სიმინდი და მზესუმზირა, რომელთაც დიდი რაოდენობით კალიუმი გამოაქვთ ნიადაგიდან.
კალიუმიანი სასუქებიდან მიღებული შედეგი დამოკიდებულია ნიადაგში მისი გაცვლითი ფორმის შემცველობაზე. მიუხედავად იმისა, რომ კალიუმით ღარიბი ნიადაგები ძალზე იშვიათად გვხვდება და კალიუმიანი სასუქები ხორბლის მოსავლის შესამჩნევ გადიდებას ვერ იწვევენ, მაინც საჭიროა ამ კულტურის ქვეშ კალიუმიანი სასუქის ოპტიმალური ნორმის შეტანა, რათა თავიდან ავიცილოთ ნიადაგის თანდათან გაღარიბება. წინამორბედი კულტურის ქვეშ ნაკელის შეტანისას ხორბლის მოთხოვნილება კალიუმზე კლებულობს.
ძირითად განოყიერებაში შემოდგომით თესვისწინა კულტივაციის დროს შეიტანება აზოტიანი სასუქის ნორმის 1/3 30-40 კგ N. მისი გამოყენება აუცილებლია იმის გამო, რომ ამ პერიოდში მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობა ძალზე შეზღუდულია და აზოტის მოძრავი შენაერთების ძალზე მცირე რაოდენობა მოიპოვება ნიადაგში, რის გამოც აღმოცენებისა და ბარტყობის ფაზაში ხორბლის ზრდა-განვითარება ძალზე შეფერხებულად მიმდინარეობს და ვერ აღწევს ნორმალურ სიმაღლეს.
თესვისწინა კულტივაციის დროს შესატანი აზოტის ნორმის დადგენა, აგრეთვე თესვის ვადისა და აზოტიანი სასუქის შეტანის ვადის ზუსტად განსაზღვრას საჭიროა დიდი სიფრთხილით მოვეკიდოთ. ვინაიდან ნაადრევი თესვისას და აზოტის მაღალი დოზის შეტანისას, ხორბალი შემოდგომითვე ინვითარებს მძლავრ და მეტად ნაზ მიწისზედა ორგანოებს, ამთავრებს ბარტყობის ფაზას და იწყებს ღეროს ზრდის წერტილის გადასვლას თავთავის ჩანასახის ფორმირებაზე, რაზეც იხარჯება დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები, განსაკუთრებით ნახშირწყლები, რის გამოც საგრძნობლად მცირდება უჯრედის ქსოვილის ოსმოსური წნევა და შესაბამისად მცენარის ზამთარგამძლეობა, რაც იწვევს დიდი რაოდენობით მცენარეები დაღუპვას ზამთარში.
აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ხორბლის თესვის ვადათან ერთად, აზოტიანი სასუქის შეტანის ვადის და დოზის ისეთნაირად რეგულირება, რომ ჯეჯილის სიმაღლემ 10-15 სმ არ გადააჭარბოს და მცენარეთა მხოლოდ 10-15 % შევიდეს ბარტყობის ფაზაში.
ხორბლის კულტურის გასანოყიერებლად აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება ამონიუმის გვარჯილა, შარდოვანა და ამონიუმის სულფატი, რომლებიც განსაკუთრებით მაღალ ეფექტს იძლევიან აზოტით ღარიბ ნიადაგებზე. აგრეთვე იმ შემთხვევაში როცა წინამორბედი კულტურების აღებიდან თესვამდე, მცირე პერიოდი რჩება და ნიადაგში ვერ გროვდება საკმარისი რაოდენობით მინერალური აზოტი. თუმცა მათი მაღალი ეფექტურობა შეინიშნება მაღალი ნაყოფიერების მქონე შავმიწა ნიადაგებზეც.
თესვისწინა კულტივაციის დროს ხორბლის გასანოყიერებლად შეიძლება შეტანილი იქნეს აგრეთვე კოპლექსური სასუქების ამოფოსის. დიამოფოსის, ნიტროფოსის, ნიტროამოფოსის, ნიტროფოსკას და დიამონითროფოსკას ნაწილი, ნიადაგში საკვები ელემენტების შემცველობისა და მცენარეთა მოთხოვნილების დონის გათვალისწინებით.
