ნიადაგის ნარევები – დაკალმებისთვის, ნერგებისთვის და ქოთნებში გამოსაყენებლად

1000 Views

ნიადაგის ნარევი დაკალმებისათვის

დაკალმებისათვის ნიადაგის ნარევის მომზადებისათვის უნდა გაითვალისწინოთ 2 მთავარი მოთხოვნა: მან უნდა დააკავოს გარკვეული რაოდენობის ტენი, რათა დაიცვას კალმები გამოშრობისაგან და ფესვების გავრცელების ზონა უნდა იყოს მუდმივად და კარგად აერირებული.

ტენის შემაკავებელ კომპონენტს წარმოადგენს ტორფი. სხვადასხვა ტიპის ტორფებიდან უპირატესობა უნდა მივანიჭოთ ისეთ ტორფს, რომელიც მიიღება გადამწვარი მღიერების ტორფისგან.

ის საკმარისი რაოდენობით მოიპოვება დასავლეთ საქართველოში, კოლხეთის დაბლობზე და არის საუკეთესო, ვინაიდან კარგად ინარჩუნებს თავის აგებულებას ხანგრძლივი გამოყენების პირობებშიც. გამოყენების წინ მას ცრიან ბადეში, რომლის ხვრელების ზომა 0,6-0,7 სანტიმეტრია.

ჰაერის რეჯიმის გაუმჯობესებისათვის ასეთ ნარევებში იყენებენ მდინარის სილას, რომელიც ამასთან ერთად აუმჯობესებს ნარევის დრენაჟს. მებაღეებმა იციან, რომ ასეთი სილა უნდა იყოს მსხვილმარცვლოვანი. ყველას ჯობს გამოვიყენოთ მდინარის სილა, რომელიც დაქუცმაცებულია 2-4 მმ-ს ფარგლებში. სასურველია მისი ნაწილაკები იყოს არათანაბარი, კუთხოვანი (არამრგვალი), არასიმეტრიული ფორმის.

მიუხედავად იმისა, რომ ეს 2 კომპონენტი ნარევის ძირითად მასას წარმოადგენს კალმების დასაფესვიანებლად, შესაძლებელია მათი შეცვლაც, მაგალითად ისლის ტორფით, ნახევრად გახრწნილი ნახერხით, პერლიტით, ვერმიკულიტით (ჭიაყელების მიერ გადამუშავებული ნაკელი და კომპოსტი), ნახშირის ნაფხვენით, ანუ ნებისმიერი მასალით, რომლებსაც აქვთ შესაბამისი ქიმიური ინერტულობა და მეტნაკლებად არიან სტერილურები ბიოლოგიური თვალსაზრისით.

დაკალმებისათვის განკუთვნილ ნარევს, როგორც წესი ურევენ თანაბარი წილით, თითო-თითო წილი ტორფი და სილა.

ნერგების გამოსაზრდელი ნიადაგის ნარევი

ნერგების გამოსაზრდელი ნიადაგის ნარევი უმნიშვნელოდ განსხვავდება დაკალმებისათვის განკუთვნილი ნარევისაგან. ცოტა უფრო მეტი ყურადღება ეთმობა ამ შემთხვევაში მის ქიმიურ შედგენილობას და მასში საკვები ნივთიერებების შემცველობას.

მისი ძირითად კომპონენტებია ტორფი და სილა. თესლების გაღივებისა და აღმოცენებისათვის ეს სავსებით საკმარისია, მაგრამ აღმონაცენი თუ უნდა გავზარდოთ ამ სუბსტრატში ვეგეტაციის ბოლომდე, მას უნდა დაუმატოთ ცოტა მიწა, რომელიც შეასრულებს ბუფერის როლს მასში საკვები ელემენტების შემცველობის გამო. ამასთან მიწა დაიცავს ნარევს გამოშრობისაგან.

ამ შემთხვევაში დამატებული მიწის ანუ ნიადაგის რაოდენობა ბევრი საჭირო არ არის და ნარევის ოპტიმალური პროპორცია არის: 2 წილი ტორფი, 2 წილი სილა და 1 წილი ნიადაგი.

ვინაიდან სხვადასხვა კულტურების თესლები მეტად მგრძნობიარე არიან გარემოს მჟავიანობის მიმართ, სუბსტრატის მომზადების დროს საჭიროა სილის წინასწარი არევა კირთან, დაახლოებით 10 გ 10 ლ სუბსტრატზე.

თესლების გაღივებისათვის მომზადებულ ნარევში არ შეაქვთ დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებები. ამ შემთხვევაში შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ფოსფოროვანი სასუქები. ამიტომ სუბსტრატის მომზადებისას სილას წინასწარ ურევენ ფოსფოროვან სასუქებს ანგარიშით 5-6 გ 10 ლ ნარევზე.

ახალგაზრდა მცენარეების ქოთნებში გამოსაზრდელი ნიადაგის ნარევი

ახალგაზრდა მცენარეების გამოსაზრდელი ნიადაგის ნარევი წააგავს ჩითილების გამოსაზდელ ნარევს. ამ სუბსტრატში კარგად უნდა განვითარდეს მცენარეთა ფესვთა სისტემა, რაც იმას ნიშნავს, რომ მასში საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს პირველ რიგში ტენი და საკვები ელემენტები, აგრეთვე ნიადაგის საჭირო მჟავიანობა. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ ნარევი ზედმატად არ შრებოდეს.

ნარევებს ძირითადად ამზადებენ ტორფის საფუძველზე, თუმცა ზოგიერთი მებაღეები ურჩევენ ამ მიზნით სტერილიზებული ნიადაგის გამოყენებას.

ტორფის საფუძველზე მომზადებული სუბსტრატი უფრო გავრცელებულია, ვინაიდან ტორფს უფრო სტაბილური თვისებები გააჩნია, სამაგიეროდ ნიადაგი ნარევში ავლენს სტაბილიზაციის თვისებებს წყლის რეჟიმზე და შეიცავს მცენარისათვის ხელმისაწვდომ საკვებ ნივთიერებეს.

სუბსტრატი, დამზადებული მხოლოდ ტორფის საფუძველზე, ნიადაგის გარეშე, მოითხოვს მეტ მოვლას და შედარებით „კაპრიზია“. აი რატომ არის ნარევში ნიადაგის დამატება აუცილებელი, რომელიც უზრუნველყოფს ბუფერობას და აადვილებს მცენარეების მოვლას. პრაქტიკაში ეს ნიშნავს ნარევის არა ნიადაგისაგან მომზადებას, არამედ ნიადაგის დამატებას.

ვინაიდან ასეთ სუბსტრატში გამოზრდილ ახალგაზრდა მცენარეებს ესაჭიროება საკვები ელემენტები, ყოველ 10 ლ ნარევში შეაქვთ დაახლოებით 30 გ სასუქები.

ნიადაგური ნარევების მომზადების რეცეპტები მეტად მრავალფეროვანია და ყველა მათგანი წარმატებით გამოიყენება. ტორფზე დამზადებული ნარევების საერთო ნაკლი ის არის, რომ ასეთი ნარევები მალე შრება, და გამოშრობის შემდეგ მათი ახლიდან დატენიანება ძნელია, თუმცა უკანასკნელი ფაქტორი წარმოადგენს შედარებით უმნიშვნელო პრობლემას სპეციალური დამატენიანებელი საშუალებების გამოყენების შემთხვევაში.

თუ ტორფზე მომზადებული სუბსტრატი ცუდად იღებს ტენს, მასში უმატებენ მცირე რაოდენობის დამატენიანებელ ნივთიერებებს, მაგალითად თხევად საპონს. სინთეთიკური სარეცხი საშუალებების გამოყენება დაუშვებელია.

კომპონენტების შერევა

ნიადაგზე დამზადებული ნარევების ერთმანეთში შერევის დროს დიდი მნიშვნელობა აქვს გაწონასწორებული და ერთგვარივანი საბოლოო პროდუქტის მიღებას. შემადგენელი ნაწილები გულდასმით უნდა აურიოთ.

ნარევების მოსამზადებლად მეტად მოსახერხებელია სპეციალური დანაყოფებიანი საზომი ჭურჭელი, რომლითაც წინასწარ შეიძლება სასუქებისა და კირის რაოდენობის გაანგარიშება.

ყველა კომპონენტებს საჭირო რაოდენობით ყრიან სუფთა ქვის იატაკზე. სილის ყოველ შრეს უმატებენ საჭირო რაოდენობის სასუქებს და კირს და სუფთა ნიჩბით გულდასმით ურევენ.

ნიადაგის ნარევების შემადგენლობა

(მოცულობითი)

დასაკალმებელი ნარევისათვის გაცრილი ტორფი და სილა თანაბარი რაოდენობით პროპორციით 1:1.

კალმების გამოსაზრდელი ნარევი

• 2 წილი ტორფი (გაცრილი) 2 წილი სილა;

• 1 წილი ნიადაგი (სტერილიზებული);

• 10-12 გ კირი;

• 6 გ. სუპერფოსფატი 10 ლ ნარევზე.

ნარევი ქოთნებში გამოსაზრდელი ახალგაზრდა მცენარეებისათვის

• 7 წილი ნიადაგი (სტერილიზებული);

• 3 წილი ტორფი (გაცრილი);

• 2 წილი სილა (2-4 მილიმეტრიანი ნაწილაკებისაგან);

• 5-6 გ კირი;

• 30 გ მინერალური სასუქები ყოველ 10 ლ ნარევზე.

ნარევი მიწის (ნიადაგის) გარეშე

• 3 წილი ტორფი (გაცრილი);

• 1 წილი სილა (2-4 მილიმეტრიანი ნაწილაკებისაგან);

• 30 გ ნებისმიერი ძირითად საკვები ელემენტების მინერალური სასუქები;

• 30 გ კირი ყოველ 10 ლ ნარევზე.

ტორფიანი ნარევი ნიადაგის დამატებით

• 7 წილი ტორფი (გაცრილი);

• 2 წილი სილა (2-4 მილიმეტრიანი ნაწილაკებისაგან);

• 1 წილი ნიადაგი (სტერილიზებული);

• 30 გ ძირითადი ელემენტების მინერალური სასუქები;

• 30 გ კირი ყოველ 10 ლ ნარევზე.

ავტორი: ა. კორახაშვილი /მცენარეთა გამრავლება/.

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრე აგრეგატები
ნიმის ზეთი – ბიო
ნიმის, ზეთი, ორგანიკა, ბიოაგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB