გრძელმტევანა — ქართული ვაზის ჯიში — ტყის ვაზი

1151 Views Comment Off

გრძელმტევანა ნაკლებად გავრცელებული პერსპექტიული ვაზის ჯიშია, იგი იძლევა მაღალი ხარისხის სუფრის თეთრ ღვინოს. მევენახეობის სპეციალურ ლიტერატურაში გრძელმტევანა ცნობილია ტყის ვაზის სახელწოდებით (ს. ჩოლოყაშვილი). ამ სახელწოდებას ატარებს იგი სიღნაღის რაიონის ზოგიერთ სოფლებში ამჟამადაც.

თავისი მორფოლოგიური ნიშნებით იგი prol. pontica Negr. ჯგუფს ეკუთვნის. სოფ. ძველი ანაგის მცხოვრებლების გამოკითხვამ და ვენახების ადგილზე დათვალიერებამ დაგვარწმუნა, რომ კოლმეურნეობის ზოგიერთ წევრს საკამიდამო ნაკვეთზე ახლაც აქვს რამდენიმე ძირი გრძელმტევანას ვაზი.

თავდაპირველად ეს ვაზი შეიძლება მართლა ტყიდან იყო შემოტანილი, რადგან ტყეში ახლაც მრავლად მოიპოვება, როგორც ველური, ისე გაველურებული ვაზები, რომელთა ნაწილმა ბუნებისა და მრავალსაუკუნოვანი კულტურის ზეგავლენით მაღალი სამეურნეო-ბიოლოგიური თვისებები გამოიმუშავა, რაც უფლებას გვაძლევს ისინი კულტურული ვაზის ჯიშებს მივაკუთვნოთ.

ჯიშის ხანგრძლივი შესწავლით დადგენილია, რომ იგი საკმაოდ მოსავლიანი და ხარისხოვანი საღვინე ჯიშია.

ბოტანიკური აღწერა

ჯიში აღწერილია სოფ. კურდღელაურში ვენახში, რომელიც გაშენებულია ცივ-გომბორის მთის სუსტად დაქანებულ ფერდობზე 560,0 მ სიმაღლეზე ზღვის დონიდან. ვენახი გამართულია სარ-მავთულზე და გაფორმებულია ორმხრივი შპალერის წესით, ვაზის კვების არე 3,0 მ2 უდრის.

ახალგაზრდა ყლორტი (15-20 სმ).მოზარდი ყლორტის წვეროები გვირგვინითა და პირველი ორი-სამი, ჯერ კიდევ გაუ- შლელი, ფოთლით შებუსვილია ყოველი მხრიდან ქეჩისებრი ბეწვებით და შეფერილია თეთრად, სუსტი ვარდისფერი არშიით ფოთოლაკებისა და გვირგვინის ირგვლივ და ყუნწის გასწვრივ. მეორე იარუსის ფოთლებს დაწყებული მესამედან, ზემო მხრიგრძელმტევანა დან შებუსვის შესუსტების გამო, მომწვანო-ყვითელი ფერი აქვს, ხოლო ქვედა მხრიდან შებუსვის შენარჩუნების გამო მოვერცხლისფრო-თეთრადაა შეფერილი.

ერთწლიანი რქა. ვაზის ერთწლიანი რქები შემოდგომით მოწითალო-ყვითელი ფერისაა და მორუხო იერი დაჰკრავს. მუხლთშორისები საშუალო ზომისაა, მუხლები უფრო მუქადაა შეფერილი. ზოლები მუხლთშორისების გასწვრივ სუსტადაა გამოსახული.

ფოთოლი. ზრდადამთავრებული შუა იარუსის (9-12) ფოთლები საშუალო ზომისაა (18X17 სმ) ფოთოლი მომრგვალოა, იშვიათად ოვალისებურიცაა. ჩვეულებრივ ხუთნაკვთიანია, ძლიერ იშვიათად გვხვდება სამნაკვთიანი ფოთლებიც, ნაკვთები კარგადაა გამოსახული. ფოთლის ზედაპირი სწორია და ოდნავ ზემოთ წამოწეული ნაპირები აქვს, იშვიათად და ისიც ქვედა იარუსის ფოთლებზე მათი ზედაპირი ბადისებრ დანაოჭებულია. ძარღვები ფოთლის ქვედა მხარეზე შებუსვილია ჯაგრისებური ბუსუსით და განტოტვის ადგილზე ბაცი ვარდისფერია.