თუ ნიადაგში ფოსფორის შემცველობა დაბალია, ხოლო კალიუმის _მაღალი და კალიუმიანი სასუქების შეტანა საჭირო არ არის, უმჯობესია გამოყენებულ იქნეს ამოფოსი, რომელიც შეიცავს 11 % აზოტს და 50 % ფოსფორს; ასევე დიამოფოსი 19 % აზოტს და 49 % ფოსფორს. თუ აზოტის და ფოსფორის ერთნაირი ნორმით გამოყენება არის საჭირო, მაშინ შეიტანება ნიტროფოსი – (22 % აზოტი და 22 % ფოსფორი) ან ნიტროამოფოსი ( 23 %აზოტი და 23 % ფოსფორი).
თუ სამივე საკვები ელემენტის ერთნაირი რაოდენობით შეტანაა გათვალისწინებული, მაშინ გამოიყენება ნიტროამოფოსკა (11-16 % აზოტი, 11-16 % ფოსფორი, 11-16 % კალიუმი და დიამონიტროფოსკა 17 % აზოტი, 17 % ფოსფორი და 17 % კალიუმი. თუ წინა წლებში ხორბლის მოყვანისას შემჩნეული იქნა რომელიმე მიკროელემენტის სიმცირე ან დეფიციტი, შემდგომ წლებში აუცილებელია ნიადაგში მიკროსასუქების გამოყენება. ბორი შეიტანება 2კგ სუფთა ნივთიერების სახით, ანუ 12 კგ ბორისმჟავა, თუთია 3,0-6,0 კგ ანუ13-26 კგ თუთიის სულფატი, მანგანუმი 6,0 კგ ანუ 50 კგ მანგანუმის შლამი, სპილენძი 2-3 კგ რაოდენობით ანუ 8-11 კგ სპილენძის სულფატი ან 400-600 კგ პირიტის ნამწვი.
თესვის დროს განოყიერება
თესვის დროს განოყიერების მიზანია ხორბლის აღმონაცენის უზრუნველყოფა შესათვისებელი საკვები ელემენტებით აღმოცენებიდან ფესვთა სისტემის განვითარებამდე. ამ პერიოდში ფესვთა სისტემა ძალზე სუსტია და აღმონაცენი ხშირად იჩაგრება ამა თუ იმ საკვები ელემენტის სიმცირით, განსაკუთრებით ფოსფორის დეფიციტის გამო. ამოტომ საჭიროა ფოსფორით კვების გაუმჯობესება, რისთვისაც თესვის დროს სუპერფოსფატი შეიტანება 10-15 კგ P205 ანგარიშით ჰა-ზე. უფრი მაღალი დოზის შეტანისას სასუქის ანაზღაურება მოსავლის ერთეულზე მნიშვნელივნად მცირდება. კომბინირებული სათესით თესვისას სასუქი 1-2 სმ უფრო ღრმად უნდა იქნეს ჩაკეთებული ნიადაგში ვიდრე თესლი.
მარცვლისებრი სუპერფოსფატის შეტანა შეიძლება ჩვეულებრივი სათესითაც, მაგრამ მანამდე ის აუცილებლად უნდა გაიცრას მტვერის მოსაცილებლად. დაუშვებელია მისი იაროვიზებულ თესლთან ერთად შეტანა, რადგან ეს ღონისძიება ამცირებს გაღივების უნარს.
სუპერფოსფატისა და თესლის შერევა უნდა მოხდეს უშუალოდ თესვის წინ, ამასთან დასათესი თესლისა და სასუქის გრანულის ზომა დაახლოებით ერთნაიერი უნდა იყოს. თესვის დროს სუპერფოსფატის შეტანით 1,5-3,5 ც-ით იზრდება ხორბლის მოსავალი. თუ ხორბალი მოყავთ აზოტის, ფოსფორის და კალიუმის დაბალი შემცველობის ან ერთნაირი მოთხოვნილების მქონე ნიადაგებზე, მაშინ კარგ შედეგს იძლევა კომპლექსური სასუქების ნიტროფოსკას ან ნიტროამოფოსკას გამოყენება, ხოლო როცა აზოტზე და ფოსფორზე მოთხოვნილება ერთნაირია, მაშინ ნიტროფოსი ან ნიტროამოფოსი.
