ფორთოხალი – საბაღე ნაკვეთის შერჩევა, ნიადაგის მომზადება და დარგვა

ფორთოხალი, დარგვა

ნაკვეთის შერჩევა

ციტრუსოვანთა ბაღების სწორ ორგანიზაციას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით მთიან ადგილებში. მასზე დიდადაა დამოკიდებული ეროზიულ მოვლენებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარება, აგროტექნიკის ეფექტურობა.

ნაკვეთის შერჩევა ხდება სახეობების ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე, მიკ-როკლიმატური პირობების გათვალისწინებით: რელიეფის, ზღვის დონიდან სიმაღლის, აბსოლუტური მინიმალური ტემპერატურის, მისი ხანგრძლივობისა და განმეორების პერიოდების, ქარების სიჩქარისა და სხვა ფაქტორების მხედველობაში მიღებით.

საქართველოს სუბტროპიკული ზონისათვის, რომელიც სუბტროპიკული სარტყლის უკიდურეს ჩრდილოეთ საზღვარზე მდებაროებს, პლანტაციების გასაშენებლად შეიძლება გამოყენებული იქნას ნაკვეთები: ზღვის სანაპირო ზოლიდან 5-8 კმ დაშორებით, ვაკე ან ფერდობები ზღვის დონიდან 100-400 მ სიმაღლემდე.

ტერიტორიის ორგანიზაციისათვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს რელიეფს. არჩევენ ვაკე და მცირე დაქანების (0-50), საშუალო დაქანების (5-200) ფერდობებს, ძლიერ დაქანებული კი 20-300 არ უნდა აღემატებოდეს.

საშუალო დაქანების ნაკვეთებზე (5-200) ფორთოხლის მცენარეს აშენებენ კონტურულად. ამ შემთხვევაში ეროზიული მოვლენების აცილება შესაძლებელია წყალ-გამყვანი ტერასებით, რომლებიც ეწყობა ერთიმეორისაგან 20-40 მ დაცილებით იმის მიუხედავად, თუ როგორი დაქანება აქვს ნაკვეთს.

მეტი დაქანების ფართობებზე საჭიროა ტერასების ახლო-ახლოს მოწყობა. მაგალითად თუ ნაკვეთის დაქანება 200 უახლოვდება, წყალგამყვან ტერასებს შორის უნდა იქნეს აღებული 20 მ, 50 დაქანების შემთხვევაში კი 40 მეტრი.

ნიადაგის დარგვისწინა დამუშავება და მცენარეთა გაშენება

პლანტაჟი. ფორთოხლის ბაღების გასაშენებლად ნიადაგის დარგვისწინა დამუშავებას, უხვი და მყარი მოსავლის მისაღებად, დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომაც ეს სამუშაო წესიერად და მცენარეთა მოთხოვნილების შესაბამისად უნდა შესრულდეს.

ყოველივე ეს შესაძლებელია პლანტაჟის ან ნიადაგის ღრმა დამუშავება-გაფხვიერებით. ხარისხიან დამუშავებაზე დიდადაა დამოკიდებული მცენარის ნარგავების სიცოცხლისუნარიანობა და მოსავლიანობა.

პლანტაჟის დროს ნიადაგის ქვედა ფენა ზევით ბრუნდება და წლის განმავლობაში სითბო-სიცივის, მინერალური და ორგანული ნივთიერებების გავლენით კულტურული ნიადაგის თვისებებს ღებულობს. ქვედა ფენაში მოქცეული ზედა ფენა კი, მცენარეების უკეთ ზრდა-განვითარებას განაპირობებს.

ჩაის, სუბტროპიკული კულტურების და ჩაის მრეწ-ველობის ინსტიტუტის მონაცემებით ფერდობების პლანტაჟური და ფენობრივი დამუშავება, ტერასებთან შედარებით, ფორთოხლის მოსავლს ადიდებს 15-18 %-ით.

ნიადაგის ნაყოფიერების ასამაღლებლად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ფორთოხლის ნერგების დარგვის წინ პარკოსანი კულტურების თესვას. პარკოსან მცენარეებს კულტურულ მდგომარეობაში მოყავს დარეცხილი ეწერი და მცირე სისქის ნიადაგები, აუმჯობესებს მათ თვისებებს, ამიტომ, სასურველია ბაღის გაშენებამდე (1-2 წლით) ადრე პარკოსანი მცენარეების თესვა და ნიადაგში ჩახვნა.

ნაკვეთის დაგეგმვა და გაშენება

ფორთოხლის პლანტაციის გასაშენებლად წინასწარ მომზადებულ ნაკვეთებს, ნიადაგის შესაბამისი წესით დამუშავების შემდეგ აგეგმავენ.

ცნობილია აგეგმვის სამი წესი: კვადრატული, სწორკუთხოვანი და ჭადრაკული.

კვადრატული აგეგმვისას მანძილები მწკრივებსა და მცენარეთა შორის თანაბარია. ასე დარგული მცენარეები ყოველი მხრიდან კარგადაა განვითარებული. კვადრატული არე ხელს უწყობს ფესვის საუკეთესოდ განვითარებას და ორივე მიმართულებით მწკრივთაშორისების მექანიზებული დამუშავების შესაძლებლობას იძლევა.

სწორკუთხოვანი დაგეგმვისას მწკრივებს შორის მანძილი უფრო მეტია, ვიდრე მცენარეთა შორის მწკრივში. ამ წესით დარგული ხეების ფესვები და ვარჯი მწკრივის მიმართულებით იმდენად არის შეზღუდული, რომ ფესვები და ტოტები ერთდებიან, სამაგიეროთ მათ აქვთ მწკრივ-თაშორისების მხარეზე განვითარების მეტი საშუალება.

ჭადრაკული აგეგმვისას თითოეული მწკრივის მცენარე ორ მეზობელ მწკრივს შორის არის და მზის განათების მეტად გამოყენების საშუალებას აძლევს. ამასთან ფართობის ერთეულზე შესაძლებელია მეტი მცენარის დარგვა, ვიდრე კვადრატული და სწორკუთხოვანი წესით აგეგმვისას.

ნარგავების სიხშირე და ჯიშების განლაგება. მცენარეები განსხვავდებიან განვითარების სიძლიერითა და ხანგრძლივობით, ამიტომ სხვადასხვა ჯიშები განსხვავებულ კვების არეს მოითხოვს. მცენარეთა განვითარებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საძირეები, ადგილის კლიმატური და ნიადაგური პირობები და სხვა ფაქტორები, ყოველივე ეს უნდა გავითვალისწინოთ მცენარეთა კვების არის განსაზღვრისას.

აღნიშნულიდან გამომდინარე სუბტროპიკულ ზონაში სადაც მცენარეები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ყინვისაგან არ ზიანდებიან, მეტად გახშირებული ნარგავების გაშენება მიზანშეწონილი არ არის და ამას არც წარმოების მუშაკებიც უჭერენ მხარს. ამიტომაა, რომ აგროწესების განხილვისას ფორთოხლის კვების არედ მიღებულია: 5X3 მეტრი ან 5X4 მეტრი.

დარგვა

დასარგავი ორმოების ამოღების ვადები და მათი ზომები დამოკიდებულია ნაკვეთის მომზადების წესზე. ფორთოხლის ნერგებს რგავენ შემოდგომაზე – ოქტომბერში ან გაზაფხულზე ვეგეტაციის დაწყებამდე.

შემოდგომაზე რგვა კარგ შედეგს იძლევა განსაკუთრებით იმ რაიონებში, სადაც თბილი და ხანგრძლივი შემოდგომა იცის, რადგან ასეთ ამინდში უკეთ ხდება დაფესვიანება და მცენარე ზრდას ადრე გაზაფხულზე იწყებს. გაზაფხულზე დარგული მცენარეები კი, სუბტროპიკული რაიონებისათვის დამახასიათებელი გვალვების მავნე მოქმედებას განიცდიან.

შემოდგომაზე რგვის უარყოფითი მხარე ის არის, რომ შესაძლებელია გამოზამთრების პირველსავე წელს მცენარე ყინვამ დააზიანოს.

გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ თუ მცენარეები ადრე შემოდგომით გაშენდა, არა უგვიანეს 25 ოქტომბრისა, და მათ დარგვისთანავე შემოეყარა საკმარისი მიწა, დაღუპვისაგან დაცული იქნება. ყინვების შემთხვევაში დაზიანდება მიწისზედა ნაწილი, რაც პირველსავე წელს სწრაფად აღდგება.

დარგვა წარმოებს წინასწარ მომზადებულ ტერასებზე, ფერდობებზე ან ვაკე ადგილებზე. ტერასებზე მცენარეთა მწკრივების განლაგება ხდება ტერასის კიდიდან ერთი მესამედი მანძილის დაცილებით.

დარგვამდე 2-3 კვირით ადრე ორმოებს ავსებენ. მანამდე, ამოღებული მიწის ზედა ფენას ურევენ ორგანულ და მინერალურ სასუქებს. მათი დოზები დამოკიდებულია ნიადაგის შედგენილობაზე.

თუ სასუქი ნიადაგის დამუშა-ვებამდე არ იყო შეტანილი, დარგვისას შეაქვთ 10-25 კგ-მდე გადამწვარი ნაკელი და 500-800 გ-მდე სუპერფოსფატი. მძიმე თიხნარ ნიადაგებს უმატებენ 30 კგ ქვიშას, მჟავე ნიადაგებზე კი – კირს.

ნერგი არ უნდა დაირგოს ღრმად, ან ზერელედ, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს მცენარის მომავალი განვითარებისათვის. ნარგავის ფესვის ყელი 2-3 სმ-ით მაღლა უნდა იქნეს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ მიწის დასკდომის შემდეგ ნერგი ნიადაგში ნორმალურად მოთავსდეს. საჭიროა ახალგაზრდა მცენარე საიმედოდ მივაკრათ ჭიგოს, რადგან აუკვრელი ნერგი ქარის დროს ქანაობს, ფესვები ერყევა და ცუდად ვითარდება.

ავტორები: რეზო ჯაბნიძე; შოთა ლამპარაძე; გიორგი ჯაბნიძე.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია.

იხილეთ აგრეთვე: ფორთოხალი – კულტურის ბოტანიკურ-მორფოლოგიური დახასიათება

თქვენი რეკლამა