ზედა ამონაკვეთები საკმაოდ ღრმაა, იშვიათად იგი საშუალო სიღრმისაა. ამონაკვეთების ფორმა მცირედ ცვალებადობს, ხშირად იგი ჩანგისებრია შევიწროებული ველით ან სწორი პარალელურგვერდებიანია, წაწვეტებული ან მომრგვალო ფუძით, იშვიათად გვხვდება აგრეთვე ოვალურთვლიანი ამონაკვეთებიც.

ქვედა ამონაკვეთები ოდნავ ღრმაა, ჩვეულებრივ საშუალო ზომისაა. უფრო ხშირად ამონაკვეთების ფორმა თითქმის პარალელურგვერდებიანი ჩანგისებრია მახვილი ფუძით. იშვიათად გვხვდება აგრეთვე ლანცეტისმაგვარი ფორმის ამონაკვეთებიც. ყუნწის ამონაკვეთების ფორმა მცირედ ცვალებადობს. უფრო ხშირად იგი ჩანგისმაგვარია მახვილი ფუძით, იშვიათად ისრისებრია, ცალ მხარეზე ამოზნექილი გვერდებით.

ფოთლის ქვედა მხარის შებუსვა საშუალო სიხშირისაა, იგი შედგება აბლაბუდისებრი ბეწვებისაგან და მათ ქვემოთ მოქცეული ჯაგრისებრი ბუსუსისაგან. ფოთლის ყუნწი უბუსუსოა, მხოლოდ ადგილ-ადგილ დაფარულია ოდნავ შესამჩნევი აბლაბუდისებრი ფიფქით. შეფერვა ღია ვარდისფერია _ გასწვრივი მომწვანო ზოლების ჩართვით. ყუნწის სიგრძე ფოთლის შუა ძარღვის ტოლია, ან ოდნავ უფრო მოკლე.ყვავილი. ყვავილი ორსქესიანია, კარგად განვითარებული ბუტკოთი და მტვრიანებით.

ყვავილში ხუთი ან ექვსი სწორმდგომი მტვრიანაა. მტვრიანათა ძაფების სიგრძის შეფარდება ბუტკოს სიმაღლესთან თითქმის თანაბარია და 1,0 ან 1,1 უდრის. ბუტკო მომრგვალო-კონუსისებრი ფორმისაა, იშვიათად იგი ხორკლიანია მოხრილი დინგით.მტევანი. ჯიში ხასიათდება გრძელი დატოტვილი მტევნებით. მტევნების სიგრძე ცვალებადობს საშუალოდ 20-დან 30 სმ-მდე. საშუალო მტევნის სიგრძე უდრის 24X12 სმ. ცალკეული დიდი მტევნების სიგრძე 40-50 სმ აღწევს. ასე განვითარებული მტევანი (ზომით 35X14 სმ), რომელიც 365 მარცვლიდან შედგება, იწონის 640 გ. საშუალო მტევნის წონა 180-300 გ შეადგენს და ასეთი მტევანი შეიცავს 142-208 მარცვალს.

მტევნები კონუსისებრი, იშვიათად ცილინდრულ-კონუსისებრი ფორმისაა. დატოტვილი, ცალკეული ტოტები თავისუფლად აღწევენ მტევნის სიგრძის ერთ მესამედს. მტევნები ჩვეულებრივ თხელია, იშვიათად გვხვდება აგრეთვე საშუალო სიმკვრივის მტევნებიც. მტევანს წვრილმარცვლიანობა არ ახასიათებს. მტევნის ბალახისებრი ყუნწი მწვანე ფერისაა, მხოლოდ ფუძესთან იგი ხევდება და რქის ფერს იღებს. ყუნწის სიგრძე საშუალოდ 3,5-4 სმ აღწევს. მარცვლის ყუნწის სიგრძე საშუალოდ 0,7-0,8 სმ შეადგენს. იგი ღია მწვანე ფერისაა. მარცვლის ბალიში განიერი კონუსისებრი ფორმისაა და ხორკლებითაა დაფარული.

მარცვალი. მარცვლები საშუალო ზომისაა, მათი სიგრძე მერყეობს 1,4-დან 2,0 სმ-მდე, განი 1,3-დან 1,9 სმ-მდე. საშუალო მარცვლის სიდიდე 1,64X1,56 სმ უდრის. მარცვლის ფორმა მომრგვალო ან ოდნავ ოვალურია. მსხვილი მარცვლები ოდნავ ოვალურია, საშუალო და წვრილი კი მომრგვალოა. მარცვლების შუა ნაწილი განიერია და ბოლო მომრგვალებული აქვს. მარცვალი მომწვანო-ყვითელია და მზისკენ მიქცეულ მხარეზე სიდამწვრის ლაქები ამჩნევია. კანი თხელი, მაგრამ მკვრივი აქვს. რბილობი საშუალო სიმკვრივის, გემო სასიამოვნო აქვს, ჯიშური არომატი სუსტადაა გამოსახული. მარცვალი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით, იგი ყუნწზე მკვიდრადაა მიმაგრებული.

წიპწა. წიპწების რაოდენობა მარცვალში მერყეობს 1-დან 3-მდე, საშუალოდ მარცვალში 2,2 წიპწაა. წიპწები ყველა ერთნაირი ფორმის არ არის. უფრო ხშირად გვხვდება მომრგვალო-მოგრძო ფორმის, იშვიათად თითქმის მრგვალი ფორმის _ მოკლე ნისკარტიანი წიპწები. მათი სიგრძე ნისკარტის ჩათვლით 8 მმ, განი 4,5 მმ უდრის, ნისკარტის სიგრძე 2,5-3,0 მმ შეადგენს.

წიპწის სხეული ჩალისფერია და მომრგვალო-ოვალისებრი ფორმა აქვს. ქალაძა წიპწის სხეულის ზედა ნაწილში მდებარეობს, იგი ოვალური ფორმისაა და შუაზე ჩაზნექილია, ღარტაფი ქალაძიდან ზედა ნაწილისაკენ და ნისკარტისაკენ კარგად გამოსახულია, იგი ვიწრო, მაგრამ ღრმაა. წიპწის მუცლის მხარე ოდნავ ქედიანი, ან ბრტყელია. მუცლის ღარები არ არის ღრმა და პარალელურად მიემართება ნისკარტისაკენ. ღარის ფუძე ღია ყვითელია, ნისკარტი ვიწრო კონუსისებრია, მონარინჯხისფრო ყვთელია და წვერწაკვეცილი.

აგრობიოლოგიური დახასიათება

დაკვირვებანი სავეგეტაციო პერიოდისა და მისი ცალკეული ფაზების მსვლელობაზე ტარდებოდა მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ნაკვეთზე სოფ. კურდღელაურში, ქ. თელავიდან 4 კმ დაშორებით და დიღმის საბჭოთა მეურნეობის საკოლექციო ვენახში. სავეგეტაციო ფაზების მსვლელობა დაკავშირებულია მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებთან. სადგური საკოლექციო ვენახის გვერდით მდებარეობს.

აღნიშნული ადგილის ჰავის პირობებში სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლიობა 124-დან 159 დღემდე მერყეობს და საშუალოდ 150 დღეს უდრის, სავეგეტაციო ივლისიდან, ხანგრძლიობასთან დაკავშირებითაქტიური ტემპერატურათა ჯამი 2576-დან 3366-მდე მერყეობს და საშუალოდ 3045° შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით ირკვევა, რომ ზოგიერთ წლებში (1945 წ.) გრძელმტევანა ასწრებს სავეგეტაციო პერიოდის გავლას 123 დღის განმავლობაში (5 მაისიდან 5 სექტემბრამდე) 2,576° აქტიურ ტემპერატურათა ჯამის გამოყენებით.

გრძელმტევანა თელავის საკოლექციო ვენახში მრავალი წლის მანძილზე (12 წელი) წარმოებული დაკვირვებებით კვირტის გაშლას იწყებს 20 აპრილს, ყვავილობს 12 ივლისიდან, შეთვალებას იწყებს 18 აგვისტოდან და სრულად მწიფდება 15 სექტემბრისათვის. აღნიშნულის გამო გრძელმტევანა უნდა მიეკუთვნოს სიმწიფის II-III პერიოდის ვაზის ჯიშებს. იგი თელავის პირობებში მწიფდება III პერიოდის დასაწყისში.

გრძელმტევანა საშუალო სიძლიერის ზრდით ხასიათდება. ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში მისი ზრდა-განვითარება, გარემოს თანაბარ პირობებში სხვა ჯიშებთან შედარებით საშუალოა. ამ მხრივ იგი თავისუფლად შეიძლება რქაწითელს შევადაროთ, საშუალო სიძლიერის ზრდით ხასიათდება გრძელმტევანა ბოდბისხევშიაც, ტალავერზე აშვებული.

კახეთის ჰავის პირობებში გრძელმტევანას ერწლიანი რქები ყურძნის სრული სიმწიფის დროისათვის თავისუფლად ასწრებს მომწიფებას და კარგად გახევებული ხვდება ზამთრის ყინვებს.მოსავლიანობა. გრძელმტევანა, მსგავსად კახური ვაზის ჯიშებისა, ადრე იძლევა პირველსა და სრულ მოსავალს. მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში გრძელმტევანამ დარგვიდან მესამე წელს პირველად მოისხა რამდენიმე მტევანი. მომდევნო მეოთხე წელს იგი თითქმის სრულმოსავლიანი იყო _ 6 ძირზე 41 მტევანი, რომელთაგან 15 დიდი, 19 საშუალო, ხოლო 7 პატარა იყო. საშუალოდ რქაზე 0,72 მტევანი აღმოჩნდა, რაც გრძელმტევანასათვის ამ ასაკში ნორმალურად უნდა ჩაითვალოს. ამრიგად, გრძელმტევანა დარგვიდან მეოთხე-მეხუთე წელს სრულ მოსავალს იძლევა.

გრძელმტევანა საშუალო მოსავლიანი ვაზის ჯიშია. მისი მოსავალი ცალკეული ნაკვეთების მიხედვით მერყეობს 1-დან 2 კგ-მდე ძირზე. მტევნის საშუალო წონა 180-დან 260 გ-მდე მერყეობს. გრძელმტევანას სარეპროდუქციო ვენახის 30 ძირიდან მიღებული მოსავალი (მტევნები) განაწილებული იყო სამ ჯგუფად _ დიდ, საშუალო და პატარა მტევნებად. პირველი ჯგუფი _ დიდი მტევნები შეადგენდა 36% (მტევნის სშუალო წონა 500 გ), საშუალო ზომის მტევნები 48% (მტევნის საშუალო წონა 250 გ) და პატარა მტევნები _ 16% (მტევნის საშუალო წონა 140 გ).

მსხმოიარობის კოეფიციენტი ცალკეული ძირების მიხედვით მერყეობდა 0,41-დან 1,25-მდე. საერთოდ გრძელმტევანას მოსავლიანობას თუ საშუალო მაჩვენებლების მიხედვით გავიანგარიშებთ, სახელდობრ: მსხმოიაროობის კოეფიციენტს თუ 0,72 და მტევნის საშუალო წონას 250 გ ავიღებთ, მაშინ მივიღებთ ერთ 16-20 რქიან ვაზზე 2880-3600 გ, ხოლო ჰექტარზე 96-120 ცენტნერ ყურძენს.

გრძელმტევანა ხასიათდება უნაყოფო რქების საკმაო სიმრავლით. ჩატარებული აღრიცხვით გამოირკვა, რომ უნაყოფო რქები 34-35% შეადგენს, ერთმტევნიანი რქები _ 58-59%, ორმტევნიანი რქები _ 5-6% და სამმტევნიანები _ 0,2%. მოსავლიანობა საკოლექციო ვენახში 91 ც. ხოლო სარეპროდუქციო ვენახში 116,5 ცენტნერს აღწევს 1 ჰექტარზე, ამასთან თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ გაანგარიშებული მოსავალი მუდამ მეტია ფაქტიურზე, მაშინ გრძელმტევანას საშუალო მოსავლად თელავის პირობებში უნდა მივიჩნიოთ 95-100 ცენტნერი.

