შინაური ცხოველების ადგილობრივი ქართული ჯიშები

6161 Views

ცხოველთა მოვლა-შენახვის თუ მკურნალობის ტრადიციებთან ერთად, რომლებიც ათეული საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა საქართველოში,  ცხოველთა ახალი ჯიშების გამოყვანისა და გაუმჯობესების პროცესიც მიმდინარეობდა. დიდი ხნის განმავლობაში  უმჯობესდებოდა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის, ცხენის, ცხვრის, ღორის და სხვა ცხოველთა თუ ფრინველთა ჯიშები, რომლებიც ადგილობრივ პირობებს შეეგუენ.

შემდგომში ეს ჯიშები თანდათან იხვეწებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. მაგალითისათვის შეიძლება დავასახელოთ ხევსურული ძროხა, რომელიც ტანით პატარაა, საუკეთესოდ მოძრაობს მთიან პირობებში, იოლად  მოიპოვებს საკვებს, ამავე დროს საკმაოდ ბევრს იწველის და აქვს ცხიმიანი რძე, ასევე სამეგრელოს პირობებს შეგუებულია კვარაცხელიას ჯიშის საქონელი, ხევსურულ ძროხასთან შედარებით წონით დიდიც არის და რძესაც მეტს იძლევა. როგორც ხევსურეთის ბუნებრივი პირობები განსხვავდება სამეგრელოს ბუნებრივი პირობებისაგან, ისე განსხვავდება ეს საქონელი ერთმანეთისგან.

სწორედ ბუნებრივი პირობები დაედო საფუძვლად იმას, რომ პატარა საქართველოს არცთუ ისე ერთმანეთისგან დაშორებულ კუთხეებში  სხვადასხვა ჯიშისა და თვისების მქონე საქონელი ჩამოყალიბდა.

საქონლის ჯიში თუ ჯილაგი, რომელიც ყალიბდებოდა საქარ­თ­ველოს ამა თუ იმ კუთხეში, ყოველმხრივ ეგუებოდა იმ პირობებს, რომელშიც უხდებოდა ყოფნა. დამახასიათებელია, რომ ქართული მთის ძროხის ხევსურული ჯიშის საქონელს ზამთარში, რომელიც თითქმის 5-6 თვე გრძელდებოდა, ბაგურ კვებაზე უხდებოდა ყოფნა, დანარჩენ დროს მთიან საძოვრებზე იყო, სადაც ზოგ­ჯერ ზედმეტი მოძრაობაც კი სახიფათოა. ის მთის პირობებს შეეგუა, რასაც ხელს უწყობდა მისი ტანის  სიმცირეც.

სამეგრელო  კი ძირითადად  დაბლობია და საქონელიც ფიზიკურად უფრო დიდი. გადმოცემით, კვარაცხელიებს როგორც ზაფხულობით, ისე ზამთრობით საქონელი საძოვარზე ჰყავდათ გაშვებული. ამას ხელს უწყობდა ის გარემოება, რომ სამეგრელოში ზამ­თარი ხანმოკლეა, დიდთოვლობაც იშვიათი. მხოლოდ საჭირო  შემთხვევაში აძლევდნენ საქონელს დამატებით საკვებს. ამიტომ, კვარაცხელიას ჯიშის პირუტყვი  უფრო დიდი, უფრო მარ­დია და ხასიათდება განსხვავებული ფიზიკური მონაცემე­ბი­თა და თვისებებით, ვიდრე ხევსურული ძროხა.

ახალი, გაუმჯობესებული ჯიშების შექმნა საუკუნეების განმავლობაში ხელოვნური შერჩევით ხდებოდა. ადამიანები იმთავითვე აკვირდებოდნენ ცხოველებს, სწავლობდნენ მათ თვისებებს და არჩევდნენ უკეთესს. აუცილებლად ითვა­ლისწინებდნენ მის წველადობას, რძის ცხიმიანობას, წონას (სიდიდეს), რამდენად იოლი მოსავლელია, ხშირად ყურადღებას უთმობდნენ საქონლის ფერსაც კი. არსებული ეთნოგრაფიული მასალები თვალნათლივ მეტყველებს იმის შესახებ, თუ  როგორ მიმ­დინარეობდა ეს პროცესი საქართველოში. საჩხერის რაიონის სო­ფელ ჭორვილას მკვიდრის – 85 წლის სიმონ ხატელიშვილის გადმოცემით (1978 წ.), საჩხერის რაიონში ჰყავდათ ადგილობრივი ჯიშის საქონელი, ადგილობრივ გარემოსა და ჰაერს შეგუებული, არ გამოირჩეოდა დიდი ტანით, სამაგიეროდ ჰქონდა  მაღალცხიმიანი რძე. „რუსულ საქონელთან შედარებით ცოტას იწველიდა, მაგრამ რძე ცხიმიანი ჰქონდა და ყველი უკეთესი გამოდიოდა. ჩვენი ჯიში ხანგრძლივი დროის განმავლობაში იხვეწებოდა შერჩევის გზით. თუ  რომელიმეს ძროხა გამოირჩეოდა კარგი აგებულებით, წველადობით, რძის ცხიმიანობით, ის სწრაფად ვრცელდებოდა. მისი ხბო ინახებოდა საჯიშედ. ბოლო დროს დაიწყეს თათრული ჯიშის სახეების გამოყვანა. ის ძალიან კარგი იყო, როგორც გამწევი ძალა“. არჩევდნენ არა მარტო საჯიშე ფურებს, არამედ, საჯიშე ბუღასაც. „საბუღედ ინახავდნენ ისეთ მოზვრებს, რომლებიც დიდი ტანისა იყო, ჰქონდა განიერი მკერდი,  დიდი და გან­ვითარებული სათესლე ჯირკვლები. ბუღას ოთხ წელზე მეტ ხანს არ გააჩერებდნენ. ოთხი წლის შემდეგ დაკოდავდნენ, რადგან  ფიქრობდნენ, რომ ოთხი წლის შემდეგ მის მიერ განაყოფიერებულ ძროხას ჯანმრთელი ხბო არ დაებადებოდა“. ამასთნავე, „რომელი ძროხაც გამოირჩეოდა კარგი წველადობით, რძის ცხიმიანობით და ა.შ. მის ხბოს ინახავდნენ ბუღად“.

წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში ჩაწერილ მასალებში კი ვკითხულობთ: ჯიშიანი ხბოს მიღებისათვის არჩევდნენ ბუღას.  „მას უნდა ჰქონდეს განიერი გავა, ძლიერი,  სქელი კისერი“. ასევე, არჩევდნენ საშუალო ტანის ფურს. „ის უფრო ცქვიტი იყო, ადვილად მოძრაობდა, იოლად ეგუებოდა მთიან ადგილებს. გარდა ამისა, დიდ საქონელს მეტი საჭმელი უნდოდა, უჭირდა მოძრაობაც“. საინტერესოა წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯაში (ფედოსი ჟორჟოლიანი-თორთლაძისა) მოპოვებული მასალაც, სადაც საუბარია საფურე ხბოს შერჩევაზე: „ხბო უნდა იყოს მოძრავი, ფიცხი, მჭამელი, კარგი სმენის, ერგებოდეს საჭმელი და იმატებდეს სწრაფად“. აქვე ნათქვამია, რომ მსხვილფეხა საქონ­ლისათვის კარგი ფერებია: ღვინისფერი, წითელი, შავი.  ასეთი ფერები დამახასიათებელია ჯანსაღი და კარგი ჯიშის საქონლისათვის. აქაური გამოცდილი მეურნეებიც ბუღად არჩევენ ოთხი წლის საქონელს. „თუმცა მან შეიძლება თხუთმეტ წლამდეც იმუ­შაოს, მაგრამ ის შედეგი არ ექნება, რაც საჭიროა კარგი ჯიშის გამრავლებისათვის“. ამავე მასალებში ნათქვამია, რომ რუსეთიდან ჩამოიყვანეს ძროხა, რომელიც 25 ლიტრს იწველიდა დღეში, მაგრამ აქაურ ჰაერს ვერ შეეგუა და წველა დაკარგა.  ჩვენი კარგი ძროხა 15 ლიტრამდე რძეს იძლევა დღეში, მაგრამ „ეს იმ 25 ლიტრს ჯობია, რადგანაც აქაური ძროხის რძე ცხიმიანია. ამიტომ კარგი ყველი იცის“. რუსეთიდან ჩამოყვანილ ძროხას დარჩა ხბო. ის შეეგუა ჩვენს ჰაერს, გაიზარდა, მაგრამ არც ძალიან დიდი. ჩვენს საქონელზე უფრო დიდი. პირველი  ხბოს შემდეგ 12 ლიტრი რძე მოიწველა დღეში, მეორე ხბოზე _ 18 ლიტრი.  შეეჩვია საძოვარსაც. ამით ჯიში გაუმჯობესდა“.

ასე, რომ ჩვენი წინაპრები თავისი პრაქტიკული გამოცდილებით, ცოდნითა და დაკვირვებით ახერხებდნენ გაეუმჯობესებინათ საქონლის ჯიში.

ისინი კარგ ძროხას 18 – 20 წელიწადს ინახავდნენ. იმ შემთხვევაში თუ მეწველი ძროხა ძალიან კარგი იყო და წველადობას არ იკლებდა, მას უფრო მეტ ხანსაც აჩერებდნენ. მაგრამ თუ ძროხას ხბო არ შერჩებოდა, მას სახორცედ გაყიდდნენ. ასევე ყიდდნენ იმ საქონელს, რომელსაც ხბო ეყოლებოდა, მაგრამ ვერ ცოცხლობდა, იღუპებოდა. ამ სენს ვერ კურნავდნენ, თუმცა ამას ძროხას აბრალებდნენ, რადგან ყოველთვის სხვადასხვა ბუღასთან მიჰყავდათ. ძროხის ბერწობას კი ძირითადად ცუდ კვებას აბრალებდნენ. მაგრამ თუ კარგი ნაკვები იბერწებოდა, მასაც სახორცედ იყენებდნენ.

არა მარტო ფურისა და ბუღის შერჩევა ხდებოდა, არამედ კარგი მეურნე ყოველთვის არჩევდა სახარე მოზვრებსაც, რამდენადაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გამწევ ძალას, რადგანაც ტექნიკა არ იყო განვითარებული და ფიზიკური სამუშაო ძირითადად გამწევი ცხოველების მეშვეობით უნდა შეესრულებინათ. ამიტომ, მათი შერჩევა ხდებოდა მაშინ, როცა მოზვერი პატარა იყო. ისი­ნი ამ დროს ამჩნევდნენ, რომელი მოზვრიდან გამოვიდოდა „კარგი ხარი“. „კარგ ხარს“ უნდა ჰქონოდა „დიდი, განიერი მკერდი, მაღალი მხრები, ვიწრო გავა. ასეთი ხარი, თუნდაც ტანად პატარა ყოფილიყო, დიდი ძალა ჰქონდა და კარგი მუშა იყო“. ასევე, პრაქტიკული გამოცდილებით იცოდნენ, რომ „ნაბუღარ მოზვერს“ „მუხლი აქვს სუსტი“ და უღელში შორ გზაზე არ გამოდგებოდა. მუხლი ვერ გაუძლებდა და დაწვებოდა, ამიტომ ბუღობის შემდეგ მას   სახორცედ იყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მცირემიწიანი, პატარა ქვეყანაა, მისი ყველა კუთხე თავისი ჰავით, საყოფაცხოვრებო პი­რობებით, ბუნების სიმკაცრით ისე განსხვავდება ერთმანეთისაგან, რომ ხშირად მომიჯნავე რაიონების საქონელიც კი ვერ ეგუებოდა იქაურ ჰავას და სხვა ბუნებრივ პირობებს. ეს ცხადია, სიძნელეს უქმნიდა მეურნეს. ალბათ ძირითადად ეს იყო მიზეზიც, რომ ერთი რაიონის საქონელი მკვეთრად განსხვავდებოდა მეორე მახლობელი რაიონის საქონლისაგან თავისი თვისებებით. მაგალითად, მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მოპოვებული მასალებით თიანეთიდან ჩამოყვანილი საქონელი „აქ ვერ ძლებდა, ისიცხებოდა, სისხლს შარდავდა და იხოცებოდა. აქაური საქონელი კი თიანეთში ვერ ხარობდა“. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, საგურამოს მცხოვრებლები საქონელს „აქვე ერთმანეთისგან ყიდულობდნენ“. ესეც დამახასიათებელია საქართველოსთვის, როგორც მთაგორიანი ქვეყნისთვის. მართალია, მცხეთისა და თიანე­თის რაიონები ერთმანეთს  ესაზღვრება, მაგრამ კლიმატური პირობების მხრივ მათ შორის ისეთი განსხვავებაა, რომ ერთი რაიონიდან მეორეში გადაყვანილი საქონელი ვეღარ ეგუება ახალ პირობებს.

როგორც არსებული მასალებიდან ჩანს, ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდება  ხევსურული და ფშაური ჯიშის საქონელი, ფშავის  სოფელ ბუშატის მცხოვრები ესტატე მინდოდაური გვიამბობს, რომ „აქ ძირითადად ფშავური ჯიშის ძროხა იყო გავრცელებული. ფშაური საქონელი უმეტესად იყო ლურჯი, წითელი ან ნაცრისფე­რი. შავი იშვიათად გაერეოდა. ის ხევსურულ საქონელთან შედარებით იყო უფრო ტანმაღალი და მსხვილი. მაგრამ ფაშვი იმხელა არ ჰქონდა, როგორც ხევსურულ საქონელს. ამასთან ფშაურ საქონელს ძალაც მეტი ჰქონდა“.

„ხევსურული საქონელი უმეტესად იყო ჭრელი, ფშაურთან შედარებით დაბალი და ფაშვიანი. გარდა ამისა, ფშაური საქონელი უფრო ფიცხი იყო, უცხო საქონელს ახლოს არ იკარებდა.  როგორც მგელი ისე დაედევნებოდა და კლავდა. საჭირო იყო პატრონს 1 – 2 თვე მაინც ნელ-ნელა შეეჩვია მათთვის. ფშაური საქონელი სხვა საქონელში არ გაერეოდა, მეზობლის საქონელსაც კი არ გაჰყვებოდა“.

ხევსურეთში მოპოვებული ეთნოგრაფიული მასალებიდან ჩანს, რომ ამ კუთხეშიდაც ჰყოლიათ მეზობელი ქვეყნებიდან შემოყვანილი ჯიშიანი საქონელი, რომელიც  ტანით (წონით) ბევრად მეტი იყო, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის, მაგრამ ვერ ეგუებოდნენ ადგილობრივ კლიმატს და თუ ეგუებოდნენ, ძნელი მოსავლელი იყვნენ. მართალია, ისინი გაცილებით მეტს იწ­ველიდნენ, ვიდრე ადგილობრივი ჯიშის ძროხები, მაგრამ გამოცდილი მეურნეები გადმოგვცემდნენ, რომ „აქაური ძროხა ცოტას იწველება, მაგრამ აქვს ცხიმიანი რძე, კარგი ამტანია, შეგუებულია ადგილობრივ პირობებს და კარგადაც სუქდება“. ერწო-თიანეთში და ასევე რაჭაში ჰყოლიათ ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოყვანილი თარაქამა ჯიშის საქონელი, მაგრამ რაჭაშიც და ერწო-თიანეთშიც მათ ძირითადად გამწევ ძალად იყენებდნენ, რამდენადაც „ფიზიკურად ძლიერი და კარგი მუშაა“. მაგრამ, როგორც, ამბობენ ისინი მაინც „ძნელად ეგუებიან ადგილობრივ პირობებსა და ხშირად ავადმყოფობენ“.

რაჭასა (სოფელი ღები) და ერწოში (სოფელი მაგრანეთი) ჰყო­ლიათ აგრეთვე გერმანული ჯიშის საქონელი. ადგილობრივ მეურნეთა დახასიათებით ის დიდიც იყო და ბევრსაც იწველიდა, მაგრამ ბევრ მოვლას საჭიროებდა. ძირითადაც თავლებში ჰყავდათ და თივით კვებავდნენ. მას „ბევრი და კარგი ხარისხის საკვები სჭირდება. ფშაური საქონელი ცუდი საკვებითაც გაიტანდა თავს“, ამიტომ უპირატესობას მაინც ადგილობრივი ჯიშის საქონელს აძლევდნენ.

როგორც მოპოვებული მასალებიდან ჩანს, მთის პატარა ჯიშის საქონელი იყო ძირითადად გავრცელებული საქართველოში, რომ­ლის წველადობა სეზონის დროსაც დღეში 8 – 10 ლიტრს არ აღემატებოდა. იმის გამო, რომ ეს საქონელი  მაღალი  ცხიმიანობის რძეს იძლეოდა და შეგუებული იყო ადგილობრივ გარემოს  ზამთარშიც იოლი გამოსაკვები იყო, გაცილებით რენტაბელურია საქართველოს პირობებისთვის, ვიდრე სხვა შეხედულად უფ­რო დიდი ტანისა და მაღალი წველადობის საქონელი. ამიტომაც, ქართველი მეურნე აქა­ური საქონლის ჯიშებს უპირატესობას აძლევდა.

საქართველოში  მეცხოველეობა უძველესი და ტრადიციული დარგია. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენში მოშენებული სასოფლო-სამეურნეო პირუტყვისა თუ ფრინველის არც ერთი სახეობა არ არის, რომლის ადგილობრივი ჯიში არ იყოს შექმნილი საუკუნეთა მანძილზე ხალხური სელექციის შედეგად. ისტორიულად აქ მოშენებულია ქართული მთის ძროხა. ანალოგიური საქონლის ძვლები ნაპოვნია საქართველოში არქეოლოგიური გათხრებისას და თა­რიღ­დება ძვ.წ. აღრიცხვის V-IV ათასწლეულით. ეს ზონები მდიდარია მთაგრეხილებით და ქედებით, წყაროე­ბით, მდინარეებისა და ნაკადულების სათავეებით, დაღარულია ხე­ვებით, იშვიათად გვხვდება ვაკე ადგილები. ჰავა მკაცრია _ აბსოლუტური მინიმუმი  25-30°C – მდე აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 900 – 1500 მმ შეადგენს. მკაცრი თოვლიანი ზამთარი 5 – 7 თვე გრძელდება. საძოვრების დაფერდება 30 – 350 აღწევს და  ქართული მთის ძროხის გარდა, სხვა ჯიშის პირუტყვი ვერ ირგებს.

ქართული ძროხის შესწავლის მიზნით პირველი ფუნდამენტური კვლევები დაიწყო დოცენტმა ნ. იოსელიანმა, რომელმაც დაამტკიცა, რომ სხვადასხვა რეგიონში მსხვილფეხა პირუტყვის კომპაქტურად მოშენებაში მნიშვნელოვანია ქართული მთის ჯიში (ქართული ძროხა _ Das Geogilche Bind) და  მიეკუთვნება Bos Taurus braxicerus-ის კრანტიოლოგიურ ტიპს. საქართველოში გავრცელებული ძროხის სხვა ფორმები კი (b.t.primigenius; b.t. orthoceros,  b.t. rontosus) არააბორიგენი. ისინი შემოყვანილია სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქართული მთის ძროხა ტანით ძალიან პატარაა, ფურის სიმაღლე მინდაოში საშუალოდ 98-100 სმ–ია, სხვადასხვა ფერისაა:  51% _ შავი, 24% _ წითელი და ჩალისფერი,  ყავისფერი _ 15%,  8% _  წითელ – ჭრელი და 2% _ ვეჟანი.

თუშური ცხვარიც ასეული წლების მანძილზე ჯიშთა გაუმჯობესებისა და შერჩევის შედეგია. არსებული მასალებიდან თვალ­ნათლივ ჩანს, თუ როგორ უმჯობესდებოდა დროთა განმავლობაში ცხვრის სხვადასხვა სახეობა, რომელიც მეურნეთა სწორი, დაკვირვებული ხელოვნური ჩარევის შედეგად არსებული ცხვრის ჯიშთაგან ერთ – ერთი საუკეთესოა და შე­გუებულია საქართველოს პირობებს.

ასევე საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა იმერული ცხვარი, რომელიც მართალია პატარა ტანისაა, მაგრამ საუკეთესოდ არის შეგუებული ადგილობრივ პირობებს.

საინტერესოა თუშური ცხვრის შესახებ ალვანელი მეცხვარის, 1909 წელს დაბადებული ადამე აბაშიძის აზრი, რომელიც 1971 წელს ეთნოგრაფიულ ექსპედიციას გაუზიარა: „თუშური ცხვარი ყველა ჯიშის ცხვარს ჯობია. არავის არ ჰყავს ისეთი ცხვარი, რო­გორც თუშებს. ის ყველაზე ჯანმრთელია, ამტანი, ძოვაშიც და სია­რულშიც მარდია. მართალია, წველით სხვას ჩამოუვარდება, მაგრამ რძე ყველაზე ღალიანი აქვს. მატყლი წონით ნაკლები აქვს, მაგრამ ხარისხით ყველას ჯობია. კარგად იტანს სიცხესაც და სიცივესაც. დიდი გზის არ ეშინია. „ის თეთრი ფერის არის, მრგვალდუმიანია. ზამთრის საძოვრებზედაც კი მას დამატებითი საკვები თითქმის არ სჭირდება. ერთ გაპარსვაზე ორ კილოგრამამდე მატყლს იძლევა. ის კარგად არის შეგუებული მომთაბარეობას. ასევე ახასიათებდა თუშურ ცხვარს 88 წლის საბო იჩუაიძე (ქვემო ალვანი, სოფელი ვესტმა): „თუშური ცხვარი ლაზათიანია შეხედულებით. გაუშვებ საძოვარზე და თვითონ იკვებება ისე, რომ დამატებითი საკვები არ უნდა. ზამთარშიც დამატებითი საკვების გარეშე გამოაქვს თავი. ამოცნობა კარგი აქვს.  ადვილად მოძრაობს“.

მყიდველი ბაზარზე თუშური ცხვრის მატყლს უფრო ეტანება, ვიდრე კუდიანი ცხვრის მატყლს. ქართული ცხვრის მატყლი დიდ­ხანს ძლებს, კუდიანი ცხვრის მატყლისაგან დამზადებული ძაფი კი „ბოშია, უმბილია, მალე ლპება და წყდება“.

ანალოგიურად ახასიათებს მას  ბოჭორმელი (ქვემო ალვანი) 85 წლის ვაქსო ივაჩიძე: „თუშური ცხვარი შეხედულებით ლამაზია, კარგი, დიდი დუმა აქვს. ყოჩებს დიდი ლამაზი რქები აქვს. მატყლი მართალია მერინოსთან შედარებით უხეშია, მაგრამ სამაგიეროდ მაგარი ბეწვი აქვს, არ იღვერება, არც გასცვივა“. თუშურ ცხვარს რბილი, ნაზი მატყლი აქვს. თუ ფარაში გამოერეოდნენ უხეშმატყლიანი ცხვრებიც, ასეთებზე იტყოდნენ: „ირმა ბეწვის მატყლი აქვსო“, ე.ი. მშრალი მატყლი.

მეცხვარეები ყოველთვის ცდილობდნენ საჯიშედ რბილმატყლიანი და დიდი ტანის ცხვარი შეენახათ. ცდილობდნენ ფარაში „დარჩეული“ ცხვარი ჰყოლოდათ. გადმოცემით, თუშეთში მართ­ლაც ბევრი ყოფილა ისეთი, რომელთაც განსაკუთრებით შერჩეული ცხვარი ჰყოლიათ. მათზე იტყოდნენ: „ცუდ ცხვარს თავის ფარაში არ გააჩერებენო“.

თუშური ცხვრის ჯიშს მეზობელ ქვეყნებშიდაც დიდი მოთხოვნილება ჰქონია. განსაკუთრებით ბევრი ჰყოლიათ ჩრდილოეთ კავკასიაში. ამიტომ, მისი გავრცელების არეალი საკმაოდ დიდია.

თუშური ცხვარი თეთრი ფერისაა, მაგრამ ზოგჯერ გა­მო­ე­რევა სხვა ფერის (შავი, წითელი, ჭრელი) ცხვარიც. თეთრი თუ­შური ცხვარი, როგორც ცნობილია, ამტანი, საკვების კარგი მომ­პოვებელი, ფიზიკურადაც კარგი და სხვა ბევრი დადებითი თვისებების მქონეა, მაგრამ, პრაქტიკული დაკვირვევების შედეგად, ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ თეთრ თუშურ ცხვარზე უკეთესი თვისებები ჰქონდა წითელ თუშურ  ცხვარს, ამიტომ ცდილობდნენ, რომ მოემრავლებინათ წითელი ცხვარი.

ისტორიიდან ცნობილია, რომ საქართველო ხშირად განიცდიდა დარბევებს და ძარცვა–გლეჯას მეზობელი ტომებისაგან. ისინი  ხშირად ძარცვავდნენ სოფლებს, იტაცებდნენ დოვლათს, მიერეკებოდნენ შინაურ ცხოველებს და  ცდილობდნენ სწრაფად მიმალვას. ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც საქართველო დაქსაქსული იყო საფეოდალოებად და ქვეყანაში გაჩაღებული იყო შინაომები. ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივი მოსახლეობა მათ სათანადო პასუხს სცემდა და ბევრი მომხდურიც შეწირვია ამ ყაჩაღობას, მაგრამ ისინი თავისას მაინც არ იშლიდნენ. ისტორიამ შემოგვინახა ფაქტებიც, როგორ იძიებდნენ შურს ქართველები.

თუშეთში შემორჩენილი გადმოცემა, რომლის შესახებაც 1976 წელს გვიამბობდა სოფელ დიკლოს მკვიდრი გაბრიელ  ქოტაიძე, მეტყველებს თუშური ცხვრის გავრცელებაზე ჩრდილოეთ კავკასიაში და წითელი ფერის ცხვრის მეტ ამტანობაზე სხვა ფერის ცხვრებთან შედარებით. თქმულების მოკლე შინაარსი ასეთია: ინგუშეთში არის დაროს მთა (დაროს მთა პი­რიქითა თუშეთშია, მაგრამ ყოფილა ინგუშეთის ტერიტორიაზეც), იქ ჰყოლიათ კარგი (დარჩეული) თუშური ცხვარი. დაროს მთაზე რამდენჯერმე წასულან თუშები ფარაზე დასაცემად, მაგრამ ვერ შესულან, რადგან მას მხოლოდ ერთი შესასვლელი ჰქონია და ისიც ძალიან ძნელი მისადგომი. ერთ დღეს 12 თუში მაინც შეპარულა, დამსხდარან და ელოდებოდნენ, რომ მეცხვარე საღამოს ცხვრებს მორეკავდა და გაიტაცებდნენ. ერთი ინგუში მეცხვარე ეხოს პირდაპირ, ზემოთ იყო, მეორე – ხეობის გაღმით. ორივემ იცოდა სალამურის დაკვრა – ერთმანეთს ამით ელაპარაკებოდნენ. საღამოს მორეკა მწყემსმა ცხვარი, მაგრამ ცხვარი ეხოში არაფრით არ შევიდა. სალამური დაუკრა და ამცნო მეორე მწყემსს: ცხვარი ვეღარ შემოდის ეხოში და არ ვიცი რა ამბავია ჩემს თავსო. მეორემ სალა­მურის დაკვრით ურჩია: ვაცებს გაუწყერი, „ჩემი დედის ძმები თუ­შებმა გამირეკონ, იმათი გამოცემულები იყავითო“. ისიც ასე მოიქ­ცა. თუშებს, როცა ეს ამბავი გაიგეს, უთქვამთ: ჩვენი დისწული ყო­ფილა და რას ვერჩითო და გამოეცხადნენ ინგუშ მეცხვარეს. თვი­თონვე მიხმარებიან მწყემსს და ცხვარი ეხოში შეურეკავთ. ინგუშმა დაკლა ცხვარი და ხორცის ხარშვა დაიწყო, თან აიღო სალამური და გაღმით მწყემსს ელაპარაკება: თუშებს ცხვარი დავუკალი,  დარიშხანი უნდა ჩავუყარო და ყველა დავხოცო. გაღმიდან მეორე მეცხვარე ეუბნება: ნუ დახოცავ, ისინი მაგ ცხვარს შეჭამენ, წავლენ და მაგ მთებში შენ მტერი აღარ გეყოლებაო. მაგრამ არ დაიჯერა და თუშებს ხორცში დარიშხანი ჩაუყარა. თუშები დაიხოცნენ, ამ დროს ჩამონგრეულა კლდე და ყველაფერი ჩაუკეტია. ჩაკეტილში მოჰყვა მწყემსიც და ცხვარიც, დარჩენილა პატარა ხვრელი, სადაც სალამური გაეტეოდა. მწყემსმა სალამურით აცნობა მეგობარს ასეთი ამბავი დამემართა და მიშველეო. მანაც სოფელს შეატყობინა, მაგრამ ვერაფერი უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ცხვარმა დაიწყო ხოცვა. მწყემსს შეუტყობინებია ხალხისთვის, რომ შავმა ცხვარმა დაიწყო ხოცვა, ხოლო თეთრი და წითელი კარგად არიანო. რამდენიმე დღის შემდეგ ისევ აცნობა: თეთრი ცხვარი იხოცება და წითელი რჩებაო, კიდევ რამდენიმე დღის შემდეგ აცნობა: წი­თელ­მა ცხვარმაც დაიწყო ხოცვაო. მწყემსიც იქ მოკვდა.  ცხადია, ეს მითია, მაგრამ მასში ჭეშმარიტების მარცვალი მაინც არის. გადმოცემით ინგუშების მსგავსად ლეკებიც და სხვა მეზობელი ხალხებიც ცდილობდნენ თუშური ცხვრის მომრავლებას, ხოლო ლეკებს, ქისტებს და სხვებს ძირითადად ჰყავდათ შავი ცხვარი, რომელსაც ლეკურ ცხვარს უწოდებდნენ თუშები. მათი დახასიათებით ეს არის მოკლეკუდიანი, გრძელდუმიანი ცხვარი, რო­მელ­საც დაბალი ხარისხის მატყლი აქვს, თუმცა სიცივის ამტანია. მათ მომრავლებაზე თუშები უარს ამბობდნენ.

ტრადიციულად თუშურ ცხვარს წელიწადში სეზონზე 7-8 კვირა წველიდნენ. მკათათვის პირველი ნახევრის ბოლოს აშრობდნენ. მა­თი გაანგარიშებით, სეზონზე ორ ცხვარზე ერთი ყველი უნდა მი­ეღოთ (თითო ყველი 5 კილოგრამზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო). როდესაც მწყემსები ყველს ცხვრების რაოდენობის მი­ხედ­ვით ყოფდნენ, ორ მეწველ ცხვარზე ერთ ყველს ანგარიშობდნენ.

ჩვენმა წინაპრებმა ზუსტად იცოდნენ, როდის უნდა დანერბილიყო (განაყოფიერებულიყო) ცხვარი. იქ, სადაც მოკლე ზამთა­რი იცის და გაზაფხულიც ადრე მოდის, ცხვრის დანერბვაც ადრე ხდებოდა. სადაც გვიან მოდის გაზაფხული, იქ უფრო გვიან უშვებენ ცხვარში ყოჩს: „ადრე ცდას ზარალი მოაქვს, თოვლჭყაპი ღუპავს მომგებ ცხვარსაც და ბატკანსაც“. იმდენს ცდილობდნენ, რომ სამთოდ ბატკანი „მობიჯებული ჰყვანდეთ“, რომ კარგად შეძ­ლოს მგზავრობა. იქ, სადაც ადრე იცოდა გაზაფხული ცხვარში ყო­ჩის გაშვება იცოდნენ რვა ენკენისთვეს ძველი სტილით. მათი ანგარიშით ყოჩი თუ ენკენისთვეში პირველი ალავერდობის დროს (14 ენკენისთვე) გაუშვეს ცხვარში, მაშინ ბატკანს იანვრის ბოლოსთ­ვის მიიღებენ, ხოლო თუ მეორე ალავერდობას (21 ენკენისთვე), ე.ი. ერთი კვირის შემდეგ, მაშინ ბატკანი თებერვლის დასაწყისში დაი­ბადება. მაგალითად, ქიზიყში პირველი მარტისთვის მაინც უნ­და ჩათავდეს დოლი. ამაზე გვიან ყოჩს ცხვარში არ გაუშვებენ. მაგრამ მა­ტაანელების სიტყვით, რადგანაც ისინი „ზემო მხარელები არიან“ (ცხოვრობენ მაღალ ადგილზე), ყოჩს ენკენისთვის გასულს, ღვინობისთვეში უშვებენ, რადგან გვიან იღვიძებს ბუნება. დოლიც მარ­ტის თვეში აქვთ. დათქმულ დრომდე ან ამ დროის გასვლის შემდეგ ყოჩს დედალ ცხვარს არ მიაკარებენ. ამას აკეთებენ იმისათვის, რომ ბატკანი დროულად მიიღონ. დანერბვის პროცესი რომ თავისუფლად მიუშვან, მაშინ ზოგი ადრე მოიგებს ბატკანს, ზოგი ძალიან გვიან. ასეთ შემთხვევაში ბატკნის გამოზრდა გაჭირდება. მეტ-ნაკლებად ერთდროულად გაჩენილი ბატკნების გაზრდა უფ­რო იოლია, ე.ი. აკეთებენ ისე, რომ შესძლონ  ბატკნების საძოვრებზე ცხვრებთან ერთად წაყვანა. მათ გამოანგარიშებული ჰქონდათ, რამდენი დრო სჭირდებოდა ცხვარს დანერბვიდან დადოლებამდე; „ხუთ თვეს რომ ხუთი დღე დააკლდება“, მაშინ მოიგებსო.

ყოველ ას ცხვარზე სამ ყოჩს უშვებდნენ. ყოჩს კი წინასწარ არ­ჩევდნენ გიორგობისთვის რვა რიცხვიდან (ძვ. სტილით). მეცხვარე ყოჩს არჩევს მატყლის, აგებულებისა და რიკის (კუდი) მიხედვით. ამასთანავე ის უნდა იყოს მთლიანად თეთრი  ფერის, რაიმე სხვა ნიშანი არ უნდა ჰქონდეს. მეცხოველე პავლე ობგაიძე (ერწო, სოფელი მაგრანეთი) 1935 წელს ეთნოგრაფიულ ექსპედიციას ეუბნება: „რამდენიც რიკი გრძელი აქვს ყოჩს, იმდენად უფრო ლაზათიანია. რიკით დუმა შუაზე იყოფა, რიკია დასასრული დუმისა და ხერხემლის ძვლისა. ასეთი კარგი ყოჩის შერჩევით კაი საძოვრით, კაი კვებით ზამთარ–ზაფხულ და კაი მოვლით დავაგვარებდით ჯიშს“.

როგორც აღვნიშნეთ, ყოჩებს ცხვრებში ერთდროულად შეუშვებენ, რომ დოლი (ბატკნის მოგება) ერთ დროს მოხდეს. უშვებენ ენკენისთვის პირველ ნახევარში. ამ დროს დედალი ცხვარიც და ყოჩიც „ერთი წლისა და შვიდთვენახევრისაა“. ყოჩი გიორგობისთვის პირ­ველამდე ცხვარში რჩება. მეცხვარეთა გადმოცემით, ყოჩი რომ ცხვარ­ში დარჩეს, „გაჯანდაგდება“, ხოლო ცხვარს ბატკნის შობა უგვიანდება. „ცხვარი ნელავდება“, „ყოჩი ყოჩად რჩება ოთხ წლამდე“. შემდეგ მატყლი უთხელდება და ყოჩად აღარ უშვებენ.

