ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების საკითხები განიხილეს

ბიომრავალფეროვნების

ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფის საკითხები კონფერენციის ფორმატში განიხილეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და მდგრადი სარგებლობის უზრუნველსაყოფის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

კონფერენციის მონაწილეებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების, მათ შორის „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველო“ ფარგლებში გათვალისწინებული აქტივობები: სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმა, თევზჭერის კონცეფციის შემუშავება და სხვა განიხილეს.

„ბიომრავალფეროვნების დაცვა-შენარჩუნების მიმართულებით, ჩვენს ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი, რაც გულისხმობს როგორც დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებას, ისე ეროვნული და ჩარჩო კანონმდებლობის განვითარებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბიომრავალფეროვნების ახალი კანონპროექტი, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას ემსახურება და ასოცირების შეთანხმების შესაბამისად შევიმუშავეთ, დასკვნით ეტაპზეა”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა.

როგორც საქართველოში შვედეთის საელჩოს განვითარების თანამშრომლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ევა ატერლოვ ფრისელმა აღნიშნა, კლიმატის ცვლილების ფონზე, ბიომრავალფეროვნების დაცვა და შენარჩუნება ჩვენი დროის ყველაზე დიდი გამოწვევაა.

„კლიმატური ცვლილების პირობებში ჩვენ ვხედავთ ბიომრავალფეროვნების კარგვის ეფექტს, ყველგან, მათ შორის, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში. ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და მომავალი თაობებისთვის ბუნების შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. შვედეთის მთავრობა მოხარულია, რომ ამ მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. პროექტი – „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“, რომელიც 2021 წლიდან მიმდინარეობს, ამ თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია”, – განაცხადა ევა ატერლოვ ფრისელმა.

თქვენი რეკლამა