I.ზოგადი ნაწილი
• ზოგადი აღწერა
სამკურნალო კატაბალახა (Valeriana officinalis L.) კატაბალახასებრთა ოჯახს Valerianaceae მიეკუთვნება. იგი მრავალწლოვანი, ბალახოვანი მცენარეა.
საქართველოში ხარობს კატაბალახას ათი სახეობა; მათგან ორი მხოლოდ კავკასიაში გვხვდება. სამედიცინო თვალსაზრისით საყურადღებო სახეობაა სამკურნალო კატაბალახა – Valeriana officinalis L., თუმცა ხალხური მედიცინა ოფიცინალური სახეობის გარდა სამკურნალოდ სხვა სახეობებსაც მიიჩნევს.
ორ და მრავალწლიანი კატაბალახას მიწისქვეშა ნაწილი წარმოადგენს დაახლოებით 2-4 სმ-ის სიგრძის ფესურას, რომლიდანაც მრავალრიცხოვანი გრძელი, თასმისებრი ფესვები გამოდიან. მცენარის ძირები არომატულია, სპეციფიკური ვალერიანას სუნით, გემო მძაფრი, ოდნავ მწარეა.
მცენარის მიწისზედა ნაწილი 80-200 სმ სიმაღლისაა. ღერო ჩვეულებრივ მარტოულია. ქვედა ნაწილში ზოგჯერ შებუსულია, ელიტარული ჯიშები- ძალიან იშვიათად.
ფოთლები ფრთისებრ დანაკვთული და მოპირდაპირე განლაგებისაა. თითოეული ფოთოლი დაკბილული ან კიდემთლიანია. ღეროს ზედა ნაწილში ფოთლები მჯდომარეა, ქვედა ნაწილში კი – ყუნწიანი. ზრდასრული მცენარის ფოთლები, მათ შორის კენწერული, ფრთისებრ განკვეთილია, იშვიათად შებუსული, კიდეებზე წამწამიანი ფოთოლაკებით; ფესვთანური ფოთლები გრძელყუნწიანია, 3-10 წყვილი გვერდითი სეგმენტით, დანარჩენი ფოთლები უფრო მოკლე ყუნწიანი აქვს 4-11 წყვილი სეგმენტი.
ყვავილები ვარდისფერი ან თეთრი, ფარისებრ-საგველასებრი ყვავილედებია, ორსქესიანია, დიდი ზომის, გაფარჩხული. კატაბალახა ყვავილობს ივნის-აგვისტოში.
• გავრცელება
კატაბალახა დაჩრდილულ და ზომიერად ნესტიან ადგილებს ამჯობინებს. გავრცელების არეალი მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყელამდეა.
კატაბალახა გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, სამხრეთ ამერიკის ზომიერ სარტყელში. საქართველოში იგი გვხვდება მთისწინა ზონებში. კატაბალახა გავრცელებულია ფოთლოვან ტყეებში, ტყის ნაპირას, ბუჩქნარებში, ზომიერად დაჩრდილულ და ნესტიან ადგილებში.
იგი ზომიერი ნესტის მოყვარული მცენარეა. ირჩევს კარგად დრენაჟირებულ ნიადაგებს, რომლებიც გრუნტის წყლებიდან საკმაოდ არის დაშორებული; კარგად იზრდება ფხვიერ, წყალშეღწევად, ორგანული ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგებში. კატაბალახა უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ და ტუტე რეაქციის მქონე შავმიწა ნიადაგებს.
კატაბალახა იოლად ქმნის სახესხვაობებს და ფორმებს, რომლებიც საკმაოდ დაცილებული არიან საწყის ფორმებს.
• ეკოლოგიური მდგომარეობა
ჯერ კიდევ 1977 წელს მიიჩნევდა, რომ ბუნებაში კატაბალახას გავრცელების სიხშირე მცირდება. ეს განპირობებულია იმით, რომ მოსახლეობა კარგად არის გათვითცნობიერებული კატაბალახას სამკურნალო ღირებულებაში და შედარებით მასიურად იყენებს მას. ამასთან, უმეტესად მიმართავენ სამკურნალო ნედლეულის ბუნებაში შეგროვებას. მოპოვების ეკოლოგიურ ნორმებს კი, შედარებით იშვიათად იცავენ. თბილისის შემოგარენში მომუშავე „დამამზადებლები“ აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში თბილისის მიდამოებში კატაბალახას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა.
განსაკუთრებით დაცვა ესაჭიროება კატაბალახას შემდეგ სახეობებს:
• ნიორკბილა კატაბალახა Valeriana alliariifolia;
• საგულე კატაბალახა Valeriana cardamines Bieb;
• კოლხეთის კატაბალახა Valeriana cochica Utk;
• სასტვირია Valeriana tilifolia Troitzky;
• ელენევსკის კატაბალახა Valeriana elenevsky Smirnov;
• კასარის კატაბალახა Valeriana kassarica;
• სამკურნალო კატაბალახა Valeriana officinalis L;
• კლდის კატაბალახა Valeriana saxicola C. A. Mey.
უნდა აღინიშნოს, ბოლო წლებში გაშენებულმა კატაბალახას პლანტაციებმა დაგეგმილი შვება ვერ მისცა ბუნებას, რადგან კატაბალახაზე საწარმოო მოთხოვნილებაც გაიზარდა.
• ნედლეული
ფესურასა და ფესვებს ამზადებენ შემოდგომაზე, ნაყოფების დაცვენის შემდეგ ან გაზაფხულზე. ამოთხრილ ნედლეულს აცილებენ მიწისზედა ნაწილს, მსხვილ ფესურებს ჭრიან 2-4 სიგრძივ ნაჭრად, აუცილებლობისას რეცხავენ ცივი გამდინარე წყლით და თხელ ფენად გაშლილი სახით ტოვებენ ჰაერზე დასაჭკნობად – 2-3 დღის განმავლობაში, შემდეგ აშრობენ სხვენზე, ფარდულები ან საშრობში 40-450C-ზე. მხოლოდ ამის შემდეგ უჩნდება დამახასიათებელი სუნი. ნედლს სუნი არა აქვს.
ფესურა მოკლეა 1-1,5 სმ სიგრძის, გამსხვილებული დაუტოტავი, ფაშარი გულგულით, ზოგჯერ ღრუიანი; ფესვები ცილინდრულია 2-3 მმ სისქის, ზოგჯერ თასმისებური, გლუვი, მტვრევადი. კულტურული მცენარის მიწისზედა ნაწილები ბვერად დიდია, ვიდრე ველურადმოზარდის. ფერი – ღია-მურადან, მუქი-მურა, გადანატეხზე ღიაა, თითქმის თეთრი. სუნი – სპეციფიკური, ძლიერ არომატული.
• ქიმიური შედგენილობა
სამკურნალო ნედლეულად ითვლება მცენარის მიწისქვეშა ნაწილი – ფესურა ფესვებით, რომელიც მურა ყავისფერი შეფერილობისაა. ნედლეულს სპეციფიკურ სუნს აძლევს მასში შემავალი ეთერზეთები. საერთოდ კატაბალახა გამოირჩევა მრავალფეროვანი შემადგენლობით, რის გამოც მას ძვირფას სამკურნალო ნედლეულად მიიჩნევენ. მცენარის მიწისქვეშა ნაწილი შეიცავს 0,5-2% ეთეროვან ზეთებს, რომელიც ძირითადად წარმოდგენილია ბორნილ-იზოვალერიანატის სახით, შეიცავს ასევე იზოვალერიანის მჟავას, ბორნეოლს, ვალერენალს, ალფა-პინენს, D-ტერპინეოლს, L-ლიმონენს, სესკვიტერპენს, ორგანულ მჟავებს, ბორნეოლოვან ეთერებს, აზოტშემცველ სპირტებსა და სპირტ-პროაზულენს. მცენარის მიწისქვეშა ნაწილში აღმოჩენილია ალკალოიდები ვალერინი, ხატინინი, მთრიმლავი ნივთიერებები, საპონინები, შაქრები, ორგანული მჟავები, გლიკოზიდები, კეტონები.
II. კატაბალახას კულტივირება
• ნიადაგის შერჩევა და დამუშავება
კატახალახასათვის ხელსაყრელია მზიანი და ნახევრადმზიანი რეგიონები. იგი ზომიერად ჩრდილის ამტანია, რაც სხვა კულტურების ქვეშ მისი მოყვანის საშუალებას იძლევა. საქართველო მცირე მიწიანი ქვეყანაა და ამ ფაქტორს თანდათან დიდი მნიშვნელობა მიენიჭება. კატაბალახა კარგ მოსავალს იძლევა ხეხილის ბაღებში. ამიტომ, რიგ შემთხვევებში, მისი მოშენებისათვის შესაძლოა დამატებითი მიწის ფართის გამოყოფა საჭირო არც იყოს. მისი გაშენება შეიძლება ხეხილის ბაღებში, თხილის პლანტაციებში და ა.შ. ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ კატაბალახას დათესვა არ შეიძლება ხეხილის ბაღებში, რომლებიც ქიმიურად მუშავდება.