გრძელმტევანას მოსავლიანობას ძლიერ ამცირებს უნაყოფო რქების საკმაო სიმრავლე ნეკსა და საკავებლის პირველ სამ რქაზე. სარეპროდუქციო ვენახის 35 ძირზე ნეკების მხოლოდ ერთ მეოთხედს ესხა, ხოლო ფუძის პირველი სამი რქის მსხმოიარობის კოეფიციენტი 0,41 არ ასცილებია. დანარჩენ რქებზე კი იგი ერთზე მეტი იყო. სრულიად უნაყოფო ყლორტები 34,4% შეადგენდა, ერთმტევნიანები 61,3%, ხოლო ორმტევნიანები 5,3%.

ამრიგად, რქების თითქმის ერთი მესამედი უნაყოფო რჩება, რაც საგრძნობლად ამცირებს ჯიშის საერთო მოსავალს. ამ ნაკლოვანების თავიდან ასაცილებლად საჭიროა გამომუშავდეს ჯიშისათვის შესაფერი ფორმირების წესი, რომლის დროსაც წესიერი დატვირთვით შემცირებული იქნება ვაზის უნაყოფო რქების რაოდენობა. ასეთ ფორმებად უნდა მივიჩნიოთ ორმხრიანი შპალერი, მრავალსაკავებლიანი ფორმა ან ორმხრივი მოკლე კორდონი. დასაშვებია აგრეთვე თავიდანვე ვაზის გრძლად გასხვლა და უნაყოფო ყლორტების გაცლა, როცა მოსავალი გამოჩნდება.

ჯერჯერობით ჯიში გამოცდილია ორმხრიან შპალერზე 3 მ2-იან კვების არეზე ინსტიტუტის საკოლექციო ვენახში და ტალავერის სახით სოფ. ბოდბისხევში. აღსანიშნავია, რომ ტალავერზე გრძელმტევანა მსხმოიაროის უფრო მაღალი კოეფიციენტითთ დიდი (40-50 სმ სიგრძის) მტევნებით და უფრო მსხვილი (2,1X1,9 სმ) მარცვლებითა და უხვი მოსავლიანობით ხასიათდება. ვიდრე ორმხრიან შპალერზე ფორმირების დროს. ფორმირების ამ პირობებში მტევნების სიგრძე არ აღემატება 35 სმ, ხოლო მარცვლების სიდიდე 1,6X1,5 სმ და ამისდა შესაბამისად მცირეა მისი მოსავლიანობაც.

აღრიცხვა-დაკვირვებებით გამორკვეულია, რომ ჯიში უფრო მეტს ისხამს ფუძიდან მოშორებულ რქებზე, ხოლო ნეკზე განვითარებული რქა თითქმის ყველა მცირემოსავლიანია, ასევე მცირემოსავლიანია საკავებლის პირველი სამი რქა. ეს შეიძლება აიხსნას ჯიშის არასწორი დატვირთვით და კვების არის სიდიდით. ჯიშის მოსავლიანობის გაზრდისათვის შემდეგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო:

1. ახალ ნარგავებში ვაზის კვების არე უნდა შემცირდეს 2,25 მ2 (1,5X1,5 მ), მისი საშუალო ზრდის სიძლიერის შესაბამისად;

2. ფორმირების შერჩევისას უპირატესობა უნდა მიეცეს ისეთ ფორმებს, რომლებიც უფრო უზრუნველყოფენ შესაფერ დატვირთვას _ ორმხრივი მოკლე კორდონის ან მრავალსაკავებლიანი შპალერის გამოყენებით;

3. მოზარდ ყლორტებზე თავების წაწყვეტა ყვავილობის დაწყებამდე ან მის დასაწყისში გაადიდებს მარცვლების გამოხორბლის პროცენტს. შეამკვრივებს მტევანს და შესაბამისად გაადიდებს ვაზის მოსავლიანობას.

მავნებლების, სოკოვან ავადმყოფობათა და გარემო პირობების მიმართ გამძლეობა

გრძელმტევანა სოკოვან ავადმყოფობათა მიმართ კარგი გამძლეობით ხასიათდება. ინსტიტუტის საკოლექციო და სარეპროდუქციო ვენახებში წარმოებული დაკვირვებების მიხედვით მისი შედარებით გამძლეობა მილდიუმის მიმართ საშუალოა, ხოლო ნაცრის მიმართ საშუალოზე უკეთესი, ამ მხრივ იგი კახურ საფერავს უახლოვდება. ასეთივე კარგი გამძლეობით ხასიათდება ჯიში ყურძნის ჭიის მიმართაც, როგორც ბოდბისხევის, ისე თელავის პირობებში, როგორც თხელმტევნიანი ჯიში იგი კარგად უძლებს მას.

გრძელმტევანა ზამთრის ყინვებსაც კარგად უძლებს. საკოლექციო ვენახში წარმოებული დაკვირვების თანახმად გრძელმტევანა სხვა ჯიშებთან შედარებით გვალვასაც კარგად იტანს. იგი ფილოქსერაგამძლე საძირე ვაზებსაც შედარებით კარგად ეგუება.

საძირეების, სხვადასხვა ჰავისა და ნიადაგის პირობებში შესწავლისა და მიღებული გამოცდილების მიხედვით შეგვიძლია ურჩიოთ:

კირნარ ნიადაგებისათვის (სადაც კირი 25-30% მეტია) ბერლანდიერი X რიპარია 5 ბბ და 420 ა, ხოლო ძლიერ კირიანი ნიადაგებისათვის (როცა კირი 50% აჭარბებს) შასლა X ბერლანდიერი 41 ბ, დანარჩენ ნიადაგებში, სადაც კირის შეცულობა 25%-ზე დაბალია _ გამოსადეგია რიპარია X რუპესტრის 3309.

ტექნოლოგიური დახასიათება

მტევნებისა და მარცვლების მექანიკური შედგენილობისა და წვენის ქიმიური შეცულობის მაჩვენებლები მიგვითითებს გრძელმტევანას უპირატესად საღვინედ გამოყენების მიზანშეწონილობაზე. ამასთან მტევნების გარეგნული შეხედულების (თხელი გრძელი მტევანი, საშუალო მარცვლები) მიხედვით იგი აგრეთვე შეიძლება გამოყენებული იქნეს სასუფრე ყურძნად.

ჯიში ხასიათდება წვენის შედარებით უხვი გამოსავლიანობით და მაგარი ნაწილების (კანი, კლერტი, წიპწა) სიმცირით. ყურძნის ლაბორატორიულ პირობებში გადამუშავებისას წვენის გამოსავლიანობა 78,4% აღწევს, ხოლო ნახევრად საწარმოო პირობებში მისი გამოსავლიანობა ნაკლებია და 77,6% შეადგენს, ხოლო ჭაჭისა _ 22,4%.ყურძნის წვენის ქიმიური შედგენილობა. გრძელმტევანა ხასიათდება საკმაო მაღალი შაქრიანობით და ზომიერი მჟავიანობით.

რთველის პერიოდში წარმოებული მრავალწლიური ანალიზების მიხედვით ყურძნის წვენის შაქრიანობა-მჟავიანობა, ცალკეული წლების მიხედვით საგრძნობლად მერყეობს, სახელდობრ _ 17,3%-დან 22%-მდე, ხოლო მჟავიანობა 5,5%-დან 11,4%-მდე. შაქრიანობის მჟავიანობასთან შეფარდებით ირკვევა, რომ ზოგიერთ წლებში, სხვადასხვა მიზეზების გამო, თუ რთველი ადრე ჩატარდა, წვენი შედარებით მაღალი მჟავიანობითა და დაბალი შაქრიანობით ხასიათდება, რაც გასაგებია, ჯიშის თვისებას არ შეიძლება მიეწეროს.

შაქრიანობისა და მჟავიანობის მონაცემები მიგვითითებს გრძელმტევანას სუფრის ღვინოდ გამოყენების უპირატესობაზე. აღნიშნულის სასარგებლოდ ლაპარაკობს შაქრისა და მჟავას დაგროვების დიდი უნარი და მათი ურთიერთთან სასურველი შეფარდება ევროპული ტიპის სუფრის ღვინისათვის.

ყურძნის გამოყენება და პროდუქციის დახასიათება

გრძელმტევანას ყურძნიდან მზადდება სუფრის ღვინო, ნაწილობრივ იგი შეიძლება გამოყენებული იქნეს, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენი.

