არახელსაყრელი ნიადაგური პირობებით გამოწვეული მცენარეთა დაავადებები

470 Views

ნიადაგი, რომლის ძირითად თვისებად ითვლება ნაყოფიერება, ამარაგებს მცენარეებს საკვები ნივთიერებებითა და წყლით. მასში საკმაო რაოდენობითაა სითბო, ჰაერი და სხვა ფაქტორები, რომლებზეც დამოკიდებულია მცენარის ზრდა და განვითარება და მაშასადამე, მოსავლის დონე და ხარისხი.

მოკლე დროითაც კი საკვები ნივთიერებების, წყლის და სხვა ედაფური ფაქტორების ნაკლებობა ან სიჭარბე იწვევს მცენარის ზრდის პროცესის დარღვევას და გაუარესებას, რასაც მოსდევს მცენარეთა ფიზიოლოგიური ფუნქციების დარღვევა და მათზე ინფექციური დაავადებების გამოვლენა. ნიადაგური პირობებიდან მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა – ტენიანობა, სტრუქტურა, აერაცია, ნიადაგის ქიმიური შემადგენლობა და ნიადაგის ხსნარის რეაქცია.

ყველა ეს ფაქტორი მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და რომელიმე მათგანის ცვლილება იწვევს სხვის ცვლილებასაც და ასევე ისინი მოქმედებენ ნიადაგში მცხოვრები მიკროორგანიზმების სახეობრივი შემადგენლობის რიცხოვნობაზე.

მცენარის ნორმალური ზრდისათვის აუცილებელია ნიადაგის განსაზღვრული ტენიანობა, მაგრამ მცენარის სხვადასხვა სახეობის მოთხოვნილება ტენზე ძლიერ განსხვავებულია, ასე რომ, ნიადაგის ტენიანობის დონე, რომელიც საკმარისია მცენარის მოცემული სახეობისათვის, შეიძლება სრულიად შეუფერებელი იყოს სხვისათვის.

იმ კულტურებისათვის, რომლებიც ხელოვნურად არ ირწყვება, არსებითი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ნალექების რაოდენობას, არამედ მათ განაწილებას და ფორმას. როდესაც წვიმა მოდის არარეგულარულად, ნიადაგი მონაცვლეობით თბება და მეტისმეტად შრება. ეს ასუსტებს მცენარეს (განსაკუთრებით ფესვებს) და ზრდის მის მიმღებიანობას პათოგენისადმი. თუ ნალექები მთელი წლის განმავლობაში მოდის მეტნაკლებად თანაბარზომიერად, მცენარეები მაშინ ნორმალურად ვითარდებიან და ნაკლებ მიდრეკილებას იჩენენ ინფექციისადმი.

დაბალ ადგილებში, ნაკლებად დრენირებულ ნიადაგებში, რომლებიც მდებარეობენ ისეთ ზონაში, სადაც დიდი რაოდენობით მოდის ნალექები, ნიადაგის ტენიანობა ჩვეულებრივად დიდია. ასეთი პირობების მოქმედების შედეგად მცენარე ხდება ქლოროტული, სუსტი, დაბალი ზომის და განუვითარებული ფესვებით. ისინი ადვილად ავადდებიან სოკოებით. თუმცა დაჭაობებულ, ანაერობულ პირობებში სოკოებიც თავს ცუდად გრძნობენ. ასეთ ნიადაგებში დათესილი თესლი შეიძლება დალპეს (გაღივებამდე, ან გაღივების შემდეგ).

ნიადაგის ჭარბი ტენი მცენარეზე მოქმედებს მრავალმხრივ – უარესდება ჟანგბადით მომარაგება, გროვდება ნახშირბადის ორჟანგი და სხვა ტოქსიკური მეტაბოლიტები; ვითარდება ნიადაგის ანაერობული მიკროფლორა. ზედმეტი ტენიანობისაგან მიყენებული ზიანი შეიძლება შემცირდეს ნიადაგის დრენაჟით. თესვის ვადა უნდა შეირჩეს იმ ანგარიშით, რომ ავცდეთ ტენის მავნე გავლენას. სათბურებში და სარწყავ მიწებზე კი შესაძლებელია ტენიანობის რეგულირება.

ტენის ხანგრძლივი დეფიციტის დროს ნიადაგში თესლი საერთოდ არ ღივდება, ან იძლევა სუსტ აღმონაცენს, რომელთა ნაწილი ხშირად იღუპება. ასეთი აღმონაცენისაგან ვითარდება დაბალი მცენარეები, რომლებსაც ცვივა კვირტები, ყვავილები, ნაყოფები, ან ეწყებათ ნაადრევი ყვავილობა. ნიადაგში, განსაკუთრებით ტენის მკვეთრი დეფიციტის დროს, მცენარეები ჭკნება და იღუპება. გვალვა განსაკუთრებით საშიშია მსუბუქი სილნარი, კარგად დრენირებული ნიადაგისათვის, რომელიც ხასიათდება დაბალი ტენშეკავებით.

ანალოგიური მოვლენა აღინიშნება იმ შემთხვევაში, როდესაც მცენარეთა არასაკმარისი წყალმომარაგება განპირობებულია დაავადების გამო ფესვების მიერ წყლის შთანთქმის უნარის შემცირებით, როგორც ეს ხდება მათი სოკოებით, ნემატოდებით, მწერებით და მექანიკური დაზიანების დროს.

ფესვების ზოგიერთი დაავადება ნიადაგის სიმშრალის დროს ძლიერად ვლინდება. ცხელ, მზიან დღეებში, განსაკუთრებით შუადღის საათებში, ნიადაგის საკმაო ტენიანობის დროსაც კი მცენარეები კარგავენ ტურგორს, მაგრამ ეს დროებითია, ჰაერის ტემპერატურის დაწევით ტურგორი ჩვეულებრივ აღდგება.

მცენარეში წყლის საერთო რაოდენობის შემცირებით ხდება რთული ნივთიერებების გარდაქმნა მარტივ ნივთიერებებად (სახამებელი გადადის შაქარში). ადგილი აქვს ციტოპლაზმის კოლოიდურ-ქიმიური თვისებების ცვლილებას, ნაწილობრივ მაღლდება მათი სიბლანტე, მკვეთრად ძლიერდება სუნთქვა.

თუ მცენარე დიდი ხნის განმავლობაში განიცდის წყლის დეფიციტს, ეს მკვეთრად აისახება პირველ რიგში ზრდის პროცესზე და შემდეგ მოსავალზე.

ნიადაგში წყლის დეფიციტი იწვევს მცენარეთა მრავალგვარ დაავადებას, რამდენიმე მათგანს მოკლედ განვიხილავთ ქვემოთ.

მცენარის ჭკნობა

ჭკნობის დროს მცენარის მიერ ხდება წყლის მეტი რაოდენობით ხარჯვა, ვიდრე მისი მიღება. მუდმივი ტრანსპირაციის დროს მისი რაოდენობა თანდათან მცირდება, რაც იწვევს ტურგორის დაცემას, ფესვის ბუსუსების კვდომას და მწვანე პლასტიდების დაშლას, რომლებიც კარგავენ ნახშირმჟავას ასიმილირების უნარს. ამით ირღვევა ქსოვილებში ფერმენტული მოქმედება და ხდება ცილოვანი ნივთიერებების დაშლა. სხვადასხვა მცენარეები ჭკნებიან წყლის სხვადასხვანაირი დეფიციტის დროს. მაგ., კარტოფილმა შეიძლება დაკარგოს წყლის 25-30%, მაგრამ ჭკნობის ნიშნები არ აღენიშნებოდეს, ხოლო ზოგიერთი მცენარეები ჭკნობას იწყებენ წყლის 2-3% დაკარგვის შემთხვევაში.

მცენარეთა წვერის ხმობა

ნიადაგის გავლენა აღინიშნება უმეტესად შუა, ან ზაფხულის ბოლოს, როდესაც ტენის ზამთრის მარაგი უკვე ამოწურულია, ხოლო ზაფხულის ნალექები არ არის საკმარისი მის აღსადგენად. მშრალი ნიადაგი ვეღარ ამარაგებს მცენარეს წყლით და იწყება ჭკნობის პროცესი. ნიადაგში წყლის უკმარისობის დროს მერქნიან მცენარეებს ხშირად უხმებათ წვერი და ეს არის მცენარის კვდომის (ხმობის) დასაწყისი. ეს მოვლენა ხშირად გვხვდება სილნარ ნიადაგებზე ფიჭვის ნარგაობაში. წვერის ხმობა გვხვდება ასევე ფოთლოვან მცენარეებში, როგორც ტყის პირობებში, ისე პარკებში.

ხეების ან მისი ცალკეული ნაწილების კვდომა ხშირად გვხვდება ქალაქის მწვანე ნარგაობაში, რაც დაკავშირებულია მშენებლობის გამო გრუნტის წყლების დონის ცვლილებებთან. წვერის ხმობა გვხვდება ასევე ნიადაგში წყლის სიჭარბის შემთხვევაში.

თუ ნიადაგის ფორები სავსეა წყლით, როგორც ეს არის დაჭაობების დროს, ფესვთა სისტემა განიცდის ჰაერის ნაკლებობას, თვითონ ნიადაგის ხსნარი კი ჟანგბადით ღარიბია. ამის გარდა წყდება ნორმალური ჟანგვითი პროცესები და ძლიერდება ანაერობული, გროვდება ნახშირმჟავა, ორგანული მჟავები, რკინის ქვეჟანგის მარილები და სხვა მავნე პროდუქტები. მცენარე ამ დროს ავადდება ფესვთა სისტემის ცუდი ზრდისა და მისი არანორმალური მოქმედების გამო, რაც გამოიხატება მცენარეთა წვერის ხმობაში.

ნიადაგში ტენის სიჭარბე იწვევს ასევე ხეხილის და ბოსტნეულის ნაყოფების დასკდომას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მშრალი პერიოდი იცვლება გადაჭარბებული ტენიანობით. დასკდომა დამახასიათებელია სტაფილოსათვის, ჭარხლისათვის, კარტოფილის ტუბერებისათვის, პამიდორის ნაყოფებისათვის და სხვა ბოსტნეულისათვის, ასევე ალუბლის, ქლიავის, ვაშლის და მსხლის ნაყოფებისათვის.

ფოთლების ნაადრევი ცვენა

ნიადაგური და ატმოსფერული გვალვის დროს, მერქნიან მცენარეებს ხშირად ეწყებათ ფოთლების ნაადრევი ცვენა. ამ დროს ხდება ნივთიერებათა ცვლის შეუქცევადი დარღვევა და ქსოვილებში ისეთი ნივთიერებების დაგროვება, რომლის გავლენითაც იშლება ქლოროფილი და იქმნება გამყოფი ფენა ყუნწებსა და ფოთლებს შორის. მერქნიან მცენარეებში ასეთ ნივთიერებად ითვლება ამიაკი.

სიმინდის თეთრა

დაავადების შედეგად ხდება მარცვლების დასკდომა, რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სიღრმისა და სიგანის დაწყებული თესლის გარსის ბზარებიდან, დამთავრებული ენდოსპერმის ბზარებამდე. ცალკეულ შემთხვევაში ენდოსპერმი გამოდის ბზარებიდან მეჭეჭების სახით.

დაავადება უფრო ხშირად გავრცელებულია იმ წლებში, როდესაც მშრალი ამინდი მკვეთრად იცვლება წვიმიანი პერიოდით. ნიადაგის ზედმეტი დატენიანება მშრალი პერიოდის შემდეგ იწვევს მარცვალში ტენისა და საკვები ნივთიერებების შესვლის გაძლიერებას. გარსი, რომელსაც მშრალი ამინდის დროს დაკარგული აქვს ზრდის უნარი, ვერ უძლებს გაზრდილი ენდოსპერმის დაწოლას და სკდება. შემდეგ სკდება და გამოდის ბზარიდან ენდოსპერმი. ტაროს მომწიფების დაწყებისას ახალი ბზარების გაჩენის შედეგად ხდება მარცვლის საფარის გამოშრობა.

კიტრის სიმწარე

დაავადების შედეგად კიტრის ნაყოფი ხდება მწარე. ნივთიერება, რომელიც იწვევს სიმწარეს, მიღებულია სუფთა სახით და მას უწოდებენ კუკურბიტაცინს. ეს უკანასკნელი ეკუთვნის გლიკოზიდების ჯგუფს. სიმწარე ნაყოფში ვრცელდება არათანაბრად. ძირითადად ის კონცენტრირდება ყუნწებთან ახლოს და წვეროსაკენ თანდათან მცირდება. ყველაზე მეტად სიმწარე არის კანის ქვეშ 3-5 მმ სიღრმეზე.

სიმწარის წარმოქმნა დამოკიდებულია არახელსაყრელ პირობებთან. კერძოდ, ნიადაგში ტენის ნაკლებობასთან და ჰაერის სიმშრალესთან, დილის საათებში მაღალ ტემპერატურასა და ღამის საათებში ტემპერატურის დაცემასთან.

კარტოფილის ტუბერების გამონაზარდები (შვილობილი ტუბერები)

ვეგეტაციის მეორე ნახევარში, ხანგრძლივი გვალვებისა და მაღალი ტემპერატურის შედეგად, ახალგაზრდა ტუბერები ნაადრევად მწიფდებიან. უწვიმობისა და დაგვიანებული მორწყვის გამო, ტუბერის ერთი ან რამდენიმე თვალაკიდან ვითარდება გრძელი სტოლონები, რომლებზეც მოთავსებულია ახალი ტუბერები. ეს შეიძლება განმეორდეს რამოდენიმეჯერ და ვითარდება ახალი ტუბერები ერთმანეთის მიყოლებით. ახალი ტუბერები შუშისებრია (ღარიბია სახამებლით) და გამოუსადეგარი როგორც სასურსათოდ, ისე სათესად.

ნიადაგის სტრუქტურა

ნიადაგის სტრუქტურა გავლენას ახდენს წყლის შეკავების უნარსა და აერაციაზე, ხოლო მაგარი და დატკეპნილი (გამკვრივებული) ნიადაგები განსაზღვრავენ ფესვების ზრდის სიჩქარეს. ასეთ პირობებში ფესვების შენელებული ზრდა იწვევს ზოგჯერ მცენარის ჯუჯიანობას.

ნიადაგის გარკვეულ სიღრმეში, მაგარი და წყალში უხსნადი ნაწილაკების დაგროვებით და გამკვრივებით იქმნება წყლის გაუმტარი ჰორიზონტი, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ ფესვების ზრდის შეწყვეტა და შედეგად ტოტებისა და მთელი მცენარის კვდომა. ჰორიზონტის მდებარეობა დამოკიდებულია დამუშავების სიღრმეზე და იმაზე თუ რა სიღრმეზე იჭრება ნიადაგში წყალი. ჰორიზონტი შეიძლება დაიშალოს ფიზიკური ზემოქმედების შედეგად, მაგრამ ამ დროს შეიძლება დაზიანდეს ფესვებიც.

