კახეთის რეგიონში თავთავიანი კულტურების, მათ შორის, ხორბლის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია.
რეგიონში 67 ათას ჰექტრამდე ნათეს ფართობზე, წინასწარი მონაცემებით, 230 ათას ტონა ხორბალს ელოდებიან. 19 ათას ჰექტარზეა დათესილი ქერი, რომლის საპროგნოზო მოსავალი 58 ათასი ტონას შეადგენს.
კახეთის რეგიონში მობილიზებულია 103 ერთეული მარცვლეულის ამღები კომბაინი, აქედან, დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 49, ხოლო გურჯაანის სერვისცენტრში – 54 ერთეული. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია ბელარუსული წარმოების 30 ერთეული ახალი კომბაინიც, რომლებიც შპს „მექანიზატორმა“ 2018 წელს შეიძინა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხორბლის აღების პროცესს გაეცნო და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.
„მიუხედავად რთული კლიმატური პირობებისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში საჰექტრო მოსავლიანობა კარგია. ყველა შესაბამისი სამსახური აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ მოსავლის აღება და დაბინავება შეუფერხებლად მოხდეს.
სწორედ ამიტომ, შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისთვის კომპონენტს დაემატა ორი ახალი ქვეკომპონენტი: შეღავათიანი აგროკრედიტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის და შეღავათიანი აგროლიზინგი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მექანიზაციისთვის.
დიდია ფერმერების ინტერესი ტექნიკის შეძენაზე და, ვფიქრობ, რამდენიმე წელიწადში მარცვლოვანი კულტურების სექტორის განვითარებას, შესაბამისი ტექნიკით უზრუნველყოფის კუთხით, მნიშვნელოვნად გავაუმჯობესებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დღეის მდგომარეობით, კახეთის რეგიონში შპს „მექანიზატორს“ უკვე აღებული აქვს 11 ათას ჰექტარზე დათესილი თავთავიანი კულტურების მოსავალი.
ხორბლის აღების პროცესს კახეთის რეგიონის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მიხეილ მიატლიკოვი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შიოლაშვილი და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი პაატა შეყელაძე ესწრებოდნენ.