ჩვენ უკვე განხილული გვაქვს ფუტკრის ბუნებრივი ნაყრიანობა და მისი მნიშვნელობა ფუტკრის ოჯახების გამრავლების თვალსაზრისით.
მაგრამ მეფუტკრეობის პროგრესი შეუძლებელია ფუტკრის ოჯახის ხელოვნური გამრავლების გარეშე. ნოვატორი მეფუტკრეები ამ მხრივ მუდმივად გვთავაზობენ სიახლეებს ან სრულყოფის გზებს.
ფუტკრის ხელოვნური გამრავლებით ნამატი ოჯახის შედგენის მრავალი მეთოდი არსებობს, რომელთაგან განვიხილავთ რამოდენიმეს:
- ინდივიდუალური ნამატი;
- ფუტკრის ნამატი ოჯახის შუაზე გაყოფით;
- ორი ან მეტი ოჯახიდან ნაკრები ნამატი;
- ნამატი ოჯახის შედგენა დედაზე ფუტკრის დაფრენით;
- ბარტყზე ფუტკრის მიფრენით ხელოვნური ნამატი;
- უფიჭო ამანათნამატის წარმოება;
- დედიანი ამანათნამატის წარმოება.
ინდივიდუალური ნამატი
ინდივიდუალური ნამატის, ანუ ფუტკრის ძლიერი ოჯახიდან გამოყოფილი ნაწილის შესადგენად იღებენ ახალგაზრდა ფუტკრით დატვირთულ 4-5 ჩარჩოს, რომელთაგან 3-4 ფიჭა გადაბეჭდილ-ბარტყიან (რაც საშუალებას იძლევა, რომ ამ კონდიციის ოჯახმა დამოუკიდებლად იარსებოს), ათავსებენ ახალ სკაში და საფუტკრეში ახალ ადგილს მიუჩენენ, 5-6 საათის შემდეგ გალიით მისცემენ ახალგაზრდა განაყოფიერებულ დედას ან მწიფე სადედეს, 1-2 ხელოვნურ ფიჭას და დაათბუნებენ.
ახალი ოჯახის შედგენა უნდა მოხდეს კარგ ამინდში შუადღისით, რადგან მოღალე ფუტკარი მინდორშია გასული და ფიჭებზე მსხდომი ახალგაზრდა ფუტკრები ახალ დედას ადვილად მიიღებენ.
მაგრამ ხნიერი ფუტკრები, რომლებიც გაჰყვებიან ახალ შედგენილ ოჯახს, ძველს დაუბრუნდება. ამიტომ ახალი ოჯახის შედგენისას, ფუტკრით რომ არ გაღარიბდნენ, მასში დამატებით ჩააბერტყავენ ძირითადი ოჯახიდან ბარტყიან ჩარჩოზე მსხდომ ფუტკარს, ბარტყიან ჩარჩოს კი ძირითად ოჯახს უკანვე დაუბრუნებენ.
ახლად შედგენილ ნამატ ოჯახს საღამოს მისცემენ განაყოფიერებულ დედას ან სადედეს. თუ მწიფე სადედეთი ქმნიან ახალ ოჯახს, მაშინ მწიფე სადედე უნდა მიეცეს 4-8 საათის შემდეგ ან მესამე დღეს.
თუ ფიჭებში არ არის შემოტანილი ნექტარი, პირველ დღეს ფუტკარს აძლევენ 1 ლ-მდე სიროფს ფიჭის უჯრედებში ჩასხმით, ორი-სამი დღის შემდეგ კი ნამატ ოჯახს შეამოწმებენ დედის ან სადედის მიღებაზე.
თუ დედა მიღებულია, იგი დაიწყებს კვერცხისდებას, მაგრამ თუ ფიჭის უჯრედებში არსებულ კვერცხზე ან ჭიაზე ჩამოაშენებენ გაჭირვების სადედეებს, ეს ნიშნავს, რომ დედა არ მიუღიათ. ამიტომ სადედეები უნდა ჩამოუშალოთ და მისცეთ სათადარიგო დედა, ახალი მწიფე სადედე, ან გაუნაყოფიერებელი დედა.
ფუტკრის ნამატი ოჯახის შუაზე გაყოფით
ოჯახის შუაზე გაყოფით ფუტკრის ნამატის მისაღებად, სკას, რომელშიაც 8-9 ჩარჩო ბარტყი და 12 ჩარჩო ფუტკარია – ყოფენ შუაზე.
ცარიელ სკას დგამენ გასაყოფი ოჯახის ან მარჯვნივ ან მარცხნივ. ცარიელი სკა სასურველია ჰგავდეს ფერით ძველ სკას.
ამის შემდეგ ყოფენ ოჯახში არსებული მუშა და ძიძა ფუტკრის მთელ მასას, თაფლიან, ჭეოიან და ბარტყიან ჩარჩოების ნახევარს მასზე მსხდომი ფუტკრებით ათავსებენ ახალ სკაში.
თვალყურს ადევნებენ თუ რომელში აღმოჩნდა დედა ფუტკარი და თუ დედას ვერ ძებნიან და ისე ყოფენ ოჯახს, მეორე ან მესამე დღეს ნახულობენ თუ რომელ მხარეს არის დაწყებული სადედის ჩამოშენება, უდედოდ დარჩენილ ნახევარს აძლევენ 1-2 აშენებულ ფიჭას, სათადარიგო დედით ან ფიჭაზე ამყნობენ მწიფე სადედეს.
კვერცხისდების დაწყებამდე ახლად შედგენილ ოჯახს ხელოვნურ ფიჭას არ აძლევენ, რადგან ფუტკრები მასზე მხოლოდ სამამლე უჯრედებს ჩამოაშენებენ, დედიან ნახევარს კი ჩაუდგამენ 1-2 ხელოვნურ და ერთ მშრალ ფიჭას.
ბარტყიან ფიჭებს ათავსებენ ბუდის შუაში, მიადგამენ სახურავს. ძველ სკას გადადგამენ ან მარცხენა ან მარჯვენა მხარეს ისე, რომ მის მიერ ადრე დაკავებული ადგილი თავისუფალი დარჩეს, რათა მინდვრიდან დაბრუნებული მუშა ფუტკარი თანაბრად განაწილდეს ორივე სკაში. მაგრამ თუ ერთ სკაში მეტი ფუტკარი შედის, მაშინ ამ სკას კიდევ გვერდზე გადაწევენ.
ორი ან მეტი ოჯახიდან ნაკრები ნამატი
ორი ან მეტი ოჯახიდან ნაკრები ნამატის მისაღებად შუა დღისით, როცა ფუტკრის ძირითადი მასა ღალაზეა გასული, ახლა სკაში გადააქვთ ერთი ოჯახიდან ორი-სამი ფუტკრიანი და გადაუბეჭდავი ბარტყიანი ჩარჩო, ხოლო მეორე ოჯახიდან 2-3 გადაბეჭდილი სათადარიგო დედას ან მწიფე სადედეს.
ამ წესით მიღებულ ნაკრებ ნამატს რამოდენიმე ოჯახიდანაც ადგენენ თითო ოროლა ბარტყიან და თაფლიან ფიჭებზე მსხდომი ფუტკრებით, რომელსაც 4-5 საათის შემდეგ აძლევენ დედას ან მწიფე სადედეს.
სხვადასხვა ოჯახებიდან ამოყვანილი ფუტკრებს შორის ურთიერთთავდასხმის თავიდან ასაცილებლად მოწოდებულია არომატიზირებული თხელი სიროფის (მაგ. პიტნის წვეთებიანი) ფუტკარზე შესხურება, ან ახალი სკის შედგენისას ჯერ ფუტკრებს ჩაბერტყავენ სკაში და შემდეგ ჩადგამენ მასში ჩარჩოებს.
ფუტკრები ჩაბერტყვის შედეგად კარგავენ წინააღმდეგობის გაწევის უნარს, ერთმანეთში ირევიან და ერთმანეთს ეგუებიან.
ნამატი ოჯახის შედგენა დედაზე ფუტკრის დაფრენით
სკაში დგამენ 1 თაფლიან ჩარჩოს, 2-3 მშრალ ფიჭიან და 2-3 ჩარჩო ხელოვნურ ფიჭას, შემდეგ პოულობენ დედას და ჩარჩოიანად ათავსებენ სკაში. ამ მეთოდის დროს ახლად შედგენილი ოჯახი უბარტყოა.
ახალ სკას დგამენ ძველი სკის ადგილზე, ძველი გადააქვთ მოშორებით.
სამუშაოდან დაბრუნებული მუშა ფუტკარი შედის ახალ შედგენილ ნამატ ოჯახში, სადაც თავისი დედა უხვდებათ. ამ შემთხვევაში მიიღება მხოლოდ ძველი მუშა ფუტკრისგან შემდგარი ოჯახი.
მოშორებით დადგმულ ძველ ოჯახს კი აძლევენ ახალ დედას ან მწიფე სადედეს.
გარდა ამისა, რადგან ამ ოჯახმა დაკარგა მთელი თავისი მოღალე ფუტკარი და ოჯახში წყლის შემომტანი არაჰყავთ, ვიდრე ახალგაზრდა ფუტკარი მინდორში მუშაობას შეუდგება, ბარტყი და ახალგაზრდა ფუტკარი უწყლობით რომ არ შეწუხდეს, 2-3 დღის განმავლობაში აძლევენ წყალს ან თხელ სიროფს.
გარდა ამისა, ფუტკრისათვის ძველი ბუდე, საიდანაც გაკეთდა ნამატი, ფართეა, იგი საჭიროებს შემცირებას, რისთვისაც ბუდიდან ზედმეტ ჩარჩოებს ამოიღებენ.
ბარტყზე ფუტკრის მიფრენით ხელოვნური ნამატი
ბარტყზე ფუტკრის მიფრენით ხელოვნური ნამატის შესადგენად წინასწარ იღებენ ახალ სკას, რომელშიც დგამენ ერთ საკვებიან, ორ-სამ მშრალ და ამდენივე ხელოვნურ ფიჭიან ჩარჩოს, შემდეგ ძირითად ოჯახში პოულობენ დედას და ფიჭიანად ახალ სკაში ათავსებენ, გადმოყავთ ფუტკარი მთლიანად და დგამენ ძირითადი ოჯახის ადგილზე.
ძირითად ოჯახს კი, რომელშიც მხოლოდ ბარტყიანი ფიჭები უფუტკროდ და უდედოდაა დარჩენილი, რომელიმე ძლიერი ოჯახის ადგილზე დგამენ, სადაც შევა იმ ადგილზე მდგომი ოჯახის ფუტკარი, ხოლო ამ ძლიერ ოჯახს ახალ ადგილზე მდგომი ოჯახის ფუტკარი, ხოლო ამ ძლიერ ოჯახს ახალ ადგილზე გადაიტანენ, რომელიც ასევე ძლიერი ოჯახის მოღალე ფუტკრით შეივსება.
ამ ხერხით ხელოვნური ნამატის შედგენა თბილ ამინდში და ფუტკრის ინტენსიური ფრენის დროს უნდა მოხდეს.
უფიჭო ამანათნამატის წარმოება
უფიჭო ამანათნამატის წარმოებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. მისი ღირებულება გაცილებით იაფია, მის ტრანსპორტირებას ნაკლები ხარჯები სჭირდება. უფიჭო ამანათნამატის დამზადებით იზოგება ფიჭები, ბარტყი, თაფლი, ჭეო.
თავიდან არის აცილებული ინფექციური დაავადებების მაგ. ბარტყის სიდამპლეების გავრცელება, რომლის ძირითადი გავრცელების წყარო დაინფიცირებული ფიჭებია.
