კენკროვანი კულტურები – ბაღების თანადაფინანსების ახალი ქვეკომპონენტი

832 Views

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს დაემატა ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“, რომელიც ითვალისწინებს ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსების კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში.

ქვეკომპონენტი ითვალისწინებს ფინანსური მხარდაჭერას მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის ან/და  ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების შეძენისთვის.

„ჩვენ იმ ფერმერების იდენტიფიცირებას მოვახდენთ, რომლებიც მზად არიან, რომ ასეთი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები შეისწავლონ. მათ მომზადებას სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს. ის ფერმერები, რომლებიც გაივლიან მომზადების კურსს, შესაბამის ტესტირებას და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, სახელმწიფოს მხრიდან სრულ 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხრიდან გათვალისწინებულია ფერმერებისთვის რეალიზაციაში დახმარებაც.“ – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში,100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალის ღირებულების 100%.

ფიზიკური პირის დაფინანსების შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა-დან არაუმეტეს 0.5 ჰა-ის ჩათვლით კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის (რომლის საკუთრებაშია მეპაიეების მიერ პაის სახით შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.

სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1  ერთეული სტაციონალური მაცივარკონტეინერი, რომლის ტევადობა, საშუალოდ, 20 ტონაა.

სახელმწიფო პროექტის „დანერგე მომავალი“ კენკროვანების ქვეკომპონენტი განხორციელდება:

იმერეთში – საჩხერის, ტყიბულის, ჭიათურის, ხარაგაულის, ბაღდათის, ვანის, ხონის მუნიციპალიტეტებში და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში;

გურიაში – ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში;

რაჭა-ლეჩხუმში და ქვემო სვანეთში – ამბროლაურის, ლენტეხის, ონის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში;

სამეგრელო-ზემო სვანეთში – წალენჯიხის, მარტვილის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში;

მცხეთა-მთიანეთში – მცხეთის, თიანეთის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში.

პროექტის „დანერგე მომავალი“ განხორციელება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ 2015 წლის მარტში დაიწყო.

პროექტის მიზანია, მრავალწლოვანი კულტურების გაშენების გზით, საქართველოში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწების ეფექტიანი გამოყენება, რის შედეგადაც, მოხდება იმპორტირებული პროდუქციის ქართული პროდუქციით ჩანაცვლება, გაიზრდება ექსპორტი, გაადვილდება გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფა და გაუმჯობესდება სოფლად მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა.

115Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB