ვარდი – ვარდის გასხვლა (გასხვლის მეთოდები და ვადები)

გასხლვა, ვარდის, სხვლა

ვარდის (ლათ. Rosa) გვარი აერთიანებს, როგორც კულტურულ ჯიშებს, ისე ველურ ვარდებს (ცნობილია დაახლოებით 400 ველური სახეობა) და შედის ვარდისებრთა (Rosaceae) ბოტანიკურ ოჯახში.

ვარდის სიმეტრიული ბუჩქის ჩამოყალიბებისთვის, დიდი ყურადღება და ზრუნვაა საჭირო. თვალყური უნდა ვადევნოთ ცალკეული ყლორტების ზრდა-განვითარებას.

გასხვლა ვარდის მოვლის ერთ-ერთი ძირითადი და აუცილებელი საშუალებაა. გასხვლის სწორად ჩატარებაზე ბევრადაა დამოკიდებული ვარდის ბუჩქის სიმეტრიულობა, მოხდენილი საყვავილე ყლორტების განვითარება, დეკორატიულობა და უხვი ყვავილობა.

გასხვლა ყოველწლიურად ტარდება, უმეტეს შემთხვევაში მოსვენების პერიოდში.

ვარდის გასხვლის მეთოდები

ოთხ მეთოდს არჩევენ: ძლიერი, ზომიერი, სუსტი და კომბინირებული.

ძლიერი (მოკლე) გასხვლა  – განშტოებიდან 2-4 კვირტზე. როგორც წესი გამოიყენება გაზაფხულზე ვარდის ნერგის დარგვისას, მობერებული ბუჩქების გაახალგაზრდავების მიზნით, ან ჩაის-ჰიბრიდული ჯიშის ვარდების დასუსტებული ბუჩქების გადასარჩენად.

საშუალო (ზომიერი) გასხვლა 5-7 კვირტზე – სტიმულს აძლევს ადრეულ ყვავილობას და უზრუნველყოფს მაქსიმალურ დეკორატიულობას.

სუსტი (გრძელი) გასხვლა -განშტოებიდან 8-12 კვირტზე, გამოიყენება ზაფხულში და გამოიხატება ყლორტების მცირედ დამოკლებაში, ნაყვავილარი (ყვავილობა მოლეული) ბუტონების მოცილების მიზნით.

ზოგიერთი სახეობის ვარდისთვის, მაგალითად შრაბების (უხვად მოყვავილე დიდი საბაღე ვარდები) ამ ტიპის სხვლა ძირითადია, ყოველ შემთხვევაში რამოდენიმე წლის განმავლობაში. შემდეგ კი შეიძლება დასჭირდეთ ძლიერი (მოკლე) სხვლა-ბუჩქის გაახალგაზრდავების მიზნით.

კომბინირებული სხვლა – გამოცდილი მებაღეები, ხშირად იყენებენ ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდების სხვადასხვა კომბინაციას და ამით ვარდების, ფაქტიურად უწყვეტ ყვავილობას აღწევენ.

კომბინირებული სხვლა – საუკეთესო მეთოდია ფლორიბუნდების (უხვყვავილა ვარდები, ერთ შტოზე შეიძლება მთელი თაიგული გამოიტანონ), ყვავილობის გახანგრძლივებისთვის.

გასხვლის ვადები

არჩევენ ვარდის საგაზაფხულო, საზაფხულო და საშემოდგომო სხვლას.

საგაზაფხულო გასხვლა

პირველი ანუ საგაზაფხულო გასხვლა ყველაზე მნიშვნელოვანია, ის ტარდება ყოველწლიურად ვეგეტაციის დაწყების წინ, თებერვალში (როგორც წესი, კლიმატიდან გამომდინარე, მთავრი კრიტერიუმი არის-ვეგეტაციის დაწყების წინ), მაღალ ზონაში კი მარტში, როდესაც მცენარეს კვირტები კარგად დაებერება.

გასხვლის მოცულობა დამოკიდებულია ბუჩქის ასაკზე და მდგომარეობაზე.

გასხვლის დაგვიანება ანუ ვეგეტაციის პერიოდის შემდეგ გასხვლა (სანიტარული გასხვლის გარდა), მცენარეს საგრძნობლად ასუსტებს, რადგან საკვები ნივთიერებების მარაგი, ახალ გაფურჩქნულ ყლორტებში იყრის თავს და გასხვლისას მცენარის საკვები ნივთიერების მარაგი მცირდება.

საზაფხულო გასხვლა

საზაფხულო გასხვლა მინიმალური მოცულობისაა, გამოიყენება სუსტი (გრძელი) სხვლა, ძირითადად ნაყვავილარი ბუტონების მოცილების მიზნით პირველ კვირტამდე, ჩაის ჰიბრიდული ვარდებისთვის (ბუტონი უფრო მდგრადი და ფერთა გამა უფრო მრავალფეროვანი აქვს. ამ ჯგუფის ვარდები რემოტანტულია) პირველ ფოთლამდე.

ნაყვავილარი (ყვავილობა მოლეული) ბუტონების მოცილება, მნიშვნელოვანია ზოგადად ყვავილობის გახანგრძლივებისთვის.

საშემოდგომო გასხვლა

საშემოდგომო გასხვლა ძირითადად დაკავშირებულია კლიმატურ რისკებთან, თბილ კლიმატურ პირობებში ამგვარ სხვლას არ ატარებენ. ხოლო თუ მოსალოდნელია ყინვები და აპირებთ ვარდების საზამთროდ შეფუთვას, მაშინ მცენარეს უნდა მოაცილოთ ფოთლები, სუსტად განვითარებული ყლორტები და ისე შეფუთოთ.

გასხვლისას აუცილებელია ვიცნობდეთ ვარდის ჯიშებს.

გასხვლის ზუსტი დრო და წესი არ შეიძლება ერთნაირი იყოს, რადგან იგი დამოკიდებულია: კლიმატის, ნიადაგის, მცენარის ხნოვანების, ზრდა-განვითარების თავისებურებებზე. უფრო მეტიც ერთი და იგივე ჯიშის ვარდის გასხვლა, სხვადასხვა ადგილსამყოფელში შეიძლება განსხვავებული სახით ჩატარდეს.

გასხვლა უნდა მოხდეს ბასრი დანით ან ბაღის მაკრატლით.

იხილეთ აგრეთვე: ვარდის დაკალმება – ვარდის კალმით გამრავლება

თქვენი რეკლამა