ახალი მცენარის შეძენისას კარგი იქნება თუ მისი აგროტექნიკით (მოვლის თავისებურებებით) დავინტერესდებით, ბევრმა მისი ბოტანიკური დასახელებაც კი არ იცის, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია შესაბამისი ინფორმაციის მისაღებად.
მცენარის ბედზე ზრუნვას შეძენისთანავე თუ დავიწყებთ და არა უსიამოვნო სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, ბევრ პრობლემას ავიცილებთ თავიდან.
ადგილის შერჩევა
პირველ რიგში, საჭიროა ადგილის სწორად შერჩევა. ამისთვის უნდა გავარკვიოთ, რა დამოკიდებულება აქვს მცენარეს მზის სინათლესთან. ასე თავიდან ავიცილებთ მაგ. მზის მოყვარული ნემსიწვერას ისეთ რაფაზე განთავსებას, სადაც მზე არ უდგება და პირიქით, გვიმრის – მზიან ადგილზე დადგმას.
მორწყვა
უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორწყვას, წყალი პირდაპირი დანიშნულების გარდა, ნიადაგში საკვებ ნივთიერებებსაც ხსნის. არასაკმარისი მორწყვის პირობებში მცენარე წყურვილის გარდა შიმშილსაც განიცდის.
აქვე უნდა ითქვას, რომ ზედმეტად მორწყული მცენარე „იხრჩობა“, ავადმყოფობს, ლპება, ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ ამა თუ იმ მცენარის მორწყვის რეჟიმი.
მაგალითად, ტროპიკულ მარადმწვანე ბუჩქები, ჰიბისკუსი, კატარანტუსი, გვიმრა, ტრადესკანტია ტენის მოყვარულები არიან. ბეგონიას და ყველა გესნერიასებრს (ლათ. Gesneriaceae) სენპოლია, გლოქსინია, ქოლუმნეა, აქიმენესი, კოჰლერია და სხვ. ზედმეტი მორწყვის და წყლის დაგუბების ეშინიათ.
ხოლო სუკულენტებისთვის (მრავალწლოვანი გვალვაგამძლე მცენარეები, კაქტუსი, ალოე, აგავა და სხვ. მათ ახასიათებთ წყლით მდიდარი ხორციანი ფოთლები ან ღეროები) ძალიან სახიფათოა ზედმეტი ტენი და შეიძლება მათი დაღუპვა გამოიწვიოს.
არარეგულარულად მორწყვა, ზედმეტად ცივი წყალი და ა.შ უსიამოვნო შედეგების მომტანია.
მცენარეები სპეციალური სარწყავით ან წვრილპირიანი ჩაიდნით უნდა მოვრწყათ, მორწყვის პროცესში უნდა დავაკვირდეთ როგორ იწოვს ნიადაგი წყალს, დაგუბება სუბსტრატის ან დრენაჟის მდგომარეობის გაურესებაზე მიანიშნებს. თუ ქოთნის ქვესადგამი (პადონი) სავსეა, წყალი დროულად უნდა გადავღვაროთ.
თუ სახლში გვაქვს ყოჩივარდა, გლოქსინია, ამარილისი, პანკრაციუმი, კლივია, ბოლქვიანი ბეგონია, კარგი იქნება მორწყვის გარდა კვირაში 1 ან 2–ჯერ თბილი წლით სავსე ჯამში 40–45 წუთით თუ ჩადგამთ. ამ შემთხვევაში წყალს ფესვების ქვედა ნაწილები მიიღებენ, ბოლქვები კი ზედმეტად არ დატენიანდება.
მორწყვამდე აუცილებლა უნდა შევამოწმოთ გაშრა თუ არა მიწა (უბრალოდ ხელი დაადეთ ნიადაგს). მიწის რეგულარული გაფხვიერება აუმჯობესებს მორწყვის პროცესს. კვირაში 1 ან 2–ჯერ მცენარეებს წყალი შეასხურეთ (ნუ გააკეთებთ ამას ზედმეტად ცივ ოთახში), ეს არ ეხებათ ხავერდოვანფურცლიან მცენარეებს (გლოქსინია, სენპოლია და სხვ.) მათ მტვერს თბილ წყალში დასველებული რბილი ფუნჯით აშორებენ.
ფიკუსების, ფილოდენდრონების, პალმების, ცვილისებრი სუროს, ამარილისის კანისებრი გარსის ფოთლებს კი ორივე მხრიდან რეცხავენ.
კვება
სასუქი ნებისმიერ მცენარეს ჭირდება, თუმცა, აუცილებელია ვიცოდეთ თითოეული მათგანის კვების სისტემა (მინერალური და ორგანული სასუქები, დოზირება, შეტანის დრო). ზოგადად ნებისმიერი საკვები ნივთიერება მცენარეს უმჯობესია მორწყვიდან 1 საათში მივცეთ.
განსაკუთრებით დიდი რაოდენობის საკვებ ნივთიერებას მოიხმარს სწრაფადმზარდი და ძლიერად განვითარებული ფესვთა სისტემის მქონე სახეობები: ამარილისებრნი, ვარდები, ჰიბისკუსი, ნემსიწვერა, ჟასმინი, ფუქსია, კლეროდენდრონი. მათთვის სასარგებლოა ორგანული და მინერალური სასუქების ცვლა.
როცა ადამიანი გამოუცდელია, არადა უყვარს მცენარეები, ზრუნავს მათზე, ხშირად სხვათა (საკითხში გაუცნობიერებელ პირთა) რჩევებით, მწვანე აღსაზრდელებს ხელში მოხვედრილი ნებისმიერი სასუქით კვებავენ.
იყენებენ ყველაფერს: ხორცისა და თევზის ნაჭრებს, კვერცხის ნაჭუჭს, დაყენებული ჩაის ნარჩენს, ყავის ნალექს (როდესაც რამეს ვიყენებთ, აუცილებელია ზუსტი ცოდნა, მაგ. კვერხცის ნაჭუჭი თუ კარგად არ არის გასუფთავებული, შესაძლოა დაავადების წყაროდ იქცეს). შედეგად მიწა ბინძურდება, მასში წვრილი მატლები ჩნდება და რიგ შემთხვევებში მცენარის გადარჩენა შეუძლებელი ხდება.
არ შეიძლება რომ ყველა ტიპის მცენარეს ერთნაირად მოვექცეთ.
გადარგვა
მცენარის გადარგვისას დაშვებული მთავარი შეცდომა მიწის საჭირო შემადგენლობის არცოდნაა. მაგ. გესნერიასებრი მცენარეები მძიმე, ბლანტი თიხით იტანჯებიან, მათ კი მსუბუქი სუბსტრატი სჭირდებათ, ხოლო ბეგონიები კარგად გრძნობენ თავს ფხვიერ, ჰაერ და წყალგამტარი, საკვები ნივთიერებებით მდიდარ ნიადაგში.
ზოგჯერ მცენარეს საჭიროების გარეშე გადარგავენ ხომე, რადგან ფიქრობენ, რომ ეს ყვავილს უხდება, არ ითვალიწისწინებენ სეზონს, ზოგი ამას გვიან შემოდგომით ან ზამთარში აკეთებს, როცა ცივა და სინათლე ნაკლებია.
მცენარე არ უნდა გადავრგათ ზედმეტად დიდ ჭურჭელში, თუმცა ზოგ შემთხვევაში პირიქითაა და მცენარეს საკმარისი საკვები არე არ აქვს. მაგ. არსებობს მოსაზრება, რომ ამარილისი ჯობს პატარა ქოთანში იყოს ჩარგული. რეალურად კი ეს მცენარე ძლიერი ფესვთა სისტემის შესაბამის ჭურჭელში გაცილებით უკეთ ხარობს.
იგივე შეიძლება ითქვას ვარდებზე, ფილოდენდრონებზე, პალმაზე. ყველაზე კარგი გამოსავალი ისაა, რომ მცენარის გაფესვიანებული ლერწი ჯერ პატარა ქოთანში გქონდეთ და ზრდის პარალელურად თანდათან უფრო და უფრო დიდ ჭურჭელში გადიტანოთ.
ძალიან სასარგებლოა მიწაში ან დრენაჟში ხის ნახშირის მცირე ნაჭრების ჩალაგება.
გადარგვაზე ცუდი რეაქციის მქონე მცენარეების შემთხვევაში მათი სრულად გადარგვა ყოველთვის აუცილებელი არ არის. საკმარისია მიწის ზედა ფენის ამოღება და ახალი, სუფთა მიწის დაყრა, თუ, რასაკვირველია, მიწის დანარჩენი ნაწილი ზედმეტად მჟავე და პარაზიტებიანი არ არის.
გასხვლა
გასხვლა კულტურათა უმრავლესობისთვის აუცილებელია, თუმცა, მოყვარულ მეყვავილეებს ხშირად „ეცოდებათ“ თავიანთი ნემსიწვერა, ვარდი, ჰორტენზია და სხვა ლამაზი ყვავილები.
გაუსხლავი მცენარეების ღეროები გაზაფხულზე იწელება, დეკორატიულობას კარგავს და ნაკლებად ყვავილობს. თუ სწორად გავსხლავთ, მცენარეს აუცილებლად ამოუვა ახალი გვერდითა ყლორტები, რომელთაგან ზედმეტებს მოვაჭრით და საბოლოოდ ლამაზ, უხვად მოყვავილე ბუჩქს მივიღებთ.
დაფესვიანება
ძნელად გასახარებელი მცენარის ლერწები არ უნდა ჩარგოთ არასაკმარისად გამთბარ მიწაში, არ დაასხათ ცივი წყალი და არ დატოვოთ საფარის გარეშე.
კულტურების უმრავლესობას, განსაკუთრებით ადრე გაზაფხულზე, ლერწები წყალშიც იოლად უფესვიანდება. ამისთვის, აიღეთ ღეროს ჯანსაღი გადანაჭრები და ჩადეთ თბილ, მარგანცოვკის (თუ იშოვეთ) ოდნავ ვარდისფერ ხსნარში 8 საათის განმავლობაში. შემდეგ გადაიტანეთ სუფთა წყალში, რომელსაც კვირაში ერთხელ შეცვლით.
კოლეუსი, უკადრისა, ტრადესკანცია და ბევრი სხვა ყვავილი მალე ფესვიანდება, ხოლო ჟასმინი, კლეროდენდრონი და კიდევ ზოგიერთი შეიძლება დიდხანს „უძრავად“იყოს. ამის გამო გამოუცდელმა მეყვავილემ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ლერწი აღარ დაფესვიანდება და ის გადააგდოს, დაელოდეთ.
ჩარგვის შემდეგ, ზოგადად, მცენარის ლერწის გადახურვა უკეთესია, საფარი შეიძლება ნებისმიერი იყოს (მინის ქილა, ცელოფანი), უნდა განიავოთ დილით და საღამოს. საფარი თავიდან მხოლოდ 15 წუთით, შემდეგ კი უფრო დიდი ხნითაც შეგიძლიათ მოხსნათ. როდესაც ლერწი ზრდას დაიწყებს, საფარი პირველად მხოლოდ 1 დღით, 2-3 დღის შემდეგ კი საბოლოოდ შეგიძლიათ მოხსნათ.
რამდენიმე წესი
პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო იაფი და უკეთესია, ვიდრე მკურნალობა. მწვანე კულტურების დაავადებათა პროფილაქტიკისთვის საჭიროა რამდენიმე წესის დაცვა.
1. არ მოიტანოთ სახლში დაავადებული მიწა ან გამოყენებამდე დეზინფექცია გაუკეთეთ.
2. არ დადოთ მცენარე შეუსაბამო ადგილებში:
- ღია ფანჯარასა და კარებს შორის;
- სავენტილაციო მილთან ახლოს;
- ცუდად მორგებულ ჩარჩოებიანი ფანჯრის რაფაზე;
- ცუდად განათებულ კუთხეში ან ბნელ დერეფანში.
3. ყურადღებით დაათვალიერეთ თქვენი ახალი მცენარე და სანამ სხვა მცენარეებს გვერდით მიუდგამთ, საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალო ღონისძიებები ჩაუტარეთ.
4. დროულად მოაშორეთ მცენარეს ჭკნობაშეპარული ყვავილები და ფოთლები. ისინი შეიძლება დაობდეს, ხოლო ცივ და ტენიან გარემოში ობი ჯანსაღ ფოთლებსაც გადაედება.
10 ოქროს წესი დამწყები მეყვავილისთვის
1. არ დაასხათ მცენარეებს ზედმეტი წყალი
ფესვებს არა მხოლოდ წყალი, არამედ ჰაერიც სჭირდებათ. ნიადაგში მუდმივად ზედმეტი ტენი მცენარეების უმრავლესობისთვის ძალიან სახიფათოა. ისწავლეთ სწორად მორწყვა.
2. შეუქმენით მშვიდი პირობები
თითქმის ყველა მცენარეს ზამთარში სიმშვიდე სჭირდება, ანუ უნდა მორწყათ იშვიათად, ნაკლები სასუქი დაუყაროთ და ამყოფოთ უფრო დაბალ ტემპერატურულ რეჟიმში, ვიდრე აქტიური ზრდის პერიოდში.
3. შეურიგდით ზოგიერთი მცენარის დაკარგვას
ზოგიერთი მცენარე ხშირად საჩუქრის სახით გამოიყენება და რამდენიმე კვირაში ჭკნება. ეს თქვენი ბრალი არაა – აღნიშნული სახეობები დროებითი მოხმარებისთვისაა განკუთვნილი.
4. შექმენით ტენიანი ატმოსფერო
ზამთარში, ოთახში, რომელსიც გათბობაა ჩართული ჰაერი უდაბნოს ჰავასავით მშრალია. ტენიანობის გაზრდა შეიძლება წყლის გასხურებით ან შესაძლოა „ორმაგი ქოთნის“ (მცენარიანი ქოთანი სხვა, ტენიანი ტორფით სავსე კონტეინერში იდება) გამოყენება.
5. დროულად მიიღეთ საჭირო ზომები
პრობლემები გამოცდილ მეყვავილეებსაც ექმნებათ და ახალბედებსაც. დაავადების მკურნალობა საწყის სტადიაზე გაცილებით იოლია, თუ ავადმყოფობა მთელ მცენარეზე გავრცელდა, მერე გადარჩენა რთულდება. უნდა ვისწავლოთ დაავადებების საწყის ეტაპზე შემჩნევა.
6. დააჯგუფეთ მცენარეები
თითქმის ყველა მცენარე უკეთ გამოიყურება და ვითარდება, როდესაც ისინი ჯგუფს ქმნიან.
7. ისწავლეთ გადარგვა
1–2 წლის შემდეგ მცენარეთა უმრავლესობის შესახედაობა უარესდება, ასეთ შემთხვევებში (ხშირად) უბრალოდ საჭიროა მცენარის უფრო დიდ ქოთანში გადატანა.
8. სწორად შეარჩიეთ მცენარეები
მცენარე უნდა შეესაბამებოდეს იმ პირობებს, რომელიც გაქვთ ან რომლის შექმნაც შეგიძლიათ. გამოცდილი მეყვავილეც კი ვერ შეძლებს ჩრდილის მოყვარული მცენარის მზიან რაფაზე გაზრდას.
9. შეიძინეთ აუცილებელი ინვენტარი
მეყვავილეობისთვის აუცილებელია გარკვეული ინვენტარი და სხვა საშუალები: სარწყავი, წყლის გასაფრქვევი, კარგი მიწა, ქოთნები, სადგამები, სასუქები, ანტისეპტიკი პარაზიტებთან საბრძოლველად და სხვა.
10. სწორად მოუარეთ ყოველ მცენარეს
მოიპოვეთ ინფორმაცია, წაიკითხეთ, დაკვირვებით შეისწავლეთ თქვენი მცენარეების გაზრდისა და მოვლის თავისებურებები.
აგროკავკასია გისურვებთ წარმატებებს!