სხვა მცენარეების მსგავსად, რომელთა მიწისქვეშა ორგანოები გამოიყენება, კატაბალახაც ხელს უწყობს ნიადაგის ეროზიას. ეროზიის თავიდან ასაცილებლად სასურველია, კატაბალახა დაითესოს ზოლებად: ყოველი 2 მეტრ სიგანის ნათესს შორის გამოტოვებული იქნას იგივე სიგანის ზოლი და ყოველ სამ წელიწადში მოხდეს ზოლების მონაცვლეობა.
ნებისმიერი კულტურა, რომელიც ნიადაგს სარეველებისაგან გასუფთავებულს ტოვებს, კატაბალახასათვის საუკეთესო წინამორბედ კულტურად ითვლება. მცირე ფართობებზე ძალიან კარგი შედეგები აჩვენა ნაკარტოფილარმა ნაკვეთმა. ასევე კარგი შედეგები აჩვენა კატაბალახას მოყვანამ ჭარხლისა და შვრიის კულტურების შემდეგ. კატაბალახასათვის საუკეთესოდ აღიარებული წინამორბედი კულტურებია: პურეული, ფესვნაყოფებიანი და ბოსტნეული კულტურები.
ნიადაგის შერჩევისას გასათვალისწინებელია, რომ კატაბალახა კარგად ვითარდება ნესტიან, დრენაჟირებულ ნიადაგებზე. იგი ვერ იტანს გრუნტის წყლების სიახლოვეს, რის გამოც დასავლეთ საქართველოს დაბლობზე მისი მოშენება ნაკლებ პერსპექტიულია. იგი უპირატესობას ანიჭებს ნეიტრალურ და ტუტე ნიადაგებს, უმჯობესია შავმიწა ნიადაგები. მიუხედავად ერთ-ერთი ფარმაცევტული ფირმის ხანგძლივი მცდელობისა, კატაბალახას პლანტაცია რენტაბელური ვერ გახდა სამტრედიაში, როგორც ჩანს გრუნტის წყლების სიახლოვის გამო. ჯობს კატაბალახა მთისა და მთისწინა რეგიონებში მოშენდეს.
კულტურისათვის ადგილის შერჩევის შემდეგ საჭიროა ნიადაგის დამუშავება: 20-30 სმ სიღრმეზე გადაბარვა, წინა ნათესების ნარჩენებისაგან ნიადაგის გასუფთავება. ამ სამუშაოების შესრულება სასურველია ზაფხულის ბოლოს ან ადრე შემოდგომაზე.
ორგანული და მინერალური სასუქებით ნიადაგის განოყიერება დადებით გავლენას ახდენს მოსავლიანობაზე. აზოტოვანი სასუქების სიჭარბე იწვევს ნედლეულის ბიოლოგიური აქტიურობის დაქვეითებას, თუმცა მოსავლის რაოდენობა მატულობს. ამის გამო, ნიადაგის განოყიერებამდე შესწავლილი უნდა იქნეს მასში საკვები ნივთიერებების შემცველობა და განოყიერება (განსაკუთრებით მინერალური სასუქებით) უნდა მოხდეს აუცილებლობით განპირობებულ შემთხვევებში.
მცირე ფერმერებს, რომლებსაც არ გააჩნიათ მიწის სინჯისა და კონტროლის საშუალება, ვურჩევთ, თავი აარიდონ მინერალური სასუქების გამოყენებას. რაც შეეხება ორგანულ სასუქებს, ერთ კვადრატულ მიწის ფართზე საშუალო ნორმად მიჩნეულია 3-4 კგ გადამწვარი ნაკელი
კატაბალახა ერთსა და იმავე ადგილას სამი წლის შემდეგ ცუდად ხარობს.
• გამრავლება
კატაბალახა მრავლდება თესლებით და ვეგეტატიურად. თესლით გამრავლებისათვის გამოიყენება ახალშეგროვებული თესლები. ყოფილი სამკურნალო მცენარეთა საკავშირო ინსტიტუტის (ВИЛР) გამოკვლევების თანახმად, ახალშეგროვებული თესლების აღმოცენების უნარი 99%-ია, 5 თვის შემდეგ – 60%, 10 თვის შემდეგ – 30%, 2 წლის შემდეგ კი თესლი საერთოდ აღმოცენების უუნაროა.
მცირე მეურნეობებში უმჯობესია კატაბალახას გამრავლება თავდაპირველად ფესურებით (დაახლოებით 50-100 კვ მეტრზე). მომდევნო ეტაპზე შესაძლებელია ფესურების დაყოფითა და თესლებით გამრავლებით პლანტაციის გაფართოება.
კატაბალახას თესლის გაღივების ოპტიმალური ტემპერატურაა 20-30 გრადუსი. ამ დიაპაზონის ტემპერატურაზე თესლი გაღივებას იწყებს 2-4 დღის შემდეგ და მე-14 დღეს უკვე გაღივებულია. თესლების სწრაფად გაღივების მიზნით მიზანშეწონილია სტრატიფიკაცია. ამ მიზნით თესლებს წინასწარ შეატენიანებენ წყლის შეპკურებით და შეურევენ გაცრილ ქვიშას 1:5 შეფარდებით. წვიშაანარევ თესლებს გააჩერებენ 2 გრადუს ტემპერატურაზე 2-3 თვით. დათესვამდე თესლებს გამოაშრობენ. სტრატიფიკაცია აჩქარებს თესლის გაღივებას, რასაც განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს მთაში.
კატაბალახას დათესვისათვის საუკეთესო პერიოდია ოქტომბერ-ნოემბერი. თესვისათვის ხელსაყრელია მშრალი, წყნარი ამინდი. თუ ასეთ მომენტს ვერ შეარჩევთ, დათესვა შესაძლებელია ადრე გაზაფხულზეც, თუმცა ამ შემთხვევაში თესლის აღმოცენების შანსი უფრო დაბალია. ამის მიზეზია თესვის თესლის „ასაკის“ მატებასთან ერთად მისი აღმოცენების უნარის დაქვეითება. თანაც გაზაფხულის სიმშრალე უარყოფითად მოქმედებს აღმოცენების უნარის მქონე თესლების განვითარებაზეც.
კატაბალახას თესავენ ზედაპირულად; დათესვის სიღრმე არ უნდა აღემატებოდეს 2 სმ-ს. ნათესების რიგებს შორის მანძილი უნდა იყოს 45-60 სმ, ხოლო რიგებში ნათესებს შორის მანძილი 10-12 სმ. 1 კვ მეტრზე დასათესად საკმარისია 2-3 გრამი თესლი. შემოდგომით დათესილი თესლის აღმოცენება იწყება გაზაფხულზე.
მცენარის სიცოცხლის პირველ წელს ვითარდება როზეტი, მეორე წელს კი საყვავილე ღერო და ვეგეტაციური ორგანოები, შესაბამისად მცენარე ყვავილობს და იძლევა თესლს მეორე წელს.
კატაბალახას გასამრავლებლად დასაშვებია ჩითილების გამოყვანაც და შემდგომ მათი გადარგვა ღია გრუნტში. ჩითილების გამოყვანა აუცილებელიც კი ხდება, როცა ხელთა გაქვთ ძვირადღირებული თესლი. ჩითილის მისაღებად დათესვა შესაძლებელია სხვადასხვა დროს: ოქტომბერ-ნოემბერში, თებერვალ-მარტში და ივლისის ბოლოს. ამ მიზნით წინასწარ აკეთებენ 10-12 სმ სიგრძისა და 1-1,2 სმ სიგანის კვლებს. აღმოცენების უნარის მქონე თესლებს აურევენ 1:5 შეფარდებით სილას ან ნაცარს და თესავენ 1-2 სმ სიღრმეზე რიგებში 6-8 სმ-ის დაშორებით. სასურველია ნათესს ზემოდან მოეყაროს გადამწვარი ნაკელი.
მიღებული ჩითილების გადარგვა მუდმივ ადგილას რეკომენდებულია ოქტომბრის მეორე ნახევარში, მორწყულ ან ნაწვიმარ ნიადაგში. თუ გადარგვა ამ დროს ვერ მოხერხდა, მაშინ მარტის დასაწყისში. ჩითილების დარგვის დროს თითოეულ მცენარეს შორის მანძილი 12-15 სმ უნდა იყოს, მწკრივებს შორის მანძილი კი 50-60 სმ.
კატაბალახას ვეგეტატიური გამრავლების მიზნით მცენარეს ფრთხილად ამოიღებენ ნიადაგის სიღრმიდან იმგვარად, რომ თასმისებური ფესვები არ დაზიანდეს და დაყოფენ რამდენიმე ნაწილად.
ამგვარად, კატაბალახას გამრავლების სამი ხერხი არსებობს:
ა) გამრავლება თესლით ღია გრუნტში;
ბ) ჩითილების გამოყვანა და მათი შემდგომი გადარგვა;
გ) მრავალწლიანი ფესვების დაყოფა (ვეგეტატიური გამრავლება).
კატაბალახას დიდ ფართობებზე წარმოებისას უმჯობესია პირველი ხერხი. ამ დროს მაღალია მოსავლიანობა და მცირეა თვითღირებულება (ნაკლები მუშახელია საჭირო). ამასთან, კატაბალახას თესლი საკმაოდ ძვირია და იგი უნდა დაითესოს თესლის მიღებიდან უმოკლეს ვადაში. აქედან გამომდინარე, კატაბალახას თესლით გამრავლება მოსახერხებელი და გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შეძლებთ საკუთარი სათესლე ნაკვეთის შექმნას.
• მოვლა
კატაბალახას კულტურის მოვლაზე დამოკიდებულია არა მარტო მოსავლის ოდენობა, არამედ არანაკლებ მნიშვნელოვანი – ნედლეულში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შემცველობა.
მცენარის განვითარების ადრეულ პერიოდში საჭიროა ნიადაგის ზომიერად მორწყვა, რათა არ გამოშრეს. აუცილებელია სარეველების მოშორება, თუმცა გათოხვნამ შესაძლოა ზედაპირულად განლაგებული ფესვები დააზიანოს, რაც საშიშია მცენარის სიცოცხლისათვის. მიზანშეწონილია ფრთხილად გამარგლვა, რომელიც შესაძლოა კატაბალახას რიგების გამოკვეთამდე მოხდეს. ამ მიზნით, კატაბალახას თესლს აურევენ ე.წ. „შუქურა“ მცენარის თესლს, რომელიც კატაბალახას ასწრებს აღმოცენებას. ეს მეთოდი საშუალებას იძლევა ნიადაგი სარეველებისაგან გაიწმინდოს კატაბალახას აღმონაცენების გამოკვეთამდე. მას შემდეგ, რაც კატაბალახას ფოთლები შესამჩნევი გახდება ნიადაგს ხელახლა ამუშავებენ. ამასთან, საჭიროებისამებრ ნათესებს გაამეჩხერებენ ისე, რომ ცალკეულ ძირებს შორის მანძილი 8-10 სმ დარჩეს. ნათესს სარეველები არ უნდა მოერიოს – იგი პერიოდულად უნდა გაიმარგლოს. გამარგვლის საჭიროებას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დათესვამდე ნიადაგის მომზადების ხარისხი და წინამორბედი კულტურა.
სიცოცხლის მეორე წელს თოვლის გადნობისთანავე ნიადაგს დაფარცხავენ, გაასუფთავებენ და საჭიროების შემთხვევაში გაანოყიერებენ. მეორე წელსაც მოვლა ანალოგიურ სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს, რაც პირველ წელს არის რეკომენდებული (მორწყვა, სარეველების მოცილება, გაფხვიერება)
კატაბალახას ჩითილებით გამრავლებისას საყვავილე ღეროების განვითარება შესაძლებელია სიცოცხლის პირველსავე წელს.
მიზანშეუწონელია კატაბალახას მოყვანა ერთსა და იმავე ადგილას ზედიზედ 3 წელზე მეტი ხნით.
• ნედლეულის აღება
კატაბალახას სამკურნალო ნედლეულად ითვლება ორწლიანი ძირები; ვარგისია ასევე 2-4 წლიანი ფესვებიც. ფესვების ბიოლოგიური აქტიურობა მაქსიმალურია სექტემბერში. ამიტომ ნედლეულის აღება უმჯობესია ამ პერიოდში. ნედლეულის
მისაღებად მცენარეს ნიადაგის სიღრმიდან ამოიღებენ, მოაჭრიან მიწისზედა ნაწილს, დაფერთხავენ და გარეცხავენ გამდინარე წყალში. დაუშვებელია ფესვების 15 წთ-ზე მეტი ხნით წყალში გაჩერება. ამ დროს იკარგება მასში არსებული ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რაც უარყოფითად აისახება ნედლეულის ღირებულებაზე. კატაბალახას გარეცხილ ფესვებს გაშლიან თხელ ფენად ჰაერზე და აყოვნებენ 2-3 დღით, რათა განიავდეს. ნედლეულის შრობის ტემპერატურა არ უნდა სჭარბობდეს 35-40 გრადუსს. წინააღმდეგ შემთხვევაში მასში შემავალი ეთერზეთები აქროლდება და მივიღებთ უვარგის ნედლეულს.
გაშრობისას ნედლეული ნესტის სახით კარგავს წონის 70-75%-ს. გამშრალი ნედლეული მოღუნვისას იმსხვრევა.
კატაბალახას გამშრალ ძირებს ინახავენ მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭულში, მშრალ ადგილას. შენახვის ვადაა 2 წელი.
კატაბალახას ძირების გაშრობისა და შენახვისას ნედლეული მოარიდეთ კატებს, ვინაიდან მის სპეციფიკურ სუნს ეტანებიან. სწორედ ამას უკავშირდება საქართველოს ზოგიერთ კუთხეში (რაჭაში) დამკვიდრებული სახელი – კატაპარია.
6-8-ჯერ ყვავილობის შემდეგ, ზოგჯერ უფრო ადრეც, კატაბალახა ბერდება და იფიტება.
• თესლის აღება
კატაბალაბას მოშენება ნედლეულის მიღების გარდა თესლის წარმოებასაც შეიძლება ისახავდეს. სათესლედ ირჩევენ კარგად განვითარებულ, მძლავრი ვეგეტაციური მასის მქონე მცენარეს. კატაბალახას თესლების შეგროვება ერთობ რთულია. სირთულეს ქმნის ის, რომ მცენარის ერთ ძირზე თესლები სხვადასხვა დროს მწიფდება. ერთსა და იმავე დროს დროს ერთ ძირზე ერთდროულად შესაძლოა იყოს ბუტონებიც და მომწიფებული თესლებიც. ამ მიზეზის გამო თესლს აგროვებენ რამდენიმეჯერ. საშუალოდ ერთ ჰექტარზე სავარაუდოა 80-100 კგ თესლის მიღება.
იმ შემთხვევაში, თუ პლანტაცია თესლის წარმოებას ისახავს მიზნად, მაშინ მცენარის საყვავილე ღეროს არ ეხებიან. თუ წარმოების მიზანი მცენარის ძირების მიღებაა, მაშინ ღეროს სრულად განვითარება შეამცირებს მოსავლიანობას. ამიტომ, 20-30 სმ სიმაღლეს მიღწეულ ღეროს შეაკვეცენ. ღეროს შეკვეცა ზრდის ძირების მოსავალს. ექსპერიმენტული მონაცემები ადასტურებენ ამ გზით მოსავლიანობის გაზრდას 30%-ით.
მონაცემებით მაქსიმალური მოსავლიანობა აღინიშნება ღეროს ზედა ნაწილის შეკვეცისას ბუტონიზაციის ფაზაში. მისივე მონაცემებით ამგვარი შეკვეცა ერთი სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში შეიძლება სამჯერაც მოესწროს.
• კატაბალახას მავნებლები
სამკურნალო მცენარეთა მავნებლების წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ღონისძიებაა კულტურის წარმოების აგროტექნიკური რეკომენდაციების დროულად და ზუსტად შესრულება. რამდენადაც ჩვენთვისაა ცნობილი საქართველოში კატაბალახას დაავადებები არ არის დაფიქსირებული.
ლიტერატურაში კატაბალახას არაერთი დაავადებაა აღწერილი. მათ შეუძლიათ მთლიანად გაანადგურონ ნათესები. ჩვენ შევჩერდებით ორ მათგანზე.
კატაბალახას აზიანებენ სოკოები Sclerotina minor J ag და S. sclerotiorum (Liber) Masse. დაავადების ნიშანია ღეროს ქვედა ნაწილში თეთრი რგოლების წარმოქმნა. დაავადებული მცენარის ღეროები ყვითლდება, ფოთლები ჭკნება; მოგვიანებით ფესვებიც კარგავს სიცოცხლის უნარს და ლპება. ნიადაგისა და ჰაერის ტენიანობის სიჭარბე საუკეთესო პირობაა აღნიშნული დაავადების გამომწვევთა განვითარებისათვის.
Uromyces valeriana Winter-ით დაავადების შემთხვევაში ღეროს მწვანე ფოთლების ქვედა მხარე ჟანგისფერი ხდება. ამ დაავადების გამომწვევთა წინააღმდეგ რეკომენდებულია ბორდოს ხსნარის შესხურება დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენისთანავე. წამლობიდან ორი კვირის შემდეგ ამ პროცედურას კვლავ იმეორებენ მანამ, სანამ მცენარე არ გამოჯანმრთელდება (იგივე პერიოდის შუალედის დაცვით).
პარაზიტ Erysiphe cichoracearum valerianae-ით დაავადების შემთხვევაში თეთრი ლაქები ჩნდება უშუალოდ ფოთლებზე. მის წინააღმდეგ შედეგიანია გოგირდის ფხვნილის შეფრქვევა. წამლობის შემთხვევაში ნედლეულის აღება უნდა მოხდეს წამლობიდან არანაკლებ 1-1,5 თვიანი ვადის შემდეგ.
III. გამოყენება
გაფრთხილებთ. თვითმკურნალობა საშიშია ჯანმრთელობისათვის. ეს მასალა მხოლოდ მიმოხილვითი ხასიათიაა.