გრძელმტევანას საცდელი ღვინო საკმაოდ მაღალი ღირსებისა გამოდგა. მოსავლის პირველ წლიდანვე, მან მიიპყრო ყურადღება ღვინის სინაზითა და ჰარმონიული გემოთი. გრძელმტევანას ღვინო მევენახეობა-მეღვინეობის ინსტიტუტის სადეგუსტაციო კომისიის სხდომებზე მუდამ მაღალ შეფასებას იღებდა, როგორც კარგი ღირსების ევროპული ტიპის სუფრის ღვინო.

მოტანილი დახასიათება უფლებას გვაძლევს გრძელმტევანას ღვინო მივაკუთნოთ სუფრის საუკეთესო ღვინოების ჯგუფს. კახეთის სხვა პერსპექტიულ ჯიშებთან, სახელდობრ, ქისთან და ჩიტისთვალასთან შედარებით გრძელმტევანას ღვინო უფრო ევროპული ტიპის მიმართულებისაა, ქისი გაცილებით უკეთეს ღვინოს იძლევა კახური წესით დაყენებისას. ეს დახასიათება შეეხება ახალგაზრდა ერთწლიან ღვინოებს. ბოთლში შენახული ორ-სამწლიანი ღვინის ხარისხი საგრხძნობლად უმჯობესდება, იგი უფრო ჰარმონიული ხდება და ივითარებს ჯიშისათვის დამახასიათებელ ბუკეტს. უფრო ძველი ღვინოები, ვაზების სიმცირის გამო, დღემდე არ შემონახულა.

გრძელმტევანას ღვინო საკმაო მდიდარი შედგენილობით ხასიათდება, მასში ალკოჰოლი, სხეული და მჟავები ხარისხოვანი ღვინისათვის საჭირო რაოდენობითაა წარმოდგენილი. ზოგიერთ წლებში იმდენად დიდი რაოდენობით გროვდება შაქარი ყურძენში, რომ მისგან მიზანშეწონილია ბუნებრივად ნახევრად ტკბილი და სადესერტო ტიპის ღვინის დამზადებაც.

კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც შედარებით უფრო თბილი ჰავაა, გრძელმტევანა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე მაგარი და სადესერტო ტიპის ღვინოების დასამზადებლად. საამიო მონაცემები გრძელმტევანას საკმაოდ მკაფიოდ აქვს გამოხატული. დასასრულ, უნდა აღინიშნოს, რომ ჯიში მეტად პერსპექტიულია უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად. გრძელმტევანას ყურძნის წვენის თავისებური არომატი და სასიამოვნო გემო მეტად მიმზიდველს ხდის მის პროდუქციას.

ღვინის გარდა გრძელმტევანა იძლევა ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენს და როგორც ასეთი იგი შემდეგი თვისებებით ხასიათდება: მტევნების გარეგნული შეხედულება საკმაოდ მიმზიდველი და ლამაზია. კარგად განვითარებული მტევნები (განსაკუთრებით ტალავერზე მოყვანილი) თავისუფლად აღწევს სიგრძით 35-40 სმ და იწონის 400-600 გ. საშუალო მტევნების სიგრძე აღწევს 20-30 სმ და იწონის 250-300 გრამს. მტევანი თხელია და დატოტვილი, იშვიათად საშუალო სიმკვრივისაა, მარცვლები მტევანში თანაბრად მწიფდება და თითქმის ერთნაირი ზომისაა, ან ორი წილი მაინც მსხვილია.

მარცვლები საშუალო და საშუალოზე დიდი ზომისაა. მსხვილი მარცვლების ზომა 2,0 X 1,9 სმ, საშუალოსი _ 1,63 X 1,54 სმ უდრის. ფერად მომწვანო ყვითელია, ეტყობა სიდამწვრის ლაქები მზისკენ მიქცეულ მხრებზე. მარცვლები ოვალური ფორმისაა, კანი დაფარულია თხელი ცვილისებრი ფიფქით.

მარცვლის გემო სასიამოვნო, ჰარმონიულია, მისი შაქრიანობა საკმაოდ მაღალია, ხოლო მჟავიანობა ზომიერი აქვს. საშუალოდ მისი შაქრიანობა 20%, ხოლო მჟავიანობა 6,0‰ უდრის. მარცვლის კანი თხელი, მაგრამ მკვრივია. წიპწების რაოდენობა მარცვალში საშუალოდ 2,2 არ აღემატება. წიპწა ადვილად ეცლება რბილობს, რბილობი საშუალო სიმკვრივისაა, არომატი მარცვლებში სუსტადაა გამოხატული. მაგრამ იგი უდავოდ ნაზი და სასიამოვნოა.

ყურძენს სუსტი ტრანსპორტაბელობა ახასიათებს, იტანს მხოლოდ ახლო მანძილზე ფრთხილად გადატანას და ამიტომ საჭმელად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ადგილობრივ.ვარიაციები და კლონები. ვინაიდან ჯიში ინსტიტუტის ნაკვეთზე ბოდბისხევიდან მოტანილი რამდენიმე ძირიდან არის გამრავლებული, ვარიაციები ან კლონები მათში ჯერ შემჩნეული არ არის.

საერთო შეფასება და რაიონირება

გრძელმტევანა ადგილობრივი, მცირედ გავრცელებული ვაზის ჯიშია. იგი იძლევა ევროპული ტიპის სუფრის ღვინოს, გამოსადეგია ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძნად, ხოლო კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იგი პერსპექტიულია მაგარი და სადესერტო ღვინოების დასამზადებლად.

გრძელმტევანას მთავარი ღირსება ისაა, რომ იგი იძლევა კარგი ღირსების სუფრის ღვინოს. გრძელმტევანას ღვინო ღია ქარვისფერი და კრიალაა, სასიამოვნო, ჯიშური არომატით, გემოთი ნაზი და ჰარმონიულია, განსაკუთრებით მაღალი ღირსებისაა იგი ევროპული წესით დაყენებული.

ჯიშის დადებითი თვისებაა ღვინის მაღალი ხარისხი, მისი ვარგისიანობა, როგორც სხვადასხვა ტიპის (ევროპული, სადესერტო) ღვინის, ისე უალკოჰოლო ყურძნის წვენის დასამზადებლად. გამოიყენება იგი აგრეთვე როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის სასუფრე ყურძენი. აღსანიშნავია, რომ ჯიში კარგად უძლებს ზამთრის ყინვებსა და სოკოვან ავადმყოფობებს, განსაკუთრებით ნაცარს.

ჯიშის უარყოფით თვისებას წარმოადგენს ის, რომ იგი არაუხვ და არათანაბარ მოსავალს იძლევა წლების განმავლობაში, აღნიშნული ნაკლოვანება ადვილი გამოსასწორებელია ჯიშის შესაფერისი ფორმირებისას და ვენახების მოვლა-დამუშავებაში მოწინავე აგროწესების გამოყენებით. გრძელმტევანა მრავალი წლის შესწავლის შედეგად, პერსპექტიულ ჯიშადაა მიჩნეული.

გრძელმტევანა უდავოდ გაამდიდრებს ჩვენი სამარკო ღვინოების ასორტიმენტს თავისებური იერის, ნაზი არომატული სუფრის ღვინის ახალი ნიმუშით.

დიდი გამოყენება უნდა ექნეს გრძელმტევანას აგრეთვე სხვა თეთრი ღვინოების, ძირითადად რქაწითელის ღვინის, ხარისხის გაუმჯობესების საქმეში. საერთოდ მაღალხარისხოვანი ღვინო იშვიათად მზადდებოდა და მზადდება ერთი რომელიმე ჯიშისაგან. გრძელმტევანას განსაზღვრული რაოდენობის მიმატებით საგრძნობლად შეიძლება გაუმჯობესდეს რქაწითელის ღვინის ხარისხი _ გადიდდეს მისი არომატულობა და სინაზე.

გრძელმტევანას წარმოების პირობებში გავრცელების დასაჩქარებლად იგი ყოველწლიურად უნდა მრავლდებოდეს კახეთისა და ქართლის მევენახობის ძირითად რაიონებში, მისი სამეურნეო და ტექნოლოგიური თვისებების შესამოწმებლად და გამოსაცდელად, რათა უფრო გაბედულად დაინერგოს იგი წარმოებაში.

kakheTi_grdzelmtevana_455444440599577777711115

წყარო: enoteca.ge
რედაქცია: agrokavkaz.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB