შროშანა – სამკურნალო თვისებები

შროშანა, სამკურნალო, მცენარე

შროშანა (ლათ. Convallaria) იგი 15-30 სმ სიმაღლის სურნელოვანი მრავალწლიანი ფესურიანი მცენარეა, 2-3 ფოთლით. აქვს წვერმოხრილი, წახნაგოვანი საყვავილე ღერო.

მაისის შროშანა – გვხვდება სამხრეთ კავკასიაშიც (ადრე აქ გავრცელებული შროშანა ცალკე სახეობად, Convallaria transcaucasica-ად ითვლებოდა), საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, ტყეებსა და ბუჩქნარებში იზრდება.

სიცოცხლის პირველ წლებში შროშანა არ ყვავის, მხოლოდ 2-3 წლის მერე ფესურაზე ვითარდება მსხვილი კვირტი, რომელიც გაზაფხულზე იძლევა უკვე ყვავილიან ყლორტს. ამის შემდეგ ყვავილობა ისევ წყდება 2-3 წლით. აი ამიტომ არის, რომ იმ ადგილებში, სადაც იზრდება შროშანა, ყოველთვის ბევრია ყლორტი ფოთლებით, მაგრამ ცოტაა ყვავილები.

შროშანას ფოთლები ვითარდება ფესვის ყელიდან. ისინი გრძელყუნწიანებია, მოგრძო-ელიფსური, წამახვილებული ფოთლის ფირფიტით, მთლიანკიდიანი, ხასხასა მწვანე, ზედა მხარეს მტრედისფერი, ხოლო ქვედა მხარეს მბრწყინავი. საყვავილე ისარი გლუვია, ზედა ნაწილში სამწახნაგოვანი.

ყვავილსაფარი თოვლივით თეთრია, ოდნავ გადაღუნული ექვსი კბილით. ყვავილის შიგნით ბუტკოს გარს აკრავს 6 მტვრიანა, რომლებიც მიმაგრებული არიან ყვავილსაფარის ქვედა ნაწილზე.

შროშანა, სამკურნალო, მცენარე

შროშანას ბურთისებრი კოკრები მდებარეობენ ზეაწეულ ყუნწებზე. ისინი ყვავილის გაშლასთან ერთად თანდათანობით დაბლა იხრებიან. ნაყოფი სამბუდიანი კენკრაა. იგი დასაწყისში მწვანეა, დამწიფებასთან ერთად ხდება კაშკაშა ნარინჯისფერ-წითელი.

ყურადღება: მაისის შროშანა შხამიანი მცენარეა.

შროშანას ქართლში დათვიყანას, დათვისიმინდს ეძახიან, რაჭაში – მკვდრის ყვავილს. შროშანა გავრცელებულია წიწვოვან, ფოთლოვან და შერეულ ტყეებში, ბუჩქნარის ძირში. ნედლეულად იყენებენ ცალკე ყვავილებს და ცალკე ბალახს ან ყვავილებს და ფოთლებს ერთად.

ყვავის აპრილ-მაისში, დაყვავილების შემდგომ უვითარდება კენკრა ნაყოფი.

შროშანას აგროვებენ ყვავილობის დასაწყისში, როდესაც ყვავილი ახალი გაშლილია და ჯერ არ გაყვითლებულა. საუკეთესო ნედლეულად ითვლება მხოლოდ ყვავილი. ამ დროს კრეფენ ყვავილის მთელ ისარს და შემდეგ ხელით აცლიან ყვავილებს. მეორეხარისხოვანი ნედლეულის დამზადებისათვის დასაშვებია მთელი ყვავილედის შეგროვება უკანასკნელი ყვავილიდან 3 სმ-ზე ქვემოთ.

შროშანა, სამკურნალო, მცენარე

ფოთლებს აგროვებენ ყვავილობის დაწყებიდან  მის დასასრულამდე, შეგროვების დროს არ შეიძლება ფესურის დაზიანება, რადგან იგი იწვევს მთელი ბარდების დაზიანებას. შეგროვილი ნედლეული სწრაფად უნდა გაშრეს.

ტრანსპორტირების დროს მას ათავსებენ კალათში,  ისე რომ არ ჩაიტკეპნოს. ზევიდან აფარებენ რაიმეს მზის სხივებისგან დასაცავად. შრობის დროს აწყობენ თხელ ფენად ყვავილებს და ფოთლებს ცალ-ცალკე.

შროშანა შეიცავს საგულე გლიკოზიდებს. მიწის ზედა ნაწილებიდან გამოყვეს გლიკოზიდები, კონვალოტოქსინი, კონვალოტუქსოლი, კონვალოზიდი, გლიკონვალოზიდი, ვალაროტოქსინი და სხვა. ფესვები შეიცავენ კონვალამარინს. გარდა აღნიშნულისა, შროშანაში ნაპოვნია ეთერზეთის კვალი, ასპარაგინი, სახამებელი, შაქარი, ვაშლის და ლიმონის მჟავები.

შროშანასაგან დამზადებული პრეპარატები გამოყენება სისხლის მიმოქცევს მწვავე და ქრონიკული უკმარისობის, გულის უკმარისობის დროს. მისგან მზადდება შროშანას სპირტიანი ნაყენი (სამრეწველო წესით),  კორგლიკონის საინექციო ხსნარი.

შროშანა, სამკურნალო, მცენარე

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

თქვენი რეკლამა