რეინჰოლდ მესნერი – მე მჯერა, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს დაიპყრობს

ღვინო

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას საკვლევ-სადემონსტრაციო ბაზას მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელი, მწერალი და მოგზაური რეინოლდ მესნერი ესტუმრა.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კველვითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ სტუმარს ვაზისა და ხეხილის საკოლექციო ნარგაობები დაათვალიერებინეს, ქართული ღვინის დაყენების მეთოდები და მევენახეობა-მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციები გააცნეს.

რეინოლდ მესნერმა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოებიც დააგემოვნა.

„საქართველოში ჩამოსვლამდე გაგონილი მქონდა ქართული ღვინის შესახებ. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, ჩამოვედი საქართველოში და გაოცებული დავრჩი. ამბობენ, ღვინო სათავეს სამხრეთ იტალიიდან იღებს. მე ვაყენებ ღვინოს და მჯერა, რომ ღვინო სათავეს საქართველოდან იღებს და აქედან გავრცელდა მთელს მსოფლიოში.

თქვენს ქვეყანას დიდი პოტენციალი და ღვინის დიდი კულტურა აქვს. მე მჯერა, რომ ქართული ღვინო მსოფლიოს დაიპყრობს. მე მომწონს კლასიკური წითელი ღვინო, ზოგჯერ ვსვამ თეთრსაც, მაგრამ წითელი ღვინო არის ჩემი საყვარელი სასმელი, “ – აღნიშნა რეინოლდ მესნერმა.

რეინოლდ მესნერი საქართველოში მთის კურორტების პოტენციალის გასაცნობად ჩამოვიდა. მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის გარეშე დაიპყო, ის პირველია, რომელმაც მარტომ გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლადია და გობის უდაბნო.

მესნერს გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომელშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს.

თქვენი რეკლამა