კომპლექსური სასუქების შესატანი ნორმები შეიძლება შეადგენდეს N10 P10 K10 ან N15 P15K15. მათი უფრო მაღალი ნორმების გამოყენებისას ეცემა ანაზღაურება ყოველ კგ სასუქზე, ამასთან ერთად იზრდება ნიადაგის ხსნარის კონცენტრაცია, რაც ამცირებს თესლის აღმოცენების უნარს თესვის დროს აზოტიანი სასუქები კარგ შედეგს იძლევიან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თესლბრუნვაში არ მონაწილეობენ პარკოსანი მცენარეები და ნიადაგი გაღარიბებულია აზოტით. კალიუმიანი სასუქების თესვის დროს შეტანა პრაქტიკულად არ მოქმედებს ხორბლის მოსავლის გადიდებაზე.
დამატებითი განოყიერება ანუ გამოკვება
გამოკვების მიზანია ხორბლის უზრუნველყოფა საკვები ელემენტებით მათდამი მაქსიმალური მოთხოვნილების პერიოდში, თუმცა ამ მეთოდით ხორბლის კვების პირობების გაუმჯობესება შეიძლება ზრდა-განვითარების ყველა ფაზაში. საშემოდგომო ხორბლის ადრე გაზაფხულზე აზოტიანი სასუქით გამოკვება მისი მოსავლიანობის გადიდების ერთერთი მძლავრი საშვალებაა. 30 კგ აზოტით გამოკვება საშუალოდ 3,0 ც ზრდის ხორბლის მოსავლის ნამატს.
ფოსფორკალიუმიანი სასუქები ან არ იძლევიან ეფექტს, ან მათგან მიღებული შედეგი ვერ ფარავს სასუქების გამოყენებაზე გაწეულ დანახარჯებს. გამოკვებაში შეტანილი სუპერფოსფატის 1კგ P205 ანაზღაურება 3-4 ჯერ დაბალია თესვის დროს გამოყენებასთან შედარებით.
გაზაფხულზე საშემოდგომო კუტურების აზოტით გამოკვების მაღალი ეფექტურობა განპირობებულია იმით, რომ შემოდგომა ზამთრის პერიოდში წვიმისა და თოვლის დნობით წარმოშობილი წყლით, აზოტის თითქმის მთელი რაოდენობა ჩაირეცხება ფესვთა სისტემის განვითარების ზონიდან, ხოლო მისი დაგროვების პროცესი დაბალი ტემპერატურის გავლენით მიკროორგანიზმთა ცხოველმყოფელობის ძლიერი შეფერხების გამო ძალზე სუსტად მიმდინარეობს.
ამიტომ გაზაფხულზე თოვლის საფარის გადნობისთანავე ვეგეტაციის დასაწყისშივე, როცა ნიადაგი შეშრება და ძლიერ აღარ იტკეპნება აუცილებელია ჯეჯილის პირველი გამოკვების ჩატარება. მისი განხორციელება შეიძლება ჩვეულებრივ სასუქის მომბნევი აპარატით, თანმიყოლებული დაფარცხვით. ნიადაგში ჩაკეთების გარეშე სასუქის დატოვებისას მკვეთრად იზრდება აზოტის აქროლებითი დანაკარგები.
პირველ გამოკვებაში შეიტანება აზოტის სრული ნორმის 1/3 ანუ 30-40 კგ N. ჯეჯილის აზოტით გამოკვება წარმოებს ძალზე შემჭიდროებულ ვადებში. გამოკვების დაგვიანებით ჩატარებით საგრძნობლად მცირდება სასუქიდან მიღებული ეფექტი, ვინაიდან ტემპერატურის მომატებასთან ერთად ძლიერდება მიკროორგანიზმების მიერ ნიადაგის აზოტის მობილიზაცია.
დაუშვებელია გამოკვების ჩატარება თოვლის საფარზე, რადგენ ჯერ ერთი მისგან მიიღება დაბალი ეფექტი, ამასთან ერთად დიდია აზოტის არაპროდუქტიული დანაკარგი, როგორც აქროლებით ისე ჩარეცხვით.
