„ჩურჩხელა“ – გეოგრაფიული აღნიშვნა

ჩურჩხელა

ყურძნის ან თუთის შესქელებულ ტკბილში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ნუშის გულები, გოგრის გარჩეული თესლი ან მათი ნატეხები და/ან სხვადასხვა ხილის ჩირი.

მზა პროდუქტისა და ნედლეულის დახასიათება

ქართული ტრადიციული ტკბილეული „ჩურჩხელა“ არის ყურძნის ან თუთის შესქელებულ ტკბილში ამოვლებული ძაფზე ასხმული ნიგოზი, თხილი, ნუშის გულები, გოგრის გარჩეული თესლი ან მათი ნატეხები, და/ან სხვადასხვა ხილის ჩირი.

ფორმა

სტანდარტული „ჩურჩხელის“ სიგრძე 20-დან 35 სმ-მდეა. დიამეტრი – 1,5-4 სმ. ამასთან, გამონაკლისის სახით დასაშვებია არასტანდარტული სიგრძის „ჩურჩხელის“ წარმოებაც.

ორგანოლეპტიკა

შესქელებული და გამშრალი ტკბილისა და შესაბამისი ნედლეულის დამახასიათებელი სასიამოვნო, ტკბილი გემო; კონსისტენცია – რბილი, მკვრივი და ელასტიკური.

შესქელებული ტკბილის მომზადება და ჩურჩხელის ამოვლება

შესქელებული ტკბილის მოსამზადებლად ყურძნის და/ან თუთის ტკბილს აცხელებენ პირდაპირ ცეცხლზე წამოდუღებამდე. ამ დროს ტკბილს მოუკიდებენ ფქვილს, ურევენ და აგრძელებენ გაცხელებას სასურველი კონსისტენციის მიღებამდე.

აღმოსავლეთ საქართველოში (კახეთი, ქართლი, მესხეთი) მიღებული ყურძნის ტკბილის შემთხვევაში გამოიყენება პურის ფქვილი და მიღებულ შესქელებულ ტკბილს „თათარა“ ეწოდება.

სამცხე-ჯავახეთშიც პურის ფქვილი გამოიყენება თუთის ტკბილის შესასქელებლად. დასავლეთ საქართველოში (რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, აჭარა) კი გამოიყენება სიმინდის ფქვილი და მიღე-ბულ შესქელებულ ტკბილს „ფელამუში“ ჰქვია.

წინასწარ გამზადებულ ნიგვზის, თხილის, გოგრის, ნუშის გულების ან მათი ნატეხების, და/ან ხილის ჩირის ასხმულას რამდენჯერმე ამოავლებენ თათარაში (კახური ან ქართლური ჩურჩხელის შემთხვევაში) ან ფელამუშში (იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, მეგრული, აფხაზური ან აჭარული ჩურჩხელის შემთხვევაში) ან თუთის შესქელებულ ტკბილში და კიდებენ ჰაერზე გასაშრობად. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ჩურჩხელა შეშრება, დასაშვებია მისი რეალიზაცია.

ჩურჩხელა, ამოვლება, ფელამუში, კაკალი

„ჩურჩხელის“ დასამზადებლად გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ნიგოზი, თხილი, გოგრის თესლი, ნუში ან ხილის ჩირი.

წარმოების გეოგრაფიული არეალი

შესქელებული ყურძნის ტკბილის (თათარა, ფელამუში) დასამზადებლად გამოყენებული ყურძენი მოწეულ უნდა იქნეს საქართველოს მევენახეობის შემდეგ ზონებში: კახეთ, ქართლი, მესხეთი, იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, აჭარა.

თუთის ჩურჩხელის შემთხვევაში, გამოიყენება სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე მოწეული თუთის ტკბილი.

ჩურჩხელის დამზადება დასაშვებია წარმოშობის მევენახეობის ზონის გარეთაც, მაგრამ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიის ფარგლებში.

ჩურჩხელა, ამოვლება, ფელამუში, კაკალი

გეოგრაფიული აღნიშვნა: „ჩურჩხელა“
რეგისტრაციის № 2
რეგისტრაციის თარიღი: 2011.12.13

წყარო: საქპატენტი

თქვენი რეკლამა