უფიჭო ამანათნამატის შესადგენად პატარა ზომის ყუთში, რომლის ერთ გვერდზე მავთულბადე აქვს, შიგნით ჯვარედინად თავსდება ორი თამასა, რომელსაც ფუტკარი გუნდად ჩამოეკიდება. ფუტკრის ჩაბერტყვა ხდება ყუთზე გაკეთებული ხვრელიდან ძაბრის საშუალებით.
თუ ამანათნამატი დანიშნულების ადგილზე ერთი დღე-ღამის განმავლობაში ჩადის, მაშინ ფუტკარს საკვების მიცემა არ სჭირდება,
შორ მანძილზე გადასატანად კი საჭიროა კანდის ან ქილით 60% შაქრის სიროფის მიცემა, ქილას თავდაყირა კიდებენ, რომელსაც მორგებული აქვს წვრილად ჩაჩხვრეტილი სახურავი. უფიჭო ამანათნამატში ძაბრის საშუალებით 1,2-1,5 კგ ფუტკარს ჩაყრიან და გალიით მისცემენ განაყოფიერებულ დედას.
ადგილზე ჩატანილ ამანათმანატის ფუტკარს წინასწარ მომზადებულ სკაში თაფლიან და ჭეოიან ფიჭებზე აბინავებენ. ასეთი ნამატი შეიძლება გამოყენებული იქნეს სუსტი ოჯახების გასაძლიერებლად.
დედიანი ამანათნამატის წარმოება
დედიანი ამანათნამატის წარმოება – მეფუტკრეობის პრაქტიკაში ყველაზე გავრცელებული მეთოდია.
ძირითადი ოჯახიდან ამოიღებენ 4 ფიჭიან ჩარჩოს, მასზე დაფარული ფუტკრით და განაყოფიერებული დედით, რომელთაგან 2 ჩარჩოზე გადაბეჭდილი ბარტყია, 2 ჩარჩო თაფლიანი და ჭეოიანია.
უდედოდ დარჩენილ ძირითად ოჯახს კი აძლევენ სათადარიგო დედას ან მწიფე სადედეს. ჩარჩოიანი ამანათნამატის ფორმირება ხდება ბარტყიან და ფუტკრიან ჩარჩოზე დედის გარეშეც, რომელსაც ახალ სკაში ჩასმის შემდეგ აძლევენ დედა ფუტკარს და 1-2 ხელოვნურ ფიჭას, კვებავენ შაქრის სიროფით და დედის მიღებისა და კვერცხის დების შემდეგ უკეთებენ რეალიზაციას.
ფუტკრის ოჯახების ხელოვნური გამრავლებით ნამატის შედგენა (რომელსაც მეფუტკრეები ხელოვნურ ნაყრებს უწოდებენ) უნდა წარმოებდეს მთავარი ღალიანობის დაწყებამდე. ადრეული ნამატისათვის – აპრილის ან მაისის ბოლოს, მთიანია რეგიონებისათვის კი ოჯახის გამრავლების ვადები ორი კვირით გადაიწევა.
შემოდგომის ნამატის მიღება უნდა მოხდეს ღალიანობის დამთავრებისთანავე ჭარბი ფუტკრის რაოდენობის ხარჯზე წინასწარ გამოყვანილ განაყოფიერებულ დედებზე, სიძლიერით 3-4 ჩარჩო ფუტკრიანი 2-3 ნამატი სკაში ერთად თავსდება, რომლებსაც ერთმანეთისაგან ყრუ ტიხარით გამოყოფენ. ისინი ნორმალურად ზამთრობენ და გაზაფხულისათვის საუცხოო ადრეულ ნაყრებს წარმოადგენენ.
მეფუტკრეობის სახელმძღვანელო – შემდგენლები: მ.ნაკაშიძე, ვ. სტეფანიშვილი, ა. ეჯიბაძე.
იხილეთ აგრეთვე: ბუნებრივი ნაყრიანობა – ფუტკრის გამრავლების ბიოლოგიური პროცესი