ფორთოხლის სახალხო-სამეურნეო მნიშვნელობა
ფორთოხალი – C. sinensis (L) osbec. ციტრუსოვნების პროდუქციის მსოფლიო წარმოებაში მიღებული მოსავლით პირველი ადგილი ფორთოხალს უჭირავს, ხილთა შორის საგემოვნო თვისებებით ერთ-ერთი საუკეთესოა, გამოირჩევა ვიტამინების მაღალი შემცველობით, სურნელოვანია, კარგად იტანს შენახვა-ტრანსპორტირებას.
ფორთოხლის სამშობლოს შესახებ მკვლევართა შორის არ არის ერთიანი აზრი, ნ. ვავილოვი (1960 წ) მისი წარმოშობის ძირითად ცენტრად ინდოეთს, შემდეგ ჩინეთს თვლის. ამავე აზრს იზიარებდა ცნობილი ციტრუსოლოგი ტ. ტანაკა (1958, 1960 წ).
ფორთოხლის მწარმოებელ 40 ქვეყანას შორის მოსავლიანობით პირველობს აშშ. აქ ამზადებენ მსოფლიოში წარმოებული პროდუქციის მესამედზე მეტს. მეორე ადგილზეა ბრაზილია, შემდეგ ესპანეთი, იაპონია, მექსიკა, საფრანგეთი და ა. შ.
ფორთოხალი მრავალწლიანი, მარადმწვანე, საკმაოდ დიდი ხემცენარეა, ჩვეულებრივად 4-5 მეტრამდე იზრდება. ტოტები ეკლიანია ან უეკლო. მათი სიგრძე 2 მ-ს არ აღემატება. ფოთლები უფრო წვრილი და მუქი მწვანე აქვს, ვიდრე ლიმონსა და მანდარინს. ყუნწები ვიწროფრთიანია.
ახალგაზრდა მცენარეებზე და ნორჩ ყლორტებზე ფრთები და ეკლები უფრო დიდია. ნაყოფის კანი ძნელად სცილდება რბილობს, რითაც განსხვავდება მანდარინისაგან. ნაყოფის მიხედვით არჩევენ ფორთოხლის ოთხ სახესხვაობას: ჩვეულებრივს, ჭიპიანს, წითელხორცას და იაფურს.
ჩვენი ზონისათვის მეტად საინტერესოა ამერიკული ჯიშებიდან ჰამლინი, რომელიც ნაყოფის ადრე მომწიფებით ხასიათდება და ვაშინგტონ – ნაველი, ყინვაგამძლეობისა და ადრე მწიფობის გამო, ამ უკანასკნელის ნაყოფი გამოირჩევა სიმსხოთი, უთესლობითა და სიტკბოთი.
იტალიური ფორთოხლის ჯიშებიდან აღსანიშნავია წითელხორციანი, რომელიც დასავლეთ საქართველოს პირობებში კარგად ხარობს და გემრიელი ნაყოფიც აქვს. იაფური ჯგუფის ჯიშები გამოირჩევა ხეების სიდიდით, უეკლოა, ფოთლები კი – ფართო, ოვალური ან მომრგვალო.
ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება
- ფოთოლცვენა, ყვავილობა და მსხმოიარობა
საქართველოში გავრცელებული ფორთოხალი მარადმწვანე ხეები ან ნახევრად ბუჩქნარებია. ისინი ფოთოლმცვენი მცენარეებისაგან განსხვავდებიან ფოთლის ცვლის შეუმჩნეველი ხასიათით, რომლებიც ფოთლებს მორიგეობით იცვლიან მთელი წლის განმავლობაში, თითოეული ფოთლის სიცოცხლის ხანგრძლივობა 2-4 წელს არ აღემატება.
პირველი ფოთლის ცვენა იწყება დარგვიდან მე-3 და მე-4 წელს. შემჩნეულია ფოთოლცვენასა და მსხმოიარობას შორის ერთგვარი კორელაცია – რაც უფრო მეტია ფოთოლცვენა, მით უფრო ნაკლებია მსხმოიარობა და პირიქით.
ყვავილებს ივითარებენ ერთწლიანი ტოტებიდან ახლადწარმოქმნილ ნაზარდებზე. ყვავილების გამონასკვის შემდეგ ადგილი აქვს ნასკვების ბუნებრივ ცვენას, რომლის რაოდენობა დამოკიდებულია გარემო პირობებზე. ნასკვების პირველი ცვენა წარმოებს გვირგვინის ფოთლების ჩამოცვენის შემდეგ – ივნისში.
ფორთოხალი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ყვავი-ლობს, მაგრამ ტროპიკულ ქვეყნებში ფორთოხლის ზოგიერთი ჯიში წელიწადში 2-3-ჯერ ყვავილობს. ფორთოხლისა და მანდარინის მეორედ ყვავილობას ადგილი ჰქონდა ჩვენშიც, როდესაც, ხანგრძლივი გვალვები შეიცვალა წვიმებით.
- ვარჯის წარმოქმნა, ნაყოფმსხმოიარობა და გამრავლების უნარი
ფორთოხლის მცენარის დატოტვა იწყება ვეგეტაციის პირველი წლიდან. როგორც წესი, უფრო ძლიერი გვერდითი ტოტები მოთავსე-ბულია მათი მატარებელი ტოტის ზედა ნაწილში. თითოეული ტოტი სიგრძეში იზრდება წვეროს კვირტიდან, დატოტვის ხასიათს დიდი მნიშვნელობა აქვს ხის ვარჯის ფორმირებისა და მსხმოიარობისათვის.
მცენარეების 1-ლი, მე-2 და მე-3 რიგის ტოტებს ახასიათებს ვეგეტაციური ზრდა და ისინი ქმნიან ხის ჩონჩხს, ხოლო მე-4, მე-5 და მე-6 რიგის ტოტები შედარებით ზომიერად იზრდებიან და აქვთ ნაყოფის მოცემის მეტი უნარი, ე. ი. ვეგეტაციურ ორგანოებთან ერთად წარმოშობენ გენერაციულ ორგანოებსაც – 10-15-წლიან ხეებზე მეტად ივითარდება მე-5 და მე-6 რიგის, ხოლო 25-30 წლიანებზე კი – მე-10-12 რიგის ტოტები.
ვეგეტაციურად ნამრავლი მცენარეები (მყნობით გამრავლებული), ნათესარებთან შედარებით, ადრე იწყებენ მსხმოიარობას. მყნობით მიღებული ნერგები პირველ ნაყოფს მე-4-5 წელს იძლევიან, ხოლო სრულ მსხმოიარობაში მე-8 წელს შედიან. თესლით ნამრავლი მცენარეები მსხმოიარობას იწყებენ მე-10 წელს.
ფორთოხლის ხეების სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სხვადასხვა პირობებზე – კლიმატზე, საძირეზე, აგროტექნიკასა და სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ერთი ცხადია, რომ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნორმალური აგროტექნიკური მოვლის პირობებში, 80-100 წლამდეა უზრუნველყოფილი, მათი მოსავლიანობა 45 წლამდე მატულობს, ხოლო შემდეგ მცირდება.
ავტორები: რეზო ჯაბნიძე; შოთა ლამპარაძე; გიორგი ჯაბნიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.
იხილეთ აგრეთვე: ფორთოხალი – საბაღე ნაკვეთის შერჩევა, ნიადაგის მომზადება და დარგვა