სამცხე-ჯავახეთი ქვეყანაში კარტოფილის წარმოებით ცნობილი რეგიონია. სექტემბერ-ოქტომბერი ის თვეებია, როცა ფერმერები ნაკვეთებიდან კარტოფილის მოსავალს აქტიურად იღებენ.
კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სამცხეში პროცესი უფრო ადრე იწყება და სექტემბრის ბოლოსთვის მთავრდება, ხოლო ჯავახეთში მოსავალს სექტემბრის ბოლოდან იღებენ.
შარშან მოწეული მოსავალი, გაზაფხულზე ფერმერთა უმრავლესობას გაუფუჭდა. მიზეზი პანდემია იყო. მნიშვნელოვნად შემცირდა სხვა ქვეყნებში ექსპორტი, რამაც პრობლემები შექმნა.
2021 წლისათვის ფერმერებს უკეთესი მოლოდინი აქვთ. ამბობენ, რომ კარტოფილის მოსავლიანობა შარშანდელზე უკეთესი იქნება.
ახალქალაქში, სადაც რეგიონის მასშტაბით საჰექტარო მოსავლიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ფერმერმა მახარე მაცუკატოვმა კარტოფილი 3.5 ჰექტარზე დათესა. იგი ამავდროულად ასოციაცია „ახალქალაქის კარტოფილის“ გამგეობის თავმჯდომარეცაა. ამბობს, რომ შარშანდელთან განსხვავებით 1 ჰექტრით მეტი დათესა და ფიქრობს, რომ არც მას და არც ახალქალაქელ სხვა ფერმერებს რეალიზაცია არ უნდა გაუჭირდეთ.
„შარშან კარტოფილი საზღვარგარეთ ვერ გავიდა, საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა იაფად და ჩვენმა ფერმერებმა ვერ გაყიდეს. ნაწილი გაფუჭდა და გადაყარეს. რაც საღი დარჩა და იმისი რეალიზაცია ვერ მოახერხეს და გაზაფხულზე უკან ჩააბრუნეს მიწაში. წლევანდელი წლის მოსავალზე კი ძალიან დიდი მოთხოვნაა. რუსეთშიც კი დაიწყო ექსპორტი, რადგან ამ სეზონზე იქ კარტოფილის დეფიციტია. გარდა ამისა, უკვე 2-3 თვეა სომხეთშიც გადის, რადგან არც სომხეთშია წელს კარგი მოსავალი და ამას ჩვენი ფერმერებისთვის ეს შესაძლებლობაა. ბოლო რამდენიმე წელიწადია მსგავსი ფაქტი არ ყოფილა, რომ ჩვენგან სომხეთში გაეტანათ კარტოფილი, პირიქით, სომხეთიდან შემოდიოდა ჩვენთან“, – ამბობს მახარე მაცუკატოვი.
მისივე თქმით, თუ ქვეყანაში წარმოებული კარტოფილი ამ ტემპით გავიდა საექსპორტოდ, შესაძლოა ქართულ ბაზარზე ისევ თურქული კარტოფილი შემოვიდეს.
„კარტოფილი გვაქვს ჩვენ და თურქეთს, თუმცა ჩვენ გვაქვს ნაკლები რაოდენობით. რატომღაც რუსეთს არ შეაქვს კარტოფილი თურქეთიდან, როგორც ჩანს, ხარისხით საქართველოში წარმოებული სჯობს“.
ამ ეტაპზე, რეგიონში კარტოფილის სარეალიზაციო ფასი 70-80 თეთრია. ფერმერები ამბობენ, რომ ფასი მისაღებია.
წელს კარტოფილის რეალიზაციის პრობლემა რომ არ იქნება, ამაზე საუბრობს ახალციხის სასოფლო-საკონსულტაციო ცენტრის დირექტორი გურამ ჯინჭველაძეც.
„მთლიანობაში, რეგიონში დათესილი ფართობების თვალსაზრისით, კარდინალური ცვლილება არ არის. დაახლოებით იგივეა, რასაც გასულ წლებში თესავდა ხალხი. კარგი ის არის, რომ წელს გაზაფხულიდანვე ექსპორტი ხორციელდება. ეს პროცესი მაისიდან დაიწყო, როცა სათესლე კარტოფილი გავიდა და დღემდე გრძელდება. ძირითადად რუსეთში მიდის, ასევე სხვა ქვეყნებშიც. მაგალითად, ყაზახეთში და ევროპის ქვეყნებში. გასულ წელს ეს ასე არ იყო, სულ რამდენიმე კონტეინერი გავიდა მარნეულიდან და ფერმერებს დარჩენილი კარტოფილი გაუფუჭდათ“, – ამბობს გურამ ჯინჭველაძე.
მისივე თქმით, კარტოფილი საექსპორტოდ პირდაპირ ნაკვეთებიდან გააქვთ: „დღეში რამდენიმე კონტეინერი გადის. რამდენიმე ადგილიდან აგროვებენ და მიაქვთ“.
რეგიონში ფერმერები მუშახელის სიმცირეზე საუბრობენ. ამბობენ, რომ მკრეფავების და დამხმარეების ანაზღაურება 20-30%-ით გაიზარდა. ეს პრობლემა განსაკუთრებით აწუხებთ მცირემიწიან ფერმერებს.
მამუკა მერაბიშვილს ადიგენის მუნიციპალიტეტში კარტოფილი 30 მეასედზე უთესია. ამბობს, რომ გაზაფხულზე ელიტური თესლის ღირებულება 4.5 ლარი იყო, ამიტომ შეძენა ვერ შეძლო და დაბალი ხარისხის სათესლე მასალა იყიდა, კილოგრამში 1 ლარი გადაიხადა. არცთუ იაფი დაუჯდა სასუქის შეძენაც. მოსავლის აღების პროცესში უნდა გაითვალისწინოს მუშახელის ღირებულებაც: „ღირებულება გაიზარდა. ერთი მკრეფავის ანაზღაურება 35–40 ლარია დღეში. წინასწარ უნდა დაითანხმო. ვფიქრობ, რომ წელს კარგი მოსავალი უნდა მქონდეს, მაგრამ მთავარია, რა ფასად გავყიდი, დანახარჯის ამოღება მაინც რომ შევძლო“.
სოფლის განვითარების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამსახურის წინასწარი პროგნოზით, 2021 წლისთვის რეგიონში საშუალო საჰექტარო მოსავლიანობა 18 ტონა იქნება, მთლიანობაში 380 000 ტონა კარტოფილის აღებას ელოდებიან: „შარშან 1 ჰა-ზე საშუალოდ 17 ტონამდე ავიღეთ, წელს ახალქალაქში უფრო კარგი პროგნოზია. რეგიონში უკვე მოსავლის 50% აღებულია, ჯავახეთში კი კარტოფილის ამოღება ახლა იწყება“, – ამბობს სამსახურის უფროსის მოადგილე, მამუკა თამარაძე.
სამცხე–ჯავახეთში ფერმერები კარტოფილის მარაგის 15-20%-ს მოსავლის აღებისთანავე ყიდიან, ხოლო დარჩენილ 80-85%-ს მომდევნო წლის მაისამდე ინახავენ, თუმცა პრობლემას ქმნის სასაწყობო მეურნეობების არ ქონა.
რეგიონში არასათანადოდ არის განვითარებული სასაწყობო მეურნეობები. კარტოფილის შესანახ საწყობებად გადაკეთდა მიტოვებული შენობები და ძველი მაცივარ-საცავები. ამ ფართს ძირითადად მსხვილი მეკარტოფილეები იყენებენ. წვრილი და საშუალო ფერმერები კი, მოსავალს, ძირითადად, სახლის პირობებში ინახავენ.
თაკო ფეიქრიშვილი, სამცხე-ჯავახეთი, 2021წ.