ქვიშნარი ნიადაგები წყალს იჭერენ მცირე რაოდენობით, რომელთა რაოდენობა არ არის საკმარისი უმეტესი მცენარეებისათვის; მხოლოდ ტენიან რაიონებში ასეთ ნიადაგებზე არ იგრძნობა ტენის ნაკლებობა, მაგრამ ასეთ პირობებში მისგან ადვილად გამოირეცხება მცენარის მინერალური კვების ელემენტები. ტენიანი ამინდის პირობებში ადვილად ჭაობდება მძიმე ნიადაგი და წყალგაუმტარი ხდება გამოშრობის შემთხვევაშიც. ყველა ეს ფაქტორი მოქმედებს მცენარის ზრდაზე და მის მიმღებიანობაზე პათოგენის მიმართ, განსაკუთრებით მათ მიმართ, რომლებიც აავადებენ ფესვებს.

ნიადაგის აერაცია

უმეტეს მცენარეთა ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია ნიადაგი შეიცავდეს თავისუფალი ჟანგბადის განსაზღვრულ რაოდენობას. ნიადაგის კარგი აერაცია სასიკეთოდ მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. ცუდი აერაცია კი პირიქით, უარყოფითად. ცუდი აერაციის დროს მცენარეები სუსტდება და იზრდება შედარებით დაბალი ზომის.

ნიადაგის აერაცია დიდწილად დამოკიდებულია მის სტრუქტურასა და ტენიანობაზე. ამიტომ, პრაქტიკული საკითხების გადაჭრის დროს ნიადაგის ეს თვისებები ხშირად ერთად განიხილება. მაგრამ როდესაც ლაპარაკობენ მცენარის მდგომარეობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე, მხედველობაში იღებენ იმას, რომ ზოგიერთი ფაქტორი მოქმედებს უშუალოდ, ზოგი კი არაპირდაპირ. ნიადაგის სტრუქტურა და ტენიანობა ზოგჯერ ერთდროულად მოქმედებს უშუალოდ ჟანგბადის შემცველობაზე.

ნიადაგის შეუფერებელი ქიმიური შემადგენლობა ან ნიადაგის ხსნარის არახელსაყრელი რეაქცია ასევე უარყოფითად მოქმედებს მცენარის განვითარებაზე. ზოგიერთი მცენარეები კარგად იტანენ ნიადაგის ტუტე ან მჟავე რეაქციას. არახელსაყრელი pH იწვევს მცენარის სუსტ ზრდას და ზოგჯერ მის კვდომასაც კი. მას აქვს არაპირდაპირი გავლენაც, კერძოდ ის განსაზღვრავს მცენარის მიერ მინერალური კვების ელემენტების შეთვისების უნარს.

კირქვიან ნიადაგებზე, მაგალითად, დაქვეითებულია რკინისა და მანგანუმის შეთვისების უნარი. ნიადაგის მაღალი მჟავიანობის განეიტრალება შეიძლება მოხდეს ნიადაგის მოკირიანებით, ხოლო მაღალი ტუტიანობის განეიტრალება ხდება ნიადაგში გოგირდის შეტანით. მარილები, რომლებიც განაპირობებენ pH-ის უარყოფით მნიშვნელობას, შეიძლება განეიტრალებული იყოს მორწყვის საშუალებით.

დაავადებებს შორის, რომლებიც განპირობებულია ნიადაგის არახელსაყრელი ქიმიური შემადგენლობით, განსაკუთრებული მავნეობით ხასიათდებიან ის დაავადებები, რომლებიც გამოწვეულია მინერალური კვების ელემენტების ნაკლებობით ან ცალკეული ქიმიური ნაერთების ტოქსიკურობით.

ავტორი: შაქრო ყანჩაველი /მცენარეთა პათოლოგიის საფუძვლები/.
„ბიოაგროს“ სამეცნიერო ხელმძღვანელი.

იხილეთ გარეთვე: მცენარეთა მინერალური კვების ელემენტები

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სტარტაპერი
ბიოაგრო
ორგანული, ბიო, აგრო
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრარული, საქართველო
აგროკავკასია FB