კრაზანა (ჩაის ყვავილი) – სამკურნალო მცენარე, კრაზანას ნაყენის რეცეპტი

კრაზანა, ჩაის, ყვავილი, რეცეპტი

კრაზანა (ლათ. Hypericum perforatum, რუს. Зверобой) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა.

წვრილი დატოტვილი ფესურიდან ყოველწლიურად ვითარდება რამდენიმე გლუვი, ორწახნაგოვანი, დატოტვილი ღერო, რომლის სიმაღლე აღწევს 30-60 სმ-ს.

ფოთლები მოპირისპირეა, მჯდომარე, მოგრძო, ბლაგვი, მთლიანკიდიანი, გლუვი, დაწინწკლული, ყვავილები თავისუფალფურცლიანია, სწორი, ხუთფოთლიანი ჯამით და ხუთფურცლიანი გვირგვინით;

ფურცლები კაშკაშა ყვითელია, მოგრძოოვალური, ზედა მხარეს ირიბად წაკვეთილი, შავი რუხი წერტილებით ქვედა მხარეს. მტვრიანა 50-60, რომლებიც ძირში ერთმანეთთან სამ კონად არიან შეზრდილი. ბუტკო სამბუდიანია, ზედა ნასკვით და სამი გადახრილი სვეტით, ყვავილედი – ფარისებრი საგველა.

ნაყოფი სამბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია, რომელიც სამი საგდულით იღება. თესლი ძალიან პატარაა, მოგრძო, რუხი ფერის. ყვავილობს ივნისიდან – აგვისტომდე.

„როგორც ფქვილის გარეშე არ შეიძლება პურის გამოცხობა, ასევე კრაზანას გარეშე არ შეიძლება მრავალი ავადმყოფობის მკურნალობა“ – ამბობდნენ ძველად მკურნალები.

კრაზანას ფშავში ჩაის ყვავილს ეძახიან, ხევსურეთში – უჟმურის ბალახს, იმერეთში –კერჟანას, თავცეცხლას, გურიაში – ცოცხობეს, მესხეთში, ჯავახეთში – ნეგოს…

კრაზანა იზრდება ტყის პირებში, მშრალ მდელოებში, ველობებში, ბუჩქნარს შორის და მთის მშრალ კალთებზე, გვხვდება როგორც სარეველა გზის პირებსა და მინდვრის ნაპირებში. იგი იშვიათად ქმნის ხშირ ბარდებს.

კრაზანას აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. ჭრიან კენწეროდან 10-20 სმ-ის სიგრძის ნაწილს, აშრობენ მშრალ ადგილას. შრობის შემდეგ ხშირად ყვავილებს და ფოთლებს აცილებენ უხეშ ღეროებს.

კრაზანა შეიცავს ფლავონოიდებს, (გიპეროზიდი, კვერცეტინი, იზოკვერცეტინი, რუტინი და სხვა), 5-6% ანტოციანებს, 10-12% სათრიმლავ ნივთიერებებს, კაროტინს 0,2-0,3%, ეთერზეთებს, ასკორბინის მჟავას, P ვიტამინს, 17% ფისისებრ ნივთიერებებს, საპონინებს, ნიკოტინის მჟავას, ალკალოიდების კვალს და სხვა.

კრაზანას ნაყენს იყენებენ როგორც გამოსავლებ საშუალებას გინგივიტების და სტომატიტების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მიზნით, ხოლო საფენების სახით ჭრილობების მოსაშუშებლად. აგრეთვე პირის ღრუში ცუდი სუნის შემთხვევაში.

კრაზანს ხმარობენ ნაღვლსადენი გზებისა და ნაღვლის ბუშტის დისკინეზიის, ჰეპატიტების, ქოლეცისტიტების, ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადების საწყისი სტადიის, გასტრიტების, მეტეორიზმის, თირკმლის დაავადების, პერიფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის, ქალური დაავადების, ჩირქის, წყლულების, კანზე გამონაყარის და სხვა დაავადებების დროს. მწვანე მცენარეს ხელში სრესენ და იდებენ გარედან დაჟეჟილობის დროს და სისხლის დენის შესაჩერებლად.

კრაზანას სამკურნალო მიზნით ძირითადად ნაკრების სახით იყენებენ.

კრაზანას ნაყენი

კრაზანას ნაყენის მისაღებად აიღეთ 10 გ (1,5 სუფრის კოვზი) ბალახი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მლ (1 ჩაის ჭიქა) ცხელი წყალი, დაახურეთ თავსახური, ადუღეთ  წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში. გააცივეთ, გაწურეთ და დაამატეთ ანადუღარი წყალი საწყისი მოცულობის (200 მლ) მიღებამდე.

შეინახეთ გრილ, ბნელ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.

მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ ქალის სასქესო ორგანოების ანთების, შარდის ბუშტის, თირკმელებისა და შარდსადენი გზების დაავადების დროს.

krazana_zverob_292927826220202023

ავტორები: ს.ჩაგელიშვილი, მ.გოგორიშვილი
*სამკურნალოდ მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა