ფუტკრის ოჯახი – დედა, მამა და მუშა ფუტკარი

ფუტკრები, ფუტკრის, ოჯახი

სტატიაში მოცემულია ფუტკრის ოჯახის ცალკეული ინდივიდის დახასიათება, მათი ფუნქციები და როლი ოჯახის არსებობის შენარჩუნებაში, მისი მდგომარეობის შეფასების ხერხები გარეგნული (ზერელე) დათვალიერებით და ბუდის შემოწმებით: სიძლიერის, ჯიშის, მოვლა-შენახვის მდგომარეობის, საკვების მარაგის, სიჯანსაღისა და სხვა პარამეტრების დასადგენად.

მეთაფლე ფუტკარი იმ მწერებს მიეკუთვნება, რომელთა ცხოვრებაში საზოგადოებრივი ურთიერთობა არსებობს: მის ცალკეულ ინდივიდს (დედა ფუტკარი, მუშა და მამალი ფუტკრები) ერთიმეორისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლიათ, მათი ფუნქციები სკაში მკვეთრად დიფერენცირებულია.

ევოლუციის პროცესში ამ ერთობლიობას გაუჩნდა ინსტინქტი, შეექმნა საკუთარი საარსებო საკვების მარაგი, რომლის წყალობით ფუტკრის ოჯახს შეუძლია არსებობის შენარჩუნება წლის იმ პერიოდშიც, როცა ბუნებრივი საკვები საშუალებანი აღარ მოიპოვება სკის გარეთ, განსხვავებით სხვა მწერთაგან, რომელთა ოჯახიდან მხოლოდ ერთი არსება გადარჩება ზამთრობისათვის.

ფუტკრის ოჯახიდან დედა ფუტკარი ერთადერთი, მთლიანად ჩამოყალიბებული მდედრობითი სქესის წარმომადგენელია, მუშა ფუტკრებს სასქესო ორგანოები განუვითარებელი აქვთ.

მამალი ფუტკრები სკაში ჩნდებიან წლის აქტიური სეზონის დასაწყისში და არსებობენ მხოლოდ იმ პერიოდში, როცა ერთი ოჯახიდან მეორე (შვილეული) ოჯახი შეიძლება წარმოიქმნას, რისთვისაც ბუნებაში ფუტკრის საარსებო საკვები (ნექტარი და ყვავილის მტვერი) უნდა მოიპოვებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მუშა ფუტკრები მათ გარეთ ერეკებიან და მამალი ფუტკრები შიმშილისა და სიცივის გამო იღუპებიან.

ფუტკრები, ფუტკარი

დედა ფუტკარი

დედა ფუტკარი სკაში ის არსებაა, რომლის მიერ დადებული განაყოფიერებული კვერცხებიდან მეორე დედა ფუტკარი, ან მუშა ფუტკრები გამოიჩეკებიან. თუ დედა ფუტკარი გაუნაყოფიერებელ კვერცხს დებს, აქედან მხოლოდ მამალი ფუტკრები ჩნდებიან.

განაყოფიერებულ კვერცხში დიპლოიდური რაოდენობა არის ქრომოსომებისა, რომელთაგან ნახევარი დედა ფუტკრის მიერ გადაეცემა შთამომავლობას, მეორე ნახევარი -მამლებისაგან,

გაუნაყოფიერებელ კვერცხში წარმოდგენილია ქრომოსომების ჰაპლოიდური (ნახევარი) რიცხვი და ის მხოლოდ დედისგან გადაეცემა, ე.ი. მამალი ფუტკრები მხოლოდ დედის ნიშანთვისებების მქონენი არიან.

ჩვეულებრივად ერთ ოჯახში მხოლოდ ერთი განაყოფიერებული დედა გვხვდება, თუმცა ზოგჯერ ოჯახში დროებით შეიძლება არსებობდეს მეორეც, მხოლოდ წლის აქტიურ სეზონზე, შემდეგ ოჯახში მხოლოდ ერთი დედა ფუტკარი რჩება.

გახსოვდეთ! დედა ფუტკრის ხარისხზე ბევრად არის დამოკიდებული ოჯახის სიძლიერე და პროდუქტიულობა, რასაც ძირითადად განსაზღვრავს მის მიერ დადებული კვერცხების რაოდენობა და მემკვიდრეობით გადაცემული სანაშენე ღირსებები.

დედა ყველაზე მსხვილტანადი ინდივიდია ოჯახში. ქართული ფუტკრის განაყოფიერებული დედის მასა შეადგენს 200-250 მგ, გაუნაყოფიერებლისა – 160-200 მგ.

დედა ყველაზე აქტიურია (კვერცხდების ინტენსივობით) სიცოცხლის პირველ ორ წელს, შემდეგში იგი კლებულობს, რის გამოც მისი დატოვება მომდევნო წლისათვის, როგორც წესი, მიზანშეწონილი აღარ არის.

დედა ფუტკრის მაქსიმალური სადღეღამისო კვერცხმდებლობა ქართული ფუტკრის სხვადასხვა პოპულაციებში 1500-2000 შეადგენს. ეს პერიოდი ჩვეულებრივად მაის-ივნისზე მოდის.

მამალი ფუტკარი

მამალი ფუტკრის ფუნქცია დედა ფუტკრის განაყოფიერება და ბარტყისათვის სკაში სათანადო მიკროკლიმატის (სითბო) შექმნაა.

ღალიანობის სეზონის დამთავრებისთანავე მამალი ფუტკრები სკაში აღარ გვხვდება. მამლის სიცოცხლის ხანგრძლივობა დედა ფუტკართან შეწყვილების გარეშე 5-6 თვეს არ აღემატება, შეწყვილების შემდეგ მამალი ფუტკრები იღუპებიან.

მათი სხეულის მასა 250-260 მგ-ს შეადგენს, ფრთები და სასქესო ორგანოები ძლიერად აქვთ განვითარებული, რაოდენობით ოჯახში რამდენიმე ასეულს აღწევენ.

მუშა ფუტკარი

მუშა ფუტკარი სკაში მთელ სამუშაოებს ასრულებს (ბუდის დაცვა, მიკროკლიმატის შექმნა, ახალგაზრდა თაობის გამოზრდა, საკვების მოპოვება, გადამუშავებადაბინავება, ფიჭის შენება და სხვ.).

მუშა ფუტკრის გაზაფხულ-ზაფხულის თაობა 18,3-37,9 დღეს ცოცხლობს (შაკაგამი,1953; ჭინსტონ ა. Fერგუსსონ, 1985), შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რამდენიმე თვეს.

როგორც წესი, ზამთრობაში უნდა შევიდეს ფიზიოლოგიურად ახალგაზრდა მუშა ფუტკარი, რომელსაც არ გამოუზრდია ახალგაზრდა თაობა, სანექტრე ღალა სკაში არ მოუტანია.

ქართული ჯიშის მუშა ფუტკრის საშუალო მასა 90 მგ-ს შეადგენს, თუმცა სეზონურობისა და პოპულაციების მიხედვით ეს მაჩვენებელი 78-95 მგ-ის ფარგლებში მერყეობს. მიიჩნევენ, რომ 1 კგ ფუტკრის მასა 11 ათას ინდივიდს ითვლის.

მუშა ფუტკრის მასა, სიცოცხლის ხანგრძლივობა, ნექტრის მოტანის ინტენსიურობა და საკვების დანახარჯი ზამთრობაში მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ოჯახის სიძლიერესა და ემბრიონული განვითარების პერიოდში კვების პირობებზე: რაც უკეთესია ეს პირობები, მით უფრო სიცოცხლისუნარიანი და აქტიური მოღალე მუშა ფუტკარი მიიღება.

მუშა ფუტკრის შემოდგომის თაობა, უხვი კვების წყალობით, ორგანიზმში უფრო მეტ მშრალ ნივთიერებას შეიცავს (24,7%), რომელიც გაზაფხულზე მცირდება 20,2%-მდე, წყლის რაოდენობა პირიქით, ზამთრობის წინ 67,3%-ია, ხოლო გაზაფხულზე ეს მაჩვენებელი 69,1%-მდე იზრდება (ლებედევი, 1992).

ანალოგიური სურათი აღინიშნება ცხიმისა და პროტეინის შემცველობის მხრივ: 1,65 და 3,26% შესაბამისად შემოდგომაზე, რომელიც ზამთრობის შემდეგ კლებულობს 1,38 და 2, 49%-მდე.

ძლიერ მერყეობს სკაში ფუტკრის რაოდენობა წლის ცალკეული პერიოდების მიხედვით. ყველაზე მეტი მასა აღინიშნება მაის-ივნისში, რომელიც შემდგომში მცირდება იმის გამო, რომ ნექტრის ინტენსიური ღალის მოტანისთანავე ქართული ფუტკარი ძირითადად ამ სამუშაოთია დაკავებული და ბარტყის გამოზრდას მკვეთრად ზღუდავს.

ოჯახი, რომელიც მაის-ივნისში დადან-ბლატის სკის ორ კორპუსს ავსებს (ბუდის 24 ჩარჩო), სეზონის დამთავრებისას მცირდება 10-12 ჩარჩომდე, ხოლო ზამთრობის წინ – 5-8 ჩარჩომდე.

ამ მოვლენას თავისი ახსნა აქვს: რაც ნაკლებია ფუტკრის მასა არააქტიურ (არაშემოსავლიან) პერიოდში, მით ნაკლები საკვები სჭირდება. ეს ინსტინქტი ფუტკარს ჩამოუყალიბდა ევოლუციის პროცესში და მისთვის ეს ბიოლოგიურ ოპტიმუმად შეიძლება ჩაითვალოს.

როგორც ეტყობა, რიცხოვნობის სიმცირეს ქართული ფუტკარი გაზრდილი ცხოველმყოფელობით და საკვების მოპოვების მაღალი ენერგიით ავსებს, რაც მას არაერთხელ დაუმტკიცებია საერთაშორისო ორგანიზაციის (აპიმონდია) მიერ მოწყობილ ჯიშთა შედარებითი გამოცდისას – მოპოვებული აქვს სამი დიდი ოქროს მედალი.

ავტორი: გ. მაძღარაშვილი /მეფუტკრეობა/.

თქვენი რეკლამა