მზის პანელები სოფლის მეურნეობას მხოლოდ ელექტროენერგიას აღარ აწვდიან. ევროპელი მეცნიერების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ სწორად დაგეგმილი აგროვოლტაიკური სისტემა (AgriPV) ერთდროულად ზრდის ჟოლოს მოსავლიანობას, ამცირებს წყლის დანახარჯს და მცენარეებს ზაფხულის სიცხისგან იცავს. მიღებული შედეგები სპეციალისტებმა აგროვოლტაიკის განვითარების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად შეაფასეს.
კვლევა კვიპროსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის, იტალიის მარკეს პოლიტექნიკური უნივერსიტეტისა და ესპანეთის სამეცნიერო კვლევების ეროვნული საბჭოს (CSIC) მეცნიერებმა ჩაატარეს. ექსპერიმენტი ხმელთაშუა ზღვის კლიმატისთვის ერთ-ერთ ყველაზე რთულ რეგიონში — კვიპროსის მთიან ზონაში — განხორციელდა, სადაც ზაფხულში ჰაერის ტემპერატურა ხშირად 35°C-ს აღემატება და წყლის რესურსები შეზღუდულია.
მკვლევარებმა ერთმანეთს სამი განსხვავებული წარმოების სისტემა შეადარეს: ღია გრუნტი, მხოლოდ დამცავი ბადე და ნახევრად გამჭვირვალე მზის პანელებისა და დამცავი ბადის კომბინაცია. სწორედ აგროვოლტაიკურმა სისტემამ აჩვენა საუკეთესო შედეგი — სეზონური მოსავალი 65%-ით გაიზარდა, ხოლო ყველაზე ცხელი აგვისტოს განმავლობაში მოსავლიანობა ღია გრუნტთან შედარებით 89%-ით მეტი იყო.
არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა წყლის გამოყენების ეფექტიანობაც. კვლევის მიხედვით, თითოეული გრამი ჟოლოს მისაღებად საჭირო წყლის რაოდენობა დაახლოებით 40%-ით შემცირდა, ხოლო წყლის გამოყენების საერთო ეფექტიანობა 60%-ით გაუმჯობესდა. მეცნიერები ამას იმით ხსნიან, რომ ნახევრად გამჭვირვალე პანელები მცენარეებს გადაჭარბებული მზის სხივებისა და გადახურებისგან იცავს, რის შედეგადაც მცირდება აორთქლება და ნიადაგში ტენი უფრო დიდხანს ნარჩუნდება.
კვლევამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შედეგიც აჩვენა — მოსავლიანობის ზრდას ნაყოფის ხარისხი არ შეუმცირებია. პირიქით, ჟოლოში შაქრების შემცველობა გაიზარდა, ხოლო ანტიოქსიდანტური ნაერთები და არომატი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. ეს ნიშნავს, რომ აგროვოლტაიკა მხოლოდ რაოდენობას კი არ ზრდის, არამედ პროდუქციის კომერციულ ღირებულებასაც ინარჩუნებს.
მეცნიერების შეფასებით, მსგავსი ტექნოლოგია განსაკუთრებით პერსპექტიულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონში და სხვა იმ ქვეყნებში, სადაც კლიმატის ცვლილების გამო სიცხისა და გვალვის ეპიზოდები სულ უფრო ხშირი ხდება. აგროვოლტაიკური სისტემები ერთდროულად იძლევა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და განახლებადი ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობას, რაც ფერმერებისთვის დამატებით ეკონომიკურ სარგებელსაც ქმნის.
მსოფლიოში ჟოლოს წარმოება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა წყლის დეფიციტი და მაღალი ტემპერატურა მწარმოებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. სწორედ ამიტომ მკვლევრები მიიჩნევენ, რომ აგროვოლტაიკა უახლოეს წლებში კენკროვანი კულტურების წარმოების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად გავრცელებად ტექნოლოგიად შეიძლება იქცეს.
წყარო: HortiDaily – Agrivoltaics above raspberry crops? Science says: 65% more fruit, 40% less water
აგროვოლტაიკა: რამდენი ჩრდილი სჭირდებათ მცენარეებს იდეალური მოსავლის მისაღებად

