კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია ფერმერებისთვის

კენკრის, მწარმოებელთა, ასოციაცია

2020 წლის შემოდგომით საქართველოდან კონტეინერები ბიოკენკრით დაიტვირთა და მეზობელ ქვეყანაში თურქეთი, როგორც კენკრის ექსპორტიორი ჩაანაცვლა.

წინა პერიოდში, „ქართულმა კენკრამ“ ყველაზე დიდ ბიოგამოფენაში, „ბიოფახში“ მიიღო მონაწილეობა და ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ სერტიფიცირებული ბიოკენკრით გაიტანა, თამარ ღანიშაშვილმა ჟოლო, მაყვალი და მარწყვი თიანეთში, მკაცრი კლიმატური პირობების მიუხედავად, მაინც მოიყვანა, გამართა და დღესაც წარმატებით უძღვება საქმიანობას. ეს იმ ფერმერერული წარმატებების მოკლე ჩამონათვალია, რომლებიც ბოლო დროს საქართველოში კენკრის კულტურის განვითარებამ აღმოსავლეთ საქართველოში მოიტანა.

გამოცდილი აგრონომები გვეტყვიან, რომ კენკრა საქართველოსთვის არც ისე ძველი კულტურაა და შეაბამისად, ცოტაა დაგროვილი პრაქტიკული ცოდნა, რომელიც ფერმერების მთავარი ძალა უნდა იყოს.

სწორედ ეს იყო მთავარი გამოწვევა, რის გამოც, 2017 წელს, იზოლდა ქიტესაშვილის ინიციატივით, „კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია“ დაარსდა. ფერმერმა გარშემო მოტივირებული, შედეგზე ორიენტირებული და მომავალი თუ გამოცდილი ფერმერები შემოიკრიბა, მიზნად კენკრის კულტურის საქართველოში განვითარება დაისახა და სამი წლის თავზე, ზემოთ ჩამოთვლილ შედეგებთან ერთად, დარგში კენკრის წარმოების განვითარებას, ცნობიერების ამაღლებას და წელს უკვე USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის CNFA-სგან ორგანიზაციული განვითარებისთვის საგრანტო პროექტით დაფინანსების აღებასაც მიაღწია.

რას გეგმავს ორგანიზაცია, რა სიკეთეებს მოუტანს საგრანტო პროექტი ორგანიზაციაში ჩართულ ფერმერებსა თუ ზოგადად, დარგის განვითარებას, ამის შესახებ გთავაზობთ ინტერვიუს ასოციაციის თანადამფუძნებელ, ელისო ღვინიაშვილთან.

→ გაგვაცანით თქვენი ორგანიზაცია, რა არის თქვენი საქმიანობის სფერო, რამდენი ხანია არსებობთ და რომელ რეგიონებს ფარავთ?

„კენკრის მწარმოებელთა ასოციაცია“  2017 წლის იანვარს, კენკრის მწარმოებელი ფერმერის, იზოლდი ქიტესაშვილის ინიციატივით დაარსდა. ასოციაციის დაფუძნების მთავარი მოტივაცია კენკრის მწარმოებელი ფერმერების ერთი სტრუქტურის ქვეშ გაერთიანება და საქმიანობის ყველა ეტაპისათვის – დარგვიდან რეალიზიაციამდე პერიოდში არსებული საკითხების მოგვარება იყო. საბოლოო მიზანი, რა თქმა უნდა, არის წარმატებული ყოველწლიური რეალიზაცია და დარგის განვითარება.

დაარსების მომენტისათვის, კენკრის წარმოება იყო საკმაოდ ახალი, უცხო სფერო საქართველოსთვის, არ არსებობდა გამოცდილება და ცოდნა კულტურების სწორად შერჩევისათვის, დარგვა-მოყვანის, არ არსებობდა კენკრის ღირებულებათა ჯაჭვის სხვა რგოლები: აგრონომების საკმარისი რაოდენობა, ტრენინგებზე ხელმისაწვდომობა, შესაფუთი მასალები, სამაცივრე და გადამამუშვებელი მეურნეობები, დისტრიბუტორები, ექსპორტიორები და ა.შ. არსებობდა მხოლოდ ცალკეული ფერმერის წარმატებული შემთხვევა ან მასთან დაგროვილი გამოცდილება.