საშემოდგომო კულტურების აზოტით დროულად გამოკვება აძლიერებს მის ზრდა-განვითარებას და ხელსაყრელ პირობებს ქმნის წყლის, ნიადაგისა და სასუქებით შეტანილი საკვები ელემენტების უკეთ გამოყენებისათვის დაგვიანებული გამოკვება ნაკლებეფექტურია და ტექნიკურადაც ძნელად განსახორციელებელია რადგან დაბარტყებული მაღალი ჯეჯილით მთლიანად არის დაფარული ნიადაგის ზედაპირი, მისი დაფარცხვა და ამ გზით სასუქის ნიადაგში ჩაკეთება არ შეიძლება, რადგან დიდი რაოდენობით მცენარეები ამოიგლიჯება და ზიანდება.
საშემოდგომო ხორბლის აზოტით გამოკვების შედეგად მიღებული მოსავლის ნამატი უფრო მაღალია ნაყოფიერ, ნაკელითა და მინერალური სასუქებით განოყიერებულ ნიადაგებზე, ვიდრე დაბალი ნაყოფიერების მქონე ნიადაგებზე.
საშემოდგომო მარცვლეული კულტურების გამოკვებისათვის აზოტიანი სასუქებიდან გამოიყენება, ამონიუმის გვარჯილა და შარდოვანა. ამონიუმის გვარჯილის ამონიუმი შთაინთქმება ნიადაგის მიერ და თანდათან გამოიყენება მცენარის მიერ, ნიტრატული აზოტის წრაფად გადაადგილდება სარწყავი და წვიმის წყლით და სცილდება ფესვთა სისტემის ცხოველმყოფელობის არეს.
შარდოვანას გამოყენების დროს მისი ამონიფიკაციისათვის და მცენარის მიერ მისი აზოტის გამოყენებისათვის საჭიროა გარკვეული დრო. ამასთან ერთად ადგილი აქვს ამიაკის 10% რაოდენობით აქროლებით დანაკარგს.
დამატებითი გამოკვებისათვის ძირითადად იყენებენ მინერალურ სასუქებს. კარგ შედეგს იძლევა ზოგიერთი სწრაფმომქმედი ორგანული სასუქების ფრინველის ნაკელის 5-10 ც/ჰა, წუნწუხი 12-15 ტ/ჰა და გადამწვარი ნაკელი 5-10 ტ/ჰა გამოყენება.
საშემოდგომო ხორბლის მარცვლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე დადებითად მოქმედებს აზოტით ფესვგარეშე გამოკვება აღერების, მასობრივი ყვავილობის ან რძისებრი სიმწიფის ფაზაში. სწორედ ამ პერიოდში აწარმოებენ აზოტიანი სასუქით მეორე გამოკვებას ავიაციის გამოყენებით 20-30% შარდოვანას ხსნარით, რომლის საექტარო ხარჯი შეადგენს 200-250 ლ/ ჰა-ზე.
მართალია ამ შემთხვევაში მოსავალი არ იზრდება, მაგრამ მარცვალში ცილების შემცველობა 0,5-2,0 % მატულობს. დასაშვებია შარდოვანას 40 % ხსნარით გამოკვებაც, რომლიც არ იწვევს ფოთლების დაწვას, მაშინ როცა ამონიუმის გვარჯილის 2-5 % ხსნარების გამოყენებისას შეინიშნება ფოთლების დაწვა, შარდოვანა მცენარის აზოტით უზრუნველყოფასთან ერთდ წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებას. ის აძლიერებს ფოტოსინთეზის პროცესს, აჩქარებს ცილების დაშლას და ხელს უწყობს ფოთლებიდან თავთავში აზოტოვანი ნივთიერებების გადანაცვლებას.
თხევადი აზოტიანი სასუქებით გამოკვება უფრო მაღალ ეფექტს იძლევა ვიდრე მყარი სასუქებით. ის უმჯობესია ჩატარდეს ღრუბლიან ამინდში, დილით ადრე ან საღამოს საათებში. თუ გამოკვების შემდეგ მოვა წვიმა მისგან მიღებული ეფექტი მკვეთრად მცირდება. დამატებითი გამოკვებისათვის ძირითადად იყენებენ მინერალურ სასუქებს.
ავტორები: ა. თხელიძე ც. სამადაშვილი ხ.დობორჯგინიძე /ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების განოყიერების სისტემა/.
იხილეთ აგრეთვე: ხორბლის თესვა-მოყვანა, ვადები, ტექნოლოგიური რუკა