აკად. ი. ჯავახიშვილის მონაცემებით, პირველ ქართულ ხელნაწერებში ნათარგმნი დოკუმენტი “ბიბლია” და “დაბადება”, ქერი წოდებულია ქართულად: “ქართილის” და “ქერის” სახელწოდებით.
ქერი მსოფლიოში მოსავლიანობისა და დაკავებული ფართობის მიხედვით, მეოთხე ადგილზეა. ამ კულტურას მსოფლიოში დაახლოებით 90 მილიონი ჰექტარი უკავია.
ქერი ყველაზე მეტი რაოდენობით ითესება რუსეთში, გერმანიაში, ჩეხეთში, ავსტრიაში, შვეციაში, დანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, ინგლისში, საფრანგეთში, ჩრდილო ამერიკაში, აზიის ქვეყნებში.
სხვა თავთავიან მარცვლოვან კულტურებთან შედარებით, ქერი ითესება ზღვის დონიდან უფრო მეტ მაღლობზე. მოჰყავთ აგრეთვე უკრაინაში, მოლდავეთში, ჩრ. კავკასიაში, ამიერკავკასიაში და შუა აზიის ქვეყნებში.
გვარი Hordeum L მიეკუთვნება თივაქასრასებრთა (Poaceae-ს) ოჯახს და ცნობილია მისი ერთი კულტურული სახეობა. გარდა კულტურული სახეობისა, ცნობილია მისი 26-34 ველური სახეობა, რომელთა შორისაც გვხვდება ერთწლოვანი და მრავალწლოვანი სახეობები. კულტურული ქერი თვითდამამტვერიანებელი მცენარეა.
მის ფორმებში გვხვდება თვითდამამტვერიანებელი და ჯვარედინდამამტვერიანებელი სახეობები.
მრავალწლოვან ქერის სახეობებში სჭარბობს ჯვარედინდამამტვერიანებელი სახეობები. ქერის დიპლოიდურ ანაწყობში, სახეობების მიხედვით, ქრომოსომების რიცხვი უდრის 14-ს, 28-ს და 42-ს, ე.ი. ქმნიან პოლპლოიდურ რიგს;
კულტურული ქერი Hordeum sativum Lessen. განვითარებული თავუნების მიხედვით იყოფა სამ ქვესახეობად:
1. H. vulgare _ მრავალმწკრივიანი, ანუ ჩვეულებრივი ქერი. თავთავის ღერაკის თითოეულ ამონაკვეთში სამი განვითარებული თავთუნია, რომელიც მარცვალს იკეთებს. თავთავის სიმკვრივისა და მასზე მარცვლების განწყობის მიხედვით მრავალმწკვრივიანი ქერი თავის მხრივ ორ ჯგუფად იყოფა: ექვსმწკვრივიან და ოთხმწკვრივიან ქერებად.
როცა განვითარებული მარცვლები თავთავის ღერაკიდან თანაბრად არის გარეთ გადაწეული, ქმნის ექვსკუთხედს _ საქმე გვაქვს წესიერ ექვსმწკრივიან ქერთან _ H hexastichum L, ხოლო როცა ქერის მარცვლები თანაბრად არ არის გარეთ გადაწეული თავთავის ღერაკიდან ე.ი. შუა თავთუნები მჭიდროდ არის აკრული თავთავის ღერაკზე.
ხოლო გარეთა თავთუნები განზეა გადაწეული, თავთავი განივ განაკვეთზე იღებს მართკუთხედის ფორმას. თავთავის ერთი მხარე ვიწროა, მეორე განიერი. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ოთხწახნაგოვან (მწკრივიან) ქერთან H.tetrastichum Korm.
2. H. destichum L _ ორმწკრივიანი ქერი. თავთავის ღერაკზე არსებული ამონაკვეთზე სამი თავთუნიდან განვითარებულია მხოლოდ შუა თავთუნი, განაპირა თავთუნები უნაყოფოა.
3. H. intermedium vavetore _ შუალედური ქერი. თავთავის ღერაკის ამონაკვეთზე არსებული სამი თავთუნიდან შეიძლება განვითარდეს ერთიდან სამ მარცვლამდე.
გარდა აღნიშნულისა, არსებობს ქერის სისტემატიკაზე სხვა შეხედულებაც, შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში მიიჩნევენ, რომ კულტურული ქერის ყველა ფორმა (მათთან ადვილად შეჯვარების უნარიანი) ყველა სახეობები გაერთიანდნენ ერთ ნაკრებ სახეობად. H. vulgary.
