გრენლანდიური ციგის ძაღლი დედამიწაზე ერთ-ერთი უძველესი ჯიშია, რომლის ისტორია თითქმის 10 000 წელს ითვლის. გრენლანდიაში მას კიმმეკს უწოდებენ.
ეს ძაღლები აღმოსავლეთ ციმბირში, ჟოხოვის კუნძულიდან წარმოიშვნენ და ბოლო ათასი წლის განმავლობაში ისინი შედარებით იზოლირებულ პოპულაციად რჩებოდნენ. 2025 წლის ივლისში ჟურნალ „Science“-ში გამოქვეყნებულმა ახალმა კვლევამ მეცნიერებს საშუალება მისცა, ამ შესანიშნავი ცხოველების მიგრაციის გზას გაჰყოლოდნენ და არქტიკაში ადამიანების გადაადგილებისა და ცხოვრების შესახებ ახალი დეტალები გამოევლინათ.
გრენლანდიური ციგის ძაღლი, იგივე კიმმეკი (Qimmeq) – არქტიკულ ლეგენდა, მკაცრ არქტიკაში ინუიტების თანმგზავრები იყვნენ ათასი წლის განმავლობაში. თუმცა, დღეს ეს უნიკალური ჯიში გადაშენების პირასაა.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში კიმმეკის პოპულაცია თითქმის განახევრდა, 2002 წელს 25 000-დან 2020 წელს 13 000-მდე. მიზეზები კლიმატის ცვლილება და თოვლმავლების მომრავლებაა, რომლებიც ტრადიციულ ტრანსპორტს ანაცვლებენ.
კიმმეკების წარსულის გასაგებად და მათი მომავლის შესანარჩუნებლად, ტატიანა ფოიერბორნის ხელმძღვანელობით მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფმა, მასშტაბური გენეტიკური კვლევა ჩაატარა.
მეცნიერებმა გააანალიზეს 92 ძაღლის დნმ, შედეგებმა დაადასტურა, რომ კიმმეკები არქტიკულ ძაღლებს შორის ცალკე გენეტიკურ შტოს წარმოადგენენ და საუკუნეების განმავლობაში კონტაქტის მიუხედავად, თითქმის არ შერეულან ევროპულ ჯიშებთან.
მკვლევარებმა ძაღლების ოთხი გენეტიკური ჯგუფი გამოავლინეს, რომლებიც შეესაბამება სხვადასხვა რეგიონს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა, რაც ინუიტების კულტურასა და მათ ცხოველებს შორის მჭიდრო კავშირს ადასტურებს.
მიღებული მონაცემები ხელს შეუწყობს კიმმეკების გენეტიკური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ასევე არქტიკული კულტურების ევოლუციისა და ჩრდილოეთის ექსტრემალურ პირობებთან მათი ადაპტაციის უკეთ გააზრებას.
თანამედროვე სამყარო გრენლანდიული ძაღლების ცხოვრებას ცვლის. თოვლმავლების გავრცელების, ტრადიციული ტრანსპორტის მოთხოვნის შემცირებისა და კლიმატის ცვლილების გამო, კიმმეკების პოპულაცია მცირდება.
ამის მიუხედავად, ციგის ძაღლები გრენლანდიის კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება და ხშირად ისინი ტრანსპორტირების ერთადერთ საშუალებას წარმოადგენენ შორეულ დასახლებებს შორის, რომლებამდეც საავტომობილო გზით მიღწევა შეუძლებელია.
თოვლმავლები ფუჭდება, საწვავს საჭიროებენ და, ძაღლებისგან განსხვავებით, ვერ ამჩნევენ პოლარულ დათვებს. კიმმეკები კი მემკვიდრეობის, ისტორიისა და ადამიანის ყველაზე მკაცრ არქტიკულ პირობებთან ადაპტაციის ცოცხალი სიმბოლოა.
ძაღლის ქართული აბორიგენული ჯიშები

