საუდის არაბეთსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემა Arab News საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ წერს.
გამოცემის ჟურნალისტმა შაისთახანმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრესტურის ფარგლებში იმოგზაურა.
„საქართველო არაბთათვის უცხო არ არის, 2022 წელს, ამ ქვეყანას სპარსეთს ყურის ქვეყნებიდან 140 ათასზე მეტი რეზიდენტი ეწვია, აქედან ვიზიტორთა 79 % საუდის არაბეთზე მოდის. 3 საათ ნახევარი ფრენის შემდეგ სპარსეთის ყურის რეგიონიდან საქართველოში ჩასული ტურისტი ევროპული და აზიური კულტურის ნაზავს აღმოაჩენს.
რუსთაველის გამზირზე თქვენ იპოვით როგორც ნეოკლასიკურ არქიტექტურას, მავრიტანულს, ოპერის შენობას, ასევე საბჭოთა ეპოქისთვის დამახასიათებელ შენობებს, რომლებმაც ტრანსფორმაცია განიცადეს და აქ კაფეები ან კრეატიული სივრცეებია მოწყობილი.
მდიდრულ კულტურულ მემკვიდრეობასთან ერთად სხვა მიზეზიც არსებობს რაც ტურისტს ამ ქვეყანაში იზიდავს. თოვლით დაფარული კავკასიონის მთები არასდროსაა შორს თქვენგან. მთელი წლის განმავლობაში კავკასიონის მთები მოთხილამურეებისა და სნოუბორდისტებისთვის სათავგადასავლო ადგილია. ადგილობრივები სტუმართმოყვარე ხალხია, აქ ადვილია გემრიელი კერძების აღმოჩენა და ხალხთან საუბარი“-,წერს შაისთახანი.
სტატიაში აღწერილი მეტეხი, აბანოთუბანი, ნარიყალა, თბილისის ბოტანიკური ბაღი, მშრალი ხიდი და ბაზარი.
„ნარიყალას ციხე-სიმაგრის ქვემოთ აბანოთუბანია, აქ წარმოდგენილია 6 რელიგიური ინსტიტუტი. თქვენ აღმოაჩენთ ქართულ მართლმადიდებლურ ტაძარს, კათოლიკურ, სომხურ გრეგორიანულ ეკლესიებს, მეჩეთს, სინაგოგას და ზოროასტრულ ცეცხლის ტაძარს“,-წერს ავტორი.
Arab News სოციალურ ქსელებში 9 მილიონამდე გამომწერი ჰყავს. გამოცემა პოპულარულია საუდის არაბეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ქუვეითში, კატარში, ბაჰრეინსა და ომანში.