ქერი უძველესი კულტურაა. მისი ადამიანის მიერ მოყვანა დაწყებული იქნა დაახლოებით ჩვენს ერამდე 9-10 ათასი წლის წინათ. ამ კულტურის წარმოშობის შესახებ ამჟამადაც არსებობს ორი კონცეფცია: მონოფილეტური და დიფილეტური.
პირველი კონცეფციის მიხედვით კულტურული ქერი წარმოიშვა ველურ პოლიმორფული სახეობა. H. spontaneum C. koch-დან, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს მცირე აზიას და ჩრდილო აფრიკას. ეს სახეობა ადვილად უჯვარდება კულტურულ ქერს.
მაგრამ კულტურული ქერისაგან განსხვავებით ამ ვრცელ სახეობას ახასიათებს თავთავის მტვრევადობა. მეორე კონცეფციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მრავალმწკრივიან და ორმწკრივიან ქერებს ჰყავდათ სხვადასხვა წინაპრები.
კულტურული ქერის მონოფილეტური წარმოშობის სასარგებლოდ მიუთითებს ის ფაქტი, რომ მრავალმწკრივიან და ორმწკრივიან ქერებს შორის არსებობს გენეტიკური მახლობლობა (სიახლოვე): ადვილად შეჯვარების უნარიანობა, ორგანოგენეზის განსაზღვრულ ეტაპამდე (თავთავის ღერაკის თითოეულ მონაკვეთში თავთუნების თანაბარი რაოდენობით ჩასახვა) მოკლე დღეზე და კარგი კვების პირობებში ორმწკრივიანი ქერის გარდაქმნა მრავალმწკრივიანად.
კულტურული ქერი წარმოიშვა წინა აზიაში. არსებობს მისი წარმოშობის სხვა გენეტიკური ცენტრებიც: ეთიოპია, სადაც კულტურული ქერის მრავალფეროვანი სახესხვაობებია აღმოჩენილი და აღწერილი; ჩინური-იაპონური, ამ ქერისათვის დამახასიათებელია მოკლე ღერო და მკვრივი თავთავი, წვრილი მომრგვალო მარცვლის ფორმები, გარდა ამისა ამ ფორმებს ახასიათებთ მოკლე ფეხები ან არიან უფხო ფორმები რქისებური მარცვლით.
ხმელთაშუა ზღვის კერა, სადაც გავრცელებულია მსხვილმარცვლოვანი უხეშთავიანი (რიგიდული) სახესხვაობები; შუააზიური კერა, სადაც გავრცელებულია რიგიდული, ხოლო სარწყავებში შიშველმარცვლიანი და მსხვილმარცვლიანი ფორმები.
ყველა ეს ცენტრი (კერა) მეორადია, რაზედაც მიუთითებს ის ფაქტი, რომ უმეტეს ფორმებს ახასიათებთ რეცესიული ნიშნები (შიშველი მარცვლიანობა, მსხვილმარცვლიანობა და ა.შ.) კულტურულ ქერში გამოყოფილია მთელი რიგი ეკოლოგიურ-გეოგრაფიული ჯგუფები.
ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში გამოყოფილია საგაზაფხულო ქერის 12 ჯგუფი და საშემოდგომო ქერის 4 ჯგუფი. ჰიბრიდიზაციის შედეგად მიღებულია ქერის მეტად დიდი მრავალფეროვანი ფორმები, რომელთა რომელიმე ჯგუფზე მიკუთვნება გაძნელებულია.
ზოგიერთი ცნობა ქერის კულტურაში შეტანის და მისი გავრცელების შესახებ
თავთავიან მარცვლეულ კულტურათა შორის ქერი ერთ-ერთი უძველესი მცენარეა და ითვლება ხორბლის თანმდევ კულტურად. პერსივალი მიიჩნევდა, რომ ქერის კულტურაში შეტანა მოხდა ჩვენს ერამდე X-XV ათასი წლის წინათ.
წინა აზიის (ირანი, ერაყი, თურქეთი) ქვეყნებში ჩატარებული არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული ქერის მარცვლების შესწავლით დადგენილი იქნა, რომ ამ ქვეყნებში ქერი კულტურაში უფრო ადრე იქნა შეტანილი, ვიდრე ეგვიპტეში.
ქერის კულტურის წარმოშობის თეორიის დამუშავების საქმეში განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, წინა აზიის ქვეყნების არქეოლოგიურ განათხრებში ორმწკრივიანი ქერის მარცვლების აღმოჩენამ. გაირკვა, რომ წინა აზიის ქვეყნებში ორმწკრივიანი ქერი გავრცელებული ყოფილა VIII-VII ათასი წლის წინ ჩვენს ერამდე.
