დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში, საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მურა დათვი მოკლეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბრაკონიერობასთან ბრძოლის ფარგლებში, მურა დათვზე უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს „წითელი ნუსხით“ დაცული სახეობა მოქალაქეებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩალისჭალაში მოკლეს.
მურა დათვის (ლათ. Ursus arctos) – სხეულის სიგრძე 2,5 მ-მდე, მასა 480 კგ-მდე აღწევს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ ამერიკაში, ბინადრობს უმთავრესად მთლიანი ტყის მასივებში, კავკასიისა და შუა აზიის მთებში, ყველგან შედარებით მცირერიცხოვანია. ზოგან განადგურდა. იკვებება როგორც მცენარეული და ცხოველური საკვებით. მაკეობა 7 თვემდე გრძელდება. 2 წელიწადში ერთხელ შობს 2-3 ბელს.
მურა დათვზე უკანონო ნადირობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობა 50 ათასი ლარია.
ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.