რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანმა გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსთან, ვერონიკა გარსია დელ არკოსთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრის მხარეებმა განიხილეს მიმდინარე და მომავალი თანამშრომლობის საკითხები. მათ შორის, ისაუბრეს KfW-ის დაფინანსებით, საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არასახიფათო ნარჩენების რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობის, წყალმომარაგება-წყალარინების, ასევე, ტურიზმის ინფრასტრუქტურისა და ენერგო-ეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებით სკოლების რეაბილიტაციის პროექტების პროგრესსა და შედეგებზე.
შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ „მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის მე-2 პროგრამის ფარგლებში, უახლოეს პერიოდში დაიწყება სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობის სამუშაოები, რომელიც ითვალისწინებს ძველი ნაგავსაყრელების დახურვასაც.
მხარეებმა შეხვედრაზე გამოთქვეს მზაობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მრავალწლიანი თანამშრომლობა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ KfW-ს სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის დირექტორი, რეგიონული მენეჯერი და სამინისტროს ინფრასტრუქტურის პოლიტიკისა და განვითარების პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლები.