გვარი კედარი აერთიანებს 4 სახეობას. სამი სახეობა იზრდება სამხრეთ და აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის მთებში, მეოთხე – C.deodara არსებითად განსხვავდება დანარჩენებისაგან და მხოლოდ დასავლეთ ჰიმალაიში გვხვდება.
ყველა კედარი მარადმწვანე მძლავრი ხეა გადაშლილი, ქოლგისებური ვარჯით. ქერქი მუქი ნაცრისფერია, გლუვი, მოგვიანებით კი დაღარულ-ქერცლოვანი.
მის მერქანს ავეჯის დასამზადებლად იყენებენ. ის არა მხოლოდ ძვირფასი, მტკიცე და ლამაზი ტექსტურისა და ფერისაა, არამედ სასიამოვნო სურნელიც აქვს, რითაც მწერებს აფრთხობს.
წიწვი ყოველთვის ნემსისებურია, რბილი, მოკლე, სამ-ოთხწახნაგოვანი, შეფერილობით მუქი მწვანიდან ლეგა-ცისფრამდე. წიწვები მარტოულია, მჭიდროდ განწყობილი. ამასთან გრძელ ტოტებზე ისინი სპირალურადაა განლაგებული, დამოკლებულზე კი – კონებად შეკრებილი.
მამრობითი „ყვავილედები“ მარტოულია, მსხვილი (5 სმ-მდე სიგრძის), ფუძესთან წიწვების კონებით გარშემორტყმული. გირჩები აღმამდგომია, კვერცხისებური, ან კვერცხისებურ-წაგრძელებული, 5-11 სმ სიგრძის და 4-6 სმ სიგანის.
თესლის ქერქლები გახევებულია, ძალზე ფართო, კრამიტისებური, ერთმანეთთან მჭიდროდ განწყობილი. გირჩები მე-2-3 წელს მწიფდება და მალევე იშლება.
ჰიმალაის კედარი (Cedrus deodara)
ბოტანიკური აღწერა. ფართოდაა გავრცელებული ავღანეთის მთებში, პაკისტანსა და ჩრდილოეთ ინდოეთში. დიდი ზომის დიდებული ხეა. სიმაღლით 50 მეტრს აღწევს. მთებში ზღვის დონიდან 3500 მ სიმაღლემდე ადის.
ახალგაზრდა მცენარეთა ვარჯი პირამიდულია, ასაკოვნებისა კი – ფაშარპირამიდული (მეჩხერპირამიდული), ფართო და არათანაბრად განწყობილი ტოტებით. ნორჩი ნაზარდის ტოტები გრძელი, წვრილი და დაბლა ჩამოშვებულია. წიწვები რბილია, ლეგა-მწვანე, 3-5 სმ სიგრძის, 30-ცალიან კონებად შეკრებილი.
ამ სახეობის მოზრდილი ეგზემპლარები ერთგვარად ლარიქსს წააგავს. გირჩები წაგრძელებულია, 7-10 სმ სიგრძის და 5-6 სმ სიგანის, ნორჩობაში – ლეგა-მწვანე, მოზრდილ ასაკში კი მოწითალო-ყავისფერი.
გააჩნია სხვადასხვა ფორმისა და სიმკვრივის ვარჯის მქონე 20-მდე პოპულარული ჯიში. თავისი უპრეტენზიობის, ჩრდილისამტანობისა და გვალვაგამძლეობის წყალობით ფართოდ გამოიყენება მებაღეობაში რბილი კლიმატის რეგიონებში.
ატლასის კედარი (Cedrus atlantica)
ბოტანიკური აღწერა. შემორჩენილია ალჟირისა და მაროკოს რთულადმისაღწევ მთიანეთში ზღვის დონიდან 1300-2000 მ სიმაღლეზე.
ბოტანიკოსთა დიდი ნაწილი ამ სახეობას განიხილავს, როგორც ლიბანის კედრის (C.libani) ერთ-ერთ ფორმას. ძალზე ლამაზი, მძლავრი ხეა, რომლის სიმაღლე 30-40 მეტრს აღწევს. აქვს სწორად აღმართული პირამიდული ვარჯი.
წიწვი ლეგა-მწვანეა, მკვრივი, 2,5 სმ სიგრძის. გირჩები მბრწყინავია, ღია ყავისფერი, კვერცხისებური, 5-7 სმ სიგრძის და 4 სმ სიგანის. გააჩნია 10-ზე მეტი პოპულარული საბაღე სახესხვაობა ლეგა-ცისფერი წიწვებითა და სხვადასხვა ფორმის ვარჯით.
ლიბანის კედარი (Cedrus libani)
ბოტანიკური აღწერა. იზრდება თურქეთის, ლიბანისა და სირიის მთებში. საკულტო მცენარეა, რომელთანაც დაკავშირებულია ბიბლიური ლეგენდები და თქმულებები. სწორედ ეს კედარია გამოსახული ლიბანის დროშაზე. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, მძლავრი და ხანგრძლივი სიცოცხლის უნარის მქონე ხეა.
მისი ცალკეული ეგზემპლარების ღეროს დიამეტრი 7 მეტრსაც კი აღწევს. ახალგაზრდა მცენარეთა ვარჯი პირამიდულია, ასაკოვნების – ბრტყელი, ქოლგისებური. აქვს ძლიერი, დაბრეცილი ტოტები.
წიწვები მუქი მწვანე ან ლეგა მწვანეა, უხეში, 1,5-3,5 სმ სიგრძის; 30-40-ცალიან კონებად შეკრებილი. გირჩები კვერცხისებურია, 8-10 სმ სიგრძისა და 4-6 სმ სიგანის, ნორჩობაში ლეგა მწვანე, მომწიფებული კი ყავისფერი.
კედრებს შორის ლიბანის კედარი ყველაზე გავრცელებული მცენარეა ბაღ-პარკებში, რომელსაც თავისი სილამაზით გამორჩეული მრავალი უნიკალური კულტურული ფორმა გააჩნია. ჯიშების უმრავლესობას ლეგა-ცისფერი წიწვები აქვს და ზრდის უჩვეულო ან ჯუჯა ფორმები ახასიათებს.
მცირე აგროტექნიკური მონაცემები
კედრები უპირატესობას ანიჭებენ ნოყიერ თიხნარ ნიადაგებს. გაზაფხულზე საჭიროებენ მინერალური სასუქების დამატებას. ხანმოკლე ყინვები მათთვის საშიში არაა. იტანენ ტემპერატურის ხანმოკლე დაწევას -100C -მდე.
ფორმირებადი სხვლა დასაშვებია წლის ნებისმიერ დროს, რადგან მცენარე ამ პროცედურას უმტკივნეულოდ იტანს.
გამწვანებაში გამოყენება
კედრები – კლასიკური სოლიტერული მცენარეებია. მხოლოდ თავისუფალი მარტოული რგვისას უვითარდებათ მათ ვარჯის ტიპური ფორმა, რომელიც ზრდასთან ერთად უფრო სრულყოფილი ხდება. ყველა კედარი სიცივისამტანია, მაგრამ არა ყინვის ამტანი. მათ შორის ყველაზე ყინვაგამძლეა ჰიმალაის კედარი.
წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი .
იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა