ერთფერა თეთრი სოჭი – აღწერა, აგროტექნიკა, გამწვანებაში გამოყენება

სოჭი, წიწვოვნები, მარადმწვანე

ბოტანიკური აღწერა

ერთფერა თეთრი სოჭი (Abies concolor) იზრდება კოლორადოს (აშშ) მთებში. 25-40 მ სიმაღლის, კარგი აგებულების, ლამაზი ხეა. ვარჯი პირამიდულია.

ტოტების ქვედა იარუსები ძალიან ფართოა, ხოლო ზედა – მოკლე. ტოტების რგოლები ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნადაა დაცილებული, რაც ღეროს ერთგვარად აშიშვლებს და ამით ხაზს უსვამს ვარჯის უნაკლო ფორმას. ქერქი ღია ნაცრისფერია; ნორჩობაში გლუვი, ასაკში კი უხეშდება.

წიწვები ლეგა მწვანე ფერისაა, რბილი, ბრტყელი, ზოგჯერ ნამგლისებურად მოხრილი, 40-60 მმ სიგრძის. ეს ერთადერთი სოჭია ლეგა-ცისფერი წიწვებით. გირჩები ცილინდრულია, 7-12 სმ სიგრძის, მომწიფებამდე მომწვანო ან ოდნავ მოწითალო.

სოჭის სხვა სახეობებთან შედარებით, უფრო გვალვაგამძლეა. გააჩნია მთელი რიგი ეფექტური ჯიშები მოთეთრო-ლეგა და ცისფერი წიწვებით. გავრცელებული ჯიშია „Violaceae“.

აგროტექნიკა

სოჭები სინათლის მოყვარული მცენარეებია და მხოლოდ ღია ადგილებში ივითარებენ ვარჯის ტიპურ ფორმას. ჩრდილში მოზარდი ეგზემპლარები ნაკლებდეკორატიულია. უპირატესობას ანიჭებენ ნოყიერ, თიხნარ, სუსტად მჟავე ნიადაგებს. კარგად ვითარდებიან ფხვიერ ქვიშნარ გრუნტზეც. არაა რეკომენდებული ჯუჯა ფორმების მეტისმეტად ნოყიერ სუბსტრატში დარგვა, რადგან ამ შემთხვევაში ვარჯის ტიპური ფორმა იკარგება.

დიდხნოვან ეგზემპლარებს დამატებითი კვება აღარ ესაჭიროებათ, რადგან კარგად განვითარებული, მძლავრი და დატოტვილი ფესვთა სისტემა გააჩნიათ. ახალგაზრდა მცენარეებს კი გაზაფხულზე, თოვლის გადნობის შემდეგ, ღეროს გარშემო ნოტიო მიწაში კომპლექსურ ან კომბინირებულ მინერალურ სასუქებს უმატებენ.

გადარგვას აწარმოებენ ადრე გაზაფხულზე – კვირტის გამოტანამდე, ან შემოდგომით. ფესვის ყელის ჩაღრმავება სასურველი არაა. ნორჩი ეგზემპლარები გადარგვას ადვილად იტანენ, უფრო მოზრდილები კი ძნელად ეგუებიან ახალ გარემოს. დიდი ხეების გადარგვა შესაძლებელია მხოლოდ ფესვთა კოშტის წინასწარი მომზადების შემდეგ.

აუცილებელია გადარგვისთანავე მცენარის უხვად მორწყვა; ხოლო თუ გადარგვა გაზაფხულზე წარმოებს – პერიოდულად მთელ მცენარეზე წყლის შეპკურება დაფესვიანებამდე. სოჭების უმეტესობა ტენისმოყვარულია, მაგრამ ამავე დროს ისინი ვერ იტანენ დამდგარ გრუნტის წყლებს.

მოზრდილი, კარგად განვითარებული ეგზემპლარები უკეთ იტანენ გვალვას. ყველა სახეობა სიცივისამტანია, მაგრამ მათი ყინვაგამძლეობა კი განსხვავებულია. სახეობათა უმეტესობას არ შეუძლია ხანგრძლივად გაუძლოს ყინვიან ზამთარს. დიდი ზომის ხეები უფრო გამძლეა, ვიდრე ახალგაზრდა. გაზაფხულზე მცენარეთა ერთდროული გამოღვიძებისათვის რეკომენდებულია მათი უხვად მორწყვა.

გამწვანებაში გამოყენება

სოჭები – მაღალდეკორატიული და სწრაფმოზარდი მცენარეებია. ბაღ-პარკებში მათ რგავენ ელიტურ სოლიტერულ ეგზემპლარებად, ქმნიან მხატვრულ ჯგუფებსა და ტევრებს, მაღალ ხეივნებს. ნელამოზარდი ჯუჯა ფორმები პოპულარულია მიქსბორდერებსა და როკარიუმებში.

სოჭის სხვლა არაპერსპექტიულია და ნაძვისაგან განსხვავებით, არ იწვევს უხვ დატოტვას. შედარებით კომპაქტური ეგზემპლარების ფორმირება შესაძლებელია მხოლოდ შემოდგომაზე გვერდითა ყლორტების ცენტრალური კვირტების მოცილებით და ზაფხულში იგივე ყლორტების დამოკლებით.

ზამთრის ბაღებისათვის სოჭი პრაქტიკულად გამოუსადეგარია, რადგან სწრაფად კარგავს თავის კომპაქტურობასა და დეკორატიულობას მისთვის აუცილებელი დაბალი ტემპერატურის დეფიციტის გამო. მათი სწორი გამოზამთრების ორგანიზება რთულია, რადგან ისინი მეტისმეტად მომთხოვნი არიან მოსვენების პერიოდში დადებითი დაბალი ტემპერატურების მიმართ.

გაზაფხულზე აქტიური ზრდის პერიოდში არ ჰყოფნით განათება, რის გამოც სიმაღლეში იწელებიან და ვარჯის ტიპურ ფორმას კარგავენ, რომლის აღდგენაც პრაქტიკულად შეუძლებელია. ერთადერთი სახეობა, რომელიც ზამთრის ბაღში თავს კარგად გრძნობს ესპანური სოჭია (A.pinsapo).

წყარო: „ბაღის დიზაინერი“ – სახემძღვანელოს შედგენაზე მუშაობდნენ:
ლია ქურციკიძე – ლანდშაფტის არქიტექტორი ;
ქეთევან გელაშვილი – ბაღის დიზაინერი;
მანანა ელბაქიძე – ბიოლოგი, ბოტანიკოსი
 .

იხილეთ აგრეთვე: კავკასიური სოჭი – რჩევები: თესვა, დარგვა, მოყვანა

თქვენი რეკლამა