შემდგომში ჩატარებული არქეოლოგიური განათხრებში მოპოვებული მარცვლების ანალიზით დოკუმენტურად დასაბუთებული იქნა, რომ ქერი ეგვიპტეში უფრო გვიან იყო გავრცელებული. ამ კულტურის გავრცელება ეგვიპტეში თარიღდება VI-V ათას წლებით ჩვენს ერამდე.
ევროპაში ქერი შევიდა მესოპოტამიიდან მცირე აზიით, ჯერ საბერძნეთში, აქედან ბალკანეთით დუნაის ველზე და სამხრეთ რუსეთში.
ჩინეთში და ინდოეთში ქერის არსებობა თარიღდება ჩვენს ერამდე II ათასი წლით. იაპონიაში ქერი შეტანილი იქნა ჩინეთიდან და კორეადან.
დღემდე შემორჩენილია ძეგლები და არქეოლოგიურ გათხრებში მოპოვებული ნარჩენები მიუთითებენ, რომ ქერი ამიერკავკასიის ქვეყნებისათვის მკვეთრად უძველესი კულტურაა და ეს ქვეყნები წარმოადგენენ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირველად ცენტრს ქერის კულტურის წარმოშობისა.
აკად. ი. ჯავახიშვილის მონაცემებით, პირველ ქართულ ხელნაწერებში ნათარგმნი დოკუმენტი „ბიბლია” და „დაბადება”, ქერი წოდებულია ქართულად: „ქართილის” და „ქერის” სახელწოდებით.
შემდგომში ისტორიოგრაფი ორბელიანი იძლევა ამ ორი სახელწოდების ახსნას: „ქართილი” იყო ქერის საშემოდგომო ნათესი, „ქერი” გაზაფხულის ნათესი.
შემდგომში ქერის ასეთი დაყოფა წერილობით დოკუმენტებში აღარ გვხვდება და ამჟამად ქართული სასაუბრო ლექსიკონიდან თითქმის სრულიად ამოვარდნილია სიტყვა „ქართილი”, სამაგიეროდ შემორჩენილია სიტყვა „ქერი”.
ამჟამად ჩვენ გვხვდება ქერის შემდეგი ჯიშობრივი სინონიმები საქართველოში
• მრავალმწკვრივიანი ქერის სინონიმები: „კეჟერი ქერი“, „ჩარათი ქერი“, „გვირგალი ქერი“(ალბათ მრგვალი ქერი), „ძველთესლი ქერი“, „ექვსრიგიანი ქერი“;
• ორმწკვრივიანი ქერის სინონიმებია: „მარტივი ქერი“, „ბრტყელი ქერი“, „ორრიგიანი ქერი“, „ახალთესლიქერი“.
საქართველოს მიწათმოქმედების პრაქტიკაში მიღებული ქერის დაჯგუფება შეესაბამება მათ ბიოლოგიურ თავისებურებებს, კერძოდ: “ქართლი” _ “ძველთესლი” ბიოლოგიურად საშემოდგომო ქერია და “ქერი” _ “ახალთესლი” საგაზაფხულო ქერი.
ქერი ფართოდ გავრცელებული მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. ის განსაზღვრავს მიწათმოქმედების ბოლო საზღვრებს, როგორც ჩრდილოეთის უკიდურეს განედზე, ისე ზღვის დონიდან მაღალმთიან ადგილების მიწათმოქმედების უკიდურეს ზღვარს.
მისი გავრცელება ჩრდილოეთიდან 700 განედამდე (ნორვეგია) 400 განედამდე (ახალიზელანდია) და ვერტიკალური მიმართულებით მთაში ის ადის 4570 მ-მდე (ლადაკი, პანამაში 4700 მ-ზე, ჰენჯამბრში 5000 მ-მდე, ჩინეთში 4000 მ-მდე).
ქერი თავისი გეოგრაფიული გავრცელების მიხედვით განსაკუთრებით კოსმოპოლიტური მცენარეა. საქართველოში ქერის კულტურა იწყება დაბლობი ველების რაიონებიდან მშრალ კონტინენტალური ჰავის ზონაში და გვხვდება რა მემინდვრეობის ყველა კლიმატურ ნაირსახეობაში, აღწევს მიწათმოქმედების საზღვრებამდე ერთადერთი მარცვლეული კულტურის სახით.
ზონალობის თვალსაზრისით, ქერის კულტურა საქართველოში იწყება 200 მეტრის სიმაღლიდან და ადის 2350 მეტრის სიმაღლემდე, ზღვის დონიიდან.
ავტორი: გელა დემეტრაშვილი/ამონარიდი, დისერტაცია/
იხილეთ აგრეთვე: ქერი – თესვა, მოვლა-მოყვანა და ჯიშები