ბლის გარემო ფაქტორების მიმართ დამოკიდებულება

ბალი, ბლის, გარემო, ბაღი

ნიადაგი

ბლის კულტურა მოსავალს იძლევა თითქმის ყველა ტიპის ნიადაგზე. კარგად ხარობს მსუბუქი და საშუალო მექანიკური შედგენილობის ნიადაგებზე, კარგი წყალგამტარი ქვედა ფენით. კარგად ეგუება კარბონატულ ნიადაგებს. ნიადაგში ტენის სიჭარბე იწვევს ბლის ფესვის ასფიქსიას და გახმობას.

ტემპერატურული რეჟიმი

ბალი სინათლის და სითბოს მოყვარული მცენარეა, ასევე გარკვეულ მოთხოვნას უყენებს ჰაერის ფარდობით ტენიანობას. ვეგეტაციას იწყებს, როდესაც ჰაერის საშუალო დღე–ღამური ტემპერატურის 7–8°C უდრის.

ჯიშების სხვადასხვა სიმწიფის პერიოდის გამო, აქტიურ ტემპერატურათა ჯამი შეადგენს 1500-2600°C. ბლის ჯიშები სასურველია გაშენდეს ისეთ ადგილებში, სადაც ზამთრის მინიმალური ტემპერატურა არ ეცემა –23-25°C -ის ქვევით.

ნალექები

ბალი ნახევრად მეზოფიტია. იგი წყლის მიმართ ზომიერი მომთხოვნია. ხანგრძლივი, და ჭარბი ტენიანობა უარყოფით გავლენას ახდენს ჯიშების ზრდა–განვითარებაზე და ნაყოფის ფორმირებაზე, რაც იწვევს ფოთლების და ახალგაზრდა ნაყოფების სიმწიფემდე შეყვითლებას და ჩამოცვენას.

სიმწიფის ფაზაში, ნალექების სიჭარბე იწვევს ნაყოფების დასკდომას და გავლენას ახდენს მოსავლის ხარისხზე. ნაყოფის დასკდომის მიმართ მიდრეკილება ცვალებადია ჯიშის და ნალექების რაოდენობის მიხედვით.

მავნებელ-დაავადებები

ბალი ხშირად ზიანდება შემდეგი მავნებელ-დაავადებებთ: ალუბლის ხერხია, ალუბლის ხვატარი, ალუბლის ბუზი, ალუბლის ბუგრი, რინქიტი, კურკოვანთა ფოთლების დაფაცხავება (კლასტეროსპოროზი), კურკოვანთა ნაადრევი ხმობა. ნაცრისფერი სიდამპლე, ბაქტერიული კიბო. ვერტიცილიოზი.

აღნიშნული მავნებლების და დაავადებების წინაღმდეგ შესაბამის აგროვადებში უნდა გატარდეს მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული მეთოდები.

ავტორები: ზვიად ბობოქაშვილი; ელენე მაღლაკელიძე.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ხეხილის ახალი ჯიშები და მათი თავისებურებები

თქვენი რეკლამა