ყვავილოვანი კომბოსტო – მოვლა-მოყვანის ტექნოლოგია

ყვავილოვანი, კომბოსტო

ყვავილოვანი კომბოსტო – ჯვაროსანთა ოჯახი, ლათ. Brassica Cauliflora L.

ზოგადი ინფორმაცია

ყვავილოვანი კომბოსტო წარმოშობილია ველურად მზარდი სახეობებისაგან, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის რეგიონებში ხარობენ. როგორც სასოფლო-სამეურნეო კულტირა, გერმანიაში, ჰოლანდიისა და დანიაში XVII საუკუნიდანაა ცნობილი.

იგი საქართველოშიც საკმაოდ გავრცელებულია. ეს კომბოსტო მკვრივი თავების (თანაყვავილედის) გამო მოჰყავთ. ისინი შეიცავენ 6-10% მშრალ ნივთიერებას, მათ შორის 1-5% შაქრებს, 1,5-4% ცილას, 1,6%-მდე კაროტინს, C, B1, B2, PP ვიტამინებს, ნატრიუმის, კალიუმის, კალციუმის, მაგნიუმის, იოდის, რკინის, ფოსფორის მარილების მნიშვნელოვან რაოდენობას.

თავები და ქორფა ფოთლები საკვებად მოიხმარება უმად, მოშუშული, შემწვარი, მოხარშული, ამზადებენ გარნირებს. დიდი ხნით შესანახად ყვავილოვან კომბოსტოს ამწნილებენ და ყინავენ.

ყვავილოვანი კომბოსტო ძვირფასი დიეტური პროდუქტია. მასში უფრო ნაკლები ცელულოზაა, ვიდრე თეთრთავიან კომბოსტოში, და ამიტომაც უფრო სასარგებლოა კუჭის დაავადებათა დროს.

ეს კულტურა განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს ღვიძლის დაავადებები და ათეროსკლეროზი. ყვავილოვანი კომბოსტო შეიძლება ნედლადაც შევინახოთ.

ამისათვის მოსავლის აღებისას მცენარე ფესვებიანად უნდა ამოვიღოთ და როდესაც სტაბილურად აგრილდება, ფესვებს სველი მიწა შემოვაყაროთ (სარდაფში, ყუთებში). ტემპერატურა სარდაფში ნულს ქვემოთ არ უნდა დავიდეს.

კულტურის სპეციფიკური მოთხოვნები

ნიადაგის გაკირიანება ხელს უწყობს კომბოსტოს ზრდასა და განვითარებას. კირი შეაქვთ შემოდგომით – 300-400 გრ 1მ2-ზე 3-4 წელიწადში ერთხელ; ნიადაგში მავნებლებისა და დაავადებათა გამომწვევი მიკრობების დაგროვება და მოსავლის მკვეთრი შემცირება თავიდან რომ ავიცილოთ, აუცილებელია ტესლბრუნვის დაცვა.

ძველ ადგილზე ყვავილოვანი კომბოსტო 4-5 წელიწადზე ადრე არ უნდა დაბრუნდეს; კომბოსტოს კარგი მოსავალი იცის ნოყიერმა, საკმაოდ ტენიანმა ნიადაგმა. მისთვის ხელსაყრელია, მსუბუქი საშუალო თიხნარებიც, აგრეთვე შავმიწა ნიადაგები.

წინამორბედები

ყვავილოვანი კომბოსტოს საუკეთესო წინამორბედებია: პარკოსანი კულტურები, კიტრი, ხახვი, კარტოფილი, ჭარხალი, პამიდორი და მრავალწლიანი ბალახეული;

ნიადაგი – pH – 6,5 – 7,0

თესვა/დარგვის ხერხი: ჩითილით/უჩითილოდ.

თესვის სიღრმე: 1-2 სმ.

თესვის/დარგვის სქემა

ითესება კვლებზე ან ვაკე ფართობზე რიგებად, რიგებს შორის მანძილია 50-60 სმ, რიგებში მცენარეთა შორის – 20-30 სმ;ჭადრაკული წესით, 30-35 სმ-ის დაშორებით.

მორწყვა

ყვავილოვან კომბოსტოს წყალი უყვარს, მასზე ძალზე უარყოფითად მოქმედებს ნიადაგის გამოშრობა.

გამოკვება

  • ვეგეტაციის პერიოდში 2-3-ჯერ შეაქვთ სასუქი: პირველად – ჩითილების ჩარგვიდან 2 კვირის შემდეგ, წუნწუხი (1:20) ხარჯი 5 ლ 1მ2-ზე;
  • მეორედ შეაქვთ პირველი შეტანიდან 7-10 დღის შემდეგ. 1მ2-ზე მოაფრქვევენ 200 გრ ხის ნაცარს, მცენარეებს ძირში მიწას მცირედ შემოუყრიან (5 სმ-ზე) და რწყავენ.

აზოტის ზედმეტ რაოდენობას მოჰყვება ნიტრატების დაგროვება, ქვეითდებ თავების სიმკვრივე; ყვავილოვანი კომბოსტო ძალზე მგრძნობიარეა ბორისა და მოლიბდენის ნაკლებობის მიმართ, რასაც მოსდევს თავების გამუქება, ყვავილობის სწრაფად დაწყება.

სითბური რეჟიმი

ყვავილოვანი კომბოსტო შედარებით კარგად უძლებს სიცივეს; მისი განვითარებისათვის ოპტიმალურია +16-250C სითბო, წამოზრდილი მცენარეები უძლებენ -1-20C-მდე აციებას.

+100C-ზე ქვემოთ და +250C-ის ზემოთ, თუ ნიადაგი და ჰაერი მშრალია, კომბოსტოს თავების ხარისხი ქვეითდება და მოსავლიანობაც მცირდება.

სავეგეტაციო პერიოდი

საადრეო ჯიშების 80-130 დღე აღმოცენებიდან სამეურნეო სიმწიფემდე; საშუალო- საადრეო ჯიშების 130-200 დღე აღმოცენებიდან სამეურნეო სიმწიფემდე; საგვიანო ჯიშების 200-ზე მეტი დღე აღმოცენებიდან სამეურნეო სიმწიფემდე.

დაავადებები: პითიუმი, ფუზარიოზი.
მავნებლები: კომბოსტოს ხვატარი, კომბოსტოს ჩრჩილი, ბოსტნის რწყილი, კომბოსტოს თეთრულა, კომბოსტოს ბუგრი.

ავტორები: ნუკრი მემარნიშვილი, თამაზ დუნდუა.
მასალა მოგვაწოდა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციამ „ელკანა“.

იხილეთ აგრეთვე: თეთრთავიანი კომბოსტოს მოვლა – მოყვანა

თქვენი რეკლამა