გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების საკითხები განიხილეს

71 Views

გაიმართა კავკასიის ალიანსების პროგრამის მრჩეველთა კომიტეტის (ALCP) მე-9 შეხვედრა.

შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ვრცლად ისაუბრა მესაქონლეობის სექტორისთვის ბიოუსაფრთხოების პუნქტების როლის და მნიშვნელობის შესახებ.

ლევან დავითაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყანაში მესაქონლეობის დარგის განვითარება პრიორიტეტული მიმართულებაა და, შესაბამისად, გადასარეკი ტრასების ინფრასტრუქტურული მოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბიოუსაფრთხოების პუნქტების გამართული ფუნქციონირება პირდაპირ კავშირშია ცხოველთა ჯანმრთელობის და ექსპორტის საკითხებთან. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ცხოველთა გადასარეკ ტრასებზე საერთაშორისო სტანდარტის ხუთი ბიოუსაფრთხოების პუნქტი ფუნქციონირებს.

„მოგეხსენებათ ვეტერინარული და სანიტარული ნორმების კონტროლი ევროპასთან დაახლოების დღის წესრიგითაა გათვალისწინებული. მიუხედავად იმისა, რომ ვეტერინარული მდგომარეობის გამოსასწორებლად სახელმწიფომ ეფექტიანი ნაბიჯები გადადგა და თვალშისაცემია დარგის განვითარების პოზიტიური დინამიკა, გამოწვევებიც ბევრია და, ვფიქრობ, სახელმწიფომ, კერძო სექტორმა და დონორმა ორგანიზაციებმა არსებულ გამოწვევებს კონსოლიდირებულად უნდა ვუპასუხოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისასალმებელ სიტყვაში მინისტრმა დარგის განვითარების კონტექსტში ყურადღება ჯიშთა გაუმჯობესების საკითხებზე, გადასარეკი ტრასების ალტერნატიული გზების მოძიებასა და სახელმწიფო პროგრამებში მესაქონლეობის, კერძოდ მეცხვარეობის დარგის განვითარებისთვის თანადაფინანსების კომპონენტის მნიშვნელობაზე  გაამახვილა.

კავკასიის ალიანსების პროგრამების მრჩეველთა კომიტეტის მე-9 შეხვედრაზე სპეციალისტებმა, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების, ასევე მეცხოველეობის სექტორის წარმომადგენლებმა გადასარეკი ტრასებისა და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მენეჯმენტისა და მდგრადობის საკითხებზე იმსჯელეს.

25Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB