ბროწეული – სამკურნალო მცენარე, რეცეპტები

ბროწეული, ხალხური, მკურნალობა

ბროწეული (ლათ. Punica Granatum L) საკმაოდ ტანმაღალი (1-5 მ) ხშირტოტებიანი ეკლოვანი ბუჩქია, რომელიც ბროწეულისებრთა ოჯახში შედის. 

ახალგაზრდა ტოტები მომწვანო-ნაცრისფერია, წიბოებიანი, დამოკლებული ტოტები ეკლით ბოლოვდება.

ფოთლები მოპირისპირეა ან შეჯგუფული, ტყავისებრი, მბრწყინავი, ელიფსური ან მოგრძო ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილები კაშკაშა წითელი, მრგვალი ნაყოფის დიამეტრი 15 სმ-მდე აღწევს, წონით კი 700 გრამამდე.

თესლებს წვნიანი ხორცოვანი რბილობი აკრავს. ყვავის მაის-აგვისტოში, ნაყოფი კი სექტემბერ-ოქტომბერში მწიფდება. ბუნებრივად გავრცელებულია როგორც დასავლეთ საქართველოში, ისე აღმოსავლეთშიც.

იზრდება მშრალ ქვა-ღორღიან ფერდობებზე, კულტურა ფართოდაა დანერგილი საქართველოს ბარში. ბუნებრივად იგი 600-900 მეტრამდე სიმაღლეზე გვხვდება ზღვის დონიდან, უფრო ხშირად კი 600 მეტრამდე.

ბროწეულის ნაყოფის კანსა და ღერო-ტოტების ქერქს ტყავის შავად შესაღებად ხმარობდნენ. ნაყოფის კანისა და ძაღას (რკინის შაბიამანი) მეშვეობით შესაძლოა შავი მელნის დამზადება.

ბროწეული მდიდარია A, C, E, B1, B2, PP ვიტამინებით, რკინით, იოდით, კალციუმით, კალიუმითა და სილიციუმით. მისი წვენი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის გამართულ მუშაობას.

სამკურნალოდ ნაყოფის კანი, ღეროს, ტოტებისა და ფესვების ქერქი გამოიყენება პარაზიტი ლენტური ჭიების წინააღმდეგ. აგრეთვე შემკვრელ საშუალებად კუჭ-ნაწლავის აშლილობისას.

მის შემადგენლობაში არსებული ალკალოიდი პლეტერინი სწრაფად იწოვება ორგანიზმში და ტოქსიკურ მოვლენებს იწვევს. ამიტომ სამკურნალოდ გამოყენებისას უნდა ერიდოთ პერედოზირებას.

თბილისის ფარმაკოქიმიურ კვლევით ინსტიტუტში, შემუშავებულია ბროწეულის ნაყოფის კანის მშრალი ექსტრაქტი-ექსგრანი, მისი, როგორც კუჭაშლილობის საწინააღმდეგო საშუალების, კლინიკური გამოცდა ჩატარდა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში.

ექსგრანი 0,75 გ დოზით დღეში სამჯერ იწვევს ავადმყოფის საერთო მდგომარეობის გაუმჯობესებას, უმჯობესდება აგრეთვე ძილი, მადა, უქრება მუცლის ტკივილი და კუჭაშლილობა.

ბროწეული აძლიერებს და ამაღლებს ადამიანის იმუნურ სისტემას. თუ განიცდით სისხლის ნაკლებობას, რეკომენდირებულია მიიღოთ ბროწეულის წვენი დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, 2 თვის განმავლობაში.

ბროწეულის ნაყოფის კანი კარგ შემკვრელ და ანთების საწინააღმდეგო საშუალებად ითვლება. კუჭაშლილობის, კუჭნაწლავის ანთების დროს.

იყენებენ ნახარშს: 2 ჩაის კოვზი წვრილად დაჭრილი ნაყოფის კანი, ერთ ჭიქა წყალზე. ადუღებენ ნელ ცეცხლზე 15 წუთს (2 დღის დოზა).

ბროწეულის მარცვლები დაბლა სწევს არტერიულ წნევას.

სხვადასხვა (თირკმელები, ღვიძლი, ყურები და თვალები, სახსრები, გინეკოლოგიური ორგანოები) ანთებითი პროცესის დროს,ბროწეულის ქერქის ნახარში დაგეხმარებათ: 2 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ბროწეულის ქერქს დაასხით 1 ჭიქა ცხელი წყალი და წყლის ორთქლზე 30 წუთი ადუღეთ. გადაწურეთ და დაუმატეთ ადუღებული წყალი იმდენი, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ 50 გრამი 2-3-ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ბროწეულის ღეროსა და ფესვების ქერქს, ეფექტურ საშუალებად მიიჩნევენ სოლიტერის წინააღმდეგ: 50 გ. მზა ნედლეულს 15 წუთს ხარშავენ 0,5 ლ წყალში, რომელსაც ტანიდების არასასიამოვნო მოქმედების გასაუვნებლად, წინასწარ ცოტა კირწყალს ურევენ; სვამენ 2-3 საათის განმავლობაში.

ავტორები: შ.ხიდაშელი; ვ.პაპუნიძე
*სამკურნალო მცენარეები გამოიყენეთ ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებით.

იხილეთ: ბროწეული – დარგვა, მოვლა, მოყვანა

თქვენი რეკლამა