ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის “EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი” (CESL) ფარგლებში დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის სრულ რეაბილიტაცია იგეგმება.
პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანზიაცია ახორციელებს, ხოლო მუზეუმის რეაბილიტაცია დედოფლისწყაროს თვითმმართველობასთან ერთად განხორციელდება.
შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებას ხელი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა კახეთის რეგიონში პროექტის წარმომადგენელთან, ზურაბ წიგნაძესთან ერთად მოაწერა.
პროექტი მიზნად ისახავს, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის რეაბილიტაციის გზით, შექმნას ხელსაყრელი გარემო ვიზიტორთა ნაკადების მოსაზიდად, გამოფენების, შემოქმედებითი საღამოების მოსაწყობად, სამეცნიერო კონფერენციების ჩასატარებლად.
პროექტი ხელს შეუწყობს სამეცნიერო წრეების, შემოქმედი ადამიანების, სტუდენტი ახალგაზრდობის მოზიდვას და ინტეგრირებულ ადგილობრივ განვითარებას, ასევე ბიზნესის სფეროში მოქმედი ადგილობრივი მეწარმე სუბიექტების ბმას კულტურულ და შემოქმედებით ტურიზმთან, რეგიონის პოპულარიზაციას, მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას მუნიციპალიტეტის მდგრადი ეკონომიკური განვითარების ჭრილში.