თუთიყუში – ეგზოტიკური და საინტერესო ფრინველი

242 Views

თუთიყუშისებრთა რიგში ერთიანდება ორი გვარი: 1. კაკადუსნაირები, რომელიც თავის მხრივ აერთიანებს 65 სახეობას და 2. ნამდვილი თუთიყუშები ანუ გლუვენიანები, რომელშიც გაერთიანებულია 285 სახეობა. ამ ორ გვარში სულ გაერთიანებულია 350-მდე სახეობა. მათ შორის: 27 სახეობა და 14 ქვესახეობა შეტანილია მსოფლიო წითელ წიგნში.

თუთიყუში გავრცელებულია მხოლოდ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში. სახეობათა ყველაზე დიდი მრავალფეროვნება აღრიცხულია ავსტრალიის ფაუნაში. გვხვდება, აგრეთვე, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ინდოეთში, დასავლეთ აფრიკაში, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიაზე.

ითვლება ხეზე მობინადრე ფრინველად.

ცხოვრობენ ტყეებში, იშვიათად — გაშლილ ველებზე; რამდენიმე სახეობა გვხვდება მთებშიც; ბინადრობენ გუნდებად; იკვებებიან მცენარეული საკვებით, იშვიათად — მწერებით; ხელს უწყობენ მცენარეთა დამტვერვისა და გამრავლების პროცესს. ხშირ შემთხვევაში ანადგურებენ სასოფლო-სამეურნეო ნათესებსა და ბაღებს.

თუთიყუში

თუთიყუშის სხეულის სიგრძე მერყეობს 9,5 სმ-დან 1 მ-მდე, ცოცხალი მასა — 10 გ-დან 1 კგ-ზე ზევით. შეფერილობით არიან ძალზე მრავალფეროვნები და დამახასიათებელია მკვეთრი ფერები. ძირითადად ჭარბობს მომწვანო-მოყვითალო ფერები. გააჩნიათ მოკაუჭებული მასიური ნისკარტი და მოღუნულბრჭყალებიანი მასიური ფეხები. მე-2 და მე-4 თითი უკანაა მიმართული და ძალზე მოქნილია. ფრთები გრძელი და წაწვეტებულია. იგი მონოგამიური ფრინველია.

ბუდეს იკეთებს ხის ფუღუროში, ქვებს შორის ნაპრალებში და სხვ. დედალი დებს 2-3, იშვიათად 5-8 კვერცხს. კრუხობს დედალი. ინკუბაციის ხანგრძლივობა გრძელდება 3 კვირამდე. ბარტყი იჩეკება შეუბუმბლავი და თვალაუხილავი.

თუთიყუშის თავის ქალა გამოირჩევა თავისი სიფართით. აქედან გამომდინარე, თავის ტვინიც მოცულობაში შედარებით დიდია. ქვედა ყბის ძვლები საკმაოდ გრძელია.

თუთიყუში

დამახასიათებელია კარგი მეხსიერება და ხმების იმიტაცია (კარგად არის განვითარებული ხმის იოგები). ენა მოკლეა, მსხვილი და ხორციანი. ზოგიერთ სახეობაში აღჭურვილია წვრილი, მრავალრიცხოვანი ძაფისებრი დვრილებით.

თუთიყუშები სამყაროს ერთ-ერთი ულამაზესი წარმომადგენლებია და დაჯილდოებულნი არიან საუცხოო „ლაპარაკის” უნარით. არიან ძალიან მოძრავები და ენერგიულები. სწორედ ამ თვისებების გამო ისინი ხშირად ჰყავთ გალიებში, როგორც შინაური ფორმა. განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ტალღისებური ანუ ხუჭუჭა თუთიყუში, რომლის სამშობლოც ავსტრალიაა.

თუთიყუში

სამხრეთ ამერიკის თუთიყუშები გამოირჩევიან განსაკუთრებული შეფერილობით. ეს კონტინენტი ითვლება გიგანტური თუთიყუშის „არას” სამშობლოდ. აქაურები არიან „ამაზონებიც.” ისინი შედარებით მცირე ზომისანი არიან, მაგრამ მიუხედავად ამისა „არებზე” უკეთესად „ლაპარაკობენ.” ე.ი. მათზე უკეთ შეუძლიათ ადამიანის ლაპარაკისა და სხვა ხმების იმიტაცია. მათ შორის საუკეთესოდ ითვლება ყვითელკისერა „ამაზონი” და ლურჯშუბლიანები. ისინი „ლაპარაკით” მხოლოდ „ჟაკოს” ჩამოუვარდებიან.

ავსტრალიისა და გარეშემო კუნძულების თუთიყუშები შედარებით ნაკლებინტენსიური შეფერილობით გამოირჩევიან. აქ გავრცელებულია „ხუჭუჭა თუთიყუშები,” „ნიმფები” და დიდქოჩრიანი „კაკადუ.”

თუთიყუში

ჩვენს ქვეყანაში გალიებში, სახლის პირობებში, ყველაზე მეტად გავრცელებულია ტალღისებური ანუ ხუჭუჭა თუთუყუშები.

ავტორი: კობა ნაცვალაძე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი,
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

წყარო: ეგზოტიკური ფრინველები – მტრედი, თუთიყუში, იადონი, ფარშავანგი

106Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრომარკეტი
აგროკავკასია FB