ქიშმიშის სასარგებლო თვისებები

ქიშმიში, თათარა, ჩურჩხელა, სამკურნალო

ქიშმიში სპარსული სიტყვაა და გამომშრალ, დაჩირებულ ყურძენს ნიშნავს. ის იგივე ჩამიჩია, ყურძნის ჩირი. უკეთესია ისეთი ჩირი, რომელშიც არ არის წიპწა.

ქიშმიშის ცალკეულ სახეობათა სავაჭრო სახელწოდება ხშირად იცვლება და შესაბამისად, მეტად მრავალფეროვანია, თუმცა თავად ჩამიჩის სახეობები უკანასკნელი 2500 წლის განმავლობაში არ შეცვლილა.

ქიშმიში ერთ-ერთი სასარგებლო და ფართოდ მოთხოვნადი ჩირია. ის ინარჩუნებს ყურძნის პრაქტიკულად ყველა სასარგებლო თვისებას, ვიტამინებს – 70-80%-ით, მიკროელემენტებს კი 100%-ით.

ვიტამინებიდან ქიშმიშში უხვადაა B1, B5, B6, P, PP, C, მინერალებიდან – კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, მანგანუმი, კობალტი, ფოსფორი, რკინა. ყურძნის ჩირი დიდი რაოდენობით შეიცავს აგრეთვე ფოლიუმის მჟავას, კაროტინს, შაქრებს (79,5-87,5%), აზოტოვან ნივთიერებებს (2,1-2,9%), ნახშირწყლებსა და ორგანულ მჟავებს.

ყურძნის ჩირი ძლიერი ანტიოქსიდანტია. მისი სასარგებლო თვისებები უხსოვარი დროიდანაა ცნობილი. ოდითგან ფასდება ყურძნის ჩირის განსაკუთრებული უნარი, განამტკიცოს და დაამშვიდოს ნერვული სისტემა.

ქიშმიში მეტად სასარგებლოა მათთვის, ვისაც აწუხებს დაქვეითებული არტერიული წნევა, ანემია, დაბალი ჰემოგლობინი.

ექიმები მის მიღებას გვირჩევენ ცხელების, საერთო სისუსტის, გულისა და თირკმლის დაავადებების დროს. წარმატებით იყენებენ კუჭ-ნაწლავის, ფილტვებისა და ბრონქების დაავადებების, ნივთიერებათა ცვლის დარღვევების დროსაც.

ქიშმიში, გარდა იმისა, რომ კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, ხელს უწყობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის განმტკიცებას, არიგულირებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ქიშმიში რეკომენდებული არ არის შაქრიანი დიაბეტის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის დროს. სხვა უკუჩვენებებია – პირის ღრუს წყლულოვანი პროცესები, ენტეროკოლიტები, ფილტვის ტუბერკულოზის აქტიური ფორმა და გამოხატული გაცხიმოვნება.

ქიშმიში დიდი რაოდენობით შეიცავს ადვილად ასათვისებელ შაქარს, ორგანულ მჟავებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს. ეს პატარა ჩირეული პრაქტიკულად ყველა სისტემას (გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, ნერვული) აძლიერებს.

მასში ბევრია ბორი – მინერალი, რომელიც ოსტეოპოროზისგან იცავს და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას ეხმარება. ქიშმიში ასევე მეტად სასარგებლოა სისხლძარღვებისთვის. დღეში ერთი მუჭა ქიშმიში დისტონიისგან (ტონუსის დარღვევა) იცავს.

ჩურჩხელა და თათარა

ეს პროდუქტები დიდი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ასათვისებელ და მოსანელებელ ნახშირწყლებს – გლუკოზასა და ფრუქტოზას, გარდა ამისა, ორივეს მკვეთრად გამოხატული ანტიდეპრესიული მოქმედებაც აქვს, აქტიურად გამოდევნის ორგანიზმიდან მომწამვლელ ნივთიერებებსა და წიდებს, ბადაგი კი ჭარბ სითხეს.

ორივე მათგანი დიდი რაოდენობით შეიცავს ორგანულ მჟავებს, მიკრო და მაკროელემენტებს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, მაგნიუმს და შესაბამისად, ორგანიზმს ავსებს რა ამ ნივთიერებებით, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის იმ რგოლის ფუნქციათა გაუმჯობესებას, რომელთა მარეგულირებელიც ეს ელემენტებია.

კალიუმით მდიდარი თათარა და ჩურჩხელა შესანიშნავად ასრულებს გულის კუნთის კვების ფუნქციას. ყურძნის ბადაგისგან მომზადებული თათარა უძილობის ბუნებრივი წამალიცაა.

ამავე დროს, ბადაგი და ნიგოზი, აწესრიგებს რა მჟავა–ტუტოვან ბალანსს ორგანიზმში დადებითად მოქმედებს სისხლის წარმომქმნელ ორგანოებსა (ძვლის ტვინი და ელენთა) და ზოგადად სისხლწარმოქმნის პროცესზე. ამიტომ ექიმები ურჩევენ ანემიურ პაციენტებს მიირთვან ყუძნის წვენი და თათარა.

ჩურჩხელას კი განსაკუთრებულ თვისებებს სძენს ნიგოზი, რომელიც დღესდღეობით მეცნიერებმა ტვინის საყვარელ საკვებად აღიარეს. ამიტომაც გვირჩევდნენ ბებიები, გამოცდების წინ ჩანთაში ყოველთვის ჩურჩხელა გვქონოდა.

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები საკვები და მკურნალი.
/აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია/

იხილეთ აგრეთვე: ქიშმიში გაციების, სურდოსა და ყელის ტკივილის წამალი

*სამკურნალოდ მცენარეები და სხვა პროდუქტები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა