ბავშვების ექსპლუატაცია ლითიუმის მაღაროებში

ბავშვების, ექსპლუატაცია, ლითიუმის, მაღაროებში

ლითიუმზე მზარდი მოთხოვნის გამო, ნიგერიის მაღაროებში ბავშვების ექსპლუატაციას ახდენენ.

ჩრდილოეთ ნიგერიაში ახალი ბიზნესი ვითარდება: ლითიუმის მოპოვება, რომელიც საჭიროა ელექტრო მანქანებისა და ტელეფონების ბატარეების დასამზადებლად. მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება.

სარგებელს ძირითადად იღებენ ჩინური კომპანიები, რომლებიც დომინირებენ ნიგერიაში, სადაც სამთო მოპოვება ცუდად არის რეგულირებული.

ნიგერიის დედაქალაქ აბუჯადან არც თუ ისე შორს, დასახლებულ პუნქტ პასალში, მაღაროელები ნაჯახებით ჭრიან კლდეებს და რამდენიმე მეტრით ქვემოთ ბნელ ორმოებში ეშვებიან. მეთოდები იმდენად საშიშია რამდენადაც პრიმიტიულია.

ნიგერიაში არალეგალური კუსტარული მოპოვება ყვავის, მყიდველებისა და გამყიდველების არაფორმალური ქსელების გამო, რომლებიც მუშაობენ მინიმალური სახელმწიფო ზედამხედველობით.

ყველაზე ღარიბი და ყველაზე დაუცველი, მათ შორის ბავშვები, ჩართული არიან ამ ბიზნესში.

Associated Press- ის ახალი ამბების სააგენტოს ჟურნალისტები ეწვივნენ პასალს. ადგილობრივი ვაჭრები ამბობენ, რომ ექვსი ბავშვისგან შემდგარ გუნდს, შეუძლია დღეში 25 კგ-იანი ათი ტომარა შეავსოს, ჟურნალისტების თქმით ერთ-ერთი ბავშვი მხოლოდ ხუთი წლისაა.

ორი მათგანი ერთ დროს ადგილობრივ დაწყებით სკოლაში სწავლობდა, მაგრამ სიღარიბის გამო ვერ შეძლეს სწავლის გაგრძელდა, ზოგი კი სკოლაში არასოდეს ჩარიცხულან.

ნიგერიის სტატისტიკის ბიუროს ოფიციალური მონაცემებით, ნიგერიელთა 63%, ანუ 133 მილიონი ადამიანი, ცხოვრობს სიღარიბეში, განიცდის ნაკლულობას რამდენიმე ინდიკატორის მიხედვით, მათ შორის ცხოვრების დონის, ჯანმრთელობისა და განათლების დონის მიხედვით. ღარიბთა 51% ბავშვია, რომელთა დიდი უმრავლესობა სოფლად ცხოვრობს.

ლითიუმით მოვაჭრე ალიიუ იბრაჰიმი, რომელიც ჟურნალისტებს ესაუბრა, ფლობს არალიცენზირებულ მაღაროებს და ასევე ყიდულობს ლითიუმის მადანს სხვა არალეგალური ადგილებიდან, როგორიცაა პასალი.

თავის საწყობში მან განუცხადა AP-ს, რომ მისი ბიზნესი ყვავის კორუმპირებული დაცვის თანამშრომლების მოსყიდვით. მან იცის, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში არ დადიან, მუშაობენ მის მაღაროებში და მაღაროებში, რომლებიც მას ამარაგებენ მადნით, მაგრამ მას აქვს გამამართლებელი საბაბი. „ბევრი ბავშვი ობოლია ან ღარიბი ოჯახებიდან მოდის, რომლებსაც სხვა საშუალებები არ გააჩნიათ“, – ამბობს ის.

ნიგერია ნავთობის  უმსხვილესი მწარმოებელია აფრიკაში, ასევე შუძლია თავი მოიწონოს სასრგებლო მინერალების მარაგებით, რომელთა ათვისებაც ცდილობს ნავთობის ექსპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

მაგრამ ამ სიმდიდრის დიდი ნაწილი – მათ შორის ლითიუმი – მოიპოვება არალიცენზირებული მაღაროებიდან, როგორიცაა პასალი, რაც ხელს უწყობს უკანონო ვაჭრობას, რომელიც ქვეყანას მილიარდობით დოლარს უკარგავს.

პასალში ლითიუმის მოპოვება დაახლოებით ათი წლის წინ დაიწყო. სარგებელს ძირითადად ჩინური კომპანიები იღებენ, რომლებიც დომინირებენ ნიგერიის ცუდად რეგულირებულ მოპოვების ინდუსტრიაში.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის შეფასებით, მსოფლიოში მილიონზე მეტი ბავშვი მუშაობს მაღაროებსა და კარიერებში და პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აფრიკაში.

წყარო: euronews.com

თქვენი რეკლამა