შინდი – დახასიათება, გავრცელება, გამოყენება, შინდის პროდუქტები

შინდი, ბიზნესი

შინდი (Cornus mas) არის 2-6 მ, იშვიათად 8-9 მ, სიმაღლის ბუჩქი ან ხე. ღერო შესაძლოა იყოს სწორი ან დატოტვილი, ტოტების ბოლოები ხშირად ქვევით არის მიმართული.

შინდის ფოთლები ერთმანეთის პირისპირ, მოკლე ყუნწებზეა განთავსებული, სიგანით 3-5 სმ, ხოლო სიგრძით 6-8 სმ-ს აღწევს. შემოდგომაზე შინდის ფოთლები მუქ წითელ შეფერილობას იღებს.

შინდს აქვს მცირე ზომის, დიამეტრით 5-10 მმ, ორსქესიანი ყვავილები. ყვავილობას იწყებს ადრე გაზაფხულზე, ფოთლების გამოსვლამდე.

ნაყოფი ღია წითელი ფერის, ალუბლის მსგავსი რბილობია, რომელიც შუა ან გვიანი ზაფხულის განმავლობაში მწიფდება. 12-15 მმ სიგრძის ნაყოფს აქვს ზეთისხილის ფორმა, გლუვი და პრიალა ზედაპირი.

შინდი სინათლის მოყვარული და ნელმზარდი მცენარეა, რომელიც კარგად ხარობს გაშლილ ან ნაწილობრივ დაჩრდილულ ადგილებში, როგორიცაა: ტყის პირები, ბუჩქნარები, მეჩხერი ტყეები. შინდი უპირატესობას ანიჭებს ტუტე ნიადაგებს, რომლებიც მდიდარია ორგანული ნივთიერებებით, თუმცა უმეტეს შემთხვევაში გვხვდება თბილ და მშრალ გარემო პირობებში.

მცენარე ასევე კარგად იტანს ქარსა და ყინვას (-30°C-მდე), თუმცა მგრძნობიარეა მარილისა და ზღვასთან ახლომდებარე ტერიტორიების მიმართ. ცოცხლობს 120-250 წელი, რიგ შემთხვევებში 300 წლამდე.

შინდი მდგრადია მცენარეთა დაავადებების და მავნებლების მიმართ.

გავრცელება

შინდი ფართოდ არის გავრცელებული ევრაზიის ზომიერ სარტყელში, განსაკუთრებით შავი ზღვის სამხრეთით და ხმელთაშუა ზღვისპირეთში. შინდი გვხვდება სამხრეთ ევროპიდან (საფრანგეთი, იტალია და ბალკანეთის ნახევარკუნძული) მცირე აზიამდე (თურქეთი, კავკასია).

საქართველოში შინდი ბუნებრივად, ბუჩქის სახით ხარობს ფართოფოთლოვან ტყეებში ზღვის დონიდან 1500 მ სიმაღლემდე. არაოფიციალური მონაცემებით საქართველოში შინდის მოსავალი ყოველ წელს დაახლოებით 17 000 – 20 000 ტონას აღწევს.

გამოყენება

გამოყენება მედიცინაში

შინდის ნაყოფს და ქერქს გააჩნია ცხელების საწინააღმდეგო თვისება და მაღალი კვებითი ღირებულება.

მისი მჟავე ნაყოფი კარგი საშუალებაა კუჭ-ნაწლავის პრობლემების ან ცხელების დროს. იგი ასევე გამოიყენება ქოლერას სამკურნალოდ. შინდის ყვავილები დიარეის სამკურნალო საშუალებაა. იგი ანტოციანინის წყაროა.

შინდის მოყვანის პირობებიდან გამომდინარე იგი ასევე შესაძლოა იყოს C ვიტამინის, სხვადასხვა მინერალების, კალციუმის პექტატის და ბოჭკოს წყარო, რომლებიც ამცირებენ ქოლესტერინის დონეს სისხლში.

გამოყენება კულინარიაში

შინდის ნაყოფი გამოიყენება საკვებად. მეხილეობის დარგში დიდია შინდის წარმოების ეკონომიკური ინტერესი. შინდის ბაღები აღმოსავლეთ ევროპის მრავალ ქვეყანაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაშია გაშენებული, რადგან მის მოტკბო-მომჟავო ნაყოფზე დიდია მოთხოვნა, როგორც ცოცხალი ხილის სახით გამოსაყენებლად, ისე სიროფების, წვენების, მურაბების და სხვა ტრადიციული პროდუქტების დასამზადებლად.

აღნიშნული მიზნებისთვის გამოყვანილია რამდენიმე ჯიში, რომელთა ნაყოფს აქვს სხვადასხვა ზომა, გემო (სიმჟავე და სიტკბო) და ფერი (მოთეთრო, ყვითელი, ნარინჯისფერი, წითელი, იასამნისფერი და შავი).

შინდისგან მიღებული პროდუქტები

შინდის კომპოტი

• 1 კგ შინდი;
• 600 მლ წყალი;
• 100 გ შაქარი

გარეცხეთ და გააშრეთ ხილი. დაასხით ხილს 500 მლ წყალი დიდ ქვაბში და აადუღეთ. დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე დატოვეთ დაახლოებით 15 წუთით ან შინდის ნაყოფის დარბილებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და აცადეთ გაგრილება.

დაჭყლიტეთ მიღებული მასა და მოაცილეთ კურკები. დაამატეთ დანარჩენი წყალი, შაქარი და კვლავ დადგით ცეცხლზე. დაახურეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე დატოვეთ დაახლოებით 5 წუთი.

ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ აცადეთ სრულად გაგრილება და შემდეგ ჩაასხით სტერილიზებულ ქილებში.

შინდის ჯემი

• 1.5კგ შინდი;
• 2 კგ შაქარი;
• 500 მლ წყალი;
• 125 მლ ლიმონმჟავა.

გარეცხეთ შინდი და წამოადუღეთ დიდი ზომის ქვაბში 500 მლ წყალთან ერთად 15-20 წუთის განმავლობაში, ან ნაყოფის დარბილებამდე.

გაგრილების შემდეგ თუშფალანგზე გახეხეთ მიღებული მასა, რომლის შედეგადაც მიიღებთ შინდის ხილფაფას.

ხილფაფას დაუმატეთ 1.6 კგ შაქარი და დადგით ზომიერ ცეცხლზე. წამოდუღების შემდეგ დაინიშნეთ დრო. შინდის ჯემი მზად იქნება 6-7 წუთში. არ მოხარშოთ ჯემი უფრო დიდხანს.

დუღილის დროს ჯემი თავზე ვარდისფერ ქაფს გაიკეთებს. მოაცილეთ იგი კოვზის საშუალებით.

ჯემის ცეცხლიდან გადმოდგმამდე 1 წუთით ადრე დაუმატეთ 125 მლ ლიმონმჟავა (იგი ჯემს უნარჩუნებს არაჩვეულებრივ ფერს და იცავს დაკრისტალებისგან).

ავტორი:ლადო ბასილიძე – ტყის არამერქნული პროდუქტების სპეციალისტი.
/ტყის არამერქნული პროდუქტებიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობები/

იხილეთ აგრეთვე: შინდი (cornus mas l.) – სასარგებლო თვისებები

თქვენი რეკლამა