ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა

მეფუტკრეთა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მეფუტკრეობის დარგში არსებული მდგომარეობა, ფერმერთა საჭიროებები და ქართული თაფლის საექსპორტო პოტენციალი განიხილეს.

როგორც შეხვედრაზე ოთარ შამუგიამ აღნიშნა, ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის ხელშემწყობი პროექტები აქტიურად ხორციელდება. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მეფუტკრე ფერმერების მხარდასაჭერად, იქმნება ისეთი პროექტები, რაც ხელს უწყობს ხარისხიანი პროდუქციის წარმოებას და ექსპორტის ზრდას.

საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო პაპავამ  მეფუტკრე ფერმერების საჭიროებებზე, მათ შორის, სკების რეგისტრაცია-იდენტიფიკაციის პროცესის გააქტიურებისა და ფუტკრის დაავადებების კონტროლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. აღინიშნა, რომ მიკვლევადობის სისტემის არსებობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თაფლის წარმოების და ექსპორტის  ზრდას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეფუტკრეობის მიმართულებით სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მიმდინარე აქტივობებს. აღინიშნა, რომ,  ამ ეტაპზე, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგისტაცია-იდენტიფიკაციის  სისტემაში რეგისტრირებულია 45 საფუტკრე მეურნეობა,  ჯამში 7 000 სკა. ფერმერთა დაინტერესებისა და რეგისტაცია-იდენტიფიკაციის სტიმულირების მიზნით, სამინისტრო შესაბამის ღონისძიებებს განახორციელებს, რაც ტექნიკურ უზრუნველყოფასაც ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები კახა კაკაბაძე და თენგიზ ნასარიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის განვითარების სააგენტოსა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის „მერსი ქორფსი“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

თქვენი რეკლამა