კატაბალახას ძირები ჩვენში ოდითგანვე პოპულარულია საგულე და დამამშვიდებელი მოქმედების გამო. რაჭასა და იმერეთში ხალხური ექიმები მას იყენებდნენ „საყმაწვილოს“ წამლის შემადგენლობაში.
კატაბალახას ძირებში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებს გააჩნიათ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ტრანკვილიზური მოქმედება. იგი ავლენს სედატიურ ეფექტს. წარმატებით გამოიყენება ნევრასთენიული და ფსიქასთენიური მდგომარეობების დროს, ვეგეტონევროზების, კლიმაქსის, ნევროზების, ადრეული ეტაპის სტენოკარდიის მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის, ჰიპერტონიის დროს. რიგ ავტორთა მონაცემებით, კატაბალახას ძირებს გააჩნია ნაღვლმდენი და სპაზმოლიზური თვისებებიც, აძლიერებს კუჭ-ნაწლავის სეკრეციას.
კატაბალახას ძირების თერაპიული ეფექტი ვლინდება მისი ხანგრძლივად გამოყენების შემდეგ. ამიტომ კატაბალახას გამოყენება მიზანშეწონილია კურსობრივად, ცხადია მხოლოდ სპეციალისტის რეკომენდაციით.
საყურადღებოა, რომ კატაბალახასა და მისგან დამზადებული პრეპარატების არაზომიერი ხმარებისას აღინიშნება რიგი უარყოფითი მოვლენები, როგორიცაა საერთო მოდუნება, შრომისუნარიანობის დაქვეითება და სხვა.
საოჯახო პირობებში, ექიმის რეკომენდაციით, შესაძლებელია კატაბალახას ძირებისაგან წყლიანი ექსტრაქტის მომზადება.
• ამისათვის იღებენ 2-3 სუფრის კოვზ დაწვრილმანებულ ნედლეულს, ჩაყრიან მომინანქრებულ ჭურჭელში და დაასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს;
• ჭურჭელს თავს მჭიდროდ დაახურავენ და დადგამენ მდუღარე წყლის აბაზანაზე;
• გააჩერებენ 15 წთ, გადმოდგამენ და გააგრილებენ 45 წთ-ის განმავლობაში და გადაწურავენ;
• საწურზე დარჩენილ მასას ხელით გამოწურავენ; სითხის მოცულობა შეავსებენ გადადუღებული წყლით 200 მლ-მდე;
• მომზადებულ ექსტრაქტს ღებულობენ ჭამიდან 30 წთ-ის შემდეგ.
დოზირება შემდეგნაირია:
• 6 წლამდე ბავშვები – 1 ჩაის კოვზით 2-3-ჯერ დღეში;
• 6 წლის ზემოთ ბავშვები – 1 დესერტის კოვზით 2-3-ჯერ დღეში;
• მოზრდილები – 2-3 სუფრის კოვზით 2-3-ჯერ დღეში.
კატაბალახას წყლიანი ექსტრაქტი ვარგისია დამზადებიდან 2-3 დღის განმავლობაში. იგი უნდა ინახებოდეს ბნელ, გრილ ადგილას.
სპირტიან ექსტრაქტს შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადა აქვს. მისი დოზირება ცალკეულ შემთხვევებში ინდივიდუალურია.
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ!
კატაბალახას ძირები შედის სხვადასხვა შემადგენლობის მცენარეულ ნაკრებში. მისი, როგორც დამამშვიდებელი საშუალების უპირატესობაა, რომ მასზე მიჩვევა არ ვითარდება. თუმცა ხანგრძლივი ხმარებისას შესაძლოა სამკურნალო ეფექტი შემცირდეს.
ნედლ კატაბალახას ძირებს უფრო სასიამოვნო სუნი აქვს, ვიდრე გამშრალს. ზოგიერთ ქვეყანაში მას იყენებენ პარფიუმერიაშიც.
გარდა დამამშვიდებელი მოქმედებისა, უცხოურ ლიტერატურაში აღნიშნულია მისი გამოყენება ჭრილობების შეხორცების მიზნით, ასევე ანტიბიოტური დანიშნულებითა და გარეგანი საშუალების სახით, ასევე კუნთების სპაზმის მოსახსნელად. ამის გარდა, იგი როგორც ექსპექტორანტი გამოიყენება ხშირი ხველისას.
ლიტერატურაში მითითებულია ასეთი რჩევები:
დაძაბულობის მოსახსნელად დააქუცმაცეთ ნედლი ძირები, 2 ჩაის კოვზს დაასხით 240 მლ ცივი წყალი, დააყენეთ 8-10 საათი. პიტნის ზეთის ჩაწვეთება სასიამოვნო სურნელებას მიანიჭებს ექსტრაქტს. ეს ექსტრაქტი შეიძლება დალიოთ დღის განმავლობაში, ან ერთი საათით ადრე დაძინებამდე.
მშრალი ძირების შემთხვევაში 1 ჩაის კოვზ ძირებს დაასხით 240 მლ წყალი და ნელ ცეცხლზე წამოადუღეთ 20 წთ-ით. სურნელებისათვის შესაძლოა დაუმატოთ პიტნის ზეთი, რომელსაც დაუმატებთ დუღილისა და გამოწურვის შემდეგ. ექსტრაქტის გამოყენება შეიძლება გარეგანადაც კანის წყლულები ჩამოსაბანად და კუნთების სპაზმის დროს კომპრესების სახით. კატაბალახა შესაძლოა გამოყენებული იქნეს ხველის საწინააღმდეგოდ ექსპექტორანტ მცენარეებთან კომბინაციაში, ან მცენარეებთან კომბინაციაში მაღალი წნევის სამკურნალოდ.
კატაბალახა მიჩნეულია როგორც უსაფრთხო მცენარე, თუმცა მისი გამოყენება შეუსვენებლად 2-3 კვირაზე ხანგრძლივად არ შეიძლება.
IV. კატაბალახას მარკეტინგისათვის
• პლანტაციის მიზნის განსაზღვრა
კატაბალახას, ისევე როგორც ნებისმიერი სამკურნალო მცენარის მოშენების დაწყებამდე, სწორად უნდა იქნეს გააზრებული – რა მიზნით შენდება პლანტაცია.
თუკი კატაბალახას მოშენებას პირადი მოხმარების მიზნით ვიწყებთ, შეიძლება გაშენდეს ადგილობრივი ჯიშები. მცენარეთა რამდენიმე ეგზემპლიარის მოპოვება მომავალი პლანტაციის რეგიონში ჯობს.
თუკი პლანტაცია იგეგმება კატაბალახას საწარმოო მიზნით საწარმოებლად, აუცილებელია დავიცავათ საერთაშორისო მარკეტინგული მოთხოვნები. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფარმაცევტული ნედლეულის წარმოება მკაცრად რეგულირებადი დარგია.
ჩვენ ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე ასპექტზე შევჩერდებით, რომელთა გააზრება პლანტაციის გაშენების პირველივე ეტაპზევეა აუცილებელი.
• მოთხოვნები კატაბალახას ჯიშების მიმართ
არსებობს მოსაზრება, რომ კატაბალახას რიგი სახეობებს, რომლებიც ჩვენთან ხარობს კარგი შემადგენლობა და პერსპექტივა აქვთ. ეს დასტურდება მრავალსაუკუნოვანი გამოცდილებით. ჩვენც ვიზიარებთ ამ აზრს და მიგვაჩნია, რომ საჭიროა ადგილობრივი სახეობების სელექცია, მოშენება და ახალი ჯიშების გატანა საერთაშორისო ბაზარზე. მაგრამ, ეს სხვა, ძვირადღირებული და ხანგრძლივი სამეცნიერო ამოცანაა და არ ძევს მწარმოებლის სივრცეში.
მწარმოებელს უნდა ესმოდეს, რომ:
საერთაშორისო ბაზარზე შესაძლებელია მხოლოდ იმ ჯიშების გატანა, რომელსაც ბაზარი იცნობს და რომელთათვისაც შემუშავებულია სტანდარტები. მწარმოებლისათვის ნაკლებ პერსპექტიულია ნებისმიერი ჯიში, რომელიც უცნობია ბაზრისათვის, მიუხედავად იმისა, რამდენად უკეთესიც არ უნდა იყოს იგი სტანდარტულზე.
ამდენად, თუკი საბაზრო ურთიერთობებში ჩართვა გსურთ, უნდა გააშენოთ მხოლოდ სტანდარტული, ბაზრისათვის ნაცნობი ჯიშები; რომელი ნაკვეთისათვის რა ჯიში უნდა შეირჩეს ცალკე საკითხია.
• ეკოლოგიური მოთხოვნები
ეკოლოგიური მოთხოვნები იმდენად მკაცრია, მათი შესრულება, თუკი არა გაქვთ თანამედროვე ლაბორატორია შეუძლებელია. ამიტომ, ყველაზე მარტივი გზაა: არ გამოიყენოთ არავითარი ქიმია. მცირე პლანტაციებში ეს შესაძლებელია განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი ნედლეულის ფასი ბევრად მაღალია.
ავტორები: ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია.
წყარო: www.medgeo.net
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ!