ვაშლის ბაღის გაშენების სისტემები და ბაღის ტიპები

ვაშლის

ბაღში მცენარეთა განლაგების სწორი სისტემის შერჩევა საშუალებას იძლევა ფართობის ერთეულზე განლაგდეს მცენარეთა ოპტიმალური რაოდენობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მცენარეთა მიერ კვების არის მაქსიმალური ათვისება, სინათლის ეფექტიანი გამოყენება, ტექნოლოგიური პროცესების მექანიზაცია, გაიზარდოს შრომის ნაყოფიერება.

ამჟამად, ფართოდ გამოიყენება მცენარეთა სწორკუთხოვანი განლაგება.

ვაშლის ინტენსიური ბაღის გაშენების გავრცელებული სქემებია:

4-3,3 X 1,0 მ; 4-3,3 X 1.25 მ; 4,0- 3,3 X 1.5 მ; 4,0-3,3 X 1,0 მ; 3.5 X 1.25 მ; 4,0-3,3 X 1.5 მ.

ნახევრად ინტენსიურ ბაღებს საშუალო ზრდის საძირეებზე აშენებენ კვების არით:

5,0 X 3,0, მ 5.0X 2.50 მ.

ვაშლის დარგვა შესაძლებელია როგორც შემოდგომით, ასევე გაზაფხულზე.

გავრცელებულია ვაშლის ბაღის შემდეგი ტიპები:

  • სტანდარტული ბაღი;
  • ნახევრად ინტენსიური ბაღი;
  • ინტენსიური ბაღი.

სტანდარტული ბაღი  – იყენებენ ძლიერ საძირეზე დამყნილ ნერგებს. ბაღი მსხმოიარობაში შედის გვიან, დარგვიდან მე-7-8 წელს, გამოირჩევა მაღალი ადაპტაციის უნარით გარემო არახელსაყრელი პირობების მიმართ.

მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე არ აღემატება 250-300 ხეს.

ნახევრად ინტენსიური ბაღი – შენდება საშუალო სიძლიერის საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. არ მოითხოვს საყრდენ სისტემას. ვაშლის ბაღებში საძირეებად გამოიყენება M7, MM106, M26.

მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-4-5 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – ცენტრალური ლიდერული და გაუმჯობესებული იარუსიანი. ხეების საშუალო სიმაღლე აღწევს 3 – 3.5 მეტრს.

მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 700-1000 ხეს.

ინტენსიური („მოკლე ციკლის”) ბაღი  – მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ტიპია ვაშლის კულტურისთვის. ბაღი შენდება საყრდენ სისტემაზე ნაგალა საძირეზე დამყნილი ნამყენი ნერგისაგან. ვაშლისთვის საძირეებად გამოიყენება M9-ს სხვადასხვა კლონი PAJAm1, PAJAM 2,EMLA M337 ან m26.

ბაღი შენდება კარგად განვითარებული ერთწლიანი ან ორწლიანი ფორმირებულვარჯიანი ნერგით. მსხმოიარობაში შედის დარგვიდან მე-2-3 წელს. ფორმირების გავრცელებული ტიპია – შპინდელი, მაღალი შპინდელი, სლენდერ-შპინდელი, ფრანგული თითისტარისებრი, ჰაიტეკი, სოლაქსი და სხვა.

მცენარეთა რაოდენობა ჰექტარზე აღწევს 1650-3300 ხეს.

წყარო: ვაშლის მოვლა-მოყვანის სახელმძღვანელო და ვაშლის ჯიშები

თქვენი რეკლამა