ჩვენმა წინაპრებმა გამოცდილებით იცოდნენ, რომ კარგად ნაკვები ცხვარი ჯიშსაც კარგად ინარჩუნებს, კარგ შთამომავლობასაც შობს, კარგადაც იწველება და კარგი მატყლიც აქვს. რომ მლაშე ბალახი მატყლს აშრობს და მშრალი მატყლი გამოდის, ხოლო ბევრ ბალახს ბილი (რბილი) მატყლი გამოჰყავს. „მამალი ცხვრის და ბერწის მატყლი კარგია და დედლის ბატკანს რო ზრდის იჩაგრება და ისეთი ვერ არის“.

ქართველი ხალხი ოდითგანვე მისდევდა მეცხვარეობას. იგი ჩვენი ქვეყნის უძველესი და ტრადიციული დარგია. სხვადასხვა რა­იონში ჩატარებულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა დაადასტურა, რომ ჩვენ ქვეყანაში უძველესი დროიდან კარგად იყო განვითარებული მეცხვარეობა. ამაზე მეტყველებს ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს ნაკეთი ცხვრის გამოსახულებით. ასევე ნა­პოვნია შინაური ცხვრების ძვლები. ძვ.წ. მეოთხე ათასწლეულის დასასრულსა და მესამე ათასწლეულის I ნახევარში მეცხვარეობის კუთრი წილი გაცილებით მეტი იყო მეცხოველეობის სხვა მიმართულებასთან შედარებით.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანეთისთვის წარმოუდგენელი იყო ადამიანების არსებობა ცხვრის გარეშე. რელიგიური თვალსაზრისითაც ვერძის კულტს ძალზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა. ვერძის სამლოცველი სკულპტურა დღესაც შემორჩენილია სოფელ ცდოში, რომელსაც „კვირეის ყოჩს“ უწოდებენ.

ცხვრის მრავალფეროვანი პროდუქციის მოცემის უნივერსალურმა უნარმა საფუძველი დაუდო საქართველოში გავრცელებულ ცნობილ თქმულებას ცხვრისა და სიღარიბის შესახებ _ როგორ გააგდო ქართველი კაცის ოჯახიდან ცხვარმა სიღარიბე. ეს თქმულება  ჩვენი სკოლების დაწყებით კლასებში ისწავლებოდა.

მეცხვარეობის განვითარება ისტორიულად განაპირობა ბუნებრივ-კლიმატურმა და სოციალურ-ეკონომიკურმა პირობებმა. აქ თუშური ცხვარია მოშენებული, რომელიც გამოყვანილია  მომთაბარეობის ექსტრემალურ პირობებში, ქართველი მეცხვარეებისა და სელექციონერების მიერ საუკუნეების განმავლობაში განხორციელებულ მიზანმიმართული გადარჩევისა და შერჩევის საფუძველზე. მთელი წლის განმავლობაში საძოვრულმა შენახვამ და ყოველწლიურად საზამთრო საძოვრებიდან საზაფხულო საძოვრებამდე და უკან 200-500კმ-ის მანძილზე გადარეკვის პირობებმა ხელი შეუწყო თუშური ცხვრის გარემოპირობებისადმი ტოლერანტობის გამომუშავებას.

საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში შეხვდებით ადგილობრივ მეურნეთა შეხედულებებს საქონლის საკვები ბალახის, მისი მაწიერობისა და გავლენის შესახებ ცხოველთა ჯანმრთელობაზე, ჯიშის შენარჩუნებაზე თუ გაუმჯობესებაზე. ვხვდებით ხალხურ თქმულებებშიც. მათგან მოვიტანთ მხოლოდ ერთს.  ერწო-თიანეთში (ერწო, სოფელი მაგრანეთი) არის ასეთი თქმულება: ერთი საწყალი კაცი ცხვრის პატრონს დაუდგა მოჯა­მა­გირედ ასეთი პირობით: რაც ოთხ წელიწადში ჭრელი ბატკანი გაჩნ­დებოდა, მოჯამაგირისათვის უნდა მიეცა ცხვრის პატრონს. გაიარა სამმა წელმა და არც ერთი ჭრელი ბატკანი არ გაჩნდა. მეოთხე წლის დასაწყისში მოჯამაგირემ ნახა სიზმარი: მას ვიღაცამ ყურში ჩასჩურჩულა, რომ დაეფქვა კაჭაჭი (Dipsacus upiratesad  D. Laciniatus L.), ეჭმია როგორც ყოჩისთვის, ისე დედალი ცხვრი­სათვის მანამ, სანამ ყოჩი დედალ ცხვარში გაერეოდა. ასეც მოიქცა მეცხვარე და იმ წელიწადს სულ ჭრელი ბატკანი გამოვიდა. ცხვრის პატრონი იძულებული იყო პირობისამებრ ეს ბატკნები  მოჯა­მაგირესთვის მიეცა. ერთხელ ცხვრის პატრონი სტუმრად მი­ვიდა ყოფილ მოჯამაგირესთან. მან სტუმარს ბატკანი დაუკლა და ბატ­კანში იმოდენა ჩობალი (მუცლის ქონი) ამოვიდა, თავზე რომ გადაიფარა მუხლებამდე სწვდებოდა. ნაპატრონალს გაუკვირდა. ნა­მო­ჯამაგირალმა კი უთხრა: დილით კურდღელმა დამიფრთხო ბატკნები, თორემ ჩობალი კოჭებამდე მომწვდებოდაო. მართალია, ეს  თქმულებაა, მაგრამ როგორც ყველა თქმულებაში, აქაც არის სინამდვილესთან დაკავშირებული ცოტაოდენი ნაწილი მაინც. არსებული მასალების შესწავლის საფუძველზე შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე, რომ როგორც კლიმატი უწყობს ხელს ჯიშის გაუმჯობესებას ან გაუარესებას, ისე ჯიშზე უსათუოდ ჰქონდა გარკვეული გავლენა საქონლის საკვებსაც. ადვილი შესაძლებელია საკვებ მცენარეთა ცალკეულ სახეობებს ემოქმედა ცხოველის ფერზე და შეეტანა მასში ცვლილება.

გამწევ, მუშა ძალად ხართან ერთად ცხენიც ითვლებოდა. ის ამავე დროს წარმოადგენდა ადამიანისათვის ყველაზე მოხერხებულ და იაფფასიანი გადაადგილების საშუალებას. ცხენი აუცილებელი იყო როგორც ცხვრის, ისე საქონლის მთა – ბარობის დროსაც. ამ დროს ძირითადი, აუცილებელი ტვირთი ცხენებით გადაჰქონდათ ბარიდან მთაში და მთიდან ბარში. საქართველოს ბუნებრივი პირობები მოითხოვდა, რომ შექმნილიყო ისეთი ჯიშის ცხენი, რომელიც იქნებოდა ძლიერი, ჯანმრთელი და იოლად შეძლებდა როგორც ბარში, ისე მთის პირობებში მოძრაობას. ასეთი ცხენის ჯიშის გამოყვანა კი დაკავშირებული იყო ხანგრძლივი შერჩევისა და შეჯვარების ცდებთან. ჩვენს წინაპრებს შე­უქმნიათ კიდეც ასეთი ცხენის ჯიში. ეს არის თუშური ცხენი. ის მომცრო ტანისაა, მაგრამ კარგად შეგუებულია მთის პირობებს. ძალიან კარგად მოძრაობს მთის ციცაბო ბილიკებზე, გადააქვს საკ­მაოდ დიდი ტვირთი და საკვებსაც იოლად მოიპოვებს მთის პი­რობებში, რასაც მოკლებულია დიდი ჯიშის ცხენები.

თავისი თვისებებით თუშურ ცხენს ძალიან ჰგავს ქიზიყური ცხენი. ისიც საშუალო ტანის იზრდება, არის მრგვალგავიანი, წვრილფეხებიანი, „ქაჩაჩუბალნო, პატარაჩლიქიანი. ძალიან მაგარი ჩლიქი აქვს. თავი ხმელი აქვს, ლამაზი მოყვანილობისა, იტანს სიცივეს, სიმაღლეს და ჯაფას, გულიანია. დიდხანს სძლებს სხვა ცხენებთან შედარებით. 30 წლამდე მუშაობს. ფერად წითელია. ძუა კოხტა აქვს და ფაფარი წმინდა. არც ძუა და არც ფაფარი ხშირი ბურტყლიანი არ აქვს“, _ ასე ახასიათებდნენ ქიზიყურ ცხენს კახელი მეურნეები 1935 წელს და გამოთქვამდნენ სინანულს, რომ „ეხლა იშვიათად მოიძებნება ჩვენი ქართული ცხენიო“.

ცხადია, ეს ცხენიც ხანგრძლივი შერჩევის, გაუმჯობესებისა და დიდი შრომის შედეგია. ამიტომ დასანანია, რომ მის შენარჩუნებას ყურადღება არ ექცევა.

საქართველოში გამოყვანილია, აგრეთვე, მეგრული ცხენი, ტანად საშუალოა და სქელი, შეგუებულია როგორც ბარის, ისე მთის პირობებს, ძლიერია. ისიც სოფლის მეურნის დაკვირ­ვებული და პრაქტიკული მუშაობის შედეგია. აქვს იორღული ან თოხარიკული სიარული. ამ ორში ერთ – ერთი აუცილებლად ახასიათებს.

იორღული სიარული ჩქარი სიარულია, ისე, რომ ცხენი მხედარს წელში არ არყევს, მასზე მჯდომი არ იღლება. თოხარიკით მავალ ცხენს  იორღასთან შედარებით უფრო ნელი სიარული აქვს; ლაფშური სიარული სწორი დიდი ნაბიჯებით სიარულია, ნაწილობრივ თოხარიკს ჰგავს; ძუნძულით სიარული – ხტუნვით სვლაა.

ჭაკი ცხენის   დასაგრილებლად ყოველთვის არჩევდნენ კარგ მოსიარულე ულაყს, იორღას ან თოხარიკს; ამასთან წყნარს და ადგილობრივ პირობებს შეგუებულს. ამავე დროს არჩევდნენ ოქროსფერ ან წაბლისფერ ულაყს, რადგან ამ ფერის ცხენები ითვლებოდნენ ძლიერ, ამტან და ჯანმრთელ ცხენებად.

ჯავახეთში ყოფილა ასეთი წესი: ახალდაბადებულ კვიცს დედის ძუძუზე არ მიუშვებდნენ, სანამ ხელით არ გამოწველიდნენ, ამბობდნენ აწყენსო. კვიცს ტუჩზე თორბას ამოსდებდნენ, რომ არ მოეწოვა, ხოლო როცა თვითონ გამოწველიდნენ, შემდეგ შეხსნიდნენ თორბას, საწოვრად მიუშვებდნენ. ერთი კვირის შემდეგ კი სულ ხსნიან თორბას. „ვირის მუტრუკსაც ასე თორბავენ“.

გადმოცემით,  მწყემსებსაც ადრე ჯოგის მოსავლელად თითო აჯილღა ჰყოლიათ. მას შეღავათს აძლევდნენ, ბარგს არ ჰკიდებდნენ. ის მგზავრობის დროს წინ მიუძღოდა ჯოგს, გასაჭირის დროს იცავდა მას და სხვა საქონელსაც საფრთხისგან – მგლისგან, უცხო ჯოგისგან და სხვა. აჯილღა სეტყვის ნიშანს შეიცნობდა (სეტყვის წინ ცივი ქარი მოდის. სეტყვას და ქარს შეუძლია ცხვარი და ცხენებიც კლდეზე გადაყაროს) და თუ ჯოგი მაღალ ადგილას იყო, დაუვლიდა და ქვემოთ უსაფრთხო ადგილას ჩამორეკავდა. ასევე დაუვლიდა ცხენებს – „დაიჭიხვინებდა, ზოგს უკბენდა კიდეც, აჰყრიდა,  წავიდოდა, ცხენებიც თან გაჰყვებოდნენ“.

როგორც არსებული ლიტერატურიდან, არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მასალებიდან ჩანს, საქართველოში ჯერ კიდევ ადრეული წლებიდან ყოფილა შემოყვანილი არაბული ჯიშის ცხენი, ასევე შემდგომში შემოუყვანიათ ჩერქეზული და ყაბარდოული ცხენები.

არაბული ცხენი ცნობილია თავისი სილამაზით, სიარულით. ის მხოლოდ ადამიანის გადაადგილების საშუალებაა. მთიან ადგილებში ტვირთისათვის არ გამოდგება. ჩერქეზული ცხენი კი ყოფილა ტანად მაღალი, კუდწვრილი, მსხვილი თავითა და პატარა ყურებით, წითელი ფერის, ჩქარი, ლამაზი ლაფშურით მოსიარულე. ყაბარდოული ცხენი ყოფილა ნაცრისფერი; კუდი და ძუა სქელი ჰქონია, ჩლიქები (ფლოქვები) ფართო, მწევარივით პატარა მუცელი, მკერდი და გავა საშუალოზე განიერი, გამოიყურებოდა როგორც ძლიერი ცხენი. ჩერქეზულ ცხენთან შედარებით თავი და ყურები უფრო დიდი ჰქონია. შემდგომში ამ ჯიშებმაც განიცადა გარკვეული ცვლილება ადგილობრივი გარემოს გავლენი­თა და სხვადასხვა ჯიშთან შეჯვარების შედეგად.

საქართველოში ყოფილა ე.წ. წერეთლის ცხენი.  მოყვითალო ფერის, ტანად საშუალოზე მეტი, ასევე გავა და მკერდიც საშუალოზე მეტი ჰქონია. ზურგზე „ნახევარი ვერშოკის“ სიგანის ზოლი მიყვებოდა, ყოფილა ლაფშურად მოსიარულე და მოთამაშე ცხენი.

შორეული წარსულიდან მიმდინარეობს საქართველოში მეცხე­ნეობისა და ცხენოსნობის ისტორია. მტრებით გარემოცული ქართველი ხალხი მუდამ დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მხედრულ ვარჯიშს ადამიანის ვაჟკაცობის, სიმამაცის, ამტანობისა და ბრძოლისუნარიანობის ათვისების საშუალებებს. ცხენზე ვარჯიშობით იწვრთნებოდა მიწა-წყლის დამცველი მეომარი _ მხედარი. მეცხენეობას და ცხენოსნური სპოტის კულტურას ქართველი ხალხი ქმნიდა და ავითარებდა საუკუნეების განმავლობაში. ქართველი მეფეები ძვირფას ქართულ ცხენებს იყენებდნენ. ისტორიულ საბუთებში ვხვდებით ქართული ცხენის აღწერილობას, საიდანაც ჩანს, რომ ის იყო ლამაზი, ტანადი, ენერგიული და სწრაფი. არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენიილია ბრინჯაოს ხანის ცხენის აკაზმულობის  ცალკეული საგნები. აგრეთვე  ძვ. წ.  IV საუკუნის ქალის სამკაულის 2 ოქროს მინიატურული ქანდაკება.

„მარადიული ქალაქის“ – რომის ცენტრში, მარსის ველზე ანტონიუს პიუსის ბრძანებით II საუკუნეში აღიმართა დიდებული ძეგლი ცხენზე ამხედრებულ მოჯირითე ქართველი ხელმწიფე ფარსმან II-ის. მან ეს დიდი პატივი კოლეზეუმში გამართულ მხედრულ ჯირითში დაიმსახურა. ძვ.წ. X – XI საუკუნეებში საქართველოში მრავალნაირი ცხენოსნური სანახაობა იმართებოდა – მათ  შორის სასპორტო რაინდული თამაშები.

ცხენოსნობა კარგად განვითარებული იყო ხევსურეთში. აქაური ცხენი განთქმული იყო როგორც მთას შეგუებული. ხევსური განსაკუთრებით უვლიდა ცხენს. არსებობს ლეგენდა,  როდესაც მეფე ერეკლემ ლეკებთან ბრძოლაში გაიმარჯვა. მან გმირობით გამოარჩია ხევსური, დაიბარა და უთხრა, რომ აზნაურობას უბოძებდა. ხევსურმა მოახსენა, მეფევ, აზნაურობა არ მინდაო, აი ის ცხენი მაჩუქეთ, თუშს რომ ჰყავსო. თურმე ბრძოლის დროს მოსწონებია.

XIX-ის საუკუნის მიწურულს ქართველ ცხენოსანთა გუნდები სისტემატურად მოგზაურობდნენ ამერიკის ქვეყნებში, სადაც ცირკ–იპოდრომებზე ფურორს ახდენდენ, ხოლო 1900 წლიდან, უკვე ევროპაშიც გამოდიოდნენ.

ამერიკის აღმოჩენის 400 წლის აღსანიშნავ ზეიმზე ჩასულმა ქართველმა მხედრებმა გაკვირვებული და აღტაცებული დატოვეს მოსახლეობა და თვით აშშ–ის პრეზიდენტი ჰარისონი.

ჩვენი შორეული წინაპრების მიერ იქნა გამოყვანილი ქართული, იგივე კახური ღორი, რომელიც კარგად არის შეგუებული როგორც ბარის, ისე მთის კლიმატს. სიცივეს და სიცხეს იოლად იტანს. ზამთარშიც კი იშვიათად სჭირდება დამატებითი საკვები.  გრძელი და ძლიერი დინგის მეშვეობით იოლად ახერხებს თოვლის პირობებშიც საკვების მოპოვებას. ზამთარში ძირითადად იკვებება ბალახის ფესვებით, დინგით თხრის მიწას და გლეჯს ბალახის ძირებს, ამიტომ ადვილი შესანახია და მომ­გებიანი. ხორციც უფრო გემრიელი და ხარისხიანი აქვს, ვიდრე სხვადასხვა ჯიშის, დიდი წონის ღორებს. თუმცა მათ წონით ჩა­მორ­ჩება და გოჭებსაც ნაკლები რაოდენობით იგებს, ვიდრე სხვა ღორის ჯიშები. ქართული ღორი შავიც არის   და ჭრელიც.

ქართველ მეურნე-მეცხოველეს დროთა განმავლობაში გამოუყვანია სანიმუშო ჯიშის ძაღლი _ ქართული ნაგაზი, რომელიც მწყემსის საუკეთესო თამაშემწე გამხდარა, რომლის გარეშე მწყემსის, განსა­კუთრებით, ცხვრის მწყემსის მუშაობა წარმოუდგენელი იყო.

ქართულ ნაგაზს ქიზიყში ქოფაკსაც ეძახიან. მათგან არჩევენ „ქოსას“ და „ბანჯგვლიანს“. მათი თქმით, ქოსა ძაღლი უფრო კარგი გამოდის – „ფხიზელია, ანჩხლია, მაგრამ ნადირს ვერ ერევა, რადგან მომცრო ტანისაა“, ბანჯგვლიანი ზორბაა, მაგრამ ზანტია. ამიტომ მას ჰგეშავენ: როცა სხვა მწყემსი მოდის და მას ლეკვობისას „უტევენ, ისიც ჯოხს იქნევს, ლეკვი კი ჰყეფს და არ უშვებს და იგეშება“. ჰგეშავენ ნადირზედაც. როცა ცხვარი ნადირისაგან დაფრთხება, სხვა ძაღლებს იმასაც გააყოლებენ და ნადირის სუნს აიღებს.

მთიულეთში (დუშეთის რაიონი, სოფელი ყველაანი) მოპოვე­ბუ­ლი მასალების მიხედვით „შეაჯვარებენ საუკეთესო, სუფთა ჯიშის მამალ (ხვად) ძაღლს დედალ ძაღლთან. შემდეგ კი ლეკვებსაც არჩევენ: კუდით ასწევენ და არ უნდა იწკმუტუნოს; დაიწვენენ ლეკვს თითზე და ის არ უნდა მოძრაობდეს. კარგ ლეკვს უნდა ჰქონდეს დიდი თავი და არ უნდა ჰქონდეს წვეტიანი ტუჩი. ლეკვები უნდა იყვნენ დედასთან ორ თვეს, მერე უნდა იკვებონ რძით. მერე კარგ ძაღლთან უნდა იყოს და ის გაწვრთნის. როცა დედას მოშორდებიან და რძეზე გადავლენ, უნდა  დაიბას, რომ ქოხში არ წავიდეს და იქ ნაბადზე არ დაწვეს და არ დაეჩვიოს. შემდეგ ძაღლებში უნდა გავუშვათ და საცა ცხვარი წავა, იქეთ უნდა წავიდეს“ და ასე შეეჩვევიან ფარას. „ზოგი ლეკვი ერთი შეხედვით დიდი და კარგია, მაგრამ მძინარია. მაშინ მწყემსი მიეპარება ღამე ჩუმად და მძინარეს ნაბადს გადააფარებს და გვერდში დაჰკრამს და მერე, ამის შემდეგ მეტად ფხიზლადაა“.

ავტორები: ჯემალ სვანიძე, ლევან თორთლაძე /სტატია მოგვაწოდა ჟურნალმა „აგრარული საქართველო./

Related Articles

ვაზის ჭრაქი
სამაცივრე აგრეგატები
ბიომიქსი – ბიოაგრო
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
რეკლამა – აგროკავკასია
აგროკავკასია, რეკლამა
აგროკავკასია FB