ბუნებაში ფუტკრების მიერ ნექტრის შემოტანის შემცირების შემთხვევაში (ჩვენს პირობებში ეს პერიოდია – სექტემბრის ბოლო – ოქტომბრის დასაწყისი) საშემოდგომო შემოწმების დროს ვადგენთ ფუტკრის ოჯახში დედა ფუტკრის არსებობას და მის ხარისხს, ბარტყის რაოდენობას, ბუდის საერთო მდგომარეობას, ფიჭის ხარისხს, საკვების რაოდენობას.
საშემოდგომო აღწერის დროს ხდება ბუდის შემოწმება. სკიდან ამოღებული უნდა იქნას ზედმეტი ჩარჩოები, რომლებსაც ფუტკარი არ ფარავს.
მოწმდება საკვების ხარისხი, რომელიც დატოვებულია ფუტკრის ოჯახებში გამოსაზამთრებლად (ერთ ჩარჩო ფუტკარზე – 2,0 კგ თაფლი), ყურადღება უნდა გამახვილდეს დაკრისტალებულ თაფლზე. ამ შემთხვევაში ასეთი ჩარჩოები ამოიღება სკიდან რადგანაც გარკვეული პერიოდის შემდეგ შაქრდება ფიჭის უჯრედებში და ზამთარში ფუტკრის საკვებად არ გამოდგება, რაც იწვევს ფუტკრის ოჯახის დაღუპვას.
მოუმწიფებელი გადაუბეჭდავი თაფლი კრისტალდება. კრისტალიზაციის თავიდან ასაცილებლად ღალიანობის დროს ფუტკრის ოჯახებს უნდა მიეცეს ცარიელი ფიჭები ძველი თაფლის გარეშე.
ფუტკრის გამოზრდა შემოდგომაზე მეფუტკრის ერთ-ერთი ძირითადი საქმიანობაა, რათა დაზამთრებაში შეიყვანოს რაც შეიძლება ძლიერი ფუტკრის ოჯახები. გარდა ამისა, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა ფუტკარი შედის დაზამთრებაში, მით უკეთესად ზამთრობენ ისინი და გაზაფხულზე კარგად ვითარდებიან.
ფუტკრის ოჯახებს უნდა შეუქმნათ მოვლის ოპტიმალური პირობები ბარტყის გამოსაზრდელად აგვისტოში. ამ დროს ფუტკრის ოჯახებს უნდა მიეცეს გამაღიზიანებელი საკვები, რათა დედამ მოუმატოს კვერცხდებას. დადებული კვერცხიდან ვითარდება დაზამთრებაში შესასვლელი ფუტკარი, რომელიც გაზაფხულზე აქტიურად მუშაობს.
ფუტკრის ოჯახებში ახალგაზრდა ფუტკრების რაოდენობის გაზრდა შესაძლებელია შემდეგი პირობების დაცვით:
• ოჯახში ახალგაზრდა დედის ყოლა (2 წლამდე ასაკის);
• დიდი რაოდენობით სამარაგო საკვები;
• კარგი გამოსაყენებელი ფიჭები (ღია ყავისფერი და არა გაშავებული ან ახლად აშენებული);
• წამაშველებელი ღალა (მცირე ღალიანობა ბუნებაში).
შემდგენლები: მაია ფეიქრიშვილი, ალექსანდრე კორძახია
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.
იხილეთ აგრეთვე: ფუტკრის ოჯახების მოვლა თვეების მიხედვით