ასოციაციის დაარსების პირველ ეტაპზე, ასე შეგროვილ პირად გამოცდილებებს, ინტერნეტში მოძიებულ ინფორმაციას და ცოდნას  ვუზიარებდით ერთმანეთს.

მინდა გითხრათ, რომ ძალიან დიდი იყო დაინტერესება. რაც არც გაგვკვირვებია, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ კენკრის გაშენების სუბსიდირების პროგრამები აქტიურად რეკლამდებოდა, კენკრის გაშენების მსურველი ბევრი გაჩნდა. პირველივე დაანონსებულ შეკრებაზე, სხვადასხვა რეგიონებიდან კახეთში, ქ. გურჯაანში, ჩამოვიდა 100-მდე დაინტერესებული პირი. ჩამოვიდნენ ქართლიდან, იმერეთიდან, სამეგრელოდანაც კი, ამხელა მანძილზე!

შემდგომ პერიოდში, დონორების, ასოციაციის აქტიური წევრების დამსახურებით, შევძელით ტრენინგების ორგანიზება, რომლებიც სწორად გაშენებას, სხვადასხვა აგროტექნოლოგიურ სამუშაოებს, კვებისა და მოვლის სქემებს ეხებოდა. დაინტერესება კვლავ დიდი იყო და ასე გრძელდება დღემდე.

ტერიტორიული ფაქტორის გამო, უმეტესად მაინც აღმოსავლეთ საქართველოს ფერმერები ახერხებენ ჩამოსვლას ასოციაციის ღონისძიებებზე და ტრენინგები ძირითადად მაყვალი, ჟოლო, მარწყვის მოვლა-მოყვანას ეხება ხოლმე. დასავლეთ საქართველოს განსხვავებული კლიმატი და სპეციფიკა აქვს, გაშენებული უმეტესად მოცვის კულტურაა. მოხარულები ვართ, რომ იქაც გაჩნდა ანალოგიური დარგობრივი ასოციაციები და ჩვენ ერთმანეთთან ვთანამშრომლობთ.

→ USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამის CNFA-სგან ორგანიზაციული განვითარებისთვის საგრანტო პროექტი მოიგეთ და განხორციელებაც, როგორც ვიცი, უკვე დაიწყეთ. რა მიმართულებებს მოიცავს პროექტი, ძირითადი სტრატეგია რა არის და რამდენხნიანია?

როცა უკვე გამოჩნდა, რომ ასოციაცია სიცოცხლისუნარიანია და ჩვენ რეალურად მოვიკრიბეთ წევრები, გაჩნდა ფერმერთა აქტიური რგოლი, რომელიც თავადაც მუდმივად სიახლეების და ინფორმაციის ძიებაში იყო და დანარჩენებსაც უშურველად უზიარებდა, დაინტერესდა დონორი ორგანიზაციაც. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვაქვს და დღემდე ასე გრძელდება USAID-ის სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამისაგან. ისინი უწევდნენ ორგანიზებას და აფინანსებდნენ ჩვენი, კენკრის მწარმოებლებისათვის, უცხოელი ტრენერების ჩამოყვანას, ხანგრძლივ ონლაინტრენინგებს, ვიღებდით ინფორმაციას სხვადასხვა ჯიშებზე,  კენკრის ბაზარზე, შენახვა-გადამუშავების ტექნოლოგიებზე. 2019 წელს მათი თანადაფინანსებით, 10-მდე ფერმერმა შევძელით დავსწრებოდით კენკრის საერთაშორისო ფორუმს უკრაინაში, ქ. კიევში. ამ ვიზიტმა კიდევ მეტი შესაძლებლობები და საჭიროებები დაგვანახა. სულ რამდენიმე კვირაა, USAID-სგან გრანტი მივიღეთ, რომლის მიზანია „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის“ ორგანიზაციული გაძლიერება და განხორციელების პერიოდი  9 თვე გვაქვს.

პროექტის მთავარი მიზანია, ასოციაცია გახდეს მდგრადი, ხელი შეუწყოს კენკრის ღირებულებათა ჯაჭვში წარმოდგენილი ერთეულების ეფექტურ კავშირებს, გაზარდოს წევრების რაოდენობა და საწევრო შემოსავალი, შესთავაზოს ფერმერებს სხვადასხვა მომსახურება და, რაც მთავარია, გრანტის დასრულების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნოს აქტუალობა.

პროექტის ფარგლებში, ისევ და ისევ ჩატარდება ტრენინგები, გვეყოლება ორი ადგილობრივი აგრონომი, რომელიც მეთვალყურეობას გაუწევს ბაღებს და სეზონის ბოლოს ხარისხიანი მოსავლით დაასრულებს. ჩაერთვება უცხოელი კონსულტანტიც. უნდა ვიმუშავოთ პოტენციური დამკვეთების მოზიდვაზე, ინოვაციური ტექნოლოგიების შესახებ მოვიძიოთ ინფორმაციები და გავავრცელოთ მწარმოებლებს შორის. შეიქმნება ვებ-გვერდი, რომელზეც დაიდება ვიდეოტრენიგები, ანალიტიკური სტატიები დარგში მიმდინარე მოვლენებზე… ვეცდებით, ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული რგოლებისათვის მუდმივად აქტუალური და საინტერესო თემები გავაშუქოთ და ამ კუთხითაც ავიღოთ გარკვეული პასუხისმგებლობა. ასოციაციის ყველა ღონისძიება მიმართული იქნება თითოეული რგოლის მუშაობის ხარისხის ამაღლებისკენ.

→ პროექტის კეთების პროცესში დაბრკოლებები თუ შეგხვდათ, როგორც ტექნიკური, ისე ადამიანური რესურსების კუთხით?

დიახ, ბუნებრივია რომ გვაქვს დაბრკოლებები. ისევ და ისევ გამოწვეულია იქიდან, რომ ღირებულებათა რგოლის სუბიექტები არაა ჯერ აწყობილი და ყველგან საწყის ეტაპზე ვართ: სანერგეები, აგროტექნოლოგიები, სამაცივრე-გადამამუშავებლები, არ არსებობს კენკრის ექსპორტიორთა რგოლი და ა.შ. განსაკუთრებით გვიჭირს სპეციალისტები შენახვა-ლოჯისტიკის ტექნოლოგიებში. განვითარებულ ქვეყნებში, წარმატების წინაპირობა მეცნიერებისა და დარგის ერთობლივი მუშაობაა. ყველაზე მეტად ცოდნისა და ტექნოლოგიების ნაკლებობას განვიცდით კენკრის ვარგისიანობის გახანრგძლივების პროცესისათვის, წარმატებული ექსპორტი კი ამის გარეშე შეუძლებელია. მაგალითად, რომ არა ასოციაციის აქტიურობა და დონორის დახმარებით კიევის ფორუმში ჩვენი მონაწილეობა, კიდევ კარგა ხანს არ გვეცოდინებოდა რომ სამაცივრე მეურნეობებში კენკრა აუცილებლად უნდა მუშავდებოდეს სწრაფი გაგრილების ვენტილიატორებითაც. ამ ტექნოლოგიის გარეშე შეუძლებელია კონტეინერებით ნედლი კენკრის მიწოდება ექსპორტზე.

→ ამ სეზონისთვის უკვე თუ უნდა ველოდოთ სიახლეებს ასოციაციისგან როგორც გრანტის ფარგლებში, ისე ზოგადად?

საგრანტო პროექტის მიმდინარეობის პერიოდში განსაკუთრებით უნდა ვიაქტიუროთ და გამოვიყენოთ მიღებული შესაძლებლობა. ზემოთაც აღვნიშნე, ძირითადი აქცენტი ხარისხიანი მოსავლის მიღებისკენ იქნება მიმართული. ამას მალაპარაკებს შარშანდელი მწარე გამოცდილება, როდესაც გვყავდა შემსყიდველი, მაგრამ წარმოებული კენკრა არ შეესაბამებოდა ექსპორტისთვის საჭირო ხარისხს. ხარისხზე ზრუნვა ნერგიდან, ნიადაგიდან უნდა იწყებოდეს და შემდეგ მოდის უკვე აგროტექნოლოგიები. დიდი მნიშვნელობა აქვს სწორ კრეფას და ამაზეც გვექნება ტრენინგები, გავავრცელებთ ვიდეო მასალებსაც. დაგეგმილია მოვიძიოთ იაფი და ეფექტური გამოსავლები, ბაღიდან მაცივრამდე კენკრის გრილად მიტანისათვის და ა.შ. კიდევ გვაქვს ინოვაციური, საექპერიმენტო პროექტი, მაგრამ ამაზე რომ დავასრულებთ და პროტოტიპს შევქმნით, შემდეგ მირჩევნია საუბარი.

→ რას ელოდებით პროექტისგან, განხორციელების დასრულების შემდეგ რა შედეგებზე  გასვლას ფიქრობთ?

მთავარი მიზანი ყოველთვის იქნება წარმატებული რეალიზაცია და დარგში დაკავებული რგოლების ფინანსური კეთილდღეობა. წელსაც არსებობს რამდენიმე პოტენციური დამკვეთი, რომელთანაც ზამთრის სეზონიდანვე დავიწყეთ მოლაპარაკება. მათი მთავარი მოთხოვნა ხარისხია. მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ ყველა ფერმერთან ერთად, რომ ეს დამკვეთები სეზონზე კმაყოფილნი იყვნენ და ქართული კენკრა გავიდეს ექსპორტზე დიდი რაოდენობით. უნდა შეიქმნას ეს პრეცენდენტი აუცილებლად. დიდი იმედი მაქვს, პანდემია ან გეოპოლიტიკური მოვლენები ჩვენს საწინააღმდეგოდ არ მოტრიალდება.

→ ასოციაციაში და ამ კონკრეტულ პროექტში ჩართვა ყველას შეუძლია? ვგულისხმობ, ფერმერს, რომელსაც უკვე რამდენიმე ჰექტარზე აქვს წარმოება, მოძიებული აქვს სარეალიზაციო არხები და ფერმერს, რომელსაც ჯერ ახლა გადაუწყვეტია ან ფიქრობს კენკრის ბაღის გაშენებას?

ვიტყოდი, რომ ორივე შემთხვევაში სასარგებლოა ასოციაციასთან თანამშრომლობა. დამწყებ ფერმერს აქვს საშუალება თავიდანვე სწორი კონსულტაცია მიიღოს და სწორად დაწყებული საქმე, დამერწმუნეთ მნიშვნელოვნად ზოგავს ფინანსურ დანახარჯებსაც.

დიდ ფერმერს დიდი პრობლემები აქვს და მასაც სჭირდება ერთი ძლიერი ქოლგის ქვეშ ყოფნა. კენკრის ბიზნესი ყველაზე მეტად ექსტრემალურია მალფუჭებადობის გამო და ცალკე მდგომს, ყველას გაუჭირდება მისი მართვა.

მოვუწოდებ ყველა ფერმერს, მაქსიმალურად ჰქოდეს ჩვენთან კავშირი და შეგვატყობინოს თავისი არსებობის შესახებ, მიუხედავად ბაღის მასშტაბებისა. ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოგვწერონ და გამოხატონ თანამშრომლობის სურვილი, გვადევნონ თვალი ფეისბუქზე და მომავალში უკვე ვებ-გვერდზეც.

ჩვენი მხრიდან ვპირდებით, რომ ყველა რჩევა და ინფორმაცია, იქნება რეალურად ჩვენ მიერ გადამოწმებული, გამოცდილების შედეგი და სანდო.

ჟურნალისტი: მარიამ ტაკაშვილი

სტატია მოგვაწოდა „კენკრის მწარმოებელთა ასოციაციამ“.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ასოციაციის გვერდს: https://www.facebook.com/GBGAssociation/